დეკარტის კვალდაკვალ

ამონარიდი მერაბ მამარდაშვილის წიგნიდან „კარტეზიანული განაზრებანი“.

რა არის სიხარული? არსებობს კი მიზეზი მისთვის? ან არსებობს მიზეზი სიყვარულისთვის?

მე, დეკარტის კვალდაკვალ, ვამტკიცებ, რომ არ არის მიზეზი სიხარულისთვის, ისევე, როგორც არ არის მიზეზი სიყვარულისთვის. სიხარული არის, მაგრამ მიზეზი არ არის, იმ აზრით, რომ ჩვენ პრინციპში არ ძალგვიძს მიზეზობრიობის მიწერა ობიექტის თვისებებისთვის, რომლითაც ვხარობთ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ხარობს და მეორე არ ხარობს. ერთს უყვარს, მაგრამ მეორეს არ უყვარს. ვთქვათ, აი, ჩემ წინ ზის ვოლოდია ლუკინი, ვიღაცას იგი უყვარს, ვიღაცას კი არ უყვარს ან ვიღაცისთვის უმნიშვნელოა. გადავაბრუნოთ ეს აზრი. ნუთუ სიყვარულის მდგომარეობის მიზეზი მისი, ვისაც უყვარს, გამოწვეულია რაიმე მისთვის დამახასიათებლით, ამ სიტყვის ზოგადი აზრით (ანუ რაღაცით, რასაც ვიზიარებთ მე, თქვენ და კიდევ ვიღაც მესამე, მეათე – მოკლედ, ნებისმიერი გარე დამკვირვებელი)? მაგრამ მაშინ რატომ არ უყვარს ან რატომ არ არის გულგრილი სხვა? რატომ ახარებს რაღაც ნივთები ერთ ნაწილს და არ ახარებს მეორეს?

მეტიც – და ამაში მდგომარეობს უმთავრესი – ჩვენი ცნობიერი ცხოვრების საფუძვლებში ძევს ერთი რამ, რომელსაც მე პოეზისს, ანუ პათოსს ვუწოდებდი. ეს არის ერთგვარი, როგორც გერმანელები იტყვიან, Klang – გრძნობითი ტონი ან, თუ ბგერითი მეტაფორის ნაცვლად მხედველობით და მოძრაობით მეტაფორას გამოვიყენებთ, შეიძლება ვთქვათ – პლასტიკა. ერთიცა და მეორეც გრძნობიერად მძგერი ქსოვილია ამაღლებულის, საგნის შინაარსთან და მიმდინარე, პრაქტიკულ ცხოვრებასთან მიმართებითაც სრულიად ჭარბი ქსოვილი, მაგრამ ქსოვილი სრულიად კონკრეტული, ცოცხალი და მთელი ველის მაინდივიდუალიზებელი ინტენსივობის წერტილის ირგვლივ. ნუ, მოგწონს მშვენიერი ელენე და მის გამო წამოიწყე ტროას ომი. ვინ არის ელენე? რა არის მის სახელში? შეუძლებელია, რომ ის, როგორც ქალი იყოს მიზეზი, რადგან ასეთი ქალები მილიონია და ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მილიონიდან ნებისმიერი სხვა ქალის სიყვარული. რის გამო ამტვრევენ სკამებს, რატომ? ნუთუ ყველაფერი ისევე შემთხვევითია, როგორც კლეოპატრას ცხვირი? ან რატომ არის, რომ, მაგალითად, ერთს სამყაროული მწუხარება ან უბრალოდ ნაღველი შემოსწოლია, მეორეს კი ოდნავადაც არ აწუხებს, უდარდელად ბედნიერია? შეუძლებელია, რომ მწუხარების საგნები იყოს დამნაშავე მწუხარებაში, ქალები კი ომში! მაგრამ რატომღაც ეს მდგომარეობები არსებობს, ვნებები დუღს, მათით იტანჯებიან. იმიტომ, რომ ეს სამყაროებია: „მშვენიერი ელენეს სამყარო“ ან „მწუხარების სამყარო“. ყოვლისგამსჭვალავი ტონი გამოარჩევს მათ, როგორც მაღალი ვარსკვლავის სინათლე და აქცევს მათ ინდივიდებად. თუმცა თუ ვიტგენშტაინის პერეფრაზირებას მოვახდენთ, სამყაროს საგნობრივი შემადგენლიდან არაფერი ამბობს იმის შესახებ (და არ მივყავართ იმისკენ), რომ მას ვარსკვლავი ხედავს.

Scroll to Top