წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ახალი აღთქმის ტექსტების თარგმანს შესრულებულს ხარისხობრივად ახალ, სულისმეცნიერული ცოდნის შესატყვის დონეზე. წიგნს წამძღვარებული აქვს ემილ ბოკის ვრცელი სტატია წმინდა წერილის ძველი ენებიდან თანამედროვე ევროპულ ენებზე თარგმნის პრობლემების შესახებ, რაც შეეხება ემილ ბოკის ქართულ თარგმანს, შევეცადეთ, ტექსტობრივ განსხვავებულობათა მიუხედავად, დიდად არ დავცილებოდით ტრადიციული სახარების ცნებათმეტყველებას; ანუ, ერთგვარად შეგვეჯერებინა ძველი – ახალთან და, შეძლებისდაგვარად, შეგვენარჩუნებინა ქართულენოვანი ინტონაციის სილბო, სიმაღლე და მუსიკალობა. ასევე მართებულად მივიჩნიეთ, უცვლელად დაგვეტოვებინა ტექსტის მუხლებად დაყოფის ტრადიციული ფორმა.