პოემის “არსთა მესნევი” მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.
“არსთა მესნევის” ავტორი, ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელია. დაიბადა ბალხში (ჩრდილოეთ ავღანეთში) 1207 წლის 30 სექტემბერს და გარდაიცვალა კონიაში (მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) 1273 წლის 7 დეკემბერს.