ყველა სახელმწიფო, როგორც ძალაუფლების ორგანიზაცია და მოქალაქეთა „ურთიერთქმედების ერთობა, დაფუძნებულია სამართლებრივ წესრიგსა და ფორმაზე, რაც საკმარისი პირობაა მისი ნებისმიერი ფორმით არსებობისთვის, თუმცა არასაკმარისია, რათა სახელმწიფო ადამიანის თავისუფლების განხორციელების, მისი უფლებების, ძირითადი უფლებების და თვითკმარობის დაცვის გარანტი იყოს.
იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავისი უმთავრესი დანიშნულება განახორციელოს, ძალაუფლების წესრიგთან (ორგანიზაციასთან) ერთად უნდა არსებობდეს თავისუფლების წესრიგიც, რაც სამართლებრივი ფორმით და სისტემით მიიღწევა. სწორედ სამართალია იმგვარი საფუძველი, რაც საზღვრების დადგენით თავისუფლებას ქმნის, პირველ რიგში, ეს არის საზღვრების დადგენა თვითნებობისთვის, რომლის გამოვლინებაც, ერთი მხრივ, შეუძლიათ საზოგადოების წევრებს ერთმანეთის, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს – საზოგადოების მიმართ, რაც ძლიერთა ძალაუფლების დაფუძნების წინაპირობაა.