კანტი

ამონარიდი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან „ეგოიზმი ფილოსოფიაში“.

კანტმა თავის წინამორბედთაგან ორი რამ მიიღო. ჯერ ერთი ის, რომ არსებობენ უტყუარი შემეცნებები.

ასეთებად იგი მიიჩნევდა წმინდა მათემატიკურ ჭეშმარიტებებს, ლოგიკისა და ფიზიკის ზოგად თეორიებს. მეორე მხრივ, ჰიუმზე დაყრდნობით იგი ამტკიცებდა, რომ გამოცდილებიდან უდავოდ სარწმუნო ჭეშმარიტებები ვერ გამოვა. გამოცდილება მხოლოდ იმას გვასწავლის, რომ ჩვენ გარკვეულ ურთიერთკავშირებს ასე თუ ისე ხშირად ვაკვირდებოდით; ხოლო აუცილებელია თუ არა ეს ურთიერთკავშირები, ამაზე გამოცდილებიდან არაფრის დასკვნა არ შეიძლება. თუ არსებობენ უეჭველი, აუცილებელი ჭეშმარიტებები, და მათ არ შეუძლიათ გამოცდილებიდან წარმოქმნა, მაშინ საიდან მოდიან ისინი? ისინი ადამიანურ სამშვინველში გამოცდილებამდე უნდა არსებობდნენ. საქმე ის არის, რომ განვასხვავოთ, თუ რა შემეცნებები წარმოიქმნება გამოცდილებიდან და რა არ შეიძლება შემეცნების ამ წყაროდან ამოვიღოთ. გამოცდილება წარმოიქმნება იმის მეშვეობით, რომ მე შთაბეჭდილებებს ვიღებ. ეს შთაბეჭდილებები შეგრძნებებით გვეძლევა. ამ შეგრძნებათა შინაარსი მხოლოდ გამოცდილების მეშვეობით გვეძლევა. მაგრამ ეს შეგრძნებები, როგორიცაა სინათლე, ბგერა, სითბო, სიმყარე და ა.შ. ქაოტურ უწესრიგობას შემოგვთავაზებდნენ თუ ისინი განსაზღვრულ ურთიერთკავშირში არ იქნებოდნენ მოყვანილნი.

მხოლოდ ამ ურთიერთკავშირებში ქმნიან შეგრძნებათა შინაარსები გამოცდილების საგნებს. საგანი იქმნება განსაზღვრული სახით მოწესრიგებული შეგრძნებების შინაარსებისგან. კანტის აზრით, შეგრძნებათა შინაარსების ჯგუფებად მოწესრიგებას აღასრულებს ადამიანური სამშვინველი. მასში არის განსაზღვრული პრინციპები, რომელთა მეშვეობით შეგრძნებათა სიმრავლე საგნობრივ ერთიანობაში იქნება მოყვანილი. ასეთი პრინციპებია სივრცე, დრო და კავშირის სახეები, როგორიცაა მაგ. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის. მე მოცემული მაქვს შეგრძნებათა შინაარსები და არა მათი სივრცობრივი განლაგება ან დროში თანმიმდევრობა. ორივე ეს მხოლოდ ადამიანს შემოაქვს. ასევე მოცემულია, როგორც ერთი, ისე მეორე შეგრძნების შინაარსი; მაგრამ არა ის, რომ ერთი მიზეზია მეორისა. ასეთად მას მხოლოდ გონება აქცევს. ასე ძევს ადამიანურ სამშვინველში შეგრძნებათა შინაარსების დაკავშირების სახეები მუდმივად. შესაბამისად, თუ ჩვენ შეგვიძლია შეგრძნებების შინაარსებიდან რაღაცის მიღება მხოლოდ გამოცდილების მეშვეობით, მაშინ ისიც ხომ შეგვიძლია, რომ ყველანაირ გამოცდილებამდე დავადგინოთ კანონები იმისა, როგორ უნდა დაკავშირდნენ შეგრძნებების ეს შინაარსები. რადგან ეს ის კანონებია, რომლებიც ჩვენს საკუთარ სამშვინველებშია მოცემული. ამდენად, ჩვენ გვაქვს აუცილებელი შემეცნებები. მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან არა შინაარსს, არამედ მხოლოდ შინაარსთა დაკავშირების სახეებს.

ამიტომ, კანტის აზრით, ჩვენ ადამიანური სამშვინველის საკუთარი კანონებიდან შინაარსიან შემეცნებებს ვერასდროს ამოვიღებთ. შინაარსი გამოცდილების მეშვეობით უნდა მოვიდეს. მაგრამ მიღმურის რწმენის საგნები ვერასდროს გახდებიან გამოცდილების საგნები. ამის გამო მათ ჩვენ აუცილებელი შემეცნებების მეშვეობებითაც ვერ მოვიპოვებთ. ჩვენ გვაქვს გამოცდილებით მიღებული ცოდნა და სხვა, აუცილებელი, არაგამოცდილებითი ცოდნა იმაზე, როგორ შეიძლება გამოცდილების შინაარსები დაუკავშირდეს ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ცოდნა, რომელიც გამოცდილებაზე მაღლდება. ჩვენი გარემომცველი საგნების სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს იგი თანახმად ჩვენს სამშვინველში მზა ფორმით არსებული დაკავშირების შესახებ კანონებისა. როგორია იგი „თავისთავად“ ამ კანონების გარეშე, ჩვენ ეს არ ვიცით. სამყარო, რომელსაც ჩვენი ცოდნა მიემართება, არის არა სამყარო „თავისთავად“, არამედ მოვლენა ჩვენთვის.

მიუკერძოებლობის შემთხვევაში ჩნდება მოთხოვნილება კანტის მსჯელობის წინააღმდეგ ბუნებრივი კამათისა. პრინციპული სხვაობა ცალკეულობებსა (შეგრძნებების შინაარსებსა) და ამ ცალკეულობების დაკავშირების ხერხებს შორის შემეცნებასთან მიმართებით ისეთი არ არის, როგორსაც კანტი ვარაუდობს. ერთი თავს გარედან რომ გვთავაზობდეს, ხოლო მეორე ჩვენი შინაგანიდან გამოდიოდეს, მაინც შემეცნების ეს ორივე ელემენტი განუყოფელ ერთიანობას ქმნის. მხოლოდ აბსტრაჰირებულ გონებას შეუძლია სინათლე, სითბო, სიმკვრივე და ა.შ. გამოყოს სივრცობრივი განლაგებისგან, მიზეზობრივი კავშირისგან და ა.შ. სინამდვილეში ისინი ყოველ ცალკეულ საგანში თავიანთ აუცილებელ ურთიერთმიკუთვნებულობას გვიჩვენებენ. ასევე არასწორია ერთ ელემენტს ვუწოდოთ შინაარსი, მეორეს კი მარტოოდენ დამაკავშირებელი პრინციპი. სინამდვილეში ის შემეცნება, თითქოს ერთი რაღაცა სხვა რამის მიზეზიცაა, ისეთივე შინაარსიანია როგორც ის, რომ ეს ყვითელია. თუ საგანი შედგება ორი ელემენტისგან, რომელთაგანაც ერთი გარედან გვეძლევა, ხოლო მეორე შიგნიდან, მაშინ აქედან გამომდინარეობს ის, რომ შემეცნებას ორ გზაზე ეცნობება, რაც საგნიდან გამომდინარე ურთიერთდაკავშირებულია. მაგრამ სრულებითაც არა ის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ, ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირებულ საგანთან. ამდენად, კანტს თავისი შეხედულების დაფუძნება ერთმანეთთან დაკავშირებულის მარტოოდენ ძალით გათიშვის მეშვეობით შეუძლია. ამ ორი ელემენტის თანაკუთვნილება ყველაზე მკაფიოა ადამიანური „მე“-ს შემეცნებისას. აქ ერთი ელემენტი გარედან კი არ მოდის, ხოლო მეორე – შიგნიდან, არამედ ორივე შიგნიდან მოდის. აქ ორივე არა უბრალოდ ერთი შინაარსია, არამედ ასევე სრულიად თანაბარმნიშვნელოვანი შინაარსი.

რასთანაც კანტი მივიდა, რაც სანუკვარი სურვილის სახით უფრო მეტად წარმართავდა მის აზრებს, ვიდრე მიუკერძოებელი დაკვირვება ნამდვილი არსებებისა, იყო გადარჩენა მოძღვრებებისა, რომლებიც იმქვეყნიურს ეხებოდა. რაც ცოდნამ ხანგრძლივი დროის მანძილზე ამ მოძღვრებებისთვის საყრდენად წარმოადგინა, დამყაყდა. კანტის აზრით, მან აჩვენა, რომ ასეთი მტკიცებულება შემეცნებას საერთოდ არ შეეფერება, რადგან იგი გამოცდილებაზეა ორიენტირებული, ხოლო მიღმურის რწმენის საგნები გამოცდილების საგნები ვერ იქნება. კანტს მიაჩნდა, რომ ამით მან შექმნა თავისუფალი სარბიელი, რომელზეც მას, როცა იგი მასზე მიღმურის რწმენას აგებს, შემეცნება გზებზე ხელის შემშლელად არ ეღობება. ის მოითხოვს, რომ მიღმური სამყაროს საგნების რწმენა ზნეობრივი ცხოვრების საყრდენად იქცეს. იმ სფეროდან, საიდანაც ცოდნა ჩვენამდე არ მოდის, გვესმის კატეგორიული იმპერატივის დესპოტური ხმა, რომელიც ჩვენგან ითხოვს, რომ ჩვენ სიკეთე ვაკეთოთ. ხოლო მორალის სამეფოს შესაქმნელად ჩვენ გვესაჭიროება სწორედ ყველაფერი, რაზეც ცოდნას არ შეუძლია რაიმეს თქმა. კანტი ფიქრობდა, რომ მიაღწია სასურველს: „მე გვერდზე უნდა გადამედო ცოდნა, რათა რწმენისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა“.

Scroll to Top