ეს წიგნი პოსტჰუმანისტური ეპოქისა და აზროვნების გაგების მცდელობაა. სწორედ ამიტომ, მასში მოხმობილი, განვრცობილი და შეფასებულია კონცეპტები იმ უცხოელი და ქართველი მოაზროვნეებისა, რომლებიც ამ ეპოქისა და აზროვნების არსს ნათლად გადმოგვცემენ: ფრიდრიხ ნიცშე – მარტინ ჰაიდეგერი – ვალტერ ბენიამინი – ერნსტ ბლოხი – კონსტანტინე კაპანელი – პეტერ სლოტარდაიკი – მერაბ მამარდაშვილი და სხვ. ამ მოაზროვნეთაგან ჰუმანიზმისა და ჰუმანისტური აზროვნების კრიზისისა და თავისებურებათა წარმოსაჩენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტინ ჰაიდე გერის განაზრებანი, ხოლო პოსტჰუმანისტური აზროვნების სპეციფიკისა და ნიშანთვისებების დასახასიათებლად კი პეტერ სლოტარდაიკის ნაშრომები. ამ ორი მოაზროვნის ხედვა ჰუმანისტური და პოსტჰუმანისტური კულტურის თაობაზე არსებითად საზრდოობს ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევითა და შემოქმედებით. ამიტომ, ნიცშეს შეხედულებათა ანალიზი ერთგვარ წითელ ზოლად გასდევს მთელ წიგნს და, დიდ წილად, მის თეორიულ ბაზისსაც კი წარმოადგენს – ავტორი.