წიგნის ანოტაცია
თანამედროვე ირლანდიელი მწერალი, კოლუმ მაკკენი, შვიდი რომანისა და მოთხრობების სამი კრებულის ავტორი და არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო (2009 წ.), დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2011 წ.) და მის სახელს ოსკარის ნომინაციაც უკავშირდება. მწერლის ნამუშევრები 40-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.
კოლუმ მაკკენის რომანი „აპეიროგონი“ 2020 წელს გამოიცა და გახდა ბუკერისა და ენდრიუ კარნეგის მედლის ნომინანტი, იყო დუბლინის ლიტერატურული პრემიის ფინალისტი და ებრაული წიგნის ეროვნული პრემიის გამარჯვებული.
რომანი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის თემაზეა და ორი მეგობრის ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. ბასამ არამინი პალესტინელია, რამი ელჰანანი კი ისრაელიდანაა. ისინი ცხოვრობენ კონფლიქტებით სავსე სამყაროში, რაც თან სდევს მათი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს – დაწყებული იმ გზებით, რომლებზე მოძრაობაც უწევთ, დამთავრებული მათი ქალიშვილების, აბირისა და სმადარის, სკოლებით. მათი სამყარო გამოუსწორებლად იცვლება მას შემდეგ, რაც ათი წლის აბირს რეზინის ტყვია, ხოლო ცამეტი წლის სმადარს თვითმკვლელი ტერორისტის ნაღმი იმსხვერპლებს. ბასამი და რამი იგებენ ერთმანეთის ამბავს, აცნობიერებენ ომის მოტანილ უდიდეს დანაკარგს და მწუხარება, რომელიც მათ აერთიანებთ, მშვიდობის მოსაპოვებლად უმთავრესი იარაღი ხდება.