წიგნი ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული მისტიკის სიღრმისეულ პარალელებთან ერთად, გამორჩეულია „გადაძახილებით“ აღმოსავლური ფილოსოფიისკენ. ეს წიგნს განსაკუთრებულ მთლიანობას ანიჭებს და მკითხველს ფართო ჰორიზონტების უხსნის.
… ასეა თუ ისე, პლატონიც და არისტოტელეც ასახელებენ და ეყრდნობიან „ძველებს“, „საწყისში მყოფებს“, რომლებსაც უკავშირდება საკრალური ტრადიცია, რისი ნაწილიც არის თავად ფილოსოფია, რომელიც „ღვთაებრივი ძღვენია“ და არა – ადამიანის მიერ გამოგონილი რაიმე ხელოვნება-ტექნე. სწორედ ამით განსხვავდება პლატონური თუ არისტოტელური ფილოსოფია გვიანდელი პლატონიკოსებისაგან, რომელთათვისაც ტრადიცია – ესაა, უპირველეს ყოვლისა (თუ – ერთადერთი არა!), წინამორბედთა ტექსტები: ჰომეროსი, პლატონი თუ არისტოტელე.