ზურაბ აბაშიძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1978-1980 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის გენერალურ საკონსულოში ინდოეთში (ქ. მუმბაი), 1984-1988 წლებში კი – საბჭოთა კავშირის საელჩოში ესპანეთში. 1993-2000 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ნატოსა და ევროკავშირთან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი, ხოლო 2000-2004 წლებში - ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 2012 წლიდან არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას: არის ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორია წიგნებისა: „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ?“, „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“, „დანგრეული კედლის ჩრდილში“. „ცივი ომის“ ეპოქას ავტორი აშუქებს დიდძალ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, რაც გაზავებულია პირადი მოგონებებით, იუმორით. თხრობის სტილი უადვილებს მკითხველს საინტერესო პარალელების გავლებას „ცივ ომსა“ და დღევანდელობას შორის. დასკვნა კი ის გახლავთ, რომ „ცივი ომი“ არ დასრულებულა. მან ვირუსივით მუტაცია განიცადა და ახალი გლობალური „შტამის“ სახით შემოუბრუნდა კაცობრიობას.