წიგნის ანოტაცია
ავსტრიელი ფილოსოფოსის, ჰუმანისტის, ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერების ფუძემდებლის რუდოლფ შტაინერის (1861-1925) მიერ 1924 წლის 25 ივნისიდან 7 ივლისამდე დორნახში (შვეიცარია) წაკითხული 12 ლექცია სამკურნალო პედაგოგიკაში.
კურსი წაკითხულ იქნა პრლესჰაიმის (შვეიცარია) კლინიკურ-თერაპიულ ინსტიტუტსა და ლაუენშტაინის (იენა, გერმანია) სამკურნალო პედაგოგიურ დაწესებულებაში მყოფ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისა და ექიმებისთვის. პირველი ხუთი ლექცია ეთმობა განვითარების სხვადასხვა სახის დარღვევების (როგორიცაა, ნებისყოფის სისუსტე, ეპილეფსია და ეპილეფტოიდური მდგომარეობები, კლეპტომანია, ბავშვთა ისტერია, მანიაკალურობა და ჭკუასუსტობა, გულმავიწყობა და აკვიატებული წარმოდგენები ბავშვებში) სურათ-ხატების შექმნას, ამ დარღვევების არსის გაგებას და მათ მკურნალობას გამომდინარე სულისმეცნიერებული თვალთახედვიდან. შემდეგ ლექციებში განხილულნი არიან ზემოხსენებულ ინსტიტუტებში მცხოვრები კონკრეტული ბავშვები, მოცემულია მათი დაავადებების ისტორია, ახსნილია მათი პრობლემების არსი, დანიშნულია მკურნალობის კურსი მედიკამენტური, პედაგოგიური და სამკურნალო ევრითმიული საშუალებების გამოყენებით. კონკრეტული ბავშვების განხილვის შედეგად უფრო მკაფიო ხდება პირველ ხუთ ლექციაში დახასიათებული შეფერხების ფორმები, რომელთაც სხვა სახის დარღვევებიც ემატება (მაგ. ჰიდროცეფალია, ალბინოსობა).
რ. შტაინერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მკურნალ პედაგოგებს მოსთხოვა, რომ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის საჯაროდ არ ეწოდებინათ მედიცინაში მიღებული ტერმინები (მაგ. გონებაჩამორჩენილები, ჭკუასუსტები და სხვა), სადაც მათ ნაკლზეა აქცენტი გაკეთებული; არამედ ისეთი სახელი მოეფიქრებინათ მათთვის, სადაც პოზიტიური მხარე იქნებოდა წინ წამოწეული. სწორედ რ. შტაინერის წინადადება იყო, ეწოდებინათ ამ ბავშვებისთვის „ბავშვები, რომელნიც მშვინვიერ ზრუნვას საჭიროებენ“ (გერმანულად – seelenpflegebeduerftige Kinder, ინგლისურად – children in need of Special care) – სახელი, რომელიც სადღეისოდ ფართოდაა გამოყენებული მთელ მსოფლიოში.