ერთ-ერთი თავი სიორენ კირკეგორის წიგნიდან – „შიში და ძრწოლა“.
ფაუსტი არის ეჭვიანი,1 სულისაგან განდგომილი, რომელიც ხორციელებას მიეძალა. ეს პოეტის ინტერპრეტაციაა, თუმცა ითქმის, რომ ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ჰყავს, პოეტები ერთმანეთის მიყოლებით უშიშრად მიუყვებიან ამ გათელილ გზას. მოდით, მასში პატარა ცვლილება შევიტანოთ. იგი κατ’ ἐξοχήν [ძირითადად] ეჭვიანია, მაგრამ თანამგრძნობი ბუნებაც აქვს. ამის მიუხედავად, მე ფაუსტის გოეთესეულ ვერსიაშიც კი მაკლია ღრმა ფსიქოლოგიური გამოკვლევა ეჭვის საიდუმლო საუბრებზე, რომლებსაც საკუთარ თავთან აწარმოებს. ჩვენს ეპოქაში, სადაც ყველას დანამდვილებით აქვს გამოცდილი ეჭვი, ჯერ არცერთ პოეტს არ გადაუდგამს ნაბიჯი ამ მიმართულებით. ასე მგონია, მათთვის სახელმწიფო ობლიგაციები რომ შეგვეთავაზებინა, რათა მათზე თავიანთი გამოცდილების საერთო რაოდენობა დაეტანათ, ზედა კიდეზე მეტს ვერ გაავსებდნენ.
მხოლოდ მაშინ შეუძლია ეჭვს პოეტური ასპექტის ათვისება, როცა ადამიანი ფაუსტს საკუთარ თავად გარდაქმნის; მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს იგი თავის თავში ყოველ ტანჯვას რეალურად. ამის შემდეგ მან იცის, რომ არსებობას სწორედ სული ინარჩუნებს, თუმცა ისიც მოეხსენება, რომ დაცულობა და ბედნიერება, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, სულის ძალაზე კი არაა დაფუძნებული, არამედ ისინი ძალზე იოლად აიხსნება არარეფლექსირებული ნეტარებით.2 ეჭვიანი ადამიანი, ამ ყველაფერზე მაღლა იმყოფება, და თუ ვინმეს იმაში დარწმუნება სურს, რომ ეჭვი უკვე გადალახული აქვს, იგი ამას იოლად ხვდება, რადგან მას, ვისაც სულის სამყაროში შესრულებული აქვს უსასრულო მოძრაობა, მაშინვე შეუძლია მიხვდეს – გამოცდილი ადამიანი ესაუბრება თუ მიუნჰაუზენი.3 ის, რის გაკეთებაც თემურლენგმა თავისი ჰუნებით4 შეძლო, ფაუსტმა იცის, როგორ გააკეთოს თავისი ეჭვით – თავზარდაცემით გამოაღვიძოს ხალხი, თავის ფეხებქვეშ ააკანკალოს სამყარო, გახლიჩოს ადამიანები და ყველგან განგაშის წივილ-კივილი ატეხოს. და თუ იგი ამას აკეთებს, ის თემურლენგის მსგავსი როდია; გარკვეულწილად, უფლებამოსილია და ამ უფლებამოსილებას მას აზროვნება აძლევს. თუმცა მას გააჩნია თანამგრძნობი ბუნება, უყვარს არსებობა, მისმა სულმა არ იცის შური, იგი ხვდება, რომ არ შეუძლია იმ მრისხანების დაშოშმინება, რომლის გამოწვევაც ძალუძს, არავითარი ჰეროსტრატეს რეპუტაციისკენ5 არ ისწრაფვის – სიჩუმეს ინარჩუნებს, თავის ეჭვს თავისივე სულში იმაზე უფრო სიფრთხილით მალავს, ვიდრე გოგონა სიყვარულის ცოდვილ ნაყოფს – გულში; ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ადამიანებს ფეხი აუწყოს, თუმცა რაც მის შიგნით ხდება, ამას შთანთქავს და, ამდენად, საყოველთაოსთვის საკუთარ თავს სწირავს.
როცა დროდადრო ვინმე უზრდელი ეჭვის ქარბორბალას დაატრიალებს, ადამიანები იტყვიან ხოლმე: ნეტავ, ჩუმად ყოფილიყო. ფაუსტი ამ იდეას შეესაბამება. მას, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს, თუ რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება ადამიანისთვის, ისიც მოეხსენება, რას ნიშნავს ეჭვის შიმშილი და ისიც – ეჭვიანს ისევე შია „პური ჩვენი არსობისა“6, როგორც სულიერი საზრდო. მიუხედავად იმ შესაძლებლობისა, რომ ფაუსტის ყველა აგონია შეიძლება კარგი არგუმენტი იყოს, რომ სიამაყით არ არის შეპყრობილი, მაინც მივიღებ სიფრთხილის ზომებს, რომელთა მოფიქრებაც ჩემთვის საკმაოდ იოლია, ვინაიდან როგორც გრიგოლ რიმინელს7 ეწოდა tortor infantium [ჩვილთა მწამებელი], რადგან ჩვილთა წარწყმედა დაუშვა, შეიძლება მეც ვცდუნდე და საკუთარ თავს tortor heroum [გმირთა მწამებელი] ვუწოდო, რადგან, როცა საქმე გმირთა წამებაზე მიდგება, ამაში უაღრესად შემოქმედებითი ვხდები. ფაუსტი ხედავს მარგარიტას, მაგრამ არა მას შემდეგ, რაც ხორციელი ლტოლვა არჩია, რადგან ჩემი ფაუსტი ხორციელ ლტოლვას საერთოდაც არ ირჩევს; იგი მარგარეტს არათუ მეფისტოფელის ჩაზნექილ სარკეში,8 არამედ მთელი მისი სათაყვანებელი უმანკოებით ხედავს, და იმდენად, რამდენადაც მისმა სულმა ადამიანების მიმართ სიყვარული შეინარჩუნა, ახლა ქალის შეყვარებაც უფრო იოლია. თუმცა ეჭვიანია; თავისივე ეჭვმა რეალობა მოუსპო; ჩემი ფაუსტი იდეალურია. ის არ ჰგავს იმ მეცნიერ ეჭვიანებს, რომლებიც ყოველ სემესტრში კათედრაზე ერთი საათით ეჭვობენ, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფრის გაკეთებას (მათ შორის, ეჭვიანობისაც) სულის ან სულის ძალის გარეშე ახერხებენ. იგი ეჭვიანია, ეჭვიანს კი ისევე შია „პური ჩვენი არსობისა“, როგორც სულიერი საზრდო. თუმცა მაინც თავისი გადაწყვეტილების ერთგული რჩება, სიჩუმეს ინარჩუნებს და თავისი ეჭვის შესახებ არავის არაფერს ეუბნება. რასაკვირველია, არც მარგარეტს უტყდება სიყვარულში.
თქმაც არ სჭირდება, რომ ფაუსტი ზედმეტად იდეალური ფიგურაა, ისეთი უაზრობებით რომ დაკმაყოფილდეს, როგორიცაა: ის თუ დაილაპარაკებდა, საჯარო დისკუსიას გამოიწვევდა, ან მთელი ეს ამბავი ყოველგვარი შედეგის გარეშე ჩაივლიდა, ან ის, ან კიდევ ეს. (აქ, და ამას ნებისმიერი პოეტი ადვილად დაინახავს, არის სიუჟეტის უმოქმედო კომიკური ელემენტი, რომელიც ფაუსტს ირონიულად აკავშირებს იმ მდორე იუმორის მქონე სულელებთან, ვინც ჩვენს ეპოქაში ეჭვს დასდევენ, წარმოადგენენ გარეგან არგუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ რეალურად დაეჭვდნენ – მაგალითად, სადოქტორო დიპლომს – ან იფიცებიან, რომ ყველაფერში შეიტანეს ეჭვი, ან ამას იმით ამტკიცებენ, რომ თავიანთ მოგზაურობაში ეჭვიანს ერთხელ მაინც შეხვდნენ; ფაუსტი უკავშირდება სულიერი სამყაროს იმ შიკრიკებსა და მორბენალებს, რომლებიც აჩქარებით აგროვებენ ერთი ადამიანისგან ცოტაოდენ ეჭვს, მეორისაგან – ცოტაოდენ რწმენას, მერე კი საქმეს შესანიშნავად აწარმოებენ იმაზე დაყრდნობით, თუ რა სურს მრევლს: ქვიშა თუ ხრეში.)9 ფაუსტი ზედმეტად იდეალური ფიგურაა, რომ საწოლ ოთახში საშინაო ფეხსაცმლით იაროს. ვისაც არ გააჩნია უსასრულო ვნება, არ არის იდეალური, ხოლო მას, ვისაც ზემოხსენებული გააჩნია, უკვე დიდი ხანია გადარჩენილი ჰყავს თავისი სული ასეთი უაზრობისგან. სიჩუმეს ინარჩუნებს, რათა საკუთარი თავი გასწიროს – ან ლაპარაკობს და იცის, რომ ამით ყველაფერს აურევს.
თუ ის მდუმარებას ინარჩუნებს, მაშინ მას ეთიკა კიცხავს: „შენ აუცილებლად უნდა აღიარო საყოველთაო, ის უნდა აღიარო საუბრით, და არ უნდა გაბედო, რომ საყოველთაოს თანაგრძნობაზე უარი თქვა“. წარმოთქმული ფრაზა მაშინაც უნდა გვახსოვდეს, როცა ეჭვიანს ლაპარაკის გამო მკაცრად განსჯიან ხოლმე. არც მე ვაპირებ მის განსჯას მსუბუქად, თუმცა აქ, როგორც ყველგან, მთავარი აზრი ისაა, რომ მოძრაობები ნორმატიულად სრულდება. თუ ცუდს კიდევ უფრო ცუდი მოჰყვება, ეჭვიანი – თუმცა ლაპარაკით მას ამ ქვეყნისთვის ყველანაირი უბედურება მოაქვს – მაინც უნდა სჯობდეს აუტანელ ქარაფშუტებს, რომლებიც ყველაფერს სინჯავენ და ეჭვისაგან განკურნება ამ უკანასკნელის გაცნობიერების გარეშე სურთ; როგორც წესი, ისინი თავად არიან მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვრცელდება ეჭვი ასე თავაწყვეტილად და უმართავად. საუბრით მას ყველაფერში არეულობა შეაქვს, რადგან მაშინაც კი, თუ ეს არ მოხდება – იგი კარგა ხანს ვერ გაიგებს, აი, საუბრის შედეგი კი ადამიანს ვერც მოძრაობის მომენტში დაეხმარება და ვერც პასუხისმგებლობასთან მიმართებით.
თუ იგი მდუმარედ დარჩენის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, სავარაუდოდ, შეუძლია, რომ დიდსულოვნად იმოქმედოს, თუმცა ამით იგი თავის სხვა აგონიებს კიდევ პატარა სულიერ გამოცდას მიამატებს, რადგან საყოველთაო მას მუდმივად გააწამებს და ეტყვის: ხმა უნდა ამოგეღო. რით დარწმუნდები, რომ შენი გადაწყვეტილება ფარულმა სიამაყემ არ გამოიწვია?
თუმცა, თუ ეჭვიანს შეუძლია გახდეს ცალკეული ინდივიდი, რომელიც, როგორც ცალკეული ინდივიდი, აბსოლუტთან აბსოლუტურადაა დაკავშირებული, მაშინ მას შეუძლია რომ თავისი მდუმარებისთვის ნებართვა აიღოს. ამ შემთხვევაში, მან თავისი ეჭვი ბრალეულობად უნდა აქციოს. ასეთ დროს, იგი პარადოქსშია, თუმცა ეჭვისაგან განკურნებული, მაშინაც კი, თუ მას სხვა ეჭვი შეიძლება აწუხებდეს.
ასეთ მდუმარებას ახალი აღთქმაც კი აღიარებს. მასში ადგილებიც კია, სადაც ირონია იმ პირობით იქება, რომ იგი უკეთესი წილის დასამალად გამოიყენება.10 თუმცა კონკრეტული მოძრაობა იმდენადვეა ირონიული, რამდენადაც ყველაფერი ის, რისი ამოსავალი დებულებაც შემდეგია: სუბიექტურობა11 სინამდვილეზე ამაღლებულია. ჩვენს ეპოქას ამასთან მიმართებით არაფრის გაგება სურს; მთლიანობაში, მას არ სურს ირონიის შესახებ გაიგოს იმაზე მეტი, რაც თქვა ჰეგელმა, რომელმაც, ჩვენდა გასაკვირად, ირონიას ბევრი ვერაფერი გაუგო და მასზე გულში წყენაც კი ჩაიდო. და ვინაიდან ჩვენი ეპოქა ირონიისგან თავდაცვას საჭიროებს, როგორც ჩანს, ეს საკმარისი მიზეზია, რომ ჰეგელის ხედვაზე ხელი არ ავიღოთ. მთაზე ქადაგებისას იესო ამბობს: „ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას“12. აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ სუბიექტურობა სინამდვილის არათანაზომიერია და რეალურად გააჩნია ტყუილის უფლება. ადამიანებს, რომლებიც ჩვენს დროში დალასლასებენ და რელიგიური ძმობის იდეას ყოველი შემთხვევისთვის მიმოიხილავენ, უბრალოდ ახალი აღთქმა რომ წაეკითხათ, შეიძლება ახალი აზრებიც გასჩენოდათ.
შენიშვნები:
1.თუ ეჭვიანის გამოყენება არ გვსურს, შეგვიძლია მისი მსგავსი ფიგურა ავირჩიოთ, მაგალითად, ირონისტი, რომლის მახვილმა თვალმაც ძირფესვიანად აღმოაჩინა ცხოვრების კომიკურობა და რომლის საიდუმლო გაგებამაც სასიცოცხლო ძალებთან მიმართებით დაადასტურა, თუ რა სურს პაციენტს. მან იცის, რომ გააჩნია სიცილის ძალა, და თუ მას ამ ძალის გამოყენება სურს, იგი დარწმუნებულია თავის წარმატებაში – მეტიც, თავის ბედნიერებაში. მან იცის, რომ მის შესაკავებლად ამაღლდება ერთი მარტოსული ხმა, თუმცა, იმასაც აცნობიერებს, რომ მასზე ძლიერია. მან იცის, რომ წამიერად შეიძლება ადამიანები დაასერიოზულო, თუმცა ისიც მოეხსენება, რომ ფარულად მათ ერთი სული აქვთ, რომ მასთან ერთად იცინონ; მან იცის, რომ გარკვეულ მომენტში ქალს შეიძლება სახეზე მარაო ააფარებინო, თუმცა ისიც იცის, რომ მარაოს უკან ქალი უთუოდ იცინის. მან იცის, რომ მარაო სახეს მთლიანად არ ფარავს; მან იცის, რომ მავანმა შეიძლება მასზე უჩინარი შეტყობინება წააწეროს; მან იცის, რომ, როცა ქალი მარაოს მისი მიმართულებით აქნევს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ მიუხვდა. მას გააჩნია შეუცდომელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იპარება სიცილი ადამიანში და ცხოვრობს იქ ფარულად, როგორ უყურებს და ელოდება, როცა კი მასში სამყოფელს დაიმკვიდრებს. მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი არისტოფანე, ოდნავ შეცვლილი ვოლტერი, რაკი ისიც თანაგრძნობითაა აღსავსე: მას უყვარს არსებობა, უყვარს ადამიანები, და იცის, რომ, მაშინაც კი, თუ სიცილით მხილებამ შეიძლება ახალი, გამოხსნილი თაობა დაბადოს, ამავდროულად ეს მის თანამედროვეთა დიდი ნაწილს მოსპობს. ჰოდა, რჩება მდუმარედ და შეძლებისამებრ ივიწყებს, თუ როგორ უნდა გაიცინოს. მაგრამ გაბედავს კი, მდუმარების შენარჩუნებას? შეიძლება ზოგიერთს უბრალოდ არ ესმის ის სირთულე, რომელზედაც ვლაპარაკობ. ის-ინი ალბათ ფიქრობენ, რომ ჩუმად დარჩენა საუცხოო დიდსულოვნებაა. მე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რადგან, მჯერა, რომ, ის, ვინც იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ არასდროს ჰქონია დიდსულოვნება, დარჩენილიყო მდუმარედ, არის არსებობის მოღალატე. აქედან გამომდინარე მე მისგან ამ დიდსულოვნებას ვითხოვ; თუმცა, თუ მას უკვე გააჩნია ეს, მაშ, იგი სიჩუმის შენარჩუნებას ბედავს? ეთიკა ცოდნის საშიში დარგია და სავსებით შესაძლებელია, რომ, წმინდად ეთიკური მიზეზებით, არისტოფანემ გადაწყვიტა, სიცილისთვის ბიწიერი ეპოქის განსჯის ნება დაერთო. ესთეტიკურ კეთილშობილებას დახმარება არ შეუძლია, რადგან ადამიანები ასეთ ქმედებებს ამ მხრივ არ ახორციელებენ. ის თუ მდუმარედ დარჩენას აპირებს, პარადოქს უნდა შეურთდეს… როგორც კიდევ ერთი სიუჟეტი, მაგალითისთვის, შემოგთავაზებთ, რომ მავანს გააჩნდეს გმირის ცხოვრების თავისებური ინტერპრეტაცია, თუმცა ეს ინტერპრეტაცია იყოს უვარგისი და, ამის მიუხედავად, მთელ თაობას აბსოლუტურად სჯეროდეს მისი ისე, რომ ასეთ რამეზე ოდნავადაც არ ეჭვობდეს. (ავტ. შენიშვ.)
2. იგულისხმება ბედნიერება, რომელსაც ადამიანი იღებს ცხოვრებით ყოველგვარი შეკითხვებისა და ეგზისტენციალური ჭიდილის გარეშე.
3. მათეს სახარება 6:17-18.
4. ბარონი მიუნჰაუზენი – ბევრი გერმანული ზღაპრის და მხატვრული ნაწარმოების ბაქია, მატყუარა პერსონაჟი.
5. ჰუნები – ავტორი გულისხმობს დამპყრობელ, მოთარეშე ძალას და არა ისტორიულ ხალხს.
6. ჰეროსტრატე – ეფესოში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად არტემიდას ტაძარი, მსოფლიოს შვიდ
საოცრებათაგან ერთ-ერთი, დაწვა.
7. მათეს სახარება 6:11.
8. გრიგოლ რიმინელი (1300-1358) – სქოლასტიკური ფილოსოფიის მიმდევარი. მისი აზრით, ჩვილი ბავშვები, რომლებიც მონათვლის გარეშე იღუპებოდნენ, ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ.
9. გოეთე, ფაუსტი.
10. Ludvig Holberg, Erasmus Montanus: „ქვიშა გსურთ თუ უბრალო მიწა?“
11. მათეს სახარება 6.
12. ჭეშმარიტი შინაგანობა, სულიერება.