„მეორე სქესი – სინამდვილე და მითები“ – მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გაეცნობა წიგნს, რომელსაც ფემინიზმის ბიბლიას უწოდებენ. მან ადამიანთა მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა.
როგორ მოხდა ადამიანთა ერთობის უთანასწორო გაყოფა?
როდის და რა გარემოებათა გავლენით იქცა ქალი „მეორე სქესად“, მამაკაცზე დაქვემდებარებულად?
რას მოგვითხრობს ისტორია, მითოლოგია ანდა სოციალური მეცნიერებანი „სუსტი“ სქესის დრამატულ თავგადასავალსა და ქალთა მძიმე ხვედრზე?
ХХ საუკუნის შუა ხანებში სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესმა“ ნამდვილი ინტელექტუალური „მიწისძვრა“ გამოიწვია. კრიტიკოსები აღიარებდნენ, რომ ამის შემდეგ კაცობრიობა ძველებურად ვეღარ იცხოვრებდა. ქალის ისტორიასა და მენტალურ არსს ავტორი ბიოლოგიის, ფსიქოანალიზის, მატერიალიზმის, ანთროპოლოგიისა თუ ფილოსოფიის ჭრილში განიხილავს. მოგვითხრობს, უძველესი ეპოქებიდან დღემდე რა როლი ერგებოდა ქალებს საზოგადოებაში. ეს წიგნი, გარკვეულწილად, ჩაგვრის, ცრურწმენებისა და ყალბი ფასეულობების, ზოგადსაკაცობრიო შეცდომებისა და საბედისწერო ცვლილებების ისტორიაა. ბოვუარი ასაბუთებს, რომ ქალი და მამაკაცი უპირობოდ თანასწორნი არიან.
სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო კლასიკად იქცა.