არისტოტელეს „მეტაფიზიკა“ მთელი ბერძნული ფილოსოფიის შეჯამებაა. არისტოტელემ ამ ნაშრომს „პირველი ფილოსოფია“ უწოდა და ის მართლაც არის პირველი არა მხოლოდ მასში განხილული უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური პრობლემების გამო, არამედ როგორც პირველი სესტემატური კურსი ფილოსოფიაში და ფილოსოფიის პირველი სახელმძღვანელო. „მეტაფიზიკაში“ წარმოჭრილ პრობლემებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
„მეტაფიზიკა“ თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურული ერის ენაზე. თამარ კუკავას მიერ „მეტაფიზიკის“ ქართულენოვანი თარგმანი პირველად 1964 წელს გამოქვეყნდა და ის უკვე დიდი ხანია, რაც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. თარგმანი დაზუსტების მიზნით შედარებულია რუსულ (კუბიცკი) და გერმანულ (გოლკეს) თარგმანებთან. კომენტარებში მოცემულია ამ თარგმანთა ზოგიერთი ადგილის კრიტიკული ანალიზი, იქვე განმარტებულია „მეტაფიზიკის“ ძნელად გასაგები ადგილები და მოცემულია ზოგიერთი ადგილის კუკავასეული ახლებური გაგება, განსხვავებული სხვა მთარგმნელთაგან და ფილოსოფიის მკვლევართაგან.
„მეტაფიზიკის“ მეორე გამოცემას თან ახლავს ძველბერძნული ტექსტი, რაც უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევს ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველს არისტოტელეს ფილოსოფიის უფრო ადექვატურად გაგებაში.