უბედურთა შორის უბედური

უბედურთა შორის უბედური

სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი სიორენ კირკეგორის წიგნიდან – „ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან“. 

 

ენთუზიაზმით აღსავსე მიმართვა SYMPARANEKROMENOI-ს

 

საპარასკევო შეხვედრების შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლა

 

 

ამბობენ, ინგლისის რომელიღაც კუთხეში არსებობს საფლავი, რომელიც, განსაკუთრებული მონუმენტის ან სევდიანი გარემოს ნაცვლად, პატარა წარწერით გამოირჩევა: „უბედურთა შორის უბედური“. როგორც ჩანს, ვიღაცას უკვე გაუთხრია საფლავი, მაგრამ ნეშტისთვის ვერ მიუგნია. რა უფრო გასაკვირია? ის, რომ ნეშტს ვერ მიაგნეს, თუ თავად საფლავის გათხრის ფაქტი? მართლაც, უცნაურია, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, თავი საფრთხეში ჩაეგდო, რათა ენახა, იყო თუ არა იქ ვინმე დასაფლავებული. როცა ეპიტაფიაზე სახელს კითხულობ, მაშინვე ინტერესის მორევში ვარდები, თუ როგორ წარიმართა სამყაროში ამ ადამიანის ცხოვრება; მნახველს მასთან ჩაძრომა და გასაუბრებაც კი მოუნდება. მაგრამ ეს წარწერა ხომ იმდენს იტევს! წიგნსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი სათაური, რომელიც წაკითხვას მოგანდომებს, მაგრამ სათაური შეიძლება იმგვარად იწვევდეს მოგონებებს, ისე ინტიმურად მიმზიდველი იყოს, რომ გვერდზე გადადო და აღარასოდეს წაიკითხო. ეს წარწერა, მართლაც, მრავლისმეტყველია: სულისშემძვრელი ან სასიხარულო, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხასიათზე იქნება მკითხველი – ვისაც საკუთარი გულის უძრაობაში საიდუმლოდ თავი იმ აზრისთვის მიუძღვნია, რომ ის ყველაზე უბედური მოკვდებოდა. მაგრამ მე ისეთი ადამიანის წარმოდგენაც ძალმიძს, რომლის სულსაც წინასწარ ამგვარი ფიქრები არ აწუხებს, და ვისი ცნობისმოყვარეობის ნაწილიც იყო იმ დავალების შესრულება, რომ საფლავი გაეთხარა და ენახა, იყო თუ არა იქ ვინმე მართლა დასაფლავებული. და შეხედე, საფლავი ცარიელია! ეგებ, ის მკვდრეთით აღდგა ან, იქნებ, პოეტის სიტყვების გამასხარავება სურდა:


... სამარე მიაქვს სიმშვიდეს,
მდუმარე ბინადარი კი არ სცნობს ნაღველს1.


განა საფლავშიც კი ვერ მიაგნო სიმშვიდეს; იქნებ საიქიოშიც მოუსვენრად დახეტიალობს? მიატოვა თავისი სახლი და კერა, შესასვლელთან კი ნიშანი დატოვა! ან, იქნებ, ჯერ ვერ მიაგნეს, უბედურთა შორის ყველაზე უბედურს, ვისაც ერინიებიც კი არ მისდევენ, სანამ ტაძრის კარიბჭესა და სიკვდილის თავმდაბალი მთხოვნელის დასაბრძანებელს არ მონახავს; მაგრამ, ვინც მწუხარებით ცოცხლობს, წუხილი მას საფლავშიც თან სდევს!2


თუ სიმართლეა, რომ მისთვის ჯერაც არ მიუგნიათ, მაშინ, ძვირფასო Symparanekromenoi, მომლოცველობას მივყოთ ხელი და ბედნიერ აღმოსავლეთში მდებარე წმინდა სამარხის ნაცვლად დასავლეთში მწუხარებით აღსავსე საფლავს ვესტუმროთ. ჩვენ მას, უბედურთა შორის ყველაზე უბედურს, ამ სამარხთან მოვძებნით და მჯერა, აუცილებლად მივაგნებთ. როგორც ერთგულთა ნაღველია წმინდა სამარხის ძლიერ მოსურნე, სწორედ ამგვარ მიზიდულობას გრძნობენ უბედურნი დასავლეთში მდებარე ამ თხრილიდან, თითოეული იმ გრძნობით აღსავსე, რომ ეს სამარე უეჭველად მათთვისაა განკუთვნილი. 


ან იქნებ ასეთი აზრები ჩვენს ყურადღებას სულ არ იმსახურებენ? ჩვენ, ვისი საქმიანობაც, ჩვენი საზოგადოების წმინდა წეს-ჩვეულებათა შესაბამისად, აფორიზმული და შემთხვევითი თავდადების მცდელობებით შემოიფარგლება; ჩვენ, ვინც არა, უბრალოდ, ვფიქრობთ და ვსაუბრობთ აფორიზმულად, არამედ ამგვარად ვცხოვრობთ კიდეც; ჩვენ, ვინც ვცხოვრობთ aphorismenoi და segregati3, როგორც აფორიზმები ცხოვრებაში, იმ ადამიანთა საზოგადოების გარეშე, რომლებიც თავიანთ ჭირსა და ლხინს ერთურთს არ უზიარებენ; ჩვენ ცხოვრების ხმაურში თანამჟღერი ხმოვნების ნაცვლად ღამის მდუმარების მარტოხელა შოშიები ვართ, ახლაც და მერეც შეკრებილნი, რათა ცხოვრების ტანჯვის, დღის ხანგრძლიობისა და დროის დაუსრულებელი მიმდინარეობის წარმოდგენებმა დაგვმოძღვრონ; ჩვენ, ძვირფასო Symparanekromenoi, ვისაც არ გვწამს ბედნიერების თამაშისა და სულელთა იღბლისა, ვისაც, უიღბლობის გარდა, არაფრის გვჯერა.


ხედავ, როგორ მოიწევს თავიანთ უთვალავ სიმრავლეში ყველა უბედური ერთად! და მაინც, მათგან ყველას სწამს, რომ უხმობენ, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენია რჩეული4. მათ შორის განსხვავება უნდა არსებობდეს – ერთი სიტყვა, და ბრბოც იშლება; ყველა გარიცხული, დაუპატიჟებელი სტუმარი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი უიღბლობა სიკვდილია, დიახ, ისინი, ვინც ბედნიერებად იმიტომ იქცნენ, რომ სიკვდილის ეშინოდათ; ჩვენ, ძვირფასო Symparanekromenoi, რომაელი მეომრებივით არ გვაშინებს სიკვდილი; ჩვენ უფრო საზარელ უიღბლობებს ვცნობთ, მათ შორის პირველსა და უკანასკნელს, ყველაზე უზენაესს – სიცოცხლეს. დიახ, თუკი უკვდავი ადამიანი იცხოვრებდა, თუ სამარადისოდ მოხეტიალე ებრაელის ამბავი სიმართლე იქნებოდა, რატომღა ვიყოყმანებდით, რომ მისთვის ყველაზე უბედური გვეწოდებინა? ამით იმის ახსნაც შეგვეძლებოდა, თუ რატომ იყო საფლავი ცარიელი, რათა აღგვენიშნა, რომ ყველაზე უბედური ადამიანი ის იყო, ვისაც სიკვდილი არ შეეძლო და საფლავში ვერ ჩადიოდა. მაშინ საკითხი გადაწყდებოდა, პასუხი კი უმარტივესი იქნებოდა: უბედური ის არის, ვინც ვერ კვდება, ბედნიერი კი – ის, ვისაც ეს შეუძლია. ბედნიერი ის იქნებოდა, ვინც სიბერეში დაიღუპებოდა, უფრო ბედნიერი – ის, ვინც სიყმაწვილეში წავიდოდა; მათ შორის ყველაზე ბედნიერად კი ის ჩაითვლებოდა, ვინც სულაც არ დაბადებულა. მაგრამ ეს ასე არ არის; სიკვდილი ყველა ადამიანის საერთო ხვედრია და, მაშასადამე, რამდენადაც ყველაზე უბედური ადამიანისთვის ჯერ ვერ მიგვიგნია, მისი ძებნა სწორედ ამ საზღვრებში უნდა განვაგრძოთ.


ხედავთ, როგორ გაუჩინარდა ბრბო, როგორ შეცოტავდა მათი რიცხვი? ახლა აღარ მჭირდება, რომ ვთქვა: „მომისმინეთ“, რადგან ვიცი, მათი ყურადღება ჩემდამია მოპყრობილი; არც ამის თქმა მესაჭიროება: „ყური დამიგდეთ“ – ისედაც ვიცი, რომ მე მეკუთვნის. თქვენი თვალები ელვარებენ. სავარძლებიდან წამოიმართებით. ეს ბრძოლაა სანაძლეოზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება აუცილებლად ღირს – დაპირისპირება, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე მნიშვნელოვანი და საზარელია, რადგანაც ჩვენ სიკვდილი არ გვაშინებს. თუმცა ჯილდო, – ო! ის ამ სამყაროში ყველაფერზე მეტად დიდებული და საიმედოა; თავის უბედურებაში დარწმუნებულ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ბედნიერებისა; მას არ უნდა მოუწიოს თავისი დამცირების ხილვა და აღსასრულის უკანასკნელ საათს ძახილი: „სოლონ, სოლონ, სოლონ!“5


მაშასადამე, ჩვენ ვხსნით ღია შეჯიბრს, რომლიდანაც წოდების ან ასაკის გამო არავინ გაირიცხება; არავინ, გარდა იმ ბედნიერი კაცისა, რომელსაც სიკვდილის ეშინია, უბედურთა საზოგადოების ყველა ღირსეულ წევრს კი კეთილად მივიღებთ, მათთვის ღირსების სავარძლებიც გვაქვს განკუთვნილი, ხოლო მათგან გამორჩეულთათვის – თავად საფლავი. ჩემი ხმა მთელ სამყაროში გაისმის. ისმინეთ, ყველამ, ვინც საკუთარ თავს უბედურად თვლით, მაგრამ სიკვდილის არ გეშინიათ. ჩემი ხმა უკან, წარსულშიც ჟღერს, ვინაიდან, არ ვიქნებით ისეთი სოფისტურები, რომ წასულნი გამოვრიცხოთ, რადგანაც ისინი დაღუპულან; ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ იცხოვრეს. გევედრებით, მაპატიეთ, რადგან მოსვენება წამიერად დაგირღვიეთ, უბრალოდ აქ, ამ ცარიელ საფლავთან, შეგვხვდით. სამჯერ ხმამაღლა შევყვირებ მთელ სამყაროს: „მოისმინეთ, თქვე უბედურებო!“ რადგანაც ჩვენი განზრახვა ამ საკითხის ჩვენით, ეულად, კუთხეში გადაწყვეტა სულაც არ არის. ის ადგილი, სადაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს, უკვე მთელი სამყაროსთვისაა ცნობილი.


მაგრამ, სანამ ჩვენს ინდივიდუალურ მოსმენებზე გადავიდოდეთ, მოდით, შესაბამისად მოვემზადოთ, რომ ღირსეულ მოსამართლეებად და შეჯიბრის მონაწილეებად წარვდგეთ. გავაძლიეროთ ჩვენი ფიქრები, მივმართოთ ისინი ყურთა ხიბლის წინააღმდეგ, რადგან, განა ვისი ხმა არის იმ უბედური ადამიანის ხმაზე მომხიბვლელი, რომელიც საკუთარ უიღბლობაზე საუბრობს? მოდით, ვიყოთ ღირსნი, რომ ვისხდეთ აქ, როგორც მოსამართლეები და თანაბარი კონკურენტები, რათა ცალკეულმა დეტალმა თავი არ შეგვაწყინოს და ორიენტაცია არ დავკარგოთ, ვინაიდან მწუხარების ენაწყლიანობა უსასრულო და ამავდროულად უსაზღვროდ გამჭრიახია. უბედურებს ჩვენ გარკვეულ ჯგუფებად დავყოფთ და თითოეულიდან ერთს დავრთავთ ნებას, რომ კონკრეტული ჯგუფის სახელით სიტყვით გამოვიდეს. ამით სულაც არ უარვყოფთ, რომ ერთი გარკვეული ინდივიდი ვერ იქნება უბედური; უბრალოდ, ეს კლასია. მაგრამ ჩვენ არ მოგვერიდება, რომ ჯგუფთა წარმომადგენლები „უბედურთა შორის უბედურის“ წოდებით დავაჯილდოოთ ან ცარიელი საფლავი მივაკუთვნოთ.


უბედურ ცნობიერებას მონაკვეთი ჰეგელის ყველა სისტემატურ ნაწერში აქვს მიძღვნილი6. ასეთ გამოკვლევებს ადამიანი ყოველთვის ეჭვით, გაუბედაობით და კანკალით უდგება – შიშით, რომ მისგან იგი ძალიან ბევრს, ან ძალიან ნაკლებს ისწავლის. ჩვეულებრივი საუბრისას ტერმინ „უბედური ცნობიერების“ ხსენებას პრაქტიკულად შეუძლია სისხლი ყინულად გიქციოთ, ნერვებს კი ცახცახი დააწყებინოს; ახლა კი, იმის დანახვამ, რომ ამ ცნებას ასე შეგნებულად წარმოთქვამენ – როგორც საიდუმლო სიტყვას კლემენს ბრენტანოს ამბავში, tertia nux mors est7 – შეუძლია ცოდვილივით ჟრჟოლა დაგაწყებინოთ. ოჰ! ბედნიერია ის, ვინც ამ თემასთან მასზე მხოლოდ ერთი ორი აბზაცის წერითაა დაკავშირებული, მასზე უფრო ბედნიერი კი – ის, ვისაც მომდევნოს დაწერა შეეძლება. უბედური ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავის იდეალს, ცხოვრების შიგთავსს, ცნობიერების სისრულეს და სადღაც, თავისი თავის მიღმა, გარკვეული გზით ჭეშმარიტ ბუნებას ფლობს. იგი თავის თავში არასოდესაა, საკუთარ თავთან არასდროს იმყოფება. მაგრამ, თუ ადამიანი არ არსებობს, მაშინ იგი ან წარსულში, ან მომავალში იმყოფება. ეს, ვფიქრობ, უბედური ცნობიერების სრულ ტერიტორიას შემოფარგლავს. ამ მტკიცე საზღვართა დადგენისთვის მადლობა ჰეგელს უნდა გადავუხადოთ, ახლა კი, რამდენადაც არა ვართ უბრალო ფილოსოფოსები, რომლებიც ამ საკითხს შორეული სამეფოდან დაჰყურებენ, როგორც ადგილობრივებმა, დეტალური ყურადღება იმ ეტაპებსაც უნდა დავუთმოთ, რომლებიც ამ უკანასკნელის მიღმა იმყოფება. მაშასადამე, უბედური არმყოფია. მაგრამ ადამიანი არარსებული მხოლოდ მაშინაა, როცა წარსულში ან მომავალში ცხოვრობს. აქ მნიშვნელოვანია გამოხატვის ფორმა, რადგან, ცხადია, რასაც ფილოლოგიაც გვასწავლის, რომ არსებობს დრო, რომელიც როგორც წარსულში ყოფნას, ასევე მომავალში ყოფნასაც გამოხატავს; მაგრამ იგივე მეცნიერება გვასწავლის, რომ არის წარსული სრული დროც, რომელშიც არც აწმყო და, იმავე მახასიათებლით, არც მომავალი სრული დრო არსებობს. ესენი ის ინდივიდები არიან, რომელთაც იმედი აქვთ და ახსოვთ. და რამდენადაც მათ მხოლოდ იმედი აქვთ და ახსოვთ, გარკვეული გაგებით, ისინი უბედური ინდივიდები არიან, რადგან, როგორც წესი, ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვინც აწმყოში იმყოფება. ამის მიუხედავად, დაზუსტებით არ შეგვიძლია, ბედნიერი იმ ინდივიდს ვუწოდოთ, ვინც აწმყოში იმედით, ან მეხსიერებაში იმყოფება, ვინაიდან აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ზემოთქმულ ვითარებაში ნებისმიერ შემთხვევაში, ის მაინც თავის თავთან არსებობს, ერთ დარტყმას კი, რაც უნდა ძლიერი იყოს, ფიზიკურად არ შეუძლია ადამიანის უბედურთა შორის უბედურად ქცევა. ერთი დარტყმა მას ან იმედს წაართმევდა, მეხსიერებას კი აწმყოში დატოვებდა, ან – მეხსირებას, რაც იმედს აწმყოში ამყოფებდა. 


მოდით, ახლა წინ წავიწიოთ და ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია უბედური ინდივიდის უფრო ზუსტად განსაზღვრა. პირველად განვიხილოთ ინდივიდი, რომელსაც იმედი აქვს. როცა იმედის მქონე ინდივიდი (და ამ მიმართებით – უბედურიც) თავისი თავისთვის არ არსებობს, ის უბედური უფრო ზუსტი გაგებით ხდება. ინდივიდი, რომელსაც სამარადისო სიცოცხლის იმედი აქვს, გარკვეული გაგებით, იმდენად არის უბედური, რამდენადაც აწმყოზე ამბობს უარს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის უთუოდ უბედური არ არის, რადგანაც ამ იმედში ის თავისი თავისთვის არსებობს და სასრულობის გარკვეულ მომენტებს არ უპირისპირდება. მაგრამ, თუ მას არ შეუძლია, რომ იმედში თავისი თავისთვის იარსებოს, შესაბამისად, კარგავს იმედს, კვლავაც იმედოვნებს და ა.შ. საბოლოოდ კი თავისი თავისთვის არარსებული არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მომავალშიც ხდება – ამ შემთხვევაში ჩვენ უბედურის ტიპს ვიღებთ. ანალოგიური ვითარებაა მაშინ, როცა გამხსენებელ ინდივიდს განვიხილავთ. თუკი ინდივიდი საკუთარ თავს აწმყოში მყოფს წარსულში მიაგნებს, ის უბედური აშკარად არ არის; მაგრამ, თუ მას ეს არ ძალუძს, მაგრამ წარსულში თავის თავში მუდმივად არარსებულად რჩება, ამ შემთხვევაში ჩვენ უბედურის ფორმას ვიღებთ.


მეხსიერება უბედური ცნობიერების ჭეშმარიტი ელემენტია, რაც, თავისთავად, ბუნებრივია, ვინაიდან, წარსულს აქვს გასაოცარი მახასიათებელი, რომელიც უკვე ჩაბარდა, მომავლისა კი ჯერაც არ მოსულა; აქედან გამომდინარე, რაღაც გაგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აწმყოსთან მომავალი უფრო ახლოსაა, ვიდრე – წარსული. მომავალი, რათა მასში იმედის მქონე ინდივიდი აწმყოში იმყოფებოდეს, აუცილებლად რეალური უნდა იყოს, ან მისთვის რეალურობას მაინც იძენდეს. წარსულს კი, რათა მასში გამხსენებელი ინდივიდი აწმყოში იმყოფებოდეს, მისთვის განკუთვნილი რეალობა უნდა გააჩნდეს. მაგრამ, როცა იმედის მქონე ინდივიდს აქვს მომავალი, რომელიც მას რეალობას არ სთავაზობს, ან გამხსენებელი ინდივიდი იხსენებს წარსულს, რომელშიც რეალობა არა აქვს, მაშინ ჭეშმარიტად უბედურ ინდივიდებს ვიღებთ. აქედან პირველს, ალბათ, შეუძლებლად ან სრულ სიგიჟედ მიიჩნევთ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგანაც იმედის მქონე ინდივიდი არ იმედოვნებს იმას, რაც მისთვის რეალობას არ წარმოადგენს (ის, ნებისმიერ შემთხვევაში, იმედოვნებს რაღაცას, რაც თავადაც იცის, რომ ვერ განხორციელდება), ესე იგი, რეალობას ვერ შეიძენს. ხოლო როცა ინდივიდი იმედს კარგავს და, გამხსენებელ ინდივიდად ქცევის ნაცვლად, კვლავაც იმედის მქონედ დარჩენა სურს, მაშინ ზუსტად ამ ფორმას ვიღებთ. როცა ინდივიდი, რომელიც მეხსიერებას კარგავს, ან, უბრალოდ, არაფერი აქვს გასახსენებელი, იმედის მქონედ გახდომის ნაცვლად ისევ გამხსენებლად რჩება, ეს უკვე უბედურის სახეობაა. მაშასადამე, თუ ინდივიდი თავს ანტიკურ ხანაში ან შუა საუკუნეებში, ანდა ნებისმიერ სხვა პერიოდში დაკარგავს, მაგრამ ისეთი სახით, რომ ეს მისთვის რეალური იქნება, ანდა თუ ის თავის სიყმაწვილესა და ახალგაზრდობაში ჩაიკარგება, რომელიც მისთვის გადაჭრით რეალურად აღიქმება, მაშინ ის უთუოდ არ იქნება ჭეშმარიტად უბედური ინდივიდი. მეორე მხრივ, თუ წარმოვიდგენ ადამიანს, რომელსაც ბავშვობა საერთოდ არ ჰქონია, ამ ასაკს მისთვის იმგვარად ჩაევლო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ შეუძენია, მაგრამ ახლა, ბავშვთა მასწავლებლად ყოფნისას, აღმოაჩენს ყველა იმ სილამაზეს, რაც ბავშვობაში ძევს, შემდეგ კი თავის სიყმაწვილეს გაიხსენებს და მუდამ მიუბრუნდება ამ მოგონებას, მაშინ იგი სავსებით მორგებული მაგალითი იქნება. მას სურს, რომ წარსულში დღევანდელი გადასახედიდან აღმოაჩინოს იმის მნიშვნელობა, რაც მისთვის წარსულია, და ნებისმიერ შემთხვევაში ახსოვს თავისი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე. ახლა, თუკი ისეთ ადამიანს წარმოვიდგენ, რომელმაც მთელი სიცოცხლე ცხოვრების მშვენიერების, ან სიტკბოების დაუფასებლად განვლო – ახლა კი ამ ყოველივეს სიკვდილის კართან მოჰკრა თვალი, მაგრამ არ მოკვდა (რაც მისთვის ყველაზე უკეთესი შემთხვევა იქნებოდა, ამის ნაცვლად გაცოცხლდა, თუმცა არა თავიდან საცხოვრებლად) – მაშ ის აუცილებლად განიხილებოდა იმ საკითხში, თუ ვინ არის უბედურთა შორის ყველაზე უბედური. 


უბედური ინდივიდები, რომელთაც აქვთ იმედი, რომ არასდროს განიცდიან იმდენივე ტკივილს, რამდენსაც ისინი, რომელთაც გააჩნიათ ხსოვნა... ამავე გაგებით, იმედის მქონე ინდივიდთა იმედგაცრუება ყოველთვის მეტად საამურია. ამრიგად, უბედურთა შორის უბედური ყოველთვის ხსოვნის მქონეთა რიგებში მოიძებნება. 


მოდით, ახლა უფრო შორს წავიდეთ და უბედურის ახლად ხსენებული ორი სახის კომბინაცია წარმოვიდგინოთ. იმედის მქონე უბედურმა ვერ შეძლო აწმყოში თავისი თავის იმედით წარმოჩენა; ანალოგიური შემთხვევა იყო გამხსენებელთანაც. შესაბამისად, კომბინაცია მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: ის, რაც მას აწმყოში იმედით არ ამყოფებს, მეხსიერებაა, ხოლო ის, რაც აწმყოში მას მეხსიერებით ყოფნაში უშლის ხელს – იმედი. ეს ამას უტოლდება: მეორე მხრივ, მას მუდმივად იმის იმედი აქვს, რაც უნდა ახსოვდეს, ამგვარად იმედი მუდამ იმედგაცრუებულია. მაგრამ ამ იმედგაცრუებისას იგი აღმოაჩენს, რომ ამის მიზეზი არა ის ფაქტია, რომ მიზანმა უფრო წინ გადაინაცვლა, არამედ ის თავად გასცდა იმას, რომ ეს უკანასკნელი უკვე განცდილია, ან უნდა იყოს, და უკვე მეხსიერებას გადაეცა. ამის საპირისპიროდ, ის მუდმივად იხსენებს იმას, რასაც უნდა იმედოვნებდეს; გონებაში მან მომავალი უკვე გადალახა, გამოცადა, ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ ამ გამოცდილებას იმედოვნებდეს, – იხსენებს. შესაბამისად, რასაც ის იმედოვნებს, მის უკან, რასაც იხსენებს კი მის გასწვრივ ძევს. მისი ცხოვრება, უკუღმართობის ნაცვლად, ორმაგად უკუღმართია. ის თავის უბედურებას მალე შეამჩნევს, მაშინაც კი, თუ რეალურად ვერ სწვდება, რა ხდება სინამდვილეში. მაგრამ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ამას უთუოდ იგრძნობს, კიდევ ერთი გაუგებრობა ჩნდება, რომელიც მას გასაოცრად ამასხარავებს. ყოველდღიური მიზნებისთვის მას მოსწონს ისეთი ადამიანის რეპუტაციის შექმნა, რომელსაც გონებაში ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა გულის სიღრმეში იცის, რომ, თუკი ერთი ადამიანისთვის მაინც მოუწევდა საკუთარი თავის დახასიათება, მას უთუოდ გიჟად ჩათვლიდნენ. ეს თავისთავად საკმარისია, რომ ადამიანი სულელად აქციოს, მაგრამ ასეთად არ იქცა; და სწორედ ეს არის მისი უიღბლობა. მისი უიღბლობაა, რომ ქვეყანას ასე ნაადრევად მოევლინა, ესე იგი ის მუდამ დაგვიანებით მოდის. იგი მიზანთან ყოველთვის ახლოს და იმავე წამს მისგან მოშორებითაა; ახლა ხვდება, თუ რა ხდის მას ასე უბედურს, რადგანაც, რასაც ფლობს, ან რა გზითაცაა მოწყობილი, სწორედ ის არის, რაც მას რამდენიმე წლის წინ რომ ჰქონოდა, გააბედნიერებდა. ამავე დროს, ის უბედური იყო, რადგანაც სწორედ ეს უკანასკნელი არ გააჩნდა. მისი ცხოვრება ისეთივე უაზროა, როგორიც – ანკევსისა8, რომლის შესახებაც, ჩვეულებრივ, აღნიშნავენ, რომ იგი არაფრითაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ ამ ანდაზის გაჩენის მიზეზია: „სანამდის ბარძიმს ბაგე ეხება, ვინ დასთვლის ქვეყნად ვის რა ერგება“, თითქოს ეს საკმარისზე მეტი არ იყოს. მისმა უშინაარსო ცხოვრებამ არ იცის მოსვენება, საკუთარ თავთან ის არც ახლა, ამ მომენტში, იმყოფება და არც – მომავალში, რადგან მომავალი უკვე განცდილია, წარსული კი ჯერ არ დამდგარა. მაშასადამე, ის, ლეტოს მსგავსად, ჰიპერბორიის უკუნეთში ეკვატორის კაშკაშა კუნძულისკენ მიემართება, მაგრამ შვილს ვერ ბადებს და თავს მუდამ ისე გრძნობს, თითქოს, სადაც არის, იმშობიარებს9. ვრცელ სამყაროში, თავის თავთან მარტო დარჩენილს, არ გააჩნია აწმყო, რომელსაც მოეჭიდება, წარსული, რომელსაც მოინატრებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჯერ არ დამდგარა, და ვერც მომავალს იმედოვნებს, რადგან მისი მომავალი უკვე წარსულია. ეულად დარჩენილს, მთელი მსოფლიო ისე ეწინააღმდეგება, როგორც ერთგვარ „შენ“-ს, რომელთანაც ის მუდმივ კონფლიქტშია, ვინაიდან დარჩენილი სამყარო მისთვის მხოლოდ ერთი ადამიანია, და ეს ადამიანი, ეს განუყრელი, აბეზარი მეგობარი მისი გაუგებრობაა. მას არ შეუძლია დაბერდეს, რაკი ახალგაზრდა არასოდეს ყოფილა; ის ვერასდროს გაახალგაზრდავდება, რადგანაც უკვე დაბერდა; გარკვეული თვალსაზრისით, ის ვერც გარდაიცვლება, რადგან არასოდეს უცხოვრია; იმავე გაგებით კი ვერ იცხოვრებს, ვინაიდან უკვე მკვდარია. ის ვერც შეიყვარებს, სიყვარული ხომ მუდამ აწმყოშია, მისთვის კი მიმდინარე დრო არ არსებობს – არც მომავალი, არც წარსული. თუმცა, ამის მიუხედავად, ის კეთილი ბუნების ადამიანია და სამყარო მხოლოდ იმიტომ სძულს, რომ უყვარს; მას არ გააჩნია ვნება, იმიტომ კი არა, რომ აკლია, არა, იგი მის საწინააღმდეგოს ფლობს; მას დრო არაფრისთვის აქვს, არა იმიტომ რომ სხვა რამეში იყენებს, უბრალოდ, დრო საერთოდ არ გააჩნია; ის უძლური იმიტომ როდია, რომ ძალა აკლია, სწორედ თავისი ძალა ხდის მას უმწეოს.


მაგრამ მალე ჩვენი გულები გამოიწრთობა, ჩვენი ყურები კი, თუ არ დაიხურა, დაიცობა მაინც. ჩვენ მოვუსმინეთ განსჯის წინდახედულ ხმას; დაე, ახლა ვიგრძნოთ ვნების მჭევრმეტყველება – მოკლე, გამომეტყველი, როგორც თითოეული ვნება.


იქ ახალგაზრდა გოგონა დგას. ჩივის, რომ მისი საყვარელი მოღალატე აღმოჩნდა. ამას ჩვენ ვერ გავიაზრებთ. მაგრამ მას მხოლოდ ის უყვარდა, მთელ სამყაროში მხოლოდ ის ერთადერთი, მთელი სულით, გულითა და გონებით. მას შეუძლია გაიხსენოს, შესაბამისად – იდარდოს.


ცოცხალი არსებაა თუ ილუზია? ადამიანი, რომელიც კვდება, თუ მკვდარი, რომელიც ცოცხლობს? ეს ნიობეა10. მან ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაკარგა; დაკარგა მის გამო, ვისაც თავის სიცოცხლეს უმადლოდა; დაკარგა მის გამო, ვინც სიცოცხლე უბოძა. მას ახედეთ, ძვირფასო Symparanekromenoi, ის სამყაროზე ცოტათი მაღლა დგას, როგორც საფლავის ბორცვზე აღმართული ქვის მემორიალი. და მაინც, მას ვერცერთი იმედი ვერ იტყუებს, ვერანაირი მომავალი ვერ ძრავს, ვერანაირი სიმდიდრე ვერ აცდუნებს, ვერანაირი მოლოდინი ვერ აშინებს – დგას უიმედოდ, მოგონებაში გაქვავებული. წამით ის უბედური იყო, ზუსტად იმავე წამს კი ბედნიერად იქცა და ამ კეთილი ფორტუნის ძღვენს მას ვერავინ წაართმევს; სამყარო იცვლება, მაგრამ ის არ ყოყმანობს, დრო კვლავ და კვლავ თან სდევს, მაგრამ მისთვის მოსვლის დრო საერთოდ არ არის.


აგერ, გახედე, როგორი მშვენიერი მთლიანობაა! ერთი თაობა ხელს მომდევნო თაობას უწვდის! ეს ერთგული ამხანაგობის ნიშანია თუ მხიარულ ცეკვაში ჩასაბმელად იწვევენ? ეს ოიდიპოსის განდევნილი მოდგმაა, წყევლა კი ანტიგონეზეც გადადის და საბოლოოდ ამსხვრევს კიდეც მას. თუმცა მან საწადელს მიაღწია; თაობის მწუხარებისთვის ერთი ადამიანის სიცოცხლე საკმარისია. მან იმედს ზურგი აქცია, ცვალებადობა მოგონებათა ერთგულებაში გადაცვალა. ასე რომ ბედნიერი იყავ, ძვირფასო ანტიგონე! ისეთივე ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, რამხელა აზრსაც ღრმა ამოხვნეშა ატარებს. დაე, გულმავიწყობამ არაფერი წაგართვას! წუხილის ყოველდღიური სიმწარე არ მოგკლებოდეს! 


ჩვენ თვალწინ გამბედავი ფიგურა წამოიმართება, მაგრამ ის მარტო არ არის, მეგობრებიც ჰყავს, მაშ, რამ მოიყვანა აქ? ეს იობია – მწუხარების პატრიარქი და მისი მეგობრები. მან ყველაფერი დაკარგა, მაგრამ არა – ხელის ერთი მოსმით: უფალმა წაიღო, უფალმა წაიღო და უფალმა წაიღო. მეგობრებმა ასწავლეს, რომ დაკარგვის სიმწარე ეგრძნო; ვინაიდან უფალმა უბოძა, უფალმა უბოძა და უფალმა უბოძა – გარიგებაში კი უგუნური მეუღლეც უძღვნა11. მან ყველაფერი დაკარგა, რადგან რაც დაიტოვა, ის ჩვენი ინტერესის მიღმაა. პატივი მიაგეთ, ძვირფასო Symparanekromenoi, თავისი ჭაღარა თმისა და უბედურების გამო. მან ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ერთ დროს ჰქონდა. 


იგი ჭაღარაა, თავდახრილი, სახის გამომეტყველება უნიათო, სული კი – შეწუხებული. ის უძღები შვილის მამაა. იობივით მან ის დაკარგა, რაც მისთვის ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი იყო, თუმცა იგი  არა უფალმა, არამედ მტერმა აიღო; ჯერ არ დაუკარგავს, მაგრამ კარგავს; მისთვის არ წაურთმევიათ, მაგრამ ნელ-ნელა ქრება. ის არ ზის საკუთარ კერაში, ბუხართან, ძაძებით მოსილი და ფერფლში ამოსვრილი; მან მიატოვა სახლი, მიატოვა ყველაფერი, რათა მოეძია ის, რაც დაკარგულია; ის მისთვის ხელის ტაცებას ცდილობს, მაგრამ მკლავი ვერ უახლოვდება; ეძახის, მაგრამ ხმა ვერ მიუწვდენია; თუმც მაინც იმედოვნებს – მხოლოდ ცრემლებით; თვალსაც მოჰკრავს – მხოლოდ ბურუსში; დაეწევა კიდეც – მხოლოდ სიკვდილისას. ეს იმედი მას აბერებს, თუმცა ამ სამყაროსთან მას, ამ უკანასკნელის გარდა (რომლისთვისაც ცოცხლობს), არაფერი აკავშირებს. ფეხები დაეღალა, თვალებზე ბინდი ეკვრება, სხეული მოსვენებისკენ ისწრაფვის, იმედი კი მაინც ცოცხლობს. მაღლა ასწიეთ, ძვირფასო Symparanekromenoi, ის უბედური იყო.


ვინ არის ამ ფერდაკარგული ფიგურის უკან, ისეთივე უსიცოცხლო, როგორიც – რომელიმე მკვდრის ჩრდილი? მისი სახელი დავიწყებულია, რადგან გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნე გასულა. ის ახალგაზრდა იყო, ვნებით აღვსილი, მოწამეობისკენ მიისწრაფოდა. წარმოდგენაში იხილა თავი თვისი ჯვარზე გაკრული, ზეცის კარიბჭე კი – შეღებული; მაგრამ რეალობა მისთვის ესოდენ რთული აღმოჩნდა; ენთუზიაზმი გაქარწყლდა, მან უარყო თავისი ბატონიცა და თავიც. სურდა, რომ მთელი სამყარო მხრებზე შემოედო, მაგრამ ზეწოლას ვერ გაუძლო. სული მისი არ გაჭყლეტილა, არც მომსპარა; უბრალოდ, შეირყა, სამშვინველი კი პარალიზებულ სულთან ერთად ილაჯგაწყვეტილი დარჩა. მაშ, მივულოცოთ, ძვირფასო Symparanekromenoi, ის უბედური იყო. და მაინც, ის ბედნიერი გახდა, იქცა იმად, რაც სურდა – მოწამედ, თუნდაც მისი მოწამეობა არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც თავად სურდა: არა ჯვარზე გაეკრათ ან მხეცებთან შეეგდოთ დასაჯიჯგნად, არამედ ცოცხლად დაეწვათ, უწყვეტ ცეცხლს კი მისი არსება აუჩქარებლად შეესანსლა.


აგერ იქ ახალგაზრდა გოგონა ზის, როგორი ჩაფიქრებულია. მისი შეყვარებული მოღალატე აღმოჩნდა – ამას ჩვენ ვერ გავიაზრებთ. ახალგაზრდა გოგონავ, დააკვირდი შეკრებაზე მსხდომთა სერიოზულ სახეებს; მათ ამაზე დიდი უბედურებები სმენიათ, შესაბამისად, მათი უშიშარი სულები რაიმე უფრო დიდებულს ითხოვენ. – დიახ, მაგრამ მე ის მთელი გულით, სულითა და გონებით მიყვარდა. – უკვე გვსმენია ეს და მისთანანი, ნუ გამოფიტავ ჩვენს მოუთმენელ ლტოლვას! ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია გაიხსენო და მწუხარებას მიეცე. – არა, წუხილი არ ძალმიძს, ვინაიდან მას ჩემთვის არ უღალატია, შეიძლება ის მატყუარაც კი არ ყოფილიყო. – მაშ, რატომ არ ძალგიძს წუხილი? მოგვიახლოვდი, გოგონათაგან რჩეულო, აპატიე მკაცრ ცენზორს, რომ გარკვეულ მომენტში შენი გარიცხვა სურდა. ესე იგი შენ არ შეგიძლია წუხილი. მაშ, რატომ არ იქონიებ იმედს? – არა, არც იმედის ქონა ძალმიძს, რადგანაც ის თავსატეხი იყო. – კარგი, ჩემი გოგო, შენი მესმის, შენ უბედურების მაღალ საფეხურზე დგახარ; თვალი შეავლეთ, ძვირფასო Symparanekromenoi, ის თითქმის უბედურების მწვერვალთან ნავარდობს. მაგრამ შეისმინე, ახალგაზრდა გოგონავ, თავი აუცილებლად ორად უნდა გაყო, დილით იმედით იყო, ღამით კი მწუხარებას მიეცე, ან პირიქით, დილას წუხილი, ღამით – იმედი. იამაყე – ბედნიერება არასდროს გაგაამაყებს, ეს უბედურებას ძალუძს. რაღა თქმა უნდა, შენ არა ხარ უბედურთა შორის ყველაზე უბედური, მაგრამ, რას იტყვით, ძვირფასო Symparanekromenoi, თუ მას საპატიო წევრობისათვის დავაჯილდოებთ?12 ყველაზე უბედურისთვის განკუთვნილ საფლავს ვერ, თუმცა მის გვერდით მდებარე ადგილს აუცილებლად დავუთმობთ.


ის აქ დგას, ოხვრათა სამეფოს მსტოვარი, ტანჯვის რჩეული, მწუხარების მოციქული, ტკივილის მდუმარე ძმობილი, მეხსიერების უბედური შეყვარებული, მეხსიერებაში იმედის სინათლით დარცხვენილი, მოლოდინში კი მეხსიერების ჩრდილთა მიერ მოტყუებული. მისი თავი დამძიმებულია, მუხლები – უძლური, და მაინც, საკუთარი თავის გარდა, არავის ეყრდნობა. ის მისუსტებულია, ამავე დროს კი როგორი ძლევამოსილი! მის თვალებს ბევრი ცრემლი არ უნახავთ, თუმც კი მრავალჯერ დამთვრალან; ამის მიუხედავად, მათში მოგიზგიზე ცეცხლს მთელი სამყაროს გადაბუგვა ძალუძს, მაგრამ მის მკერდში არსებული მწუხარების ერთ ნატეხს ვერაფერს უხერხებს. ის მოხრილია, თუმცა მისი ახალგაზრდობა ხანგრძლივ ცხოვრებას მოასწავებს; მისი ბაგენი იმ სამყაროს უღიმიან, რომელიც მასთან მუდმივ უთანხმოებაშია. აღიმართეთ, ძვირფასო Symparanekromenoi, მწუხარების მოწმეებო, და ამ საზეიმო საათს მის წინაშე ქედი მოიდრიკეთ! გესალმებით, დიდებულო უცნობო, ვისი სახელიც არ ვიცი. მოგესალმებით და საპატიო წოდებით მოგმართავთ: უბედურთა შორის ყველაზე უბედურო! მიიღე კეთილი სალამი აქ, შენს სახლში, უბედურთა საზოგადოებისგან. კეთილი იყოს შენი მობრძანება მოკრძალებულ და მდაბალ საცხოვრებელში, რომელიც სამყაროს ყველა სასახლეზე ამაყად დგას! ხედავ, ქვა გადაგორდა, მაშ, საფლავის ჩრდილი მთელი თავისი სასიამოვნო სიგრილით გელოდება. მაგრამ შეიძლება დრო ჯერ არ მოსულა, იქამდე, შესაძლოა, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი; ამის მიუხედავად, პირობას ვდებთ, რომ აქ ხშირად შევიკრიბებით, რათა შენი დიდებული იღბალი შევიშუროთ; მაშინ გაიზიარე ჩვენი გულისთქმა: დაე, ვერავინ გაგიგოს, მაგრამ ყველას შურდეს შენი; დაე, არცერთი მეგობარი არ დაგიახლოვდეს, არცერთმა გოგონამ არ შეგიყვაროს; დაე, არცერთმა საიდუმლო სიმპათიამ არ შეიტანოს ეჭვი შენს მარტოსულ ტანჯვაში; დაე, ვერცერთი თვალი ვერ ჩასწვდეს შენს შორეულ მწუხარებას; დაე, ვერცერთმა ყურმა ვერ გაიგოს შენი საიდუმლო ოხვრა! ან, თუ შენს ამაყ სულს სიმპათიის ასეთი გამოხატულებები სძულს, ტკივილის შემსუბუქებას კი მასხარად იგდებს, დაე, გყვარობდნენ გოგონები; დაე, ტანჯვაში ბავშვიანმა ქალებმა გამოგძებნონ; დაე, დედებმა შენში იმედი იხილონ; დაე, მკვდრებმა შენში ნუგეში ეძიონ; დაე, ყმაწვილნი შემოგეჩვიონ, ქმრები კი შენს კისერზე იყვნენ; დაე, მხცოვნები შენკენ ისე ისწრაფოდნენ, თითქოს კვერთხი იყო; დაე, მთელ სამყაროს სჯეროდეს, რომ მათ გაბედნიერებას შეძლებ. ასე რომ კარგად იცხოვრე, უბედურთა შორის ყველაზე უბედურო! მაგრამ რას ვამბობ, უბედურთა შორის ყველაზე უბედურო, კი არა, უნდა მეთქვა, ყველაზე ბედნიერო, რადგან ეს იღბლის ისეთი საჩუქარია, რომელსაც საკუთარ თავს ვერავინ უძღვნის. ხედავ? ენა ფერხდება, ფიქრი კი ცბუნდება. რადგან ვინაა ყველაზე ბედნიერი ყველაზე უბედურის გარდა, ყველაზე უბედური კი – ყველაზე ბედნიერის? და რა არის ცხოვრება, თუ არა სიგიჟე, რწმენა, თუ არა უგუნურება, იმედი, თუ არა სულის მოთქმა. სიყვარული კი რაღაა? – მარილი ჭრილობაზე?


ის გაუჩინარდა, ჩვენ კი კვლავაც ცარიელ საფლავთან ვდგავართ. მაშ, სანამ აქ ვართ, დაე, ვუსურვოთ მას სიმშვიდე, მოსვენება და გამოჯანმრთელება, ყველა შესაძლო იღბალი, ადრეული სიკვდილი, მარადიული მივიწყება და არავითარი მოგონება, რათა მისმა ხსოვნამ სხვა არ გააუბედუროს.


აღვიმართოთ, ძვირფასო Symparanekromenoi! ღამემ ჩაიარა, დღე კი კვლავაც იწყებს თავის დაუღალავ მოქმედებას; როგორც ჩანს, ის საკუთარი თავის მუდმივად გამეორებით არასოდეს იქანცება.

 

 

 

 

 

შენიშვნები:

 

1. Stærkodder, ქრისტიან ჰენრიკსენ პრამის ალეგორიული საგმირო პოემა. 1785, სიმღერა 77.

2. ერინიები – ბერძნულ მითოლოგიაში შურისძიების ღვთაებები. ორესტესს ევმენიდები (შურისმაძიებელი ღვთაებები ან ერინიები) მას შემდეგ დაედევნენ, რაც დედა მოკლა და ათენას ტაძარში გაიქცა, სადაც თავისუფლება პოვა. შესაბამისად, ისინი „უბედურთა შორის ყველაზე უბედურს“ მაშინ მისდევენ, როცა ის თავის „ტაძრამდე“ აღწევს.

3. შედ. რომაელთა მიმართ 1.1: „პავლე, იესო ქრისტეს მონა, ხმობილი მოციქული და რჩეული [aphorismenos] ღმრთის სახარებისთვის...“ segregati ამ ბერძნული სიტყვის ლათინური თარგმანია.

4. შედ. მათეს სახარება 22.14: „ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი“.

5. ჰეროდოტე გვიამბობს (ისტორია, I, 86), თუ როგორ უთხრა ბრძენმა სოლონმა კრესეს, ლიდიის უკანასკნელ მეფეს (ძვ.წ 560-546), რომ არცერთი ადამიანი არ უნდა ჩაითვალოს ბედნიერად, სანამ ის თავის სიცოცხლეს ბედნიერად არ დაასრულებს. მოგვიანებით, როცა იგი დამარცხდა და ცეცხლზე დაწვა მიესაჯა, კოცონის გვერდით მდგარმა კრესემ გაიხსენა სოლონის გაფრთხილება და მისი სახელი სამჯერ დაიძახა.

6. უბედური ცნობიერება – ცნობიერების ფორმა, რომელიც ჰეგელს რწმენის თავისებურებად მიაჩნდა, კერძოდ, ადამიანის ღირებულება კაცობრიობის თანდაყოლილი კუთვნილება არ არის, ის ტრანსცენდენტურ ღმერთში არსებობს. ამის ტიპური, თუ არა სანიმუშო, მაგალითი ქრისტიანობაა თავისი ღვთისმსახურებით, ცოდვათა გამჟღავნებით და წყალობით, რომელიც ადამიანური ღირებულების აღდგენის რწმენას ემსახურება.

7. მესამე თხილი სიკვდილია (ლათ.). კლემენს ბრენტანო, სამი თხილი.

8. ანკევსი – პოსეიდონისა და სამოსის მეფის ვაჟი. ზუსტად იმ დროს, როცა ახალი ღვინო უნდა გაესინჯა, რომელზეც ორაკულმა გააფრთხილა, რომ არ დაელია, გარეულმა ტახმა მოკლა. კირკეგორს ეს ანდაზა ბერძნულ ენაზე მოჰყავს.

9. ლეტო – ტიტანი კოიოსისა და ფოიბეს ასული, აპოლონისა და არტემისის დედა, რომლებიც ზევსთან ეყოლა. იგი ჰერამ ზევსთან კავშირის გამო განდევნა. ქალღმერთი ერთი ადგილიდან მეორეში დაძრწოდა, სანამ დელოსში, შემდეგ კი მოძრავ კუნძულზე ჩავიდოდა, სადაც აპოლონი და არტემისი შვა. აქ ნახსენები სიბნელის საწინააღმდეგოდ, თქმულა, რომ, ჰიპერბორეელები ჩრდილოეთის ქარის მიღმა, სამარადისო მზის სინათლის მიწაზე ცხოვრობდნენ.

10. იმ ქედმაღლობის გამო, რომ, ლეტოს ორი შვილისგან განსხვავებით, ნიობემ ამდენი შვილი შვა (დაახლოებით თოთხმეტი), მისი ყველა ნაშიერი არტემისმა და აპოლონმა ამოხოცეს. ამის შემხედვარე, ნიობე გაქვავდა და დიდ ლოდად იქცა, ზევსმა კი ის თავის სამშობლოში, სიპილოსის მთაზე დადგა. თქმულა, რომ ლოდი ზაფხულობით ტირის.

11. იობი 1.21.

12. accessit – საპატიო მოხსენიება (ლათ.).


კომენტარები