თეოსოფიური საზოგადოება

თეოსოფიური საზოგადოება

ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ანი ბეზანტის წიგნიდან – „თეოსოფია“.

 

თეოსოფიური საზოგადოება 1875 წელს დააფუძნეს ეროვნებით რუსმა ქალბატონმა, ელენე პეტრეს ასულმა ბლავატსკაიამ და ამერიკელმა ჰენრი სტილ ოლკოტმა. პირველმა მათგანმა მას მდიდარი ოკულტური ცოდნა შესძინა და სრული თავდადებით ემსახურა – იგი მდიდარ, რუსულ თავადაზნაურულ ოჯახს ეკუთვნოდა. მეორეს წილად მოდის უდიდესი ორგანიზაციული უნარები, რომელსაც უკვე ჰქონდა დამტკიცებული თავისი სამსახური ქვეყნისადმი სამოქალაქო ომის დროს სამხედრო უწყების განწმენდის გზით. თავიდან, თანამედროვე სამყაროში ძველი სიბრძნის ხელახლა მტკიცებამ მათ დაცინვისა და უგულებელყოფის ტალღა მოუტანა. დღესდღეობით თეოსოფიური იდეები ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია გავრცელებული და შეკამათების საფრთხის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მას აზრის მთელ სამყაროზე აქვს გავლენა.

 

საზოგადოების საფუძველი ერთგვარად თავისებურია. ერთადერთი რამ არის სავალდებულო ყველა წევრისთვის: საყოველთაო საძმოს აღიარება.

 

მისი მიზნებია:

 

პირველი – კაცობრიობის საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობის, კასტის და კანის ფერისა;

 

მეორე – შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლის წახალისება;

 

მესამე – ბუნების განუმარტებელი კანონების და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.

 

ჩვენ დავინახავთ, რომ არცერთ წევრს მოეთხოვება თეოსოფიური მოძღვრების რწმენა ან გავრცელება. ყოველი წევრი აბსოლუტურად თავისუფალია, ისწავლოს ისე, როგორც მას სურს; მას შეუძლია აღიაროს ან უარყოს თეოსოფიური მოძღვრება; ის თავის რწმენაში რჩება, იქნება ის ინდუსი, პარსი, ბუდისტი, ებრაელი, ქრისტიანი თუ მაჰმადიანი, ხოლო მისი რელიგია, თუ ის მას მტკიცედ ერთგულებს, ყველა მის იდეას შეაფერადებს. თუ ის აღიარებს თეოსოფიურ მოძღვრებას, რელიგიის ნებისმიერი ფორმის მტკიცედ მორწმუნე მას თავისი საკუთარი ფორმით წარმოადგენს და სრული თავისუფლებაც აქვს, ასე მოიქცეს. მაგრამ ის არ უნდა მოითხოვდეს, რომ მისი საკუთარი ფორმა სხვების მიერ იყოს მიღებული.

 

ექსპერიმენტი ღრმად რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა, რომელიც თანაბრად იქნებოდა გახსნილი ყველა რელიგიის მიმდევრებისთვის, უნიკალურია, თუმცა წარმატება თანდათან მოდის, მას მრავალი სირთულის გადალახვა და დაპირისპირებული შეხედულებების მქონე წევრებს შორის წარმოშობილი უთანხმოებების გადალახვა უწევს ისევე, როგორც მრავალი კამათი არაერთ წვრილმანზე. სრული შემწყნარებლობის მთავარი წესი ისევე, როგორც ამ წესების შემოღების მიზეზი, ჩემ მიერ არის ფორმულირებული შემდეგი სახით, მას არავინ შეწინააღმდეგებია და, შესაბამისად, შეიძლება გადმოცემულ იქნეს, როგორც საერთო თვალსაზრისი.

 

არავის ეკითხებიან რელიგიური შეხედულებების შესახებ საზოგადოების წევრად გახდომის შემდეგ და არც მათთვის ხელის შეშლაა ნებადართული. ყველას მოეთხოვება, რომ ორგანიზაციის წევრის რელიგიის მიმართ ისეთივე პატივისცემა გამოავლინოს, როგორსაც თავისი რელიგიისთვის ითხოვს.

 

საზოგადოებაში არ არის დოგმები, შესაბამისად, არც ერეტიკოსები არიან. ის არ ეღობება რომელიმე ადამიანს იმიტომ, რომ ის თეოსოფიურ მოძღვრებას არ იზიარებს. ადამიანმა შესაძლოა ყველა თეოსოფიური პოსტულატი უარყოს, გარდა ადამიანთა საძმოსი, და მაინც ინარჩუნებდეს ადგილსა და უფლებას მის რიგებში.

 

თეოსოფოსები აცნობიერებენ, რომ, რადგან ინტელექტს თავისი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულება მხოლოდ თავისუფლების ატმოსფეროში შეუძლია, ჭეშმარიტება საუკეთესოდ მაშინ ჩანს, როდესაც არანაირი პირობებია წამოყენებული კვლევის უფლებებთან და მეთოდებთან მიმართებით. მათთვის ჭეშმარიტება იმდენად ამაღლებული რამაა, რომ არანაირი სურვილი აქვთ, შებორკონ ადამიანი პირობებით იმასთან მიმართებით, თუ როგორ, სად ან რატომ უნდა ეძებო იგი.

 

საზოგადოების მომავალი იმ ფაქტზეა დამოკიდებული, რომ ის უნდა მოიცავდეს შეხედულებების დიდ მრავალფეროვნებას ყველა საკითხზე, რომლებთან მიმართებითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. არ არის სასურველი, რომ საზოგადოებაში აზროვნების მხოლოდ ერთი სკოლა იყოს, ხოლო თითოეული წევრის მოვალეობას ის შეადგენს, რომ დაიცვას ამის თავისუფლება საკუთარი თავისა და სხვებისთვის. თეოსოფიური საზოგადოება ღვთიური სიბრძნის მსახურია, ხოლო მისი დევიზია „არ არსებობს ჭეშმარიტებაზე აღმატებული რელიგია“. ყველა ცდომილებაში ის ჭეშმარიტების გულისგულს ეძებს, რომლითაც ის ცოცხლობს და რომლითაც იზიდავს ადამიანთა გონებას.

 

ყოველ რელიგიას, ფილოსოფიას, მეცნიერებას და აქტივობას ის ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებისა და მშვენიერების შესახებ გააჩნია, ღვთიური სიბრძნიდან გამოაქვს, მაგრამ არ შეუძლია მასზე პრეტენზიის გაცხადება, როგორც მხოლოდ საკუთარზე ან სხვების საპირწონედ. თეოსოფია კი არ ეკუთვნის თეოსოფიურ საზოგადოებას, არამედ თეოსოფიური საზოგადოება ეკუთვნის თეოსოფიას.

 

თეოსოფიური საზოგადოება შედგება მისი შემსწავლელებისგან, რომლებიც სამყაროს ნებისმიერ ან არცერთ რელიგიას ეკუთვნიან, რომლებსაც ზემოაღნიშნულ მიზნებზე თანხმობა აერთიანებთ და აქვთ სურვილი, აღმოფხვრან რელიგიური დაპირისპირება და დააახლოვონ კეთილი ნების ადამიანები, მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებებისა, და ასევე აქვთ სურვილი, შეისწავლონ რელიგიური ჭეშმარიტებები, ხოლო შედეგები სხვებს გაუზიარონ. მათი ერთიანობა საერთო რწმენის ქადაგება კი არა, ჭეშმარიტების ერთობლივი ძიება და მისკენ სწრაფვაა. მათ მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტების ძიება სწავლის, განსჯის, სიცოცხლის განწმენდის და მაღალი იდეალებისადმი ერთგულების გზით უნდა ხდებოდეს და, შესაბამისად, ჭეშმარიტებას ისინი მიიჩნევენ ჯილდოდ, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდე და არა დოგმად, რომელსაც ავტორიტეტი აწესებს.

 

მათ მიაჩნიათ, რომ რწმენა ინდივიდუალური სწავლის ან ინტუიციის შედეგი უნდა იყოს და არა მისი წინაპირობა და ის ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს და არა მტკიცებას. შემწყნარებლობას ისინი ყველაზე, მათ შორის, შეუწყნარებლებზეც, ავრცელებენ არა როგორც მინიჭებულ პრივილეგიას, არამედ როგორც ვალდებულებას, რომელსაც ასრულებენ. ამასთანავე, ისინი უცოდინრობის აღმოფხვრას და არა დასჯას ესწრაფვიან. თითოეულ რელიგიაში ისინი ღვთიური სიბრძნის ნაწილობრივ გამოხატულებას ხედავენ და შესწავლას ანიჭებენ უპირატესობას მის დაგმობასთან შედარებით, ხოლო მის პრაქტიკას – პროზელიტიზმთან შედარებით. მშვიდობაა მათი დევიზი, ჭეშმარიტება კი – მათი მიზანი.

 

თეოსოფია არის ჭეშმარიტებათა ერთობლიობა, რომლებიც ყველა რელიგიის საფუძველს ქმნის და რომელზეც ვერცერთი მათგანი განაცხადებს ექსკლუზიურ პრეტენზიას. თეოსოფიური საზოგადოების წევრები სწავლობენ ამ ჭეშმარიტებებს, თეოსოფოსები კი მათ შესაბამისად ცხოვრებას ცდილობენ. ყველა, ვისაც სურს სწავლა, შემწყნარებელია, დასახული აქვს მაღალი მიზნები და შეუძლია შეუპოვრად მუშაობა, სასურველია, როგორც წევრი და სწორედ წევრზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა ის ჭეშმარიტი თეოსოფოსი.

 

მსურს დავამატო, რომ ჩვენი უმრავლესობა თეოსოფიურ საზოგადოებას განიხილავს, როგორც სულიერი იმპულსის შედეგს, რომელიც თეთრი საძმოს მიერ არის გამოგზავნილი, რათა გადაარჩინოს სამყარო მატერიალიზმში ჩაძირვისგან და მოამზადოს ადამიანთა გონება რელიგიის ეზოტერიკული მოძღვრებების აღსადგენად. ჩვენთვის ეს მრავალი იმპულსიდან უკანასკნელია, როდესაც უფრო ადრეულები ცალკეულ რელიგიებშია განსახიერებული, აღნიშნული იმპულსი კი არსებული რელიგიების მეგობრული თანამშრომლობისა და ერთიანობისკენ არის მიმართული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ე. ბლავატსკაია თეთრი საძმოს მაცნეა, ხოლო მრავალი ჩვენგანი, მათ შორის, მეც, უღრმეს მადლიერებას განვიცდით მისადმი, რადგან მან გაგვიხსნა ამ სიცოცხლეში ჭიშკარი, რომლის გავლითაც შევედით მათ არსებობაში, რომლებმაც ის გამოგზავნეს.

 

 

 


კომენტარები