დანიელ გლატაუერი 1960 წელს ვენაში დაიბადა. პოპულარობა როგორც ჟურნალისტმა მოიპოვა, როდესაც ავსტრიული ყოველდღიური გაზეთებისთვის აქტუალურ საკითხებზე იუმორისტულ სვეტებს წერდა. გარდამტეხი 2006 წელს გამოცემული „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ აღმოჩნდა, რომელმაც მთელი გერმანულენოვანი მკითხველი საზოგადოება მონუსხა და წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის ნომინანტიც გახდა. მას შემდგომ წიგნის დრამატული ვერსია ათეულობით თეატრალურ სცენაზე დაიდგა და 2019 წელს მისი კინოადაპტაციაც გამოვიდა. „ჩრდილოეთის ქარს უხდება“ უკვე 35 ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. ეს წიგნი პირველივე სტრიქონებიდან არსად გაგიშვებთ, მარტივი ენით (იმეილის ენაა და მარტივი იქნება, რა თქმა უნდა) შეგიტყუებთ იუმორით სავსე ფსიქოლოგიურ ლაბირინთში, სიტყვებით, არგუმენტებით, მოლოდინებით და მოულოდნელობებით ბევრს გათამაშებთ, მაგრად გაგართობთ და ბოლოს სახტადაც დაგტოვებთ.