როდესაც ედიტორებმა გადავწყვიტეთ ამ კრებულისთვის „კულტურა / რელიგია / ფილოსოფია“ დაგვერქმია, ამით, უპირველესად, ის კი არ იყო ნაგულისხმები, რომ ამ სამი აკადემიური მიმართულებიდან ცალკე შეგვერჩია სტატიები და ურთიერთკავშირის გარეშე გამოგვექვეყნებინა, ან ადამიანობის ამ სამ ფენომენზე დამოუკიდებლად გვემსჯელა, არამედ სხვადასხვა აკადემიური პერსპექტივიდან შევხებოდით ამ კაცობრიულ წარმონაქმნებს და შეძლებისდაგვარად მათი ერთიანობა/განსხვავებულობა და მისი მატარებელი – და, გარკვეულწილად, საფუძველი – ადამიანი, მისი ქმედებების და მიმართებების პროექციაში წარმოგვეჩინა.
დღესდღეობით დამკვიდრებული სიტყვა კულტურა ნასესხებია cultura-დან და ნიშნავს მიწათმოქმედებას. სტოიკოსებთან ეს სიტყვა გამოიყენებოდა გონების, სულის დამუშავებისა და მზრუნველობის მნიშვნელობით. ადრეული ქრისტიანობის/ღვთისმოსაობის გაგებაში ეს ტონალობა შემორჩენილია.
იმავდროულად, იგი ორნაირი მნიშვნელობით გამოიყენება: ერთი მხრივ, მიწის დამუშავებისას და საერთოდ „სოფლის მეურნეობის“, ხოლო, მეორე მხრივ, ღმერთის თაყვანისცემის აზრით. ფილოსოფიის როგორც cultura animi-ს ციცერონისეულმა შეფასებამ აღორძინების ეპოქაში ამ ცნების მნიშვნელობის ჰუმანისტური განვითარება განიცადა.
სამუელ პუფენდორფთან კულტურა იძენს განსაკუთრებულ ქმედითობას ადამიანების სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფობისათვის. მან ბუნებითი მდგომარეობა გაიგო არა თეოლოგიურად, როგორც სამოთხისეული საწყისი მდგომარეობა ადამიანებისა, როგორც მათი უდანაშაულო-უბიწო ყოფნა, არამედ როგორც ბედნიერების გარეშე ყოფნა ადამიანისა, როცა იგი საზოგადოების გარეთაა. ამ თვალსაზრისით, მან არისტოტელესეული აზრის რეაქტუალიზაცია მოახდინა. ამით კულტურის ცნებამ ეგოლოგიური და სოციალისტური მნიშვნელობა მიიღო.