ერთ-ერთი თავი ლეონ ფესტინგერის წიგნიდან: „კოგნიტური დისონანსის თეორია“.
ხშირად იგულისხმება, ზოგჯერ კი ხაზგასმითაც აღინიშნება, რომ ადამიანი შინაგანი თანხმობისკენ ისწრაფვის. მაგალითად, მისი შეხედულებები და მიდგომები ჯგუფებად გაერთიანებისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს. ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ შავკანიანები თეთრკანიანებივით კარგები არიან, მაგრამ თავის რაიონში მათი ცხოვრება არ სურდეს. ან ადამიანს შესაძლოა მიაჩნდეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მშვიდი და თავდაჭერილი უნდა იყოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, სიამაყით აღივსოს, როცა მისი შვილი ენერგიულად იპყრობს ზრდასრული სტუმრების ყურადღებას. ასეთი არათანმიმდევრულობა შესაძლოა, ერთობ დრამატულიც კი იყოს, მაგრამ ჩვენს ყურადღებას უპირატესად იმიტომ იპყრობს, რომ ის მკვეთრად უპირისპირდება თანმიმდევრულობის შესახებ ამოსავალ მონაცემებს. ჭეშმარიტებას წარმოადგენს, რომ შემთხვევათა უმეტესობაში დაკავშირებული შეხედულებები და მიდგომები თანმიმდევრულია. კვლევები ერთიმეორის მიყოლებით გვიჩვენებს, რომ ასეთი თანმიმდევრულობა პიროვნების პოლიტიკურ, სოციალურ და ა.შ. მიდგომაშიც არსებობს.
ასეთივე სახის თანმიმდევრულობა არსებობს იმას, რაც ადამიანმა იცის ან სჯერა, და იმას შორის, რასაც ის აკეთებს. ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ საუნივერსიტეტო განათლება კარგია, სავარაუდოდ, თავის შვილებს უნივერსიტეტში ჩაბარებისკენ მოუწოდებს; ბავშვი, რომელმაც იცის, რომ ცუდი საქციელისთვის მკაცრად დაისჯება, ასეთ საქციელს არ ჩაიდენს ან ეცდება, რომ ეს შეუმჩნევლად გააკეთოს. რასაკვირველია, ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი. ეს იმდენად ცხადია, რომ ჩვენ ამას, როგორც მართებულს, ისე ვიღებთ. ჩვენს ყურადღებას აქაც სხვაგვარად თანმიმდევრული ქცევიდან გამონაკლისები იპყრობს. ადამიანმა შესაძლოა იცოდეს, რომ მოწევა ცუდია, მაგრამ მაინც განაგრძობდეს მოწევას; მრავალი ადამიანი სჩადის დანაშაულს, იმის მიუხედავად, იცის, რომ დაჭერისა და დასჯის ალბათობა საკმაოდ დიდია.
იმის დაშვებით, რომ თანმიმდევრულობა (შესაძლოა, უმეტესწილადაც) ჩვეულებრივი რამ არის, იმ გამონაკლისების შესახებ რა უნდა ვთქვათ, რომლებსაც ადვილად ვამჩნევთ? თუკი საერთოდ არსებობს კიდეც, ისინი თვით ადამიანის მიერ მხოლოდ იშვიათად აღიქმება, როგორც არათანმიმდევრულობა. ჩვეულებრივ, მეტ-ნაკლები წარმატებით, მათი რაციონალიზების მცდელობებს ვხვდებით. ამგვარად, ადამიანს, რომელიც განაგრძობს მოწევას, თუმცა იცის, რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის, ასევე შესაძლოა მიაჩნდეს, რომ (ა) მოწევით მიღებული სიამოვნება იმდენად დიდია, რომ ეს ამად ღირს; (ბ) თავისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შანსები არცთუ ისე სერიოზულია; (გ) ყოველთვის ყველა შესაძლო საფრთხეს ვერ აიცილებს, მაგრამ მაინც ცოცხალია; და (დ) შესაძლოა, მოწევის შეწყვეტის შემდეგ წონა მოემატებინა, რაც არანაკლებ საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის. ამგვარად, მოწევის გაგრძელება შეესაბამება მის შეხედულებებს მოწევის შესახებ.
მაგრამ ადამიანები საკუთარი თავისთვის ყოველთვის წარმატებულად ვერ განმარტავენ და ვერ ახდენენ არათანმიმდევრულობის რაციონალიზებას. თანმიმდევრულობის მიღწევის მცდელობა შესაძლოა, ამა თუ იმ მიზეზით წარუმატებელი აღმოჩნდეს. შესაბამისად, არათანმიმდევრულობა კვლავაც განაგრძობს არსებობას. ასეთ ვითარებაში, ანუ არათანმიმდევრულობის არსებობისას, ადამიანი ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდის.
ახლა შეგვიძლია, ის საბაზისო ჰიპოთეზები ჩამოვაყალიბოთ, რომელთა განშტოებები და შედეგებიც წიგნის დარჩენილ ნაწილში განიხილება. უპირველეს ყოვლისა, სიტყვას „არათანმიმდევრულობა“ მე ჩავანაცვლებ ტერმინით, რომელიც ნაკლები ლოგიკური კონოტაციის მატარებელია, კერძოდ, დისონანსით. ამის მსგავსად, სიტყვას „თანმიმდევრულობა“ ჩავანაცვლებ უფრო ნეიტრალური ტერმინით, კერძოდ, კონსონანსით. ეს ტერმინები ფორმალურად მცირე ხანში განისაზღვრება, მანამდე კი ვცადოთ, ის ნაგულისხმევი მნიშვნელობა გავიგოთ, რომელიც წინა მსჯელობის შედეგად შევიძინეთ.
ის საბაზისო ჰიპოთეზები, რომელთა ჩამოყალიბებაც მსურს, შემდეგია:
- დისონანსის არსებობა, რაც ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ქმნის, აიძულებს ადამიანს, შეამციროს დისონანსი და კონსონანსს მიაღწიოს.
- დისონანსის არსებობისას, გარდა მისი შემცირების მცდელობისა, ადამიანი აქტიურად ეცდება, თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებსა და ინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, დისონანსს გაზრდის.
სანამ დისონანსის თეორიისა და მისი შემცირების ძალისხმევის შემუშავებას დავიწყებთ, კარგი იქნება იმის განმარტება, თუ როგორია დისონანსის ბუნება, რა სახის ცნებაა ეს და სად მიგვიყვანს თეორია, რომელიც მას უკავშირდება. ზემოთ ჩამოყალიბებული ორი ჰიპოთეზა ასეთი განმარტებისთვის სათანადო ათვლის წერტილია. იმის მიუხედავად, რომ ისინი კონკრეტულად დისონანსზე მიანიშნებს, ფაქტობრივად ეს ძალიან ზოგადი ჰიპოთეზებია. შეგიძლიათ, „დისონანსი“ ჩაანაცვლოთ ისეთი ანალოგიური ცნებებით, როგორებიცაა „შიმშილი“, „იმედგაცრუება“ ან „უწონასწორობა“, და ჰიპოთეზები აზრს მაინც არ დაკარგავს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მე მიმაჩნია, რომ კოგნიტურობებს შორის შეუსაბამო დამოკიდებულების არსებობა თავისთავად წარმოადგენს მასტიმულირებელ ფაქტორს. ტერმინში კოგნიტურობა აქ და მთელი წიგნის განმავლობაში მე ვგულისხმობ ნებისმიერ ცოდნას, შეხედულებას ან თვალსაზრისს გარემოს, საკუთარი თავისა და ადამიანის ქცევის შესახებ. კოგნიტური დისონანსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც წინმსწრები მდგომარეობა, რომელიც დისონანსის შემცირების აქტივობას იწვევს ზუსტად ისევე, როგორც შიმშილი იწვევს ისეთ აქტივობას, რომელიც შიმშილის მოკვლისკენ არის მიმართული. ეს მოტივაციის იმისგან განსხვავებული სახეობაა, რომელთანაც ფსიქოლოგებს აქვთ ხოლმე საქმე, მაგრამ, როგორც ვიხილავთ, არანაკლებ ძლიერია.
ახლა კი რამდენიმე სიტყვა წიგნის შემდგომი შინაარსის შესახებ. ის მრავალ კონტექსტში იკვლევს კოგნიტური დისონანსის არსებობის შედეგებსა და ადამიანების მიერ მისი შემცირების მცდელობას. ვინმეს რომ ეცადა წიგნის დაწერა ადამიანებში შიმშილის, როგორც იმპულსის შესახებ, ის ხასიათით წინამდებარე წიგნის მსგავსი იქნებოდა. ასეთ წიგნში შეიძლებოდა ყოფილიყო თავები, რომლებიც შიმშილის მოკვლის მცდელობებს მრავალ კონტექსტში განიხილავდა, ჭოჭინაში მჯდომი ბავშვიდან დაწყებული ოფიციალური წვეულების დამსწრე ზრდასრულთა ჯგუფით დასრულებული. ნათქვამის მსგავსად, ეს წიგნი იკვლევს კონტექსტებს, დაწყებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების სიტუაციით და მასობრივი მოვლენებით დასრულებული. რადგან დისონანსის შემცირება ადამიანებში საბაზისო პროცესია, არ არის გასაკვირი, რომ ის ასეთ მრავალ კონტექსტში ვლინდება.
დისონანსის წარმოშობა და მდგრადობა
საერთოდ, რატომ და როგორ ჩნდება დისონანსი? როგორ ხდება, რომ ადამიანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, რაც მათ შეხედულებებს არ შეესაბამება, ან ისეთი აზრები აქვთ, რომლებიც არ შეესაბამება მათ სხვა აზრებს? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმ ორი ყველაზე გავრცელებული სიტუაციის განხილვით შეიძლება, რომლებშიც დისონანსი წარმოიშობა.
- ადამიანი შეიძლება ახალი მოვლენების მომსწრე გახდეს ან მან შეიძლება ახალი ინფორმაცია მიიღოს, რაც, სულ მცირე, წამიერ დისონანსს მაინც შექმნის მის არსებულ ცოდნასთან, შეხედულებებთან ან ქცევის შესახებ კოგნიტურობასთან დაკავშირებით. რადგან ადამიანი სრულყოფილად ვერ აკონტროლებს იმ ინფორმაციას, რომელიც მასთან აღწევს ისევე, როგორც იმ მოვლენებს, რომლებიც მის გარემოში ხდება, ასეთი დისონანსის წარმოშობა საკმაოდ იოლია. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც ადამიანი პიკნიკს გეგმავს და სრულად დარწმუნებულია, რომ თბილი და მზიანი ამინდი იქნება. ამის მიუხედავად, გამგზავრებამდე წვიმა იწყება. იმის ცოდნა, რომ ახლა წვიმს, დისონანსშია მზიან ამინდში მის დარწმუნებულობასა და პიკნიკზე წასვლის გეგმასთან. სხვა მაგალითი: ადამიანი, რომელიც სავსებით დარწმუნებულია, რომ, რამდენადაც მან იცის, გადაცემათა ავტომატური კოლოფი არაეფექტურია, შეიძლება გაეცნოს სტატიას, რომელიც გადაცემათა ავტომატურ კოლოფს აქებს. ისევ, შესაძლოა, წამით დისონანსი ჩამოყალიბდეს.
- თუნდაც ახალი და არაპროგნოზირებადი მოვლენების ან ინფორმაციის არარსებობისას დისონანსის არსებობა უდავოდ ყოველდღიური მდგომარეობაა. ძალიან ცოტაა ისეთი საგანი, რომელიც სრულიად შავი ან სრულიად თეთრია. ძალიან ცოტაა ისეთი განსაზღვრული სიტუაცია, რომ შეხედულება ან ქცევა გარკვეული ხარისხით წინააღმდეგობათა ნაზავს არ წარმოადგენდეს. ამგვარად, ამერიკის შუა დასავლეთის ფერმერი, რომელიც რესპუბლიკელია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს თავისი პარტიის შეხედულებას სასოფლო-სამეურნეო დახმარების თაობაზე; ადამიანს, რომელიც ახალ მანქანას ყიდულობს, შესაძლოა, ერთი მოდელის ეკონომიურობა მოსწონდეს, მაგრამ მეორის – დიზაინი; ადამიანმა, რომელიც თავისი სახსრების ინვესტირებას აპირებს, შეიძლება იცოდეს, რომ ინვესტიციის შედეგი ისეთ ეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული, რომლებიც მის კონტროლს მიღმაა. როდესაც შეხედულების ჩამოყალიბება ან გადაწყვეტილების მიღება ხდება, გარკვეული დისონანსი განსახორციელებელი ქმედების კოგნიტურობასა და იმ შეხედულებებსა და ცოდნას შორის, რომლებიც განსხვავებულ ქმედებაზე მიუთითებს, გარდაუვალად იარსებებს.
ამგვარად, არსებობს სიტუაციათა დიდი მრავალფეროვნება, რომლებშიც დისონანსი თითქმის გარდაუვალია. ჩვენი ამოცანა იმ გარემოებების გამორკვევაა, რომლებშიც დისონანსი წარმოიქმნება და ნარჩუნდება. სხვა სიტყვებით, რა პირობებში არ არის დისონანსი მხოლოდ წამიერი მოვლენა? თუ ზემოთ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზები სწორია, მაშინ, როგორც კი დისონანსი წარმოიქმნება, ასევე გაჩნდება ძალისხმევა მის შესამცირებლად. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მოკლედ განვიხილოთ ის შესაძლო გზები, რომლებითაც დისონანსის შემცირებაა შესაძლებელი.
რადგან ეს საკითხი ამ თავში უფრო ფორმალურად იქნება განხილული, ახლა ის გავარკვიოთ, თუ როგორ შეიძლება დისონანსის შემცირება, რისთვისაც სიგარეტის იმ მწეველის მაგალითს განვიხილავთ, რომელმაც შეიტყო, რომ მოწევა მავნებელია მისი ჯანმრთელობისთვის. მას ეს ინფორმაცია შეიძლება ჟურნალ-გაზეთებიდან, მეგობრებისგან ან სულაც რომელიმე ექიმისგან მიეღო. ეს ცოდნა აშკარა დისონანსშია იმ კოგნიტურობასთან, რომ ის მოწევას განაგრძობს. თუკი ის ჰიპოთეზა, რომ დისონანსის შესამცირებლად ძალისხმევა წარმოიშობა, სწორია, რა ქმედებებს უნდა ველოდოთ ასეთი ადამიანისგან?
- მან შესაძლოა, უბრალოდ, შეიცვალოს კოგნიტურობა თავისი ქცევის შესახებ და შეცვალოს ქცევა, ანუ მან შეიძლება თავი დაანებოს მოწევას. თუკი ის აღარ მოწევს, მისი კოგნიტურობა თავისი საქციელის შესახებ კონსონანსში იქნება იმ ცოდნასთან, რომ მოწევა მავნებელია მისი ჯანმრთელობისთვის.
- მან შესაძლოა შეიცვალოს „ცოდნა“ მოწევის შედეგების შესახებ. ეს შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად გამოხატავს იმას, რაც უნდა მოხდეს. მან, შესაძლოა, უბრალოდ აღარ დაიჯეროს, რომ მოწევას მისთვის ზიანი მოაქვს ან შესაძლოა, მოწევის სასიკეთო შედეგებზე მიმანიშნებელი ისეთი „ცოდნა“ შეიძინოს, რომ საზიანო ასპექტები უგულებელყოს. თუკი ის მოახერხებს, რომელიმე აღნიშნული გზით შეიცვალოს ცოდნა, ეს ნიშნავს, რომ მან შეამცირა ან აღმოფხვრა დისონანსი თავის ცოდნასა და ქმედებას შორის.
მაგრამ ზემომოყვანილი მაგალითიდან ცხადია, რომ თავისი ქცევის ან ცოდნის შეცვლისას ადამიანი შესაძლოა, სირთულეებს გადააწყდეს. რასაკვირველია, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ერთხელ წარმოქმნილი დისონანსი შენარჩუნდება. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ადამიანი დისონანსის შემცირებას ან აღმოფხვრას შეძლებს. ჰიპოთეზურმა მწეველმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ასატანად მეტისმეტად მტკივნეულია. მან შესაძლოა, სხვებისგან სცადოს ისეთი ფაქტებისა და შეხედულებების მოძიება, რომლებიც მხარს დაუჭერს იმ მოსაზრებას, რომ მოწევა არ იწვევს ზიანს, მაგრამ ეს მცდელობა შესაძლოა წარუმატებელიც აღმოჩნდეს. შედეგად, ის შეიძლება ისეთ მდგომარეობაში დარჩეს, რომელშიც განაგრძობს მოწევას და ეცოდინება, რომ მოწევა მავნებელია. თუკი ეს ასეა, დისონანსის შესამცირებლად მიმართული მისი ძალისხმევა არ შეწყდება.
და მართლაც, კოგნიტურობის ისეთი სფეროები არსებობს, რომლებშიც მნიშვნელოვანი დისონანსის არსებობა ჩვეულებრივი რამაა. ეს შესაძლოა, ისეთ შემთხვევაში მოხდეს, როდესაც ორი ან მეტი ჩამოყალიბებული შეხედულება ან ფასეულობა, რომლებსაც განსახილველ კოგნიტურობასთან აქვს კავშირი, არათანმიმდევრულია. სხვა სიტყვებით, შეუძლებელია ისეთი შეხედულების ერთგულება ან ისეთი ქცევის განხორციელება, რომელიც, სულ მცირე, ერთ ჩამოყალიბებულ შეხედულებასთან მაინც არ იქნება დისონანსში. მიურდალი1 თავისი კლასიკური წიგნის დანართში ამას საკმაოდ კარგად აყალიბებს შავკანიანთა მიმართ მიდგომასა და ქცევასთან კავშირში. განიხილავს რა შეხედულებებისა და ფასეულობების ერთდროულ არსებობას ზოგადად ადამიანებთან, ზოგადად შავკანიანებთან, შავკანინათა ჯგუფებთან და ა.შ. მიმართებით, მიურდალი შენიშნავს:
„ადამიანი ან ჯგუფი, რომელთა შეფასებებში არათანმიმდევრულობაც საჯაროდ აშკარავდება, არათანმიმდევრულობის შერბილების მოთხოვნილებას განიცდის… მორალურ ფასეულობათა იერარქიაში ლოგიკური თანმიმდევრულობის მოთხოვნილების განცდა… თავისი თანამედროვე ინტენსივობით ერთობ ახალი მოვლენაა. ნაკლები მობილურობის, ნაკლები ინტელექტუალური კომუნიკაციისა და ნაკლები საჯარო განხილვის პირობებში წინა თაობები ერთმანეთის ფასეულობითი კონფლიქტების ზემოქმედებას ნაკლებად განიცდიდნენ“2.
თუმცა მე არ ვეთანხმები მიურდალს იმ მნიშვნელობაში, რომელსაც იგი დისონანსის საჯარო გამოვლინებას ანიჭებს, მიმაჩნია, რომ ეს ზოგიერთი იმ მიზეზის სათანადო ფორმულირებაა, რომელთა გამოც არსებობს ამ სფეროში ძლიერი დისონანსი.
აქამდე გადმოცემული შეხედულებები სრულიად ახალი არ არის. მსგავსი ადრეც ყოფილა შემოთავაზებული. უნდა ვახსენო ორი ნაშრომი, რომელთა ფორმულირებებიც ყველაზე ახლოსაა ჩემეულთან. ჰაიდერი3 ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ხელნაწერში4 ადამიანებს შორის და გრძნობებს შორის დამოკიდებულებებს იკვლევს. იგი აცხადებს:
„თუ დაბალანსებული, ანუ ჰარმონიული მდგომარეობის შესახებ წინასწარ განხილვას შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა მდგომარეობები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ორი ან მეტი დამოკიდებულება, რომელიც შეესაბამება ერთმანეთს. თუკი დაბალანსებული მდგომარეობა არ არსებობს, მაშინ [დაბალანსებული] მდგომარეობისკენ მიმართული ძალები წარმოიქმნება. ყალიბდება მონაწილე გრძნობების შეცვლის ტენდენცია, ან ერთეულის ურთიერთობები მოქმედების ან კოგნიტური რეორგანიზაციის საშუალებით იცვლება. თუკი ცვლილება შეუძლებელია, დისბალანსის მდგომარეობა დაძაბულობას გამოიწვევს, ხოლო დაბალანსებულ მდგომაროებას დისბალანსის მდგომარეობასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭება“.
თუკი სიტყვას „დაბალანსებული“ შევცვლით სიტყვით „კონსონანსი“, ხოლო სიტყვას „დისბალანსი“ – სიტყვით „დისონანსი“, აღმოჩნდება, რომ ჰაიდერის ეს განცხადება იმავე პროცესზე მიანიშნებს, რომელზეც ჩვენ გვქონდა აქამდე საუბარი.
ოზგუდმა5 და ტანენბაუმმა6 მცირე ხნის წინ გამოაქვეყნეს სტატია7, რომელშიც შეხედულებებისა და მიდგომების ცვლილებებთან მიმართებით მათაც მსგავსი იდეები ჩამოაყალიბეს და დააფიქსირეს. „შესატყვისობის პრინციპის“ (როგორც თავად უწოდებენ) განხილვისას ისინი აცხადებენ: „შეფასების ცვლილებები ყოველთვის არსებულ შეხედულებებთან შესატყვისობის ზრდისკენაა მიმართული“ (გვ. 43). განსაკუთრებული სახის „შეუსატყვისობა“, ანუ კოგნიტური დისონანსი, რომელსაც ისინი განიხილავენ თავიანთ კვლევაში, იმ ცოდნით წარმოიშობა, როდესაც პიროვნება ან ინფორმაციის სხვა წყარო, რომელსაც სუბიექტი პოზიტიურად (ან ნეგატიურად) მიიჩნევს, მხარს უჭერს შეხედულებას, რომელსაც სუბიექტი ნეგატიურად (ან პოზიტიურად) მიიჩნევს. მკვლევრები გვიჩვენებენ, რომ ასეთ გარემოებებში განსახილველი შეხედულების ან წყაროს შეფასების ტენდენცია შეინიშნება, რომელიც დისონანსის შემცირებისკენაა მიმართული. ამგვარად, თუ წყარო პოზიტიურად იყო შეფასებული, ხოლო შეხედულება – ნეგატიურად, ადამიანმა შესაძლოა, ნაკლებად პოზიტიური რეაგირება მოახდინოს წყაროზე, ან მეტად პოზიტიური – საკითხზე. მათი მონაცემებიდან ისიც ცხადი ხდება, რომ კონკრეტული შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თავიდან ადამიანის კოგნიტურობაში წყაროს შეფასება უფრო იყო მყარად ფესვგადგმული თუ განსახილველი საკითხის. თუ წყაროსადმი მისი მიდგომა უკიდურესად „პოლარიზებულია“, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ შეხედულება შეიცვლება, და, პირიქით. მართლაც, წყაროებისა და შეხედულებებისადმი მიდგომის წინასწარი საგულდაგულო გაზომვით და ასევე იმის გაზომვით, თუ რამდენად მედეგია თითოეული მათგანი ცვლილებისადმი, დისონანსის გაცნობამდე ავტორები ჩინებულად ახერხებენ იმ მიმართულებისა და, ზოგ შემთხვევაში, ხარისხის პროგნოზირებასაც, რომლითაც შეფასება უნდა შეიცვალოს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კოგნიტურობებს შორის კონსონანსის შესაქმნელად და დისონანსის თავიდან არიდებისა და შემცირებისთვის ძალისხმევაა საჭირო. ამ ფაქტს სხვა მრავალი ავტორიც აღიარებს, მაგრამ, ჩვენ მიერ ხსენებულთა გარდა, ეს ასე კონკრეტულად და ლაკონიურად არავის არ ჩამოუყალიბებია. ამ წიგნის ამოცანა იმას გულისხმობს, რომ დისონანსის თეორია ზუსტი, მაგრამ ამავდროულად ზოგადად მისაღები ფორმით ჩამოვაყალიბოთ, რათა მისი მოქმედება მრავალ კონტექსტზე გავავრცელოთ და თეორიასთან დაკავშირებული მონაცემების წარმოდგენა შევძლოთ.
შენიშვნები:
- კარლ გუნარ მიურდალი (1898-1987) – შვედი ეკონომისტი და სოციოლოგი, რომელიც რასობრივ ურთიერთობებს იკვლევდა. არის 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში (ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად) – მთარგმნელი.
- Myrdal, G. An American Dilemma. გვ. 1029-1030.
- ფრიც ჰაიდერი (1896-1988) – ავსტრიელი ფსიქოლოგი, რომლის შრომები გეშტალტის სკოლასთანაა კავშირში – მთარგმნელი.
- Heider, F. The Psychology of interpersonal relations. გამოუქვეყნებელი ხელნაწერი. ნაწილი II.
- ჩარლზ ეგერტონ ოზგუდი (1916-1991) – ამერიკელი ფსიქოლოგი, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ბიჰევიორიზმს სწავლობდა – მთარგმნელი.
- პერსი ტანენბაუმი (დ. 1927) – კანადელი და ამერიკელი ფსიქოლოგი – მთარგმნელი.
- Osgood, C.E., & Tannenbaum, P. The principle of congruity and the prediction of attitude change. Psychological Review, 1955, 62, გვ. 42-55.