რა არის კარმა?

ავტორი: სადჰგურუ

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი სადჰგურუს წიგნიდან – „შინაგანი ინჟინერია“.

რა არის კარმა?

„კარმა“ სიტყვასიტყვით აღნიშნავს „მოქმედებას“. მოქმედება შეიძლება იყოს სამი სახის – ფიზიკური, გონებრივი და ენერგობრივი. ყველა თქვენი მოქმედება ტოვებს კვალს ამ სამ დონეზე, რომელიც საბოლოოდ ქმნის ჩვევას. როდესაც თქვენ აგროვებთ ბევრ ასეთ ჩვევებს, ისინი თანდათან ფორმირდებიან როგორც მიდრეკილებები. ამ ყველაფრის შედეგად თქვენ იქცევით მექანიკურ სათამაშოდ, რომელიც არის თავისი წარსულის ტყვე.


კარმა არის პროგრამის მსგავსი, რომელიც არაცნობიერად დაწერეთ საკუთარი თავისთვის. თითოეული თქვენი მოქმედებით წერთ თქვენს პროგრამას. როდესაც წერთ გარკვეული ტიპის პროგრამას, თქვენი მთლიანი სისტემაც შესაბამისად ფუნქციონირებს. წარსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყალიბდება გარკვეული ჩვევები, რომლებიც გამუდმებით მეორდება. შედეგად ცხოვრება ემსგავსება ერთ წრეზე ტრიალს.


სწორედ ამიტომ მეორდება თქვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე მოვლენები. შეიძლება მათში იყოს მცირე სხვაობა, მაგრამ არსობრივად ისინი ყველა ერთნაირია და დროთა განმავლობაში იმეორებენ საკუთარ თავს. გარკვეული ხნის შემდეგ ეს ციკლები შეიძლება შეუქცევადი გახდეს. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ეს ჩვევები და ტენდენციები გვმართავენ შიგნიდან და არა გარედან. არავინ გაკონტროლებთ გარედან. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ახალი დღე გათენდება და გარემოებები შეიცვლება, მაგრამ შინაგანად თქვენ ერთი და იგივეს განიცდით. ამიტომაც, რაც უფრო მეტად იცვლება სიტუაციები, მით უფრო უცვლელი რჩება თქვენი გამოცდილება. თქვენ უიმედოთ გაიჭედეთ კარმულ ხაფანგში.


თავისუფლება უკვე ცარიელი სიტყვაა, რამეთუ თქვენი ფიქ-რები თუ გრძნობები, ყოფიერების თქვენეული გააზრება და გაგება, ჯდომის, დგომისა თუ მოძრაობის მანერებიც კი – ეს ყველაფერი განპირობებულია თქვენი წარსული გამოცდილებებით. თქვენი დაბადების მომენტისთანავე თქვენმა მშობლებმა, ოჯახმა, განათლებამ, მეგობრებმა, ადგილებმა, სადაც გიცხოვრიათ და გიმოგზაურიათ – განსაზღვრა ყოველივე თქვენ შესახებ. კარმა დაშიფრულია ცხოვრების ყველა სპექტრში. ის კოდირებულია მენტალურ მეხსიერებაში, ფიზიკური სხეულის ფუნდამენტებში, ქიმიასა და თავად ენერგიაშიც. ყოველივე ჩამოთვლილი განასახიერებს სარეზერვო სისტემას. თუნდაც დაკარგოთ სხეული და გონება, კარმას მაინც ვერ მოიშორებთ, რადგან თქვენი სარეზერვო სისტემები ძალზე ეფექტურად მუშაობენ.


რასაც თქვენს პიროვნებად მიიჩნევთ – თვისებებისა და მიდრეკილებების ერთობლიობა – არის იმ ინფორმაციის შედეგი, რომელიც დააგროვეთ არაცნობიერად. ამ მიდრეკილებებს ტრადიციულად „ვასანები“ ეწოდება. „ვასანა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუნს“. ნაგვის ყუთიდან იმის სუნი ამოვა რაც მასშია ჩაყრილი. თქვენი „სუნი“ მოიზიდავს შესაბამის სიტუაციებს თქვენს ცხოვრებაში.


დავუშვათ, რომ დღეს ნაგვის ყუთში დამპალი თევზია. შესაძლოა, აყროლებულად გეჩვენებათ მისი სუნი, თუმცა მრავალ სხვა ქმნილებას მოცემული სუნი იზიდავს. ხვალ თუკი ნაგვის ყუთში ყვავილები აღმოჩნდება, მას განსხვავებული სუნი ექნება და ამჯერად სხვა არსებებს მიიზიდავს.


ოცდაათი წლის წინ, როდესაც პირველად გავემგზავრე სამხრეთის ქალაქ კოიმბატორში, სტუმრად დავრჩი ექიმის სახლში. ის გულღია კაცი იყო და თავის ოჯახში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომიყვა. მისი ოჯახი ინდოეთის სანაპირო რეგიონიდან გახლდათ, ხოლო მისი უფროსი ქალიშვილი – თევზის დიდი მოყვარული. რომელიც, სწავლობდა ჩრდილოეთში მდებარე დერადუნის მთიან რეგიონში, სადაც ვერ ჭამდა თევზს, ხოლო როცა არდადეგებზე სახლში ბრუნდებოდა, თევზის ჭამა ყოველდღიურად სურდა. ექიმის ცოლი ვეგეტარიანელი იყო, თუმცა შვილისათვის მაინც ამზადებდა თევზის კერძებს.


თუ თქვენ ქვეყნის ამ მხრიდან ხართ, გეცოდინებათ ამ პატარა გამხმარი თევზის შესახებ. მას საშინელი სუნი აქვს. თუკი ისინი სატვირთო მანქანით გადააქვთ, თქვენ მათგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებას ინატრებთ, ანდაც ახლოს ჩავლისას სუნთქვას აუცილებლად შეიკავებთ. ამ თევზის სახლში მომზადება საკმაოდ კარგი სტრატეგიაა მეზობლების თავიდან მოსაცილებლად! ექიმის ქალიშვილმა მოისურვა, რომ ზუსტად ეს თევზი მოემზადებინათ.


როდესაც ამ გამხმარ თევზს წვავდნენ, ისეთი სუნი დგებოდა, თითქოს სახლს წამლავენო. ასეთ სუნს მკვდრის წამოყენებაც შეუძლია! დედა სამზარეულოში შევიდა, რათა მზარეულებისათვის თევზის შეწვის ინსტრუქციები მიეცა, თუმცა, როგორც კი ტაფიდან თევზის სუნი ამოვიდა, მაშინვე გარეთ გამოვარდა, ვინაიდან იმ სუნის ატანა არ შეეძლო. ამავდროულად სუნმა საძინებელში მყოფ ქალიშვილამდეც მიაღწია და ისიც მაშინვე გარეთ გამოვარდა. დედა და ქალიშვილი ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შედეგადაც დედამ ცხვირი გაიტეხა!


ეს შემთხვევა მოვიყვანე არა როგორც ჯილდოს ან სასჯელის მაგალითად, არამედ იმ შესაძლო შედეგების ილუსტრირებისთვის, რაც ძლიერ მიჯაჭვულობას და ზიზღს მოყვება. როდესაც ეს ფაქტორები დომინირებენ თქვენს ცხოვრებაში, გარკვეული კატასტროფები გარდაუვალია. ვასანები იგივე მიდრეკილებები იქმნება იმ უამრავი ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული მოქმედებებიდან, რომელმაც დატოვეს თქვენზე კვალი. რასაც თქვენ, თქვენს პიროვნებას უწოდებთ, არის უბრალოდ ამ მიდრეკილებების გამოვლინება.


თუ თქვენ დღეს რაღაცას თქვენებურად აკეთებთ, და ვინმე გკითხავთ, თუ რატომ აკეთებთ მაინცდამაინც ასე და არა სხვანაირად, თქვენ ხშირად პასუხობთ; „ასეთია ჩემი ბუნება. რატომ არ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა?“ ეს არ არის თქვენი ბუნება. თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც გინდათ. თქვენი მიდრეკილებები გახდა კომპულსური. თქვენ დაგატყვევათ თქვენმა პროგრამამ, რომელიც არაცნობიერად დაუწერეთ საკუთარ თავს. როდესაც თქვენი პროგრამა გადაივსება და გახდება ფიქსირებული, ისე გამოჩნდება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა გაქვთ დარჩენილი, რომ თქვენი ხვედრი უკვე წინასწარ განსაზღვრულია. მაგრამ სულიერი პროცესი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ცნობიერად გადავწეროთ ჩვენში არსებული პროგრამა.


ინდოეთში „კარმა“ ფართოდ გავრცელებული სიტყვაა. თუ ვინმე გამოხატავს რაიმე სახის კომპულსურ ქცევას, ხალხი მაშინვე იტყვის: „ოჰ, ეს მისი კარმაა“. სხვა სიტყვებით, ეს მისი ქმედებაა. გამოცდილების სიტკბოება ან სიმწარე სულაც არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტული შემთხვევის მოხდენაზე ან არმოხდენაზე, არამედ იმაზე – თუ როგორ აღიქვამთ და რეაგირებთ მასზე. რაც ერთისთვის მწარე გამოცდილებაა, მეორესთვის შეიძლება სიხარული იყოს.


ერთხელ ერთი დამწუხრებული კაცი საფლავთან იჯდა, მწარედ ტიროდა და თავს საფლავის ქვას ურტყამდა. „რაოდენ აზრსმოკლებული გახდა ჩემი ცხოვრება. ჩემი სხეული გვამად არის ქცეული მას შემდეგ, რაც წახვედი. შენ რომ ცოცხალი იყო, ბედი ამგვარი სასტიკი რომ არ ყოფილიყო, რომ არ დაგეტოვებინე, ჩემი ცხოვრება საერთოდ სხვანაირი იქნებოდა!“ – მოთქვამდა იგი.


მისი სიტყვები გაიგო მღვდელმა და უთხრა: „როგორც მივხვდი, აქ განსვენებული პიროვნება ძალზე მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის“.


„ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი!“ – მიუგო კაცმა და უფრო ხმამაღლა ატირდა. „ის ჩემი ცოლის პირველი ქმარი გახლდათ!“


თქვენი ცხოვრების ხარისხს ყოველთვის განსაზღვრავს ის, თუ როგორ აღიქვამთ მას, და არა ის – თუ რას გთავაზობთ იგი. 


მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კარმა არ არის ნეგატიური სიტყვა. კარმა უნარჩუნებს სტაბილურობას და აძლევს ფორმას თქვენს ცხოვრებას. ყოველ მომენტში თქვენი ხუთი გრძნობის ორგანოების მეშვეობით შთაბეჭდილებები ნიაღვარად შემოდის თქვენს სისტემაში, და ინახება იქ. არაფერია ცუდი შენახულ ინფორმაციაში. ის ძალიან სასარგებლოა თქვენი თვით-გადარჩენისთვის. ეს ინფორმაცია რომ წაშალოთ, თქვენ არ გეცოდინებათ, როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრების უმარტივეს ასპექტებსაც კი. სულიერი პროცესი არ ცდილობს კარმული ინფორმაციის საცავის განადგურებას, არამედ გეხმარებათ მათ გაცნობიერებაში, და მცირე სივრცის შექმნაში, რომელიც მათგან დისტანცირების საშუალებას მოგცემთ.


ასე რომ, თქვენი პროგრამა არ არის თავისთავად პრობლემა. ის პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თქვენი ცხოვრების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა. კარგ და ცუდ კარმაზე საუბარი, იგივეა, რაც კარგ და ცუდ ტყვეობაზე საუბარი. ასეთი რამ არ არსებობს. კარმა მხოლოდ თქვენი შემოქმედებაა. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს არის პროგრამა, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მისგან გარკვეულ დონეზე თავისუფალი ხართ. სულიერი პროცესი მიმართულია იმისკენ რომ, შეასუსტოს კარმის ზეგავლენა თქვენზე. როგორიც არ უნდა იყოს წარსულში დაგროვებული კარმა, ადამიანს აქვს საკმარისი ცნობიერება, რომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს იმ მოცემული მომენტის კარმაზე, რომელშიც თვითონაა.


ნებისმიერი სახის ტრანსფორმაცია, ან რაიმე სახის წინსვლა ცხოვრებაში, შესაძლებელია მხოლოდ კარმული ციკლების გარღვევით. ყველაფერი ციკლური ითხოვს მუდმივ მოძრაობას, მაგრამ სინამდვილეში მას არსად მივყავართ. თუ მგრძნობიარე ხართ ცხოვრების მიმართ, ამას ადრევე აცნობიერებთ. თუ ნაკლებად მგრძნობიარე ხართ, ეს გაცნობიერება ასაკთან ერთად მოდის. შეიძლება ისე ჩანდეს რომ, ყველაფერი ისე მიდის როგორც თქვენ გინდათ; შეიძლება თქვენ პროფესიულად წარმატებული ხართ, თქვენი კაპიტალი იზრდება, ოჯახი ყვავის, მაგრამ ამით სინამდვილეში ისევ ერთი და იმავე წრეზე ტრიალებთ. რაც უფრო მალე მიაღწევთ წარმატებას, მით უფრო მალე გააცნობიერებთ ამას. როდესაც რაღაცის უკმარისობას განიცდით, თქვენ ფიქრობთ, რომ, როგორც კი თქვენი ოცნებები ახდება, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით, მალე სრულდება, თქვენ აცნობიერებთ, რომ – თუმცა ყველაფერი ისე ხდება, როგორც მოელოდით – ცხოვრება მაინც არ გიტოვებთ თვითრეალიზაციის შეგრძნებას და სწრაფვაც არსად არ ქრება.


სანამ არ დაარღვევთ ამ ციკლს, ცხოვრებაში რეალური არჩევანი არ გექნებათ. ზოგჯერ გეუფლებათ შეგრძნება, რომ რაღაც გარღვევა განახორციელეთ. მომდევნო სამი დღე, თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ მეოთხე დღეს კვლავ თქვენს ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებით. ასეთი რამ ხომ ბევრჯერ დაგმართნიათ? ეს იმიტომ ხდება, რომ, როდესაც კარმის მარწუხებში ხართ, არ გაგაჩნიათ ფიქრის, გრძნობის, მოქმედების, და ყველაზე მთავარი – გამოცდილების არჩევის თავისუფლება.


ამავდროულად კარმის თავიდან არიდებაც არ არის გამოსავალი. თავის არიდებამ შეიძლება მოგცეთ გარკვეული ბალანსი და სტაბილურობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გფიტავთ და გაკარგვინებთ ცხოვრების ხალისს. ეს კი ძალიან ნეგატიური კარმაა. ცხოვრების უარყოფა, დათრგუნვა ან თავის არიდება მეტად ატყვევებს ადამიანს ვიდრე ათავისუფლებს. სურვილი – „მე არ მინდა კარმა“ – თავისთავად არის დიდი კარმა.


ცხოვრების პროცესი თავად არის კარმისგან გამწმენდი. თუ თქვენი ცხოვრების თითოეულ წამს ცნობიერად ცხოვრობთ, ამით იშორებთ თქვენი კარმის საკმაოდ დიდ ნაწილს. როდესაც ღებულობთ ყველაფერს რაც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, და თითოეულ სუნთქვას განიცდით უდიდესი ინტესივობით, ფიქრის, ემოციის და ყოველგვარი ფსიქოლოგიური დრამის გარეშე, თქვენ თავისუფლდებით თავად სიკვდილისა და სიცოცხლის პროცესისგან. თქვენ უკვე არა მხოლოდ ცოცხალი ხართ, არამედ თავად ხართ სიცოცხლე.


იოგა გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენი კარმისგან დისტანცირების საშუალებას, არამედ თავად კარმის წყაროსგანაც, რაც გახლავთ თქვენი სელექციური გონება. ის გთავაზობთ არჩევანს თქვენი ცხოვრების თითოეულ მომენტში; იყოთ მსხვერპლი, მაყურებელი ან მმართველი. გარკვეული ოდენობის პრაქტიკისა და ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ ყველას შეგვიძლია დავწეროთ სიხარულისა და კეთილდღეობის პროგრამა საკუთარი თავისთვის.

Scroll to Top