ლოცვა

ლოცვა

ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.

 

ამონარიდი გახლავთ ერთ-ერთი თავი ანი ბეზანტის წიგნიდან – „ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები“.

 

მაშინ, როცა თანამედროვე სული უარყოფს ლოცვის იდეას, ვერ ნახულობს რა რაიმე მიზეზობრივ კავშირს წარმოთქმულ თხოვნებსა და მიმდინარე მოვლენებს შორის, რელიგიური სული ასევე ცალსახად ლოცვისკენ არის და თვით თავის სიცოცხლეს ლოცვაში პოულობს. მაგრამ თვითონ რელიგიურ ადამიანსაც ხანდახან უჩნდება ეჭვი იმისა, თუ რამდენად გონივრულია ლოცვა. მის სულში ჩნდება კითხვები: ხომ არ ასწავლის ის ყოვლად ბრძენს, ხომ არ არწმუნებს კეთილმოწყალების აუცილებლობაში ყოვლად კეთილს, ხომ არ ცდილობს, შეცვალოს ნება იმისა, „რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობისა1“. ამავე დროს, მისი საკუთარი გამოცდილება და სხვების გამოცდილება, მას ნათლად უჩვენებს, რომ არსებობს პასუხი ლოცვაზე“, გარკვეული შესაბამისობა თხოვნასა და მის შესრულებას შორის. 

 

ამ თხოვნათაგან ბევრი ეხება არა მხოლოდ შინაგან განცდებს, არამედ ეგრეთ წოდებული ობიექტური სამყაროს მკაფიოდ გამოხატულ ფაქტებს. ადამიანი ევედრებოდა, ფულით დახმარებოდნენ და აი, ფოსტამ მას საჭირო თანხა მოუტანა. ქალი ლოცულობდა, რომ პური ჰქონოდა და აი, პური კართან მოუტანეს. 

 

საქველმოქმედო დაწესებულებებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბევრი მაგალითი არსებობს სწრაფი და გულუხვი დახმარებისა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ლოცვის პასუხად. მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ლოცვა უპასუხოდ დარჩა, რომ ადამიანები შიმშილისაგან დაიხოცნენ, რომ ბავშვს ავადმყოფობა კლავს, მიუხედავად მგზნებარე ლოცვისა და ღმერთისთვის თხოვნისა. 

 

იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ლოცვის მნიშვნელობა, საჭიროა, ყველა ეს ფაქტი გავითვალისწინოთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამ სფეროში ხდება ბევრი ისეთი ფაქტი, რომლებიც თავიანთი უცნაურობით გვაცვიფრებენ. ლოცვას, სულ უმნიშვნელო საბაბით, პასუხი მოჰყვება მაშინ, როცა სხვა ლოცვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს რომ ეხება, პასუხგაუცემელი რჩება. მსუბუქი ცხოვრებისეული სიძნელე დაიძლევა, მხურვალე ლოცვა კი უსაზღვროდ საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ არ შეისმინება. ჩვეულებრივი ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელი ჩანს, ჩასწვდეს კანონს, რომლის მიხედვითაც, ერთ ლოცვას პასუხი მოჰყვება, მეორეს კი – არა.

 

პირველი, რაც აუცილებელია ამ კანონის გაგების მსურველისათვის, ეს არის თვით ლოცვის გულდასმით ანალიზი იმიტომ, რომ ერთი და იგივე სიტყვა ადამიანის ცნობიერების სრულიად სხვადასხვა გამოვლინების აღსანიშნად გამოიყენება და ლოცვები არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რაღაც ერთგვაროვანი. არსებობს ლოცვები, რომლებიც არის თხოვნა გარკვეული ამქვეყნიური სარგებელისათვის თუ სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებისათვის: ლოცვები ტანსაცმლისათვის, საკვებისათვის, ფულისათვის, დასაქმებისათვის, საქმეებში წარმატებისათვის, გამოჯანმრთელებისათვის და ა.შ. ყველა ასეთი ლოცვა შეიძლება ერთად დავაჯგუფოთ, როგორც A კლასი. შემდეგ, ჩვენ გვაქვს ლოცვები მორალური და ინტელექტუალური სირთულეებისას დახმარებისათვის, სულიერ ზრდაში ხელის შეწყობისათვის, ცდუნების დაძლევისათვის, ძალისათვის, საკუთარ თავში ჩაწვდომისათვის, გასხივოსნებისათვის. ეს ლოცვები შეიძლება B კლასში დავაჯგუფოთ. დაბოლოს, არის ლოცვები, რომლებიც არაფერს არ ითხოვს. ესენია განსჯები ღვთაებრივ სრულყოფილებასა და მის წინაშე ქედის მოდრეკის შესახებ, ღმერთთან შეერთებისაკენ მხურვალე სწრაფვაზე. ეს არის მისტიკოსის ექსტაზი, ბრძენის მედიტაცია, წმინდანის ზეაღტაცებული ნავარდი. ეს არის ჭეშმარიტი „ურთიერთობა ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის“. როცა ადამიანი გადმოღვრის თავის სიხარულსა და მოწიწებას იმის წინაშე, რაც იზიდავს მის უღრმეს არსს, რაც იწვევს მისი გულის სიყვარულს, ასეთ ლოცვებს ჩვენ C კლასს მივაკუთვნებთ.

 

უხილავ სამყაროებში არსებობს გონიერი არსებების მრავალი სახეობა, რომელთაც კავშირი აქვთ ადამიანთან, იაკობის ნამდვილი კიბე, რომელზედაც უფლის ანგელოზები ადიან და ჩამოდიან და რომლის ზემოთაც დგას თვით უფალი2. ზოგიერთი მათგანი უკიდურესად მძლავრ სულიერ ძალას წარმოადგენს, სხვები კი ცნობიერება შეზღუდულებია, ადამიანზე დაბლა მდგომები. ეს უხილავი, ანუ ოკულტური მხარე ბუნებისა, რომლის შესახებაც უფრო მეტს მომდევნო თავში ვიტყვით, არის ფაქტი ყველა რელიგიის მიერ აღიარებული. მთელი სამყარო სავსეა ცოცხალი არსებებით, რომლებიც უხილავია ხორციელი თვალებისათვის. უხილავი სამყაროები აღწევს ხილულ სამყაროში და ჯგრო გონიერი არსებებისა შემოჯარულია ჩვენ გარშემო. მათგან ზოგიერთამდე აღწევს ადამიანთა თხოვნები, ზოგს თვითონ შეუძლია დაემორჩილოს ადამიანთა ნებას. ქრისტიანობა აღიარებს უმაღლესი ხარისხის გონიერი არსებების არსებობას ანგელოზების საერთო დასახელების ქვეშ და გვასწავლის, რომ ისინი არიან მსახური სულები წარმოგზავნილნი მსახურებისათვის3. მაგრამ რით გამოიხატება ეს მსახურება, როგორია მათი საქმიანობის ბუნება, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ კაცობრიობასთან – ეს ყველაფერი შეადგენდა ნაწილს შემეცნებისა, როგორც ეს მცირე მისტერიებში იყო მოცემული, მათთან რეალური ურთიერთობა კი უდიდეს მისტერიებში ხორციელდებოდა. ჩვენს დროში ყველა ეს ჭეშმარიტება შორს, უკანა პლანზე გადავიდა, იმ მცირეოდენი გამონააკლისის გარდა, რაც შემორჩა რომაულ და ბერძნულ ეკლესიებში. პროტესტანტებისათვის „ანგელოზთა მსახურება“ სხვა არაფერია, თუ არა არაფრისმთქმელი სიტყვათშეთანხმება. 

 

გარდა ამ ყველაფრისა, ადამიანი არ წყვეტს უხილავ არსებათა შექმნას, რადგან მისი აზრების ვიბრაციები და სურვილები ქმნიან ფორმებს უხილავი, ფაქიზი მატერიიდან, აღფრთოვანებულს იმ აზრითა და გრძნობით, რომლებმაც ის სიცოცხლეში გამოიხმეს. ასე ადამიანი ქმნის მთელ არმიას უხილავი მსახურებისა, რომლებიც ვრცელდება უხილავ სამყაროებში, ისწრაფვიან, შეასრულონ მისი ნება. გარდა ამისა, ამ სამყაროებში იმყოფებიან ადამიანი დამხმარეები, თავიანთ ფაქიზ სხეულებში რომ მოქმედებენ იმ დროს, როცა მათი ფიზიკური სხეული ძილს ეძლევა. ისინი ისწრაფვიან, დაეხმარონ და მათ ყურადღებიან სმენას შეუძლია დაიჭიროს ის ყვირილი, რომელიც დახმარებისთვის მოუხმობს. და როგორც გვირგვინი ყოველივესი – ყველგანმყოფი და ყოვლისმცოდნე ყოფიერება ყოვლადძლიერისა, თავისი სამეფოს ყოველ წერტილში გამომპასუხებლისა, რომლის ნების გარეშეც „ერთი პატარა ბეღურაც არ დავარდება მიწაზე4“; ის ყველგანშემღწევი, ყოვლისმომცველი, ყოვლისდამტევი სიცოცხლე და სიყვარული, რომელშიც ჩვენ „ვცოცხლობთ, ვიბრძვით და ვარსებობთ5“. 

 

ისევე, როგორც არაფერს, იმის უნარის მქონეს, რომ გამოიწვიოს სიამოვნება და ტანჯვა, არ შეუძლია შეეხოს ადამიანის სხეულს იმის გარეშე, რომ მგრძნობიარე ნერვებმა ამის შესახებ ცნობა არ გადასცენ ტვინის ცენტრებს და რომ ამ ცენტრებიდან მოტორული ნერვების საშუალებით – არ იქნეს მიღებული ესა თუ ის პასუხი – ასევე თითოეული ვიბრაცია სამყაროში, რომელიც არის ღმერთის სხეული, ეხება ღვთაებრივ ცნობიერებას და იწვევს საპასუხო ქმედებას. ნერვულ უჯრედებს, ნერვულ ძაფებსა და კუნთების ბოჭკოებს შეუძლიათ შეასრულონ გრძნობებისა და მოძრაობის გადაცემის ფუნქცია, მაგრამ გრძნობენ და მოქმედებენ არა ისინი, არამედ ადამიანი. ზუსტად ასევე უამრავი არსება ასრულებს მსოფლიოში წარმოშობილი ვიბრაციების გადაცემის ფუნქციას, მაგრამ ის, ვინც იცის და უპასუხებს, ღმერთია. არაფერია იმდენად პატარა, რომ გამოხმაურება არ ჰპოვოს მის ფაქიზ, ყველგანმყოფ ცნობიერებაში და არაფერია იმდენად დიადი, რომ მას აღემატოს. ჩვენ თვითონ იმდენად შეზღუდული ვართ, რომ თვით იდეა მსგავსი ყოვლისმომცველი ცნობიერებისა გვაცბუნებს და გვაეჭვებს. შესაძლოა კოღოც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, თუ მას პითაგორას ცნობიერების გაზომვა მოუწევდა. პროფესორი ჰაქსლი ერთ-ერთ თავის წიგნში შესანიშნავ ნახატს გვიჩვენებს, რომელზედაც მის მიერ გამოხატული არსებები უფრო და უფრო მაღლა ადიან გონებრივ განვითარებაში. მათი ცნობიერება სულ უფრო და უფრო ფართოვდება და ბოლოს აღწევს იმ საფეხურებს, რომლებიც იმდენადვე აღემატება ადამიანურ ცნობიერებას, რამდენადაც ეს უკანასკნელი შავი ხოჭოს ცნობიერებას აღემატება6. მაგრამ ეს მეცნიერის წარმოსახვის ნაყოფი არ არის. ეს რეალური ფაქტის აღწერაა. არის არსება, რომლის ცნობიერებაც მისი სამყაროს ყოველ წერტილში იმყოფება და ამიტომ შეიძლება მას ნებისმიერი მათგანით შევეხოთ. მისი სამყარო არა მხოლოდ უსასრულოა თავისი ზომით, არამედ ჩაუწვდომელია თავისი გულისხმიერებით, თავისი უფაქიზესი უნარით, ზუსტად უპასუხოს მთელ თავის განზომილებაში და თავისი უსაზღვრო სამყაროს ყველა მიმართულებით. აქ ჩვენ ვაწყდებით იმ ჭეშმარიტებას, რომ, რაც უფრო მაღალია არსება, მით უფრო ადვილია, მიაღწიო მის ცნობიერებას და არა პირიქით.

 

ეს ყველგან შემღწევადი სიცოცხლე იყენებს, როგორც არხებს, ყველა განსახიერებულ ფორმას, რომელიც მან შვა და თითოეული მათგანი შეიძლება გამოდგეს ამ ყველგანმყოფი ნების აღმსრულებლად. იმისათვის, რომ ამ ნებამ შეძლოს გამოხატოს საკუთარი თავი გარე სამყაროში, უნდა არსებობდეს საშუალება მისი გამოხატვისათვის და სწორედ ჩვენთვის უხილავი ეს არსებები წარმოადგენენ აუცილებელ აღმსრულებელს მისი ნებისა და ხდებიან შუამავლები კოსმოსის სხვადასხვა წერტილს შორის. ისინი მოქმედებენ, როგორც მოტორული ნერვები მის სხეულში და იწვევენ საჭირო მოქმედებებს. 

 

ახლა ავიღოთ ის სამი კლასი, როგორც ჩვენ დავყავით ლოცვის სხვადასხვა სახე და ვნახოთ, თუ როგორ ჩნდება პასუხები მათზე. 

 

როცა ადამიანი წარმოთქვამს იმ ლოცვას, რომელიც ჩვენ A კლასს მივაკუთვნეთ, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლითაც ეს ლოცვა პასუხს იღებს. მისი წარმომთქმელი ადამიანი მარტივია თავისი ბუნებით, თავისი წარმოდგენით ღმერთზე და ეს გარდაუვალია განვითარების ამ საფეხურზე. ის ღმერთს უყურებს, როგორც მიმწოდებელს ყველაფრისა, რაც მას სჭირდება მისი ყოველდღიური არსებობისათვის და მიმართავს მას პური არსობისათვის ისევე ბუნებრივად, როგორც ბავშვი მიმართავს თავის მშობლებს. ასეთი მიმართვის მაგალითია ის, რაც შეემთხვა ბრისტოლელ გეორგ მიულერს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული მსოფლიოს უდიდეს ფილანტროპად, როცა ის მხოლოდ იწყებდა თავის საქველმოქმედო საქმიანობას და არც მეგობრები ჰყავდა და არც ფული ჰქონდა. ის ღმერთს სთხოვდა პურს ბავშვებისათვის, რომლებიც არ იღებდნენ არავითარ დახმარებას, გარდა მისი თანაგრძნობისა, და ფული მასთან ყოველთვის მიედინებოდა აუცილებელი რაოდენობით. რა ხდებოდა სინამდვილეში? მისი ლოცვა მხურვალე და ძლიერი იყო და ის ქმნიდა ფორმას, რომელსაც იღებდა ცოცხალი ძალა და ამ სურვილის მიმმართველი ენერგია. ეს ვიბრირებადი ცოცხალი ქმნილება მხოლოდ ერთი აზრით იყო შეპყრობილი: დახმარება აუცილებელია, აუცილებელია საკვები ბავშვებისათვის, ეს აზრი ვრცელდებოდა ფაქიზ სამყაროში და ეძებდა პასუხს. გულმოწყალე ადამიანს სურს დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფს და ეძებს შემთხვევას ამისათვის. როგორც მაგნიტი მოქმედებს რკინაზე, ასევე მოქმედებს თანამგრძნობი განწყობილება აზრ-ფორმაზე და მიიზიდავს მას. მან კეთილი ადამიანის ტვინში იდენტური ვიბრაციები გამოიწვია – გეორგ მიულერი, მისი ობოლთა თავშესაფარი, ამ თავშესაფრის საჭიროებები – და დახმარების მსურველის კეთილმა მისწრაფებებმა იპოვა გამოსავალი, ქვითარი გამოწერა და მიულერს გაუგზავნა. სრულიად ბუნებრივი იყო, მიულერს გაეფიქრა, რომ თვითონ ღმერთმა შთააგონა გამომგზავნელს, აუცილებელი დახმარება აღმოეჩინა მისი მშიერი ბავშვებისათვის. თავისი ყველაზე ღრმა მნიშვნელობით ეს აზრი სწორია, რადგან მთელ სამყაროში არ არის სხვა სიცოცხლე და სხვა ენერგია, გარდა იმისა, რომელიც ღმერთისგან მოდის. მაგრამ ამ შემთხვევაში შუამავალი არხი, ღვთაებრივი კანონების თანახმად მოქმედი, აღმოჩნდა აზრ-ფორმა, ლოცვით შექმნილი. 

 

მსგავსი შედეგი შეიძლებოდა მიღწეულიყო ლოცვის გარეშეც გაცნობიერებულად მიმართული ნების ძალისხმევით ადამიანისა, რომელსაც ამისთვის საჭირო უნარი და ცოდნა გააჩნია. ასეთი ადამიანი მიზანმიმართულად იფიქრებდა იმაზე, რა სჭირდებოდა მას, მიიზიდავდა თავისთან მენტალური სუბსტანციის იმ სახეობას, რომელიც ყველაზე შესაფერისი იქნებოდა მისი მიზნისათვის და შემდეგ ნების წინასწარგანზრახული ძალისხმევით გააგზავნიდა მას გარკვეულ პიროვნებასთან, ან, თუ ასეთი არავინ ჰყავდა, თავის აზრ-ფორმას მიმართავდა სამეზობლოში თანაგრძნობისკენ მიდრეკილი ადამიანების საძებნელად. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს არა ლოცვა, არამედ გაცნობიერებული ზემოქმედება ნებისა და ცოდნისა. 

 

მაგრამ უმრავლესობისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც უცნობია უხილავ სამყაროში მოქმედი ძალები, არ აქვს ჩვევა ნების გავარჯიშებისა და აზრების მოკრების და სურვილი, რაც აუცილებელია წარმატების მიღწევისათვის – მიზანი გაცილებით უფრო ადვილად მიიღწევა ლოცვის გზით, ვიდრე ნებისა და გონების წინასწარგანზრახული ძალისხმევით. მაგრამ მანძილზე აზრის გადაცემის თეორიის გაგების შემთხვევაშიც კი უმრავლესობა ალბათ დაეჭვდებოდა თავის საკუთარ ძალაში, ეჭვი კი საბედისწეროდ მოქმედებს ნების შესაძლებლობაზე. იმ გარემოებას კი, რომ მლოცველს წარმოდგენაც კი არ აქვს, რა გავლენას ახდენს მისი ლოცვა უხილავ სამყაროში, არავითარი ზეგავლენა არ აქვს მის შედეგზე. ბავშვმა, რომელიც ხელს იწვდის, რომ მისთვის სასურველ საგანს მისწვდეს, არაფერი იცის თავისი კუნთების მოქმედების შესახებ ისევე, როგორც იმ ელექტრულ და ქიმიურ ცვლილებებზე, რომლებიც მისმა მოქმედებამ გამოიწვია კუნთებსა და ნერვებში. მას ასევე არ სჭირდება, გამოიანგარიშოს მანძილი საგანსა და საკუთარ თავს შორის. მას სურს ხელი ჩაავლოს სასურველ საგანს და მისი სხეულის აპარატი მის ნებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს არავითარი წარმოდგენა არ აქვს მისი არსებობის შესახებ. იგივე ხდება იმ ადამიანშიც, რომელიც ლოცულობს: თუმცა კი არ იცის, როგორი შემოქმედებითი ძალაა მის ლოცვებში და ასევე წარმოდგენა არ აქვს იმ ცოცხალ ქმნილებაზე, რომელიც გაგზავნა მან თავისი ნების აღსასრულებლად, ის ისევე გაუცნობიერებლად მოქმედებს, როგორც ბავშვი და ისევე, როგორც ბავშვი ხელს სტაცებს იმას, რაც სჭირდება. ორივე შემთხვევაში მოქმედება მოდის ღმერთისაგან, რადგან ყველა ძალა მისგან იღებს სათავეს. ორივე შემთხვევაში მოქმედება მისი კანონებით აგებული აპარატით ხდება. 

 

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ასეთი სახის ლოცვებს შეიძლება პასუხი გაეცეს. ხდება, რომ ვინმე, უხილავ სამყაროში მოქმედი, როცა ის გამოსულია თავისი ფიზიკური სხეულიდან ან ანგელოზის ახლოს იმყოფება, გაიგონებს ლოცვას დახმარების შესახებ და შემდეგ შთააგონებს თანაგრძნობის უნარის მქონე რომელიმე ადამიანს, დაეხმაროს გაჭირვებულს. „აზრი ამა და ამის შესახებ ამ დილით მომივიდა თავში, – იტყვის ასეთი ადამიანი, – ვფიქრობ, რომ საჭიროა ფულის გაგზავნა მისთვის“. 

 

ბევრი ლოცვა სწორედ ასე სრულდება, როცა შემაერთებელ რგოლს ლოცვასა და მასში გამოხატული თხოვნის შესრულებას შორის წარმოადგენენ უხილავი არსებები. ეს არის დაბალი საფეხურის ანგელოზების საქმიანობის ნაწილი, რომლებიც ასეთი საშუალებით ეხმარებიან ადამიანებს მათი პირადი გაჭირვებისას ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში. 

 

ამ კლასის ლოცვების არშესმენას სხვა ფარული მიზეზი აქვს. ყველა ადამიანს აქვს ვალები, რმელთა გადახდაც მათთვის სავალდებულოა. მათმა ცუდმა აზრებმა, ცუდმა სურვილებმა და ქმედებებმა დაბრკოლებები შექმნა მათ გზაზე და ისინი ხანდახან თითქოს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. წარსულში ცუდი გამოვლინებები აწმყოში ტანჯვით ანაზღაურდება. ადამიანმა უნდა იწვნიოს შედეგები ყველა ცუდი ქცევისა, რომლებიც კი მას ჩაუდენია. წარსულში თავისი ცუდი ქცევების გამო შიმშილობა მისჯილმა შეიძლება თავის ბედზე დაიჩივლოს, მაგრამ ეს ჩივილი ამაო იქნება. მის მიერ შექმნილი აზრ-ფორმა მოძებნის, მაგრამ ვერ იპოვის. მას შეხვდება და უკუაგდებს ადამიანის მიერ წარსულში ჩადენილი ბოროტების ძალა. აქ ისევე, როგორც ყველგან, ჩვენ ვცხოვრობთ კანონის სამეფოში და შექმნილი ძალები შეიძლება სახეშეცვლილი იქნეს ან სრულიად განადგურდეს სხვა ძალების მოქმედებით, რომლებთანაც მათ შეხება აქვთ. ორი სრულიად ერთნაირი ძალა შეიძლება მიესადაგოს ორ სრულიად ერთნაირ ბურთს. ერთ შემთხვევაში არავითარმა სხვა ძალამ არ იმოქმედა ბურთზე და ის შეუფერხებლად მოხვდა სამიზნეს. მეორე შემთხვევაში სხვა ძალამ დაარტყა ბურთს და ის სხვა მიმართულებით გაგზავნა. იგივე ხდება ერთგვაროვან ლოცვებთან დაკავშირებით. ერთი შეუფერხებლად აღწევს მიზანს, მეორე კი გვერდზე იქნება მიგდებული ჩადენილი ბოროტების ენერგიული ძალით. ერთი ლოცვა შეიისმინება, მეორე – არა, მაგრამ ორივე შემთხვევაში უცვლელი კანონი მოქმედებს.

 

მოდით, ახლა B კლასი განვიხილოთ. ლოცვებს ზნეობრივი და ინტელექტუალური სიძნელეების დროს დახმარებისთვის ორმაგი შედეგი აქვს: ისინი უშუალოდ მოქმედებენ და რეაგირებენ მლოცველზე. ისინი იპყრობენ ანგელოზების, ანუ ოკულტისტების, „მოწაფეების“ ყურადღებას, ფიზიკური სხეულის გარეთ რომ მოქმედებენ და გამუდმებით ეძებენ შემთხვევას, ტანჯულ სულს დაეხმარნონ. მათ პასუხს მოაქვს გამხნევება, რჩევა თუ გასხივოსნება მლოცველის ტვინის ცნობიერებაში. ასე ხდება ლოცვაზე უშუალო პასუხის მიღება. „მუხლმოყრილი ლოცულობდა... და მოევლინა ანგელოზი ზევით, რომელიც განამტკიცებდა მას7“.


მენტალური გართულებებისას უნერგავენ იდეებს, გაუგებარს რომ განმარტავს, ანუ შუქი ეფინება ბნელ ზნეობრივ პრობლემებს ან იგზავნება ნუგეში სასოწარკვეთილი გულისათვის, რაც მას ტკივილს უმსუბუქებს და შფოთვას აწყნარებს. უეჭველია, რომ ახლომახლო ანგელოზი რომ არ აღმოჩენილიყო, ტანჯული სულის კივილი „ზეცის მალულ გულს“ მიაღწევდა და იქ იქნებოდა გაგზავნილი მაცნე, ნუგეშის მიმტანი, ანგელოზი, ყოველთვის მზადმყოფი, დასახმარებლად მოფრენილიყო და ღვთაებრივი ნება აღესრულებინა. 

 

ხდება ასევე ისეთი რამეც, რასაც შეიძლება ვუწოდოთ სუბიექტური პასუხი ასეთ ლოცვაზე, ლოცვის რეაქცია თვით მლოცველზე. ლოცვას გული და გონება ისეთი მძაფრი აღქმის მდგომარეობაში მოჰყავს, როცა მისი მდაბალი გონება მშვიდდება და ამ დროებით სიჩუმეში მისი უმაღლესი ბუნების ძალა და სინათლე შეუფერხებლად იღვრება მის სულში. ენერგიის ნაკადები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ქვემოთ თუ გარეთ მიედინება შინაგანი ადამიანისაგან, მათი მიწიერი ცნობიერებით ჩვეულებრივ მიმართულია გარე სამყაროსაკენ და გამოიყენება მის მიერ ყოველდღიური მიწიერი საქმეებისათვის, ყოველდღიური მოვალეობების შესრულებისათვის. მაგრამ, როცა ტვინის ცნობიერებას თავისი ყურადღება გარე სამყაროდან გადააქვს და შიგნით მიმართავს, როცა ის წინასწარგანზრახულად კეტავს საკუთარ თავს გარესთვის და შინაგანისთვის იხსნება, მაშინ ის ხდება ჭურჭელი, რომელსაც შეუძლია აღიქვას და შეინარჩუნოს აღქმული იმის ნაცვლად, რომ იყოს მხოლოდ გამტარი არხი გარე და შიდა სამყაროებს შორის. სიჩუმეში, რომელიც ჩამოვარდება, როცა წყდება ხმაური გარეთ მიმდინარე ყველა საქმიანობისა, სულის „წყნარი ხმა“ „შინაგანი სმენისთვის“ მისაწვდომი ხდება და მომლოდინე გონების კონცენტრირებული ყურადღება საშუალებას აძლევს მას გაიგონოს შინაგანი „მეს“ წყნარი ჩურჩული.

 

კიდევ უფრო აშკარად მოდის დახმარება მაშინ, როცა ადამიანი ლოცულობს სულიერ გასხივოსნებაზე, სულიერ ზრდაზე. არა მხოლოდ ყველა უხილავი დამხმარე, ანგელოზი თუ ადამიანი, მიისწრაფვიან სულიერი პროგრესისაკენ, იყენებენ რა ყველა შესაძლებლობას, დაეხმარონ მსწრაფველ სულს. არა მხოლოდ ეს, არამედ თვით სულის სწრაფვა ათავისუფლებს მაღალი ხარისხის ენერგიას, სულიერ წყურვილს, ყოველთვის პასუხს რომ იწვევს სულიერი სამყაროსაგან. და აქაც დასტურდება მონათესავე ვიბრაციების კანონი და სულიერი სწრაფვის ნოტის პასუხად ჟღერს შესაბამისი ნოტი, ჰარმონიაში რომ ვიბრირებს მასთან ერთად. ღვთაებრივი ცხოვრება არ წყვეტს სწრაფვას ზევით, საზღვრისაკენ, რომელიც აჩერებს მას და როცა ზემოთ ამწევი ძალა ამ საზღვრებს შეასკდება, გამყოფი კედელი ინგრევა და ღვთაებრივი სიცოცხლე ტბორავს ადამიანის სულს. როცა ადამიანი სულიერი ცხოვრების ამ შემოდინებას გრძნობს, ის წამოიძახებს: „ჩემი ლოცვა შესმენილია. ღვთაებრივმა სულმა შემოაღწია ჩემს სულში“. თუმცა ეს სიმართლეა, ის მაინც იშვიათად აცნობიერებს, რომ ეს სული მუდამ ესწრაფვის მასში შეღწევას. „თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს8“. „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის – ჩემთან9“.

 

ამ კლასის ყველა ლოცვასთან დაკავშირებით საერთო წესი ის არის, რომ ლოცვაზე პასუხი მთლიანად არის დამოკიდებული მასში ადამიანის ჩაფლულობასა და მლოცველის სულის სწრაფვის სიძლიერეზე. ჩვენ თავს განცალკევებულად ვგრძნობთ. თუ განცალკევებულობის ამ გრძნობას დავძლევთ და უმაღლეს სიცოცხლეს შევერწყმებით, სინათლე, სიცოცხლე და ძალა იღვრება ჩვენში. როცა განცალკევებული ნება წყვეტს თავისი პირადი ინტერესების მსახურებას, რათა უმაღლეს ინტერესებს ემსახუროს, მაშინ ღვთაებრივი ძალა იღვრება მასში. როცა ადამიანი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ის ნელა გადაადგილდება წინ, მაშინ კი, როცა დინებას მიჰყვება, ამ უკანასკნელის ძალა მას წინ მიაქანებს. ბუნების ყველა კლასში მოქმედებენ ღვთაებრივი ძალები და ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, იმ ძალების საშუალებით აკეთებს, რომლებიც მის ძალებს შეესაბამება. მისი უდიდესი მიღწევები მისი საკუთარი ძალით კი არ ხორციელდება, არამედ იმ ხელოვნების წყალობით, რომელთან ერთადაც ის ირჩევს და ახდენს ძალების კომბინირებას, რომლებიც მას ეხმარება და იმ ძალების ნეიტრალიზებაში, მას რომ ეწინააღმდეგება. ძალები, რომლებიც ისე წაგვიღებდა, როგორც ნაფოტი მიაქვს წყალს ქარიშხლისას, ჩვენი დამჯერი მსახურები ხდებიან, როცა ჩვენ მათთან ჰარმონიაში ვმოქმედებთ. განა გასაკვირია, რომ ლოცვაში ისევე, როგორც სხვა ყველაფერში, ღვთაებრივი ძალები ერთიანდებიან ადამიანთან, მაშინ, როცა ის ისწრაფვის მათთან თანხმიერებაში იმოქმედოს? ლოცვის ეს უმაღლესი ფორმა B კლასიდან შეუმჩნევლად გადადის C კლასში, სადაც ლოცვა კარგავს თავისი თხოვნის ხასიათს და გარდაიქმნება ან ღმერთზე მედიტაციად ან მისდამი თაყვანისცემად. 

 

ლოცვის ეს უმაღლესი ფორმა B კლასში თითქმის შეუმჩნევლად ერწყმის C კლასს, სადაც ლოცვა თხოვნა უკვე აღარ არის და იქცევა მედიტაციად ან უფლის თაყვანისცემად. მედიტაცია არის წყნარი, მყარი დაფიქსირება გონებისა ღმერთზე, სადაც მდაბალი გონება ჩაწყნარებულია და მისგან თავდაღწეული სული მაღლდება ღვთაებრივი სრულყოფილების ხილვამდე და საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეს აირეკლავს. „მედიტაცია არის წყნარი ან მდუმარე ლოცვა, ან, როგორც პლატონმა გამოხატა ეს, სულის მგზნებარე მიახლება ღვთაებრივთან არა ამა თუ იმ სიკეთის სათხოვნელად (როგორც ჩვეულებრივ ლოცულობენ), არამედ თვით სიკეთისათვის, უნივერსალური, უზენაესი სიკეთისათვის“ (ე. პ. ბლავატსკაია – „თეოსოფიის გასაღები“).

 

ასეთი ლოცვა სულს ათავისუფლებს. ის არის საშუალება ადამიანისა და ღმერთის ერთმანეთთან დაკავშირებისა. როცა ღვთაებრივი სრულყოფილებისათვის მედიტირებს, ის თანდათან საკუთარ თავში ქმნის იმას, რაზედაც მისი გონებაა ფიქსირებული. ასეთი გონება, მაღალი და არა მდაბალი ფორმით, არ დააბრკოლებს სულს და განთავისუფლებული სული მაღლა, თავის წყაროს დაუბრუნდება. ლოცვა იკარგება ერთიანობაში და განცალკევებულობაც უკან რჩება.

 

თაყვანისცემაც ასევე, გაღმერთება, რომელშიც თხოვნა არ არის, რომელიც ცდილობს, ჩაიღვაროს სრულყოფილის წმინდა სიყვარულში, არის საშუალება – ყველაზე ადვილი საშუალება – ღმერთთან ერთიანობისა. ცნობიერება, ტვინით შეზღუდული, უხმო ექსტაზში ჭვრეტს იმიჯს იმისა, ვინც მან იცის, რომ წარმოსახვის მიღმაა. ინტელექტის საზღვრებს გაცილებული თავისი მძაფრი სიყვარულით ადამიანი, როგორც თავისუფალი სული ლივლივებს მაღლა, სამეფოებში, სადაც ეს საზღვრები გადალახულია, გრძნობს და იცის გაცილებით მეტი, ვიდრე დაბრუნებისას შეუძლია სიტყვებით გამოხატოს ან ფორმა მისცეს მათ. 

 

ასე უცქერს მისტიკოსი ნეტარ ხილვას, ასეა დავანებული ბრ-ძენი სიმშვიდეში სიბრძნისა, რომელიც ცოდნის მიღმაა. ასე აღწევს წმინდანი სიწმინდეს იქ, სადაც ღმერთი ჩანს. ასეთი ლოცვა სხივებს ჰფენს თაყვანისმცემელს და ასეთი მაღალი ურთიერთობის შემდეგ დედამიწის დაბლობში ჩამოსულს სახე უბრწყინავს ზეციური დიდებით. ბედნიერი არიან ისინი, ვინც იცის ეს რეალობა, რომელიც არავითარი სიტყვებით არ გადაიცემა მათთვის, ვინც არ იცის. ვის თვალსაც უნახავს „სილამაზის მეფე“, ემახსოვრება ის და გაიგებს. 

 

როცა ლოცვა ასეა გაგებული, მისი მარადიული აუცილებლობა აშკარა იქნება ყველასთვის, ვისაც რელიგიის სჯერა და ჩვენ ვხვდებით, რატომ თვლიდა მას საჭიროდ ყველა, ვინც ამაღლებულ ცხოვრებას სწავლობენ. მცირე მისტერიების შემსწავლელისათვის ლოცვა B კლასს უნდა მიეკუთვნოს და შეეცადოს, უკანასკნელი კლასის წმინდა მედიტაციამდე და თაყვანისცემამდე ამაღლდეს და თავი აარიდოს ყველაფერ მდაბალს. მისთვის სასარგებლო იქნება ის, რასაც იამბლიქუსი ასწავლიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. იამბლიქუსი ამბობდა, რომ ლოცვებს მოაქვს განუყოფელი და წმინდა ერთობა ღმერთთან და შემდეგ ლოცვასთან დაკავშირებით გამოთქვამდა საინტერესო თვალსაზრისს, რომელსაც იზიარებდნენ პრაქტიკოსი ოკულტისტები. „რადგან ეს თავისთავად არის ღირებული რამ და ღირსი იმისა, რომ ვიცოდეთ. ის სრულყოფს მეცნიერებებს ღმერთის შესახებ. ამიტომ მე ვამბობ, რომ ლოცვის პირველი ტიპი არის კოლექტიური და ის არის ასევე ლიდერი კონტაქტისა და ღვთაებრივის ცოდნაში. მეორე ტიპი არის კავშირი ჰარმონიული ერთიანობისა, ღმერთების მიერ ბოძებული, ჩვენს შესაძლებლობებს რომ სრულყოფენ მანამ, სანამ ინტელექტუალურად ჩავწვდებოდეთ. მესამე და ყველაზე სრულყოფილი ტიპის ლოცვა არის ბეჭედი ენით გამოუთქმელი ერთობისა ღვთაებრივთან, რომელშიც ის ლოცვის მთელ ძალასა და ავორიტეტს დებს და აიძულებს სულს, ღმერთში დაისვენოს“. 

 

ასეთი სწავლისა და პრაქტიკისაგან ერთი გარდაუვალი შედეგი მიიღება: ადამიანი იწყებს გაგებას და ადამიანური ცხოვრების უფრო ფართო არეალი გადაიშლება მის წინაშე. ის ხედავს, რომ ცოდნა მის ძალას ბევრად უფრო აძლიერებს, რომ მის გარშემო არის ძალები, რომელთა გაგება და კონტროლიც მას შეუძლია, რომ მისი ძალა მისი ცოდნის პროპორციულია. შემდეგ ის შეიტყობს, რომ ღვთაებრივი თვით მასში იმალება და არაფერს, რაც წარმავალია, არ შეუძლია მის შიგნით არსებული ღმერთის დაკმაყოფილება. მხოლოდ ამ კავშირს იმ ერთადერთთან, იმ სრულყოფილთან, შეუძლია ჩააწყნაროს ჩვენი ძლიერი ლტოლვები. შემდეგ მასში თანდათანობით ჩნდება ნება ღვთაებრივთან ერთარსებად ქცევისა. ის უკვე მძვინვარედ აღარ ეძებს, შეცვალოს გარემოებები და ახალი მიზეზები ჩაყაროს შედეგების ნაკადში. ის თავს აგენტად უფრო აღიარებს, ვიდრე მსახიობად, უფრო არხად, ვიდრე წყაროდ, უფრო მსახურად, ვიდრე პატრონად და ეძებს, აღმოაჩინოს ღვთაებრივი ზრახვები, რათა ჰარმონიულად იმუშაოს მათთან ერთად. 

 

როცა ადამიანი ამ წერტილს აღწევს, ის ყოველგვარ ლოცვაზე მაღლაა, გარდა მედიტაციისა და თაყვანისცემისა. მას აღარაფერი აღარ აქვს სათხოვარი არც ამ და არც სხვა სამყაროში. ის რჩება მდგრად უშფოთველობასა და მხოლოდ ღმერთის მსახურების ძიებაში. ეს არის ვაჟიშვილობის მდგომარეობა, როცა ვაჟიშვილის ნება და ღმერთის ნება ერთია. მაშინ ჩანს, რომ არცერთი ლოცვა არ არის აუცილებელი, ყოველი თხოვნა აღიქმება, როგორც თავხედობა, არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ძლიერ ისურვო, რადგან ის უკვე არის ნების ზრახვებში და ყველაფრის აქტიური მანიფესტაცია მოხდება, როცა ნების აგენტები სრულყოფენ საკუთარ თავს ამ საქმიანობაში. 

 

 

 

 

შენიშვნები:

1. იაკობი 1:17.

2. დაბადება 28:12, 13.

3. ებრაელთა მიმართ 1:14.

4. მათე 10:29.

5. მოციქულთა საქმენი 17:28.

6. T.H.Huxley, „Essays on Some Controverted Questions“, გვ. 36.

7. ლუკა 22:41, 43.

8. იოანე 1:11.

9. გამოცხადება 3:20.

 

 

 


კომენტარები