წიგნის ანოტაცია
ტექსტი გარკვეულწილად შეცვლილია. თითოეული მცენარის აღწერას დაემატა მცენარეთა ლათინური, რუსული და კუთხური სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონიდან“. მოძველებული ლათინური სახელწოდებები თანამედროვეთია შეცვლილი. დავამატეთ, აგრეთვე, მცენარეთა ინგლისური სახელწოდებები. წიგნს ახლავს აღნიშნული სახელწოდებების ლექსიკონიც და აგრეთვე ანა კალანდაძის ლექსი, რომელიც „ჩვენი ტყისა და მინდვის ყვავილების“ ორიგინალურ გამოცემაშია პირველად გამოქვეყნებული.
წიგნში აღწერილია ველურად მზარდი მცენარეები. ზოგიერთი მათგანი კულტურული ჯიშების სახითაც გვხდება (მაგალითად ხურმა, მაყვალი). კულტურული ჯიში გარკვეულწილად განსხვავდება ველური წინაპრისაგან. ამიტომ, მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ წიგნში მოყვანილი ველურად მზარდი მცენარის აღწერილობა შესაძლებელია ზუსტად არ ემთხვეოდეს კულტურული ჯიშისას.
წიგნის ზომა ისე შევარჩიეთ, რომ მისი ტარება ადვილი იყოს მათთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს მცენარეულობის მონახულებით და მცენარეთა სახელწოდების დადგენით.
მცენარეთა კუთხური სახელწოდებებისათვის გამოყენებულია შემოკლებები: აღმ. -აღმოსავლური, აჭარ. – აჭარული, გდმყრ. – გუდამაყრული, გარ.კახ. – გარეკახური, გურ. – გურული, დასავლ. ქართ. – დასავლურ ქართული, ერწ.-თიან. – ერწო-თიანური, ზ.იმერ. -ზემო იმერული, ზ.რაჭ. – ზემო რაჭული, თუშ. – თუშური, იმერ. – იმერული, ინგ. – ინგილოური, კახ. – კახური, ლეჩხ. – ლეჩხუმური, მეგრ. – მეგრული, მთიულ. – მთიულური, მთ.რაჭ. – მთისრაჭული, მესხ. – მესხური, მოხ. – მოხევური, ოკრ. – ოკრიბული, რაჭ. – რაჭული, სვან. – სვანური, სომხით. – სომხითური, ფშავ. – ფშავური, ქვ.რაჭ. – ქვემო რაჭული, ქიზ. – ქიზიყური, ქართლ. – ქართლური, წალკ. – წალკური, ჭან. – ჭანური, ხევს. – ხევსურული, ჯავახ. – ჯავახური, საბა – სულხან-საბა ორბელიანი. იშვიათ შემთხვევაში, ალექსანდრე მაყაშვილის „ბოტანიკურ ლექსიკონში“ არ მოიპოვება მცენარის (მაგალითად არაბულას, მინდვრის ზამბახის, წყალიკრეფიას) კუთხური სახელწოდება. ამ დანაკლისს სხვა, ეთნობოტანიკური ხასიათის გამოცემები უთუოდ შეავსებენ.
უღრმეს მადლობას მოვახსენებთ:
ბოტანიკოსს – მანანა ხუციშვილს მცენარეთა თანამედროვე ლათინური სახელწოდებების დადგენაში დახმარებისთვის,
ენათმეცნიერს – ლევან აზმაიფარაშვილს კუთხური სახელწოდებების მართლწერის დადგენაში დახმარებისათვის,
მხატვარს – მაია მანიას ბალახოვანი მცენარეების ილუსტრაციებისათვის,
ბოტანიკოსს, დავით ქიქოძეს, წიგნის გარეკანზე განთავსებული თეთრყვავილას ილუსტრაციისათვის.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მესვეურებს ფონდის გამოცემაში „საქართველოს ხეები და ბუჩქები“ არსებული ბუჩქების და ხემცენარეების ილუსტრაციების გამოყენების ნებართვისათვის.
მალხაზ მაყაშვილი
რედაქტორი