ეს წიგნი წარმოადგენს დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ალფრედ ადლერის მცდელობას ფართო მკითხველს გააცნოს პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები. იმავდროულად მასში დემონსტრირდება ფსიქოლოგიური პრინციპების პრაქტიკული გამოყენება გარემომცველ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობის არა მარტო ასაწყობად, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ორგანიზაციისთვისაც.
ამ წიგნს საფუძვლად ედება ლექციების ერთწლიანი კურსი, რომელიც ადლერმა წაიკითხა ვენის სახალხო ინსტიტუტში ყველა ასაკისა და პროფესიის ასობით მამაკაცისა და ქალისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე. ამ წიგნის მიზანია – პირველ რიგში, გვიჩვენოს, თუ ერთი ადამიანის ქცევის არასწორად არჩეულ წესს როგორი დისჰარმონია შემოაქვს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მეორე მხრივ, ცალკეულ ადამიანებს ასწავლოს თუ როგორ მოხდეს სოციალურ გარემოსთან ჰარმონიული ადაპტირება. შეცდომები მეცნიერებასა და ბიზნესში ძვირად უჯდებათ, თუმცა ცხოვრების გზის არჩევაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება თავად ცხოვრება ჩააგდონ საფრთხეში. მაშასადამე, ამ წიგნის მიზანია – ადამიანის ბუნების უკეთესად გაგებისთვის კაცობრიობის გზის განათება.
ორმოცდაათ საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებთა შორის ადლერის მრავალრიცხოვანი წიგნებიდან სწორედ ეს წიგნია დასახელებული. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სტუდენტების და ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.