წიგნის ანოტაცია
მარსელ პრუსტის შედევრმა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და 7 ტომადაა დაყოფილი, შეცვალა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურა.
პრუსტი ძირეულად ცვლის რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგას: მოგვითხრობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ; მოვლენათა გადმოცემისას არ იცავს დროულ თანმიმდევრობას. მკითხველი პრუსტისეულ უდროო დროში ვარდება: წარსულის ფრაგმენტსა და დღევანდელ შეგრძნებას გამოჰყავს დროის ბრუნვიდან. დრო დამარცხებულია ამ რომანში, დრო ხელახლაა ნაპოვნი.
მთხრობელს (პრუსტსაც), რომელსაც წერა სურს, ყურადღება გაფანტული აქვს ამქვეყნიური ამაოებით, ზეპურ საზოგადოებაში ტრიალით, ფუქსავატობით და ამ მდგომარეობაში მყოფი გადაქანცულია უამრავი ძიებით. თვალნათლივ ხედავს, რომ არანაირი ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნია, რომ ვერაფერს დაწერს, რადგან ის თვისებანი, რაც მწერალს უნდა ჰქონდეს, მხოლოდ დროდადრო აქვს. გადაწყვეტს, ხელი აიღოს მწერლად გახდომის განზრახვაზე. თუმცა გერმანტების წვეულებაზე მისული ეზოში ფეხს წამოჰკრავს ცუდად დაგებულ ფილაქანს და წამსვე სენ-მარკის ეკლესიის ეზო ახსენდება ვენეციაში, სადაც სწორედ ამგვარად წაბორძიკდა. ლაქიას ჩაი მოაქვს და კოვზი გაწკარუნდება ლამბაქზე, რაც შუა მინდორში გაჩერებული მატარებლის შეკეთების ხმაურს აგონებს, როდესაც საყვარელ ბებიასთან ერთად მგზავრობდა. ბიბლიოთეკაში ფორთოხლის წვენს მოართმევენ და ხელსახოცი სწორედ ისევეა გახამებული, როგორც ბალბეკში პირველად ჩასვლისას დახვდა. ეს სამი ნიშანი იდუმალი კავშირია წარსულსა და აწმყოს შორის. და ის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს – ჩაიკეტება, წერას დაიწყებს და კვლავ იპოვის დაკარგულ დროს. სასწორის ერთ მხარეს წერა იდება, მეორეზე – სხვა ყველაფერი. წერით უმაქნისი, უბედური, ამაო სიცოცხლე ქმედით, ბედნიერ სიცოცხლედ იქცევა.