საუბრები აზროვნებაზე (მასალები არქივიდან)

ბაქარ როსტიაშვილისა და ალექსანდრე პარამონოვის წინასიტყვაობა მერაბ მამარდაშვილის წიგნიდან, საუბრები აზროვნებაზე (მასალები არქივიდან)

გასული წლის შემოდგომაზე გამომცემლობა „აქტის“ მიერ დაიბეჭდა წიგნი „საუბრები აზროვნებაზე“, რომელშიც წარმოდგენილია მერაბ მამარდაშვილის მიერ 1986-1987 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციათა კურსი. ჩვენ ვაგრძელებთ პუბლიკაციას მასალებით მერაბ მამარდაშვილის არქივიდან 1986-1990 წწ. პერიოდის რამდენიმე ტექსტთან ერთად, რომლებსაც უშუალო ან ძალიან ახლო მიმართება აქვთ ამ ლექციების შინაარსსა და თემატიკასთან.

დასაწყისში მოგვყავს სხვადასხვა წლების ზეპირი მოხსენებების ტექსტები – „საუბრები აზროვნებაზე“ „მოტივების მიხედვით“. მათ განეკუთვნება 1987 წლის დეკემბერში კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში წაკითხული სამი ლექცია, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის დასაწყისში წაკითხული სამი ლექცია კურსის – „საუბრები აზროვნებაზე“ – მეორე დიდი ნაწილიდან, რომელიც შემოდგომაზე არ გაგრძელებულა (ამ ექვსივე ლექციას ვუწოდეთ „საუბრები“), და სამი ტექსტი, რომლებიც თემატურად ასევე ახლოს დგას კურსთან – „საუბრები აზროვნებაზე“: ლექცია, რომელსაც პირობითად ეწოდება „არარსებულთ მიეც არსებობა“ (წაკითხვის ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, დაახლოებით 1987-1988 წწ.), 1988 წელს მოსკოვში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის სიტყვით გამოსვლა „ადამიანი უსაფუძვლო არსებაა“ (სახელწოდება ასევე პირობითია) და 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული მოხსენება „არტოს მეტაფიზიკა“. ეს სამი ტექსტი ეძღვნება კურსის – „საუბრები აზროვნებისათვის“ – მთავარ საკითხს – „რა არის აზროვნება?“ და მკითხველს შეუძლია დიდი სირთულის გარეშე ამოიკითხოს მოტივები, რომლებსაც შესაძლოა მკითხველი იცნობდეს წიგნად გამოქვეყნებულ ლექციათა ციკლიდან – „საუბრები აზროვნებაზე“.

წარმოდგენილი ტექსტები ზეპირი გამოსვლებისა გაკეთებულია შემორჩენილი აუდიოჩანაწერების მასალაზე. ოთხმოციანი წლების მეორე ნახევრის პერიოდი მამარდაშვილისთვის გამორჩეულია მიწვევებისგან განპირობებული ხშირი მგზავრობითა (როგორც სსრკ-ს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ) და მრავალი გამოსვლით, ინტერვიუებითა და ლექციებით ad hoc. ცალკეული, სალექციო კურსში ვერმოთავსებული ზეპირი გამოსვლების არახანგრძლივობა კომპენსირდებოდა მამარდაშვილის მისწრაფებით, მიეცა მათთვის მაქსიმალური მოცულობითობა და თვითკმარობა. გამოსვლების სპონტანურობის გამო „დასაწყისის“ სახით აღებულია დროის მიხედვით მისთვის ახლობელი ესა თუ ის შთაბეჭდილება (მაგ. ფილმისგან – „ანდალუსიური ძაღლი“ ან მისი ამერიკაში მგზავრობისას მიღებული).

რა თქმა უნდა, ასევე გვხვდება ზოგიერთი სიუჟეტის ან მაგალითის გამეორება, რაც არ უშლის ხელს ყოველ გამოსვლას, შეინარჩუნოს თავისი უნიკალურობა.

კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში 1987 წელს წაკითხული ლექციები ჩაწერილია სამ აუდიოკასეტაზე, რომლებზეც მითითებულია დათარიღება; განსხვავება თარიღებს შორის, ასევე ზოგიერთი შინაარსობრივი მომენტი ლექციებიდან გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ „მეორე საუბარსა“ და „მესამე საუბარს“ (მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ნუმერაცია პირობითია) შორის კიდევ იყო წაკითხული ლექციები, რომელთა აუდიოჩანაწერები მამარდაშვილის პირად არქივში შემორჩენილი არ არის.

1988 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მამარდაშვილმა წაიკითხა სამი ლექცია, როგორც კურსის „საუბრები აზროვნებაზე“ ნაწილი, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გაგრძელებულა – სავარაუდოდ ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო. ლექციათა ნომრებისა და თარიღების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლექციები ერთმანეთს არ მიჰყვება და პირველსა და მეორეს შორის წაკითხულია კიდევ ორი ლექცია. ამიტომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ლექციებს ეწოდება „საუბარი პირველი“, „საუბარი მეოთხე“ და „საუბარი მეხუთე“. ამ ბლოკის მეორე ლექციის („საუბარი მეოთხე“) შინაარსი დიდწილად ეთმობა მის დაკვირვებებსა და ზოგად შთაბეჭდილებებს, რომლებიც მან აშშ-ში მიიღო, საიდანაც იგი ლექციების წინ დაბრუნდა. საინტერესოა, რომ 1988 წლის გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე მოსკოვში ასევე მეტყველებს სულ ცოტა ხნით ადრე (ზუსტად რამოდენიმე დღით ადრე, თუ გავითვალისწინებთ ხანგრძლივი ფრენით გამოწვეულ მის ფიზიკურ გამოფიტულობას გამოსვლის დროს) დაბრუნებაზე აშშ-ში მივლინებიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგულისხმება ერთი და იგივე მივლინება, საიდანაც მამარდაშვილი თავდაპირველად ჩაფრინდა მოსკოვში (რადგან არ არსებობდა პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის), სადაც შედგა მისი გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე, ხოლო შემდგომ თითქმის მაშინვე თბილისში, სადაც გააგრძელა მეორე სასწავლო სემესტრში დაწყებული ლექციათა კურსის კითხვა.

ბოლოში განთავსებულია მამარდაშვილის წერილობითი ნაშრომი მასალები საუბრები აზროვნებისთვის. ამ მასალებში შედის შენიშვნები ლექციებისათვის „საუბრები აზროვნებაზე“, რომლებიც მან 1986-1987 წლებში წაიკითხა, ასევე 1988-1990 წლებში წაკითხული ლექციებისათვის.

მასალები საუბრები აზროვნებისთვის გამოირჩევა წერის უაღრესად შეკუმშული და იმავდროულად მოცულობითი სტილით. მოსამზადებელი მასალების, ისევე, როგორც საკუთრივ კურსის – „საუბრები აზროვნებაზე“ – ერთ-ერთი ცენტრალურ თემას წარმოადგენს აზრის წარმოშობის შესაძლებლობის პირობა – არა აზრისა რაღაცის შესახებ, არამედ აზროვნებაზე, როგორც ასეთზე, ან, მამარდაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდნა საკუთარი თავისა, რომელმაც რაღაცის შესახებ იცის, რომელმაც რაღაცის შესახებ იცის. ცოდნა ყოველთვის აღმოჩნდება დაკავშირებული თავისი თავის, თავისი გონების ცვლილებასთან და საკუთარი თავის თვით-გაგებასთან ამ ცვლილებაში. და ეს „თვით“ საკუთარ თავს აღმოაჩენს აზროვნების „დაუყვანელ“ ელემენტად. მამარდაშვილს მიაჩნია, რომ ამ ელემენტს შესაძლოა „კვალდაკვალ მიჰყვე“ დროსა და სივრცეში, მაგრამ არა ისე, როგორც საგანს – ის საკუთრივ შეადგენს მათ იდეას. სივრცისათვის ეს არის მისი, სივრცე, ყველგანმყოფობა, როგორც „ყოფიერების აქტის გაჭიმულობა საკუთარ თავში“, დროისათვის – დროითი მიმართებების ცვლილებების მუდმივობა.

მოსამზადებელ მასალებში მამარდაშვილი აყენებს საკითხს სივრცის (ფართო აზრით, რომელიც ასევე დროსაც შეიცავს) შესაძლებლობის პირობების შესახებ, იყოს აზრის წარმოშობის გარემო. შეიძლება ითქვას, რომ ის მოდელირებს სივრცის მდგომარეობის „განსაკუთრებულ თავისებურ გეომეტრიას“, რომელიც დაკავებულია „ცოცხალი აზრით“, რომელშიც აზრი აღმოჩნდება სივრცის თავისებური შინაგანი ცვლილება.

„თავისებური“ ან „ემპირიული“ გეომეტრიის ეს იდეა მიემართება ტოპოლოგიურ წარმოდგენებს, რომელთა საფუძველია უბრალოდ ეს – „სწორი ხაზი – სფერო“. ამ მარტივი ელემენტების დაწყებით მას მსჯელობაში შემოჰყავს უფრო რთული ელემენტებიც: წარმოდგენები კომპლექსურ რიცხვებზე, რიმანისეულ ჰიპერბოლურ სივრცეზე, სიმეტრიის პრინციპებზე და სხვ.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მკითხველს და მოსამზადებელი მასალების ტექსტი შესაძლოა გადაჭარბებულად რთული მოჩანდეს სალექციო კურსთან შედარებით. მაგრამ არ იქნება მართებული „პირველადი ორობითობის“ ან „ორერთობის“ იდეის დავიწყება, რომელსაც მამარდაშვილი აყალიბებს ამგვარად: „ჩვენ „მათემატიკურნი“ ვართ, სხვა ყველაფერი კი სიტყვიერია“, ამასთან დასძენს, „პრუსტი იტყოდა, რომ ჩვენ მუსიკალურნი ვართ, სხვა ყველაფერი კი სიტყვიერიაო“. და სხვა ადგილას შენიშნავს: „ეს ორობითობა არის კიდეც ჩვენი ეპიგრაფი“.

მაგრამ არსებობს კითხვის გამართულებელი სხვა გარემოებებიც, რომლებსაც მკითხველი მოსამზადებელი მასალების გაცნობისთანავე შენიშნავს: ფრაგმენტარულობა, ტერმინოლოგიის სიმრავლე, სიუჟეტთა განვითარების მოჩვენებითი სპონტანურობა და სხვ. მაგრამ ჩვენ წინაშეა არა შავად ნაწერი, რომელიც სრულიად ახლიდან უნდა გადაწერო, თავების მიხედვით დაანაწილო, შეავსო საბოლოო დასკვნებით და საბოლოოდ რედაქტორს გადასცე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ეს ტექსტი წარმოადგენს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს work-in-progress, ანუ ის, რაც იმყოფება მუდმივ მუშაობაში, ჩამოყალიბებაში, ის თითქოსდა ყოველთვის „ხელთ აქვს“ ავტორს. და იგი არ აწყობს მას წინასწარ ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, არამედ, უფრო, მიჰყვება აზრის მოძრაობას თავის სამუშაოში.

საკვირველია, მაგრამ პრაქტიკულად ყოველი ფურცელი წარმოადგენს თითქმის დასრულებულ და შინაგანად დაკავშირებულ ტექსტს ცხადად გამოკვეთილი აზრებით, იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ჩამოყალიბებულია ცოტაოდენ „დაშიფრული“ სახით. ის წარმოადგენს მამარდაშვილის ერთგვარ „აზრის ლაბორატორიას“. ტექსტის ჰერმენევტიკული ხასიათის მიუხედავად, მკაფიოდ ასახავს და ააშკარავებს „საუბრები აზროვნებისთვის“ თემატიკას და მის ერთგვარ გაშლას წარმოადგენს. მართალია, ის არ წარმოადგენს მთლიან, ერთიან ნაშრომს და ფრაგმენტარული ხასიათიასაა, მაგრამ მასში ნათლად წარმოჩინდება ავტორის თავისებური, წერის უნიკალური სტილი.

მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მამარდაშვილის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი აზროვნების სტილის ურთიერთკავშირისა თუ განსხვავების დანახვა, რის საშუალებასაც მოცემული გამოცემა იძლევა. აგრეთვე აღნიშნული წიგნი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც იცნობს უკვე გამოცემულ წიგნს – „საუბრები აზროვნებაზე“, რადგან მისი თემატიკის კიდევ უფრო მრავალსახოვან გაშლას სთავაზობს, თუმცა გააჩნია თავისი ავტონომიური ღირებულება და ცალკე აღებულიც კი სრულიად დამოუკიდებელ ტექსტად გვევლინება.

პუბლიკაცია ეყრდნობა მამარდაშვილის ერთ-ერთი სამუშაო ფაილის შინაარსს. ეს გახლავთ მანქანაზე დაწერილი ფურცლები მოსამზადებელი ჩანაწერებით კურსის ან ცალკეული ლექციებისათვის აზროვნებაზე, რომლებიც 1986-1900 წწ. იქნა წაკითხული. ზოგიერთ ფურცელზე არსებობს უშუალო მითითება, თუ რომელ კურსს ან ლექციას მიემართება ესა თუ ის ჩანაწერი: მაგალითად: „ლექცია 16 (11. III. 87)“, „1988 წ. მაისი“ (მითითება 1988 წელს თბილისში წაკითხული და დაუსრულებელი ლექციების კურსის – „საუბრები აზროვნებაზე“), „საუბრები აზროვნებაზე, 14. IV. 90“ (ასე აღნიშნავს მამარდაშვილი კურსს, რომელიც 1990 წლის გაზაფხულზე წაიკითხა თბილისში ქართულ ენაზე). ფურცელთა ნაწილი ასეთ მითითებას არ შეიცავს (მიმდინარე გამოცემაში ეს ფურცლები აღნიშნულია ნიშნით – „***“).

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ გამოცემის გაფორმების ტექნიკურ ნაწილს.

არქივის ფურცლების მინდვრები აჭრელებულია მრავალრიცხოვანი საავტორო ხელნაწერი კომენტარით, რომლებიც გაიშიფრა და გვერდობრივი სქოლიოების სახით არის მოცემული. სქოლიოების მიმართება ამა თუ იმ სიტყვასთან პირობითია. საავტორო ტექსტში ასევე გვხვდება სქოლიოები, რომლებიც მიმდინარე გამოცემის ბოლო ნაწილში შენიშვნების სახელწოდებით არის წარმოდგენილი. საარქივო დოკუმენტების მიხედვით ასევე მოცემულია საავტორო ნახატები, რომლებიც ტექსტის შესაბამის ადგილებში მოგვყავს. ყველა ფრაგმენტი უცხო ენაზე (რომელთა შორისაა – ფრანგული, ინგლისური, ლათინური, ესპანური, ბერძნული და გერმანული) თარგმნილია ქართულად და მოცემულია კვადრატულ ფრჩხილებში (იმავე ნიშნით არის აღნიშნული რუსული გამოცემის სარედაქციო ჩანართები). სადაც შესაძლებლობა გვეძლევა, მოგვყავს ამა თუ იმ ციტატის უკვე არსებული თარგმანი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში მოგვყავს ჩვენი თარგმანი. ზოგ ადგილას მამარდაშვილი ციტირებს ახალი აღთქმის ფრანგული გამოცემიდან, რომელსაც რუსულად თარგმნის – როგორც ჩანს, ფრანგული ტექსტი მისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო. ეს ციტატები მოგყავს სინოდალური თარგმანის მიხედვით სქოლიოში, ხოლო შემთხვევებში, სადაც ავტორი არ თარგმნის ფრანგულიდან, ჩვენ კვადრატულ ფრჩხილებში მოგვყავს სინოდალური თარგმანი.

კურსივით გამოყოფილია უცხოენოვანი სიტყვები, ასევე სიტყვები, რომლებიც ამ თუ იმ სახით თავად ავტორს აქვს აღნიშნული – ხაზგასმით, მუქი შრიფტით და ა.შ. ავტორის მიერ დიდი ასოებით გამოყოფილი სიტყვები მოგვყავს მუქი შრიფტით. ტექსტის ნაწყვეტები აღნიშნულია ნიშნით – „(…)“. ზოგიერთ ადგილას ავტორთან სტრიქონებს შორის ვხვდებით დაშორებებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში შევსებულია ხელნაწერი შენიშვნებით, ზოგ შემთხვევაში – არა. ასეთ გამოტოვებებს ჩვენ ვინარჩუნებთ ტექსტში.

Scroll to Top