ფსიქიკური

ერთ-ერთი თავი დიმიტრი უზნაძის წიგნიდან „ძილი და სიზმარი“.

ფსიქიკის სპეციფიკურ, აუცილებელ ნიშანს ის გარემოება შეადგენს, რომ მას თავისი საგანი აქვს; ყოველი ფსიქიკური ფუნქცია, როგორც ინდივიდუალურად განსაზღვრული ფაქტი, ამისდამიხედვით, აუცილებლად თავის საგანს გულისხმობს.

ფსიქიკური, თავისთავად აღებული, შინაგანია, საგანი – გარეგანი. ნამდვილი კონკრეტი ფსიქიკური ფაქტი ამ შინაგანისა და გარეგანის ერთიანობაა;  მაშასადამე გარკვეული ფსიქიკური ფაქტის შესახებ მხოლოდ იმდენად შეიძლება ლაპარაკი, რამდენადაც ეს ერთიანობა იქნება მხედველობაში მიღებული. როდესაც სუბიექტი გარე სინამდვილის წინაშე დგას, მისი შინაგანი, ფსიქიკური შესაძლებლობანი მხოლოდ იმდენად იქცევიან კონკრეტულ ფსიქიკურ ფაქტად, რამდენადაც ისინი შესატყვის საგანს დაემთხვევიან. გარეშე ამ საგნისა ეს შინაგანი შესაძლებლობანი შესაძლებლობის ფარგლებს ვერ გასცდებიან. აქედან გასაგები ხდება, რომ შინაგანსა და გარეგანს შორის ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება არ არის: გარკვეული ფსიქიკური ფუნქცია გარკვეულ საგანს შეიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მას ყოველთვის რეალურად შეიცავს; როგორც შინაგანი შესაძლებლობა, იგი მას მხოლოდ იდეურად, მხოლოდ ინტენციონალურად შეიცავს, და ეს ფაქტიურად ან ფსიქოლოგიურად იმაში იჩენს თავს, რომ სუბიექტი თავისი საგნის მიმართ მისწრაფებას გრძნობს, ხოლო უცხო საგნის მიმართ ინდიფერენტულია: პირველს ფსიქიკურად ეუფლება, მეორეს ყურადღების გარეთ სტოვებს. ფსიქიკური ცხოვრების ძირითადი შინაარსი გარე სამყაროს საკუთარ საგნად ქცევასა და მის დაუფლებაში მდგომარეობს ე.ი. ადამიანის ყველა შინაგან შესაძლებლობათა გაშლაში და შესატყვისი საგნის დაუფლების გამო მათ ისტორიულ რეალიზაციაში.

რა არის სიფხიზლის ცნობიერებისათვის დამახასიათებელი? გარკვეული მოთხოვნილების მქონე სუბიექტი გარე სინამდვილის წინაშე დგას; თავისი მოთხოვნილება მან ამ სინამდვილის საშუალებით უნდა დაიკმაყოფილოს. მაგრამ გარე სინამდვილე გარკვეულ სიტუაციას წარმოადგენს და იგი მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური შესაძლებლობისათვისაა ხელმისაწვდომი: იგი მხოლოდ იმ ფსიქიკურ ფუნქციათა ამოქმედების სიტუაციას წარმოადგენს, რომელთა საგნობაც მას შეუძლია. სუბიექტი ცდილობს, სწორედ ეს ფუნქციები გამონახოს თავის შინაგან შესაძლებლობათა საგანძურში და ქმედებაში სწორედ ისინი ჩააბას.

აქედან გასაგები ხდება, რომ ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის ბრძოლის პროცესში, ჩვენს ყოველდღიურ ფხიზელ ცხოვრებაში ჩვენს ფსიქიკურ შესაძლებლობებს საგანი გარედან ეძლევათ, და მაშასადამე, ფსიქიკური მუშაობის სტიმულს გარესინამდვილე წარმოადგენს. მაგრამ გარესინამდვილე თავისთავად ჩვენს შინაგან შესაძლებლობებს ანგარიშს არ უწევს: მართალია, ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებები მის ხელთაა; მაგრამ შევძლებთ თუ არა მათ დაუფლებასა და გამოყენებას, ეს გარესინამდვილისათვის სულერთია. მაშასადამე, ჩვენს შინაგან შესაძლებლობებს შორის ჩვენვე უნდა მოვნახოთ ისეთი ძალები, რომელთათვისაც მოცემული გარესინამდვილე ზემოქმედების ობიექტად, საგნად შეიძლება გამოდგეს. ამისათვის კი ძალისხმევაა აუცილებელი. – მეორე მხრივ, ჩვენ სხვა გზასაც მივმართავთ: იქ, სადაც გარე სინამდვილე ისეა მოცემული, რომ ჩვენი შინაგანი შესაძლებლობისათვის არაშესატყვის საგანს წარმოადგენს, ჩვენ მას გარდავქმნით და ამრიგად ჩვენთვის ადეკვატურ საგნად ვაქცევთ. მაგრამ ამისათვისაც ძალისხმევაა აუცილებელი. მაშასადამე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ერთი მხრივ გარესინამდვილისათვის შესაფერის შინაგან ძალთა გამოძებნისა და მეორე მხრივ, ჩვენი შინაგანი ძალების შესატყვისად გარესინამდვილის გარდაქმნის ცდაში ე.ი. განუწყვეტელ ბრძოლაში მიმდინარეობს.

აქედან ნათელი ხდება, რომ ცხადში ადამიანის ცნობიერება თავის საგანს გარესინამდვილის სტიმულით და გარესინამდვილის ფარგლებში ეძებს, ე.ი. მისი მოქმედება როგორც გენეტიკურად, ისე თავისი შინაარსის ვითარების მხრივაც გარესინამდვილის ზემოქმედებით განისაზღვრება. მაშასადამე რა ფსიქიკურ ფუნქციებს რა კომბინაციითა და რა დაძაბულობით უხდებათ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედება, ეს ამ გარესინამდვილეზეა დამოკიდებული. სიფზიზლის ფსიქიკის მოქმედება, არსებითად, იძულებითი ხასიათისაა, და ამიტომ იგი ყველა სულიერ ძალებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი ზომით არ ვრცელდება.

მაგრამ ძილი, როგორც ვიცით, ამ იძულებით მუშაობას ბოლოს უღებს: ფსიქოლოგიური კონტაქტი გარესინამდვილესა და სუბიექტს შორის ირღვევა, და შინაგანი შესაძლებლობანი, ფსიქიკური ფუნქციები, უსაგნოდ რჩებიან, რამდენადაც აქამდე მას გარესინამდვილიდან ღებულობდენ. მოქმედების იმპულსი გარედან აღარ მომდინარეობს: გარესინამდვილე ჰკარგავს უნარს, სუბიექტის ცნობიერების მოქმედებისათვის სიტუაციად იქცეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, უსაგნო ფსიქიკური, როგორც რეალური ფაქტი, არ არსებობს. მაშასადამე, ძილის დროს ფსიქიკის მუშაობის სრული აღკვეთა უნდა ხდებოდეს: ძილი უსიზმროდ უნდა არსებობდეს.

მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. მაშ როგორაა სიზმარი შესაძლებელი?

ჩვენ ეს-ესაა აღვნიშნეთ, რომ ცხადში მთელი ჩვენი ფსიქიკა ყველა თავისი ფუნქციებით ყველა მიმართულებით და ერთი და იმავე ზომით ვერ ღებულობს მონაწილეობას მოქმედებაში. აქედან გასაგებია, რომ დღის ბოლოს სუბიექტს აუმოქმედებელ, არარეალიზებულ ფსიქიკურ შესაძლებლობათა საკმაოდ ფართო წრე რჩება ხელთ. მათაც რეალიზაცია ესაჭიროებათ, ე.ი. მათაც თავისი საგანი უნდათ. მაგრამ გარესინამდვილე ასეთ საგანს არ იძლევა, მით უკეთესი: მაშინ რატომ არ შეიძლება, თვით მათ შექმნან თავისი საგანი!

ამრიგად ძილში ე.ი. გარესინამდვილესთან კონტაქტის გარეშე, სუბიექტის ფსიქიკა უმოქმედო მდგომარეობაში არ რჩება: იგი, იმისდამიხედვით, თუ რა ფუნქციები და მათი მოქმედების რა სახეები დარჩა არარეალიზებული, არა გარე სტიმულიაციის ზეგავლენით, არამედ იმის გამო, რომ მას არსებითად საგნით შევსება ე.ი. რეალიზაცია და დეტერმინაცია ესაჭიროება, თვითონ იწყებს მოქმედებას ე.ი. თვითონ ჰქმნის თავის საგანს. ძილში, მაშასადამე, ფსიქიკა ფუნქციონალური ტენდენციის ზეგავლენას ემორჩილება, ე.ი. არა იძულებითსა და იძულებითი მიმართულებით, არამედ თავისუფალ მოქმედებას იწყებს.

აქედან ნათელი ხდება არა მარტო საკითხი, თუ როგორაა სიზმარი შესაძლებელი, არამედ ისიც, თუ რა არის არსებითად იგი: სიზმარი ფსიქიკისათვის აუცილებელი საგნის საკუთარი ძალებით, შემოქმედებისა და ფსიქიკურ შესაძლებლობათა თავისუფალი რეალიზაციის პროცესია. ცხადში ჩვენი შინაგანი თავის გარეგან სობიექტურად მოცემულს გარე სინამდვილეში ეძებს; ძილში ფუნქციონალური ტენდენციის ნიადაგზე იგი თვითონ ჰქმნის მას.

Scroll to Top