წიგნის ანოტაცია
თქვენს წინაშეა თარგმანი, რომელიც შესრულდა ე. წ. „კოვიდ-19“-ის დამთრგუნველ პირობებში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „გაამპარტავნებული გონება“ (იოზეფ რატცინგერი) არც თუ ისეთი ყოვლისშემძლეა, რომ მარტივად გაუმკლავდეს სტიქიას, რისი მაგალითიცაა შეძრწუნებული, იზოლაციაში მყოფი კაცობრიობა, რომელიც, ერთი მხრივ, უფალს ევედრება, მეორე მხრივ, მეცნიერულ ძიებაზეა მინდობილი ახალი, მხსნელი ვაქცინის შექმნის იმედით. მე არ ვაპირებ, ჩავერთო დისკუსიებში, რომლებიც ჩემს თვალსაწიერს მიღმაა, აღვნიშნავ მხოლოდ იმ იმპულსებს, რომლებიც მივიღე რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე, მრევლის გარეშე გარინდებული, სასოწარკვეთილი პონტიფიკოსისაგან, რომელიც მოულოდნელად ბუნების შურისძიებაზე ალაპარაკდა...
2004 წლის 19 იანვარს ბავარიის კათოლიკურ აკადემიაში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა თანამედროვეობის ორი უთვალსაჩინოესი მოღვაწე – ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი და „la ciuentessenzia dell’ortodossia cattolica“ – იოზეფ რატცინგერი, იმ მომენტში მომავალი, ამჟამად კი ყოფილი პონტიფიკოსი ბენედიქტ XVI. ეს ისტორიული დიალოგი ჩვენთვის ერთდროულად გაფრთხილებაცაა და ჭკუის სასწავლებელიც, იმის მაჩვენებელი, თუ რა საფრთხეების ჩემცველია თავისი შედეგებით ზნეობრიობისგან დაცლილი (უფრო სწორად, „აწყვეტილი“) პოლიტიკური თავისუფლება და რჩევა, რომ ნეოტოტალიტარულ მეთოდებთან ურთიერთობისას საჭიროა მათთან ისეთი არგუმენტებით დაპირისპირება, რომლებიც ზნეობრივად და მეცნიერულად გამართლებული და დასაბუთებული იქნება.
„რელიგიურად არამუსიკალური“ ჰაბერმასი, როგორც ის თავს მოიხსენიებს, პოლიტიკურ ლიბერალიზმს კანტისეული რესპუბლიკანიზმის განსაკუთრებული ფორმით იცავს. ამავდროულად, აღნიშნავს (რაც ჩვენთვის აქტუალურია), რომ კონსტიტუციის პრინციპები განხილული უნდა იქნას არა მათი აბსტრაქტული შინაარსის მიხედვით, არამედ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, მხოლოდ საკუთარი ნაციონალური ისტორიის გათავისებით, და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად შემდგარი მსოფლიო საზოგადოების ინტეგრაცია (თუკი იგი ოდესმე შედგება...) შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანობის პრინციპების და კულტურულ ფასეულობათა ერთ კვანძად გადახლართვი სას. რატცინგერის აზრით კი, კაცობრიობისათვის შეიძლება საბედისწეროდაც კი იქცეს ის ფაქტი, რომ ადამიანმა უკვე შეაღწია ძალაუფლების საწყისებში, საკუთარი არსებობის სათავეში... იგი, ასევე ეხება „ორმხრივ პათოლოგიებს“ სეკულარულსა და რელიგიურს – და გამოთქვამს მზადყოფნას გონებისა და რწმენის „ურთიერთგანწმენდისა“ და „ურთიერთკურთხევისთვის“, ასევე, ერთმანეთის სწავლისა და მოსმენისთვის. სწორედ ეს იყო ამ დიალოგის დანიშნულება, რასაც წარმატებით გაართვა თავი ამ შეხვედრის ორგანიზატორმა, ბავარიის კათოლიკური აკადემიის რექტორმა ფლორიან შულერმა.
იური მოსიძე,
7 აპრილი, 2020 წ.