ნობილი არქეოლოგის ვახტანგ ლიჩელის ახალი წიგნი „საუბრები არქეოლოგიაზე“ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
მოგეხსენებათ არქეოლოგია საზოგადოებრივი მეცნიერების დარგია, რომელიც არა მხოლოდ საზოგადოების განვითარების მანძილზე შექმნილი მატერიალური ნაშთებს იკვლევს, არამედ ხელს უწყობს როგორც კონკრეტული ეკოგარემოს, ისე ზოგადად ბუნების განვითარების ზოგიერთი ასპექტის კვლევას. ამასთან, სპეციფიკიდან გამომდინარე, ის თავის კვლევაში იყენებს სხვადასხვა სახის ტექნიკურ მეთოდებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედამიწის დისტანციურ კვლევას (ზონდირებას), გეოფიზიკურ ძიებას, მრავალგვარ ქიმიურ და ფიზიკურ ანალიზს, ჰიდროქიმიურ და გეოქიმიურ შედარებით ანალიზს, სამედიცინო-მოლეკულურ კვლევას, სტატისტიკურ-მათემატიკურ მეთოდებს და სხვა. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ დღეს არქეოლოგიური კვლევა ხდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ანალიზის დონეზე. უმარტივესად ხდება ათასწლეულების წინანდელი დავადებების, კვების რეჟიმისა და საკვების სახეობების დადგენა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ძველი ადამიანის მხოლოდ კბილებიღაა შემორჩენილი (მაგალითად, დიეტის ცვლილებების გავლენა გენეტიკურ აპარატზე, თანდაყოლილი დაავადებების წარმოშობა და გახშირება და მრავალი სხვა).
წიგნში არქეოლოგიასთან დაკავშირებულ ეს და სხვა საინტერესო საკითხები რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული ძეგლის მაგალითზეა (დმანისი, გრაკლიანი, მცხეთა, ვანი, აწყური, საირხე და სხვ.) განხილული.
მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიის შესახებ დღეს დიდძალი ლიტერატურა არსებობს, ვფიქრობთ, ეს წიგნიც საინტერესო იქნება მოზარდებისთვის და მათ თვალსაწიერს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გააფართოებს.
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.