სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა

ლუკა ყაჭეიშვილი – ფილოსოფიის ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჯიდუ კრიშნამურტის წიგნი „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექსტად ითვლება მისი ფილოსოფიური და სულიერი შემოქმედებიდან. განსხვავებით ტრადიციული ფილოსოფიური ტრაქტატებისგან, ეს წიგნი შედგენილია ცოცხალი დიალოგებისა და საუბრების საფუძველზე, სადაც ავტორი უშუალოდ უპასუხებს შეკითხვებს. ამ ფორმამ განაპირობა წიგნის განსაკუთრებული ხასიათი. ის არ წარმოადგენს სისტემატურ თეორიას ან აკადემიურ დოქტრინას, არამედ ის აზროვნებისა და ძიების პროცესია, რომელიც მკითხველს უბიძგებს აქტიური მონაწილეობისა და შინაგანი დაკვირვებისკენ. კრიშნამურტის მთავარი გზავნილი ამ ტექსტში არის ის, რომ ადამიანის ცნობიერებაში აუცილებელია რადიკალური და სწრაფი ცვლილება. მისი აზრით, ადამიანი საუკუნეების განმავლობაში შეზღუდულია ტრადიციებით, მემკვიდრეობით მიღებული სქემებითა და ავტორიტეტებით, რომლებიც მის აზროვნებას ავტომატურ მექანიზმად აქცევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი გონება მუდმივად იმეორებს ძველი ცნობიერების შაბლონებს და ვერ ხედავს რეალობას უშუალოდ. კრიშნამურტი მკაფიოდ აცხადებს, რომ ერთადერთი ნამდვილი ცვლილება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ არსებობას მთლიანად, ყოველგვარი ინტელექტუალური გაშუალებისა და დროის ფაქტორის გარეშე.

წიგნის მთელი თემატიკა მოიცავს ადამიანური ყოფის უამრავი საკითხისა თუ პრობლემის განხილვას, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა მისი ანალიზი შიშისა და ტკივილის ბუნების შესახებ. კრიშნამურტი მიუთითებს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური ტანჯვის ძირითადი წყაროა მეხსიერება, რომელიც მუდმივად აღადგენს წარსულ გამოცდილებას და ამგვარად განაპირობებს შიშს მომავლის მიმართ. ამ მექანიზმის შედეგად გონება მუდმივად დაკავებულია წარსულითა და მომავალით და ვერ ცხოვრობს აწმყო რეალურობაში. გამოსავალი, მისი აზრით, უშუალო დაკვირვებაა ყოველგვარი შემფასებლობის გარეშე. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ახერხებს საკუთარი ფსიქოლოგიური სამყაროს პირდაპირ უშუალოდ დაკვირვებას, ხდება შინაგანი განთავისუფლება შიშისა და ტანჯვისგან. კრიშნამურტი ასევე მკვეთრად უარყოფს ავტორიტეტის კულტს. მისი აზრით, გურუები, რელიგიური ინსტიტუტები და ნებისმიერი ტიპის დოგმები მხოლოდ ხელს უშლიან ნამდვილ ცვლილებას, რადგან ისინი ქმნიან მიბაძვასა და მორჩილების კულტს. ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია ვერ მიიღწევა სხვისი მითითებით ან ავტორიტეტისადმი მორჩილებით. იგი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავად იძენს უშუალო ხედვას საკუთარი არსებობის შესახებ. აქ იგრძნობა მისი ერთგვარი ფილოსოფიური რადიკალიზმი. იგი მკითხველს არ სთავაზობს არცერთ მეთოდს, ტექნიკას ან სულიერ პრაქტიკას, რადგან ნებისმიერი მეთოდი კვლავ სისტემას ეკუთვნის. კრიშნამურტის გზავნილი არის მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული: „იყავი თავისუფალი ყოველგვარი ავტორიტეტისგან და თავად დაინახე, როგორ მოქმედებს შენი გონება. ჩემი აზრით, ნაშრომის ფილოსოფიური მნიშვნელობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ კრიშნამურტი ერთდროულად სცილდება როგორც დასავლურ რაციონალისტურ ტრადიციას, ასევე აღმოსავლურ მისტიციზმს. მისი აზროვნების სტილი არ ემორჩილება სისტემატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ მის ტექსტებში შეიძლება შევამჩნიოთ ბუდიზმის ან ინდური სულიერების გავლენა, კრიშნამურტი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ არ უნდა მოვექცეთ არცერთი ტრადიციული სისტემის ფარგლებში. იგი ცდილობს, შექმნას სრულიად ახალი სივრცე აზროვნებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია არა თეორია, არამედ უშუალო გამოცდილება და ცნობიერების ტრანსფორმაცია.

ჩვენს ეპოქაში „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. ტექნოლოგიური განვითარების, გლობალური კრიზისებისა და სოციალური დაძაბულობების პირობებში კრიშნამურტის მოსაზრებები ახდენენ ძლიერ რეზონანსს. მისი აზრით, კაცობრიობის ყველა კოლექტიური პრობლემა, იქნება ეს ომები, ძალადობა თუ სხვა, პირდაპირი შედეგია ინდივიდუალურ ცნობიერებაში არსებული არეულობისა და შიშისა. შესაბამისად გარე რეფორმები ვერ იქნება საკმარისი, თუ ისინი არ ემყარება შინაგან ცვლილებას. თუ გვინდა სამყაროს გარდაქმნა, პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ საკუთარი ცნობიერება და ეს უნდა მოხდეს არა ხვალ ან მომავალში, არამედ ახლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიშნამურტის ხედვა მოტივაციისა და შიშის შესახებ ახდენს პარალელებს თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მიდგომებთან, სადაც ყურადღება გამახვილებულია ცნობიერების უშუალო დაკვირვებასა და წარსულ ტრავმებთან განთავისუფლებაზე. ამავე დროს კრიშნამურტის მოსაზრებები იწვევს კრიტიკულ ფიქრს ფილოსოფიის სფეროშიც. შეიძლება თუ არა, უარვყოთ ყველა მეთოდი და მაინც შევინარჩუნოთ გარკვეული მიმართულება შინაგანი ტრანსფორმაციისკენ? სწორედ ეს კითხვები აქცევს მის ნაშრომს არა მხოლოდ სულიერ გზამკვლევად, არამედ ინტელექტუალურ გამოწვევადაც.

ამრიგად, „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ თანამედროვე ქართველი მკითხველისათვის არის წიგნი, რომელიც წარმოადგენს ფილოსოფიურ დიალოგს, ერთგვარ სარკეს თვითშემეცნებით დაინტერესებული ადამიანისათვის, რომელშიც იგი საკუთარ თავს დაინახავს. კრიშნამურტი მკითხველს არ აძლევს მზა პასუხებს, არამედ უბიძგებს უშუალო დაკვირვებისა და საკუთარი ცნობიერების შესწავლისკენ. წიგნი გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება და ცვლილება შეუძლებელია, ეტაპობრივად ან გარედან მოგვეცეს. ისინი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც გონება სრულად ხედავს საკუთარ მოძრაობას და საკუთარ თავს ათავისუფლებს წარსულის აჩრდილებისგან. ამას გულისხმობს, კრიშნამურტის სწავლების ძალა და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ეს ნაშრომი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე მკითხველისთვის როგორც პიროვნული ტრანსფორმაციის, ისე საერთოდ საკაცობრიო განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე.

Scroll to Top