ენციკლოპედია ანტიკური კავკასია მოამზადა ავტორთა კოლექტივმა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. პროექტის მონაწილეები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლები. მათ გარდა, ენციკლოპედიის ცალკეული სტატიის დაწერა თუ წყაროს თარგმნა ვთხოვეთ რამდენიმე კოლეგას, რომლებიც სიძველეთმცოდნეობაში თავიანთი კომპეტენტურობით გამოირჩევიან. ენციკლოპედიის მომზადებას საფუძველი შეუქმნა სიძველეთმცოდნეთა მთელი თაობების მიერ ჩატარებულმა უაღრესად ნაყოფიერმა მუშაობამ. მათი თარგმანები, გამოკვლევების შედეგები მაქსიმალურადაა ასახული ენციკლოპედიაში. პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო რამდენიმე წინაპირობის განსაზღვრა: 1. იმ რეგიონის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა, რომელიც ჩვენს თვალსაწიერში უნდა შემოსულიყო. გადაწყდა, ენციკლოპედიაში წარმოდგენილი ყოფილიყო ის არეალი, რომელსაც დღეს მოიცავს ცნება კავკასია, აგრეთვე მისი ის მიმდებარე ტერიტორიები, რომლებზედაც კავკასიურ ხალხთა გავრცელება დასტურდებოდა ანტიკურობაში. ეს ეხება შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს, სადაც მეტწილად ქართველური ტომების გავრცელება დასტურდებოდა, ცალკეულ შემთხვევაში ანატოლიის იმ რეგიონებს, რომელთაც ცნება Aარმენია სწვდებოდა, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კასპიისპირეთის რეგიონებს, რომლებიც კავკასიელი ალბანების ტერიტორიებს მოიცავდა; ჩრდილოეთით ჩვენთვის ერთგვარ საზღვარს მდინარე ტანაისი (თანამ. დონი) წარმოადგენს. შევეცადეთ, რამდენადმე მივწვდომოდით ბოსპოროსის სამეფოს რეგიონსაც. რასაკვირველია, ჩვენი ყურადღება ძირითადად ჩრილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებისკენ იყო მიმართული; 2. ქრონოლოგიური საზღვრები. ყველაზე ადრეულ პერიოდად ვიღებთ კავკასიური ტომების წერილობით წყაროებში პირველად ფიქსაციის ხანას, რომელიც, ჩვენი აზრით, ძვ.წ. II ათასწლეულს არ სცდება. გვიანდელი საზღვარი არის ახ.წ. V საუკუნე, გამონაკლის შემთხვევაში VI საუკუნის პირველი ნახევარი. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ძირითად ორიენტირს ვ. ვ. ლატიშევის შჩ წარმოადგენდა.