ლუკა ყაჭეიშვილი – ფილოსოფიის ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პეტრე უსპენსკის წიგნი „მეოთხე გზა“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექსტს XX საუკუნის სულიერი ფილოსოფიის ისტორიაში. ეს ნაშრომი აერთიანებს გიორგი გურჯიევის სწავლებას უსპენსკის ინტელექტუალურ ინტერპრეტაციებთან დიალოგური, კითხვა-პასუხის ფორმით. სწორედ ეს ფორმატი სძენს ტექსტს განსაკუთრებულ ძალას. მასში მკითხველი ეცნობა არა მშრალ თეორიას, არამედ ერთგვარ ცოცხალ გამოცდილებას. მოცემული წიგნი, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ეფუძნება 1921-1947 წლებში წარმოთქმულ ლექციებსა და დისკუსიებს, სადაც უსპენსკი ცდილობდა, გაეშიფრა ადამიანის შინაგანი ბუნება და გზა, რომელიც მისცემს მას „გამოღვიძების“ შესაძლებლობას, ანუ ცნობიერად არსებობის მდგომარეობას.
„მეოთხე გზა“ ჩნდება იმ ეპოქაში, როდესაც დასავლურ კულტურაში იზრდება ინტერესის ტალღა აღმოსავლური მისტიციზმის, მედიტაციისა და თვითშემეცნების პრაქტიკებისადმი. ეს იყო დრო, როცა ინდუსტრიული ცივილიზაციის დაჩქარებულმა რიტმმა ადამიანში წარმოშვა სულიერი დისბალანსი ცოდნასა და ყოფიერების მდგომარეობას შორის. სწორედ ამ ფონზე უსპენსკისა და გურჯიევის სწავლება წარმოიქმნა, როგორც პასუხი ადამიანის ეგზისტენციალურ კრიზისზე, მაგრამ როგორ შეიძლება, ყოველდღიურობაში ადამიანმა შეიცნოს საკუთარი შინაგანი სამყარო, გახდეს ცნობიერი და გამოვიდეს მექანიკურობიდან? გურჯიევის აზრით, ადამიანი „მძინარე არსებაა“, რომელიც თავის ცხოვრებას ავტომატურად გადის – ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს მექანიკურად და არ გააჩნია თავისუფალი ნება. უსპენსკი ამ იდეას ფილოსოფიურად აფართოებს და მას ანალიტიკურ ფორმას აძლევს: თუ ადამიანი მექანიკურია, მაშასადამე თავისუფლება მხოლოდ ცნობიერების გაღვიძებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ იდეის პრაქტიკული და თეორიული განმარტებაა „მეოთხე გზა“.
მოცემულ წიგნში გამოთქმულია აზრი, რომ ძველ აღმოსავლურ სწავლებებში არსებობდა სულიერი განვითარების სამი ტრადიციული გზა: ფაკირის, ბერისა და იოგის გზები, რომლებიც ადამიანის ბუნების ერთ ასპექტს, სხეულს, ემოციას ან გონებას ავითარებენ, მაგრამ მათი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ აკლდათ მთლიანობა. „მეოთხე გზა“ კი განსხვავებულია, რადგან იგი არ მოითხოვს მონაზვნურ განმარტოებას ან ასკეტიზმს, პირიქით, იგი უნდა განხორციელდეს საზოგადოების შუაგულში, ყოველდღიურ საქმიანობაში, სადაც ადამიანი სწავლობს შინაგანი დაკვირვების ხელოვნებას. მეოთხე გზის ცენტრალური პრინციპი არის თვითგახსენება – საკუთარი არსებობის მუდმივი გახსენება ყოველ მოქმედებაში. ეს მდგომარეობა ქმნის ცნობიერების ახალ ხარისხს, სადაც ადამიანი ხდება თვითონ თავისი არსებობის დამკვირვებელი და არა მხოლოდ მოქმედი პირი. ამ გზით ის იწყებს საკუთარი ფსიქიკის სტრუქტურის შეცნობას: გონების, ემოციებისა და ინსტინქტების ურთიერთმოქმედებას.
წიგნი აგებულია, როგორც დიალოგი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რაც ტექსტს ცოცხალ დინამიკას ანიჭებს. ჩემი აზრით, ამ ფორმით უსპენსკი ხაზს უსვამს, რომ სულიერი ცოდნა ვერ გადაეცემა მხოლოდ მშრალი თეორიებით, მას სჭირდება უშუალო გამოცდილება, პრაქტიკა, დაკვირვება და შინაგანი ბრძოლა. წიგნში ავტორის ცენტრალური მეტაფორაა – „ადამიანი, როგორც მანქანა“. მისი აზრით, ჩვენ არ ვფლობთ ერთიან „მე“ პირიქით, ჩვენი ცნობიერება შედგება მრავალი მცირე „მესგან“, რომლებიც ცვლიან ერთმანეთს, გარემოებათა მიხედვით. სწორედ ეს ცვალებადობა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი ვერ მართავს საკუთარ ცხოვრებას, ის რეაგირებს, მაგრამ არ იაზრებს. ცნობიერების გაღვიძება ნიშნავს ამ ფრაგმენტაციის გაცნობიერებას და ნამდვილი, ერთიანი „მე“, მუდმივი დაკვირვების ცენტრის ჩამოყალიბებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსპენსკის აღწერილი ეს შინაგანი სტრუქტურა გარკვეულწილად ემთხვევა იუნგის არქეტიპულ მოდელს და თანამედროვე ცნობიერების კვლევებში განხილულ მრავალშრიან „მეს“ კონცეფციას.
„მეოთხე გზის“ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ასპექტი ენერგეტიკული ხედვაა. უსპენსკი ამბობს, რომ ადამიანი ფლობს განსაზღვრული რაოდენობის ენერგიას, რომელსაც უმეტესწილად ხარჯავს ემოციურ და მენტალურ უმნიშვნელო პროცესებზე, როგორებიცაა: შიში, შური, დაუკმაყოფილებელი სურვილები. თვითშემეცნების მიზანი ამ ენერგიის შეგროვებაა, რათა შესაძლებელი გახდეს ცნობიერების უფრო მაღალი დონეების მიღწევა. გურჯიევის სწავლების თანახმად, ადამიანი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ მაშინ, როცა მასში ერთდროულად იღვიძებს გონება, გრძნობა და მოქმედება, მხოლოდ მათი ჰარმონიული კოორდინაცია ქმნის შინაგან ერთობას. ეს იდეა, რომელიც უსპენსკიმ ფილოსოფიურად უფრო დალაგებულად ჩამოაყალიბა, გვიჩვენებს გზას შინაგანი ინტეგრაციისკენ: ცნობიერება არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ გრძელვადიანი სამუშაოების შედეგი საკუთარ თავზე.
უსპენსკის ნააზრევში ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კოსმოლოგიას, იდეას, რომლის მიხედვითაც, ადამიანი არის სამყაროს მიკროანალოგი, მიკროკოსმოსი. წიგნში დეტალურადაა განხილული ისეთი პრინციპები, როგორებიცაა „სამის კანონი“ და „ოქტავების კანონი“, რომლებიც არსებობის შინაგან რიტმს განსაზღვრავენ. უსპენსკი გვთავაზობს სამყაროს სქემას, სადაც ყოველ მოქმედებას თან ახლავს კონტრასტული ძალები და გარდამავალი ტონალობები ზუსტად ისე, როგორც მუსიკალურ ოქტავაში. ეს იდეები აერთიანებს მის ფილოსოფიას ფიზიკის, მუსიკისა და მეტაფიზიკის ერთიან სქემაში.
ჩემი თვალსაზრისით, დღეს მეოთხე გზა შეიძლება იკითხებოდეს, როგორც ფილოსოფიური პასუხი თანამედროვეობის ეგზისტენციალურ კრიზისზე. ეპოქაში, სადაც ადამიანი განუწყვეტლივ კარგავს შინაგან სიჩუმეს ტექნოლოგიური თუ ინფორმაციული წნეხის გამო. უსპენსკის სწავლება გვახსენებს თვითშეგნების არსებით მნიშვნელობას. მისი თქმით, ყველაზე დიდი ტრაგედია ის კი არაა, რომ ადამიანი იტანჯება, არამედ ის, რომ იგი ცხოვრებას „მძინარე“ მდგომარეობაში ატარებს და ვერ აცნობიერებს საკუთარ არსებას. ამ გაგებით, „მეოთხე გზა“ არ არის მხოლოდ სულიერი მოძღვრება, არამედ ერთგვარი ფილოსოფიაა მოქმედებაში, გზა, რომელიც გვასწავლის ყოფნას აქ და ახლა, დაკვირვებას ყოველწამიერად ჩვენს თავზე, პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ეს წიგნი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას ფსიქოლოგიით, სულიერი პრაქტიკებითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველში. „მეოთხე გზა“ წარმოადგენს უნიკალურ სინთეზს აღმოსავლურ მისტიციზმსა და დასავლურ რაციონალიზმს შორის. ეს ნაშრომი გვიჩვენებს გზას, რომელიც არც ასკეტურია და არც წმინდად ინტელექტუალური, იგი მიმართულია შინაგანი მთლიანობისკენ, იმ მდგომარეობისკენ, სადაც ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ერთმანეთთან თანხვედრაშია. უსპენსკის ხედვა გვასწავლის, რომ ადამიანის ჭეშმარიტ თავისუფლებას ცნობიერების ხარისხი განსაზღვრავს. როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი მექანიკურობის დანახვას, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ტრანსფორმაცია, არა როგორც რომელიმე კონკრეტული დოქტრინის ან სწავლების რწმენა, არამედ როგორც შინაგანი აქტი. ამ თვალსაზრისით, „მეოთხე გზა“ დღესაც არის არა მხოლოდ სულიერი მოძღვრება, არამედ ეპოქალური მოწოდება გამოღვიძების, სიფხიზლისა და საკუთარი არსებობის გაცნობიერებისკენ.


