წიგნის ანოტაცია
თომას ვაისის სიტყვებით რომ ვთქვათ, წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, ბავშვის განვითარების შეფერხება განხილულ იქნას არა როგორც მარტოოდენ პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განკურნებულ, ან აღკვეთილ უნდა იყოს, არამედ როგორც თვითშემეცნებისა და განვითარების შანსი პედაგოგის, თერაპევტისა თუ მშობლისათვის... შეფერხებულ ბავშვს შეიძლება დავეხმაროთ იმით, რომ ახლებურად გავუგებთ, შევიცვლით პოზიციას მის მიმართ და თავადაც შევიცვლებით. ორმოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა თომას ვაისი განვითარება შეფერხებულ ბავშვებთან კემპჰილის ვალდორფის სკოლებში. მისი ნაშრომი – „ბავშვები განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“, ცხადყოფს, რომ სიყვარული, ინტუიცია და ესთეტიკური გრძნობა ისევე ღირებულია, როგორც მეცნიერული ცოდნა, როცა საქმე კონკრეტულ ბავშვს ეხება.
ავტორი აღწერს ბავშვის განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. განვითარების შეფერხებას იგი განიხილავს არა ნორმალურობისა და ანომალიურობის კუთხით, არამედ როგორც ადამიანის თავისებურებათა გამოვლინებას. იგი ეხმარება მკითხველს, განიცადოს ბავშვის მდგომარეობა, თანაუგრძნოს მას და რაც მთავარია, განიცადოს ადამიანის უნიკალურობა და ღირებულება.
„ბავშვები განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ თავის სფეროში კლასიკურ ნაშრომად არის აღიარებული მშობლების, პედაგოგებისა და სხვა მრავალი ადამიანის მიერ, რომელნიც შეფერხებულ ბავშვებთან მუშაობენ. პირველად იგი 1971 წელს გამოიცა.
თომას ვაისი დაიბადა 1914 წელს ქ.ვენაში. ვენის უნივერსიტეტში შეისწავლა მედიცინა, სამეცნიერო ხარისხი დაიცვა ბაზელის უნივერსიტეტში. ახალგაზრდა ექიმთა და პედაგოგთა ჯგუფთან ერთად 1939 წელს იგი შოტლანდიაში გაჰყვა დოქ. კარლ კიონინგს. 1956 წელს მან შეცვალა დოქ.კიონინგი, როგორც კემპჰილის ვალდორფის სკოლების ხელმძღვანელმა.