წიგნის ანოტაცია
ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.
„ფსიქოანალიზის შესავალი“ წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევა-ძიების ერთგვარ შეჯამებას. მასში გადმოცემულია ოცდარვა ლექცია, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის მკითხველისათვის. ის ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს და იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება.
ავტორი წიგნში გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს.
საკითხთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოცდარვავე ლექცია მიმართულია ადამიანის ჯანსაღი გონების ცნებასა და არანორმალურ ფსიქიკას შორის არსებულ კონტრასტებზე.
ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო, მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ შეიძლება ასეთ ტექსტად იქნეს მიჩნეული. მის მიერ აღმოჩენილი ფსიქიკური პროცესების ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიიდან ამონარიდის გამოყენებით, ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით, ესენია – შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები.