მონოგრაფიაში გამოკვლეულია პროკლეს მეტაფიზიკური სისტემის იდეური რეცეფცია და ტრანსფორმაცია დამასკიოსსა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან. დღემდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მეცნიერებაში არ არსებობდა კვლევა, რომელიც ამ პროცესს ერთიანად გააანალიზებდა. მოცემული ნაშრომი, მათ შორის, აღნიშნული დანაკლისის შევსებას ესწრაფვის. ნაშრომს ასევე თან ახლავს დანართი, რომელშიც განთავსებულია 600-ზე მეტი ბერძნული და ლათინურენოვანი ციტატა ზუსტი ქართული თარგმანებითურთ. მათი უმეტესობა ქართულად პირველადაა ნათარგმნი, ამათგან, უწინარესად, ექსცერპტები დამასკიოსის თხზულებიდან. დანართი დამატებით დახმარებას გაუწევს ბერძნული და ლათინური ენის მცოდნეებს, ჩასწვდენ ნაშრომში განხილული იდეების ტექსტოლოგიურ სიზუსტეებს.
საკუთრივ გვიანანტიკური ნეოპლატონური და ქრისტიანული ფილოსოფიისადმი ღრმა ინტერესის გარდა, წინამდებარე კვლევა ნასაზრდოებია აზროვნების სისტემების ტრანსფორმაციების მექანიზმების გახსნის, ისევე როგორც სხვადასხვა სააზროვნო სისტემების დაძაბული ურთიერთქმედებებისა და მათ შორის კომუნიკაციის შესაძლებლობების გამოვლენის ძლიერი წადილით. ვიმედოვნებთ, რომ მკითხველი შეძლებს უკვე ნებისყოფად ქცეული ამ წადილის შეგრძნობას და აქედან საჭირო ნაყოფის მიღებას.