პლატონი (ძვ.წ. 429/8-347/6 წწ.) უბრწყინვალესი წარმომადგენელია ფილოსოფიური დიალოგისა, რომელიც ფილოსოფიურ შეხედულებათა სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს და სადაც ავტორისეული აზრი ბრძენი მოძღვრისა და მოწაფის პაექრობით გამოითქმება. პლატონი ანტიკური იდეალიზმის მამამთავარია და ახალგაზრდობაში თავის მოძღვრად სოკრატეს აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით გზიდან გადაუხვია და საკუთარი ფილოსოფიური სკოლა (აკადემია) დააარსა. იგი იყო არისტოტელეს მასწავლებელი და იცნობდა ეგვიპტელ ქურუმთა სიბრძნეს.