წინასიტყვაობა ბეტინა ბრენტანოს წიგნიდან „გოეთეს მიმოწერა ბავშვთან“.
ეს წიგნი 1835 წელს, გოეთეს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, გამოიცა და არა მხოლოდ ავტორს გაუთქვა სახელი, არამედ, შეიძლება ითქვას, გოეთეს ხელახალ განდიდებასაც ჩაუყარა საფუძველი. გოეთეს გვიანდელი თხზულებები მხოლოდ შედარებით ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი, მისი სიყმაწვილისდროინდელი ნაწარმოებებით აღტაცება კი იმ დროისათვის მეტნაკლებად დამცხრალიყო. ახალგაზრდა მწერლებში გოეთესადმი ანტიპათია შეიმჩნეოდა. აი, სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ეს მიმოწერა და გოეთეს, როგორც ვაიმარის კლასიკის ფუძემდებლისა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის, საუკუნოვან მითოსს ჩაუყარა საფუძველი.
წიგნის ავტორი ფრანგულ-იტალიურ-გერმანული წარმოშობის ბეტინა ბრენტანო, მკაცრად თუ განვსჯით, არც მწერალი გახლდათ და, მით უფრო, არც პოეტი, თუმცა განგებამ რომანტიკოს ლიტერატორთა იმდენად კაშკაშა თანავარსკვლავების არეში მოაქცია და საკუთარ თავშიც იმდენად ძლიერ შემოქმედებით მუხტს დაატარებდა, რომ გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვან წარმომადგენლად იქცა. ცხადია, მასზე დიდი გავლენა უახლოესმა გარემოცვამაც მოახდინა: შეძლებული ფრანკფურტელი ვაჭრის, პეტერ ანტონ ბრენტანოს, ოჯახში 1785 წელს დაბადებული ბეტინა ორ დიდ გერმანელ რომანტიკოს პოეტს, ე.წ. ჰაიდელბერგის სკოლის წარმომადგენლებს, ენათესავებოდა – კლემენს ბრენტანოს (1778-1842) ღვიძლი და და ახიმ ფონ არნიმის (1781-1831) მეუღლე იყო.
შეიძლება ითქვას, ამ წიგნის იდეას ბეტინა სიყრმიდან გულში დაატარებდა. ბავშვობაში, მონასტრის სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ, გრილენჰიუტეს მშობლურ მამულში მან აღმოაჩინა გოეთეს წერილები, რომლებსაც ახალგაზრდა გოეთე 1772-1775 წლებში ბეტინას ბებიას, სოფი ფონ ლაროშს,1 სწერდა. გოგონამ სწორედ ამ წერილებიდან შეიტყო, რომ გოეთეს ახალგაზრდობაში მისი დედა, იმხანად უკვე გარდაცვლილი მაქსიმილიანე ჰყვარებია. მაქსის ქალიშვილმა ბეტინამ ამ სიყვარულში თავი ერთგვარად დედის მემკვიდრედ იგრძნო. გულდაგულ გადაწერა ეს წერილები, შემდეგ კი გოეთეს დედას ეწვია. ხანდაზმულმა, თუმცა ხალისიანმა და ადამიანთა გულდაგულ მცოდნე ქალბატონმა ცნობისმოყვარე და მგრძნობიარე გოგონა დაიახლობლა. ამ მეგობრობას გერმანული ლიტერატურა თავის რამდენიმე მშვენიერ ქმნილებას უმადლის. ბეტინას შეეძლო დაუღალავად ესმინა მონაყოლი გოეთეს სიყმაწვილის შესახებ. უფრო ხშირად მოსმენილის ჩასანიშნად გვერდით რვეული ედო.
გოეთესთან პირველი ვიზიტის შემდეგ ბეტინამ თავის ძმას, კლემენსს, ასეთი წერილი მისწერა: „მიგულე უბედნიერეს არსებად, ჩემო კარგო კლემენს! როგორც იქნა, ამოვუყევი კიბეს, სადაც მარმარილოს ორი მოღიმარი ქანდაკება შემომეგება. მთელი სახლი მშვიდი და გოროზია. – პატარა გრავიურებითა და ნახატებით სავსე ოთახში ვიცდიდი. ერთ მადონას გრავიურასთან შევჩერდი და ჩემს თავს შევეკითხე, ნეტავ, გოეთე რაზე ფიქრობდა, როდესაც ასეთ ლამაზ ჩარჩოში ჩაასმევინა-მეთქი. ამასობაში შემოვიდა კიდეც, მომესალმა, თავისი ოთახისაკენ გამიძღვა. დავჯექი თუ არა, თავისთვისაც მოსწია სკამი. აჰა, ახლა კი ვისაუბროთ დაღამებამდე! ბევრი მელაპარაკა არნიმზე, რომელიც ნამდვილად უყვარს. აგრეთვე შენზეც მითხრა ბევრი რამ, კეთილი და მშვენიერი, რაც ძალზე მეამა. ის ხომ უაღრესად სამართლიანი, მოწყალე და შემწყნარებელია, ჭეშმარიტი კრძალვით ეპყრობა მას, ვინც მოწიწებითა და გულწრფელი სიყვარულით წარუდგება. ასეთი ადამიანი მის გვერდით უსათუოდ იპოვის შვებას. რაც კი ენაზე მომადგებოდა, ყველაფერს ვლაქლაქებდი, ის კი ამით კმაყოფილი იყო. ვუთხარი, რომ მისი ცხოვრება მინდა აღვწერო, გაუხარდა და წამახალისა კიდეც საამისოდ. ისეთი პატივით მესაუბრა, გამიკვირდა, რასაც ვამბობდი, ყველაფერს ასე სერიოზულად როგორ იღებს-მეთქი. შევეკითხე კიდეც ამის თაობაზე. ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება, ჩემს გულთან ყველა ადამიანს როდი მიესვლებაო, – ასე მიპასუხა. ძვირფასო კლემენს, ვინც ეს ადამიანი ერთხელ მაინც ჩემსავით ნახა და ჩემსავით არ შეიყვარა, მისი ნახვის ღირსი არ ყოფილა. და, თუ მას მთელი მსოფლიო არ აღიარებს, მაშინ ბეტინა ზარზეიმით იღაღადებს მის დიდებაზე, ხოლო არნიმი, რომელსაც გოეთე აგრეთვე წრფელი გულითა და უშუალოებით უყვარს, ხელში დროშას ააფრიალებს. დამშვიდობებისას თითზე ბეჭედი ჩამომაცვა და თავისი ბიოგრაფიის ჩემეული გეგმა ერთხელაც შემახსენა. მაგრამ მისი ცხოვრების შესახებ არ დავწერ, ეს არ შემიძლია: მისი ცხოვრების სურნელებას მოვიხელთებ, აღვწერ და მის სახსოვრად საუკუნოდ შემოვინახავ. ოჰ, ძვირფასო კლემენს, ძალიან მოხიბლული ვარ: მასთან ისე მშვიდად ვიყავი, ისე მეპყრობოდა, როგორც ყმაწვილები ეპყრობიან ერთურთს თამაშისას“.
„მისი ცხოვრების სურნელს შემოვინახავ“ – სწორედ ესაა, რაც ბეტინამ თავისი შეუდარებელი წიგნით ამ წერილის დაწერიდან ოცდარვა წლის შემდეგ შეძლო.
კლემენსისადმი ეს წერილი 1937 წლამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო. არადა უტყუარობის თაობაზე გამართული რამდენი ფილოლოგიური კამათი, „სიყალბის“ შესახებ რამდენი ავისმოსურნე სიტყვა ასცდებოდა გოეთესა და ბეტინას მიმოწერას, ამ წერილის არსებობა ადრე რომ სცოდნოდათ. რადგან მანამდე დიდი ეჭვი არსებობდა იმისა, რომ ასაკოვანმა ბეტინამ გოეთესთან თავისი სიყმაწვილისდროინდელი მიმოწერის სახით მკითხველს მოგვიანებით შეთხზული ფალსიფიკაცია შესთავაზა.
თუმცა ისიც ცხადია, რომ საქმე უბრალოდ წერილების ფილოლოგიურ გამოცემასთან არ გვაქვს. ბეტინას განსაკუთრებული ნიჭის წყალობით რეალური მიმოწერის საფუძველზე იშვიათი ხიბლის მქონე ნაწარმოები შეიქმნა, მართლაც იმ ეპოქისა და იმდროინდელ ურთიერთობათა განუმეორებელ სურნელს რომ შეიცავს. „მეტყველებისა და აზრის სიმძლავრით ვერცერთი წიგნი ვერ გაუტოლდება“ – ასე შეაფასა ბეტინას ეს ნამუშევარი ლიტერატურის ისტორიკოსმა, ცნობილმა მეზღაპრე იაკობ გრიმმა.
მიმოწერის დიდ ნაწილს თვით ბეტინას ენამჭევრი და ემოციური წერილები შეადგენს, გოეთე ხშირად მოკლედ უპასუხებდა ან სულაც მდივანს ავალებდა პასუხის მიწერას. თუმცა ბეტინას წერილები რომ ბევრს ნიშნავდა მისთვის, ამაზე ის ფაქტი მოწმობს, რომ გოეთე სთხოვდა, უფრო ხშირად მიეწერა და მისი წერილები მოგზაურობებში მუდამ თან დაჰქონდა. გულახდილად რომ ვთქვათ, გოეთეს პასუხები არაფრითაა ღირსშესანიშნავი. გოეთეს სტრიქონების გულგრილობას გოგონა ხშირად მწარედ განიცდიდა. გოეთეს დამოკიდებულება ბეტინასადმი ასე უნდა გავიგოთ: იგი აღფრთოვანებით შესცქეროდა თავის ნორჩ „თაყვანისმცემელს“, ბუნებრივი და უშუალო ხიბლით შემკულ ამ გონებამახვილ „ბავშვს“, მაგრამ 36 წლით უფროს კაცს ეს გადამეტებული ტრფობა უხერხულად ეჩვენებოდა. გოეთეს პირადი მდივანი ეკერმანი2 ასეთი აზრისა იყო: „ბეტინა მოხუცისგან იმასვე ითხოვდა, რაც ჭაბუკმა უკვე განახორციელა. ხატოვნად თუ ვიტყვით, სთხოვდა: სჯობს, „გიოცის“3 მსგავსი რამ დაწერო, ვიდრე სახელოვნებათმცოდნეო შრომებს უკირკიტოო“.
წიგნი სამი ნაწილისგან შედგება: მიმოწერა გოეთეს დედასთან, მიმოწერა გოეთესთან და დღიური, ანუ ისევ და ისევ გოეთესადმი წერილები, ოღონდაც დღიურის ფორმით ნაწერი. რადგან ეს სტრიქონები გასაგზავნად არ იწერებოდა, აქ გრძნობათა ნიაღვარი უფრო მძლავრია, ვიდრე წერილებში, რომლებშიც მუდამ დამამშვიდებელი შეგონების მოლოდინი იგრძნობა.
ამასობაში გამოქვეყნდა გოეთესა და ბეტინას „ნამდვილი“ მიმოწერა – ბეტინას არქივში ნაპოვნი წერილები. როდესაც მათ ბეტინას მიერ გამოცემულ წიგნს ვადარებთ, ბეტინას ნიჭი გვაოცებს, რადგან მან გოეთეს გრანდიოზული ფიგურა და მისი დროის უმნიშვნელოვანესი მოვლენები ძალზე ცოცხლად წარმოაჩინა და, ამასთან, წერილების შინაგანი ხასიათიც შეინარჩუნა. 1811 წელს მათ შორის მომხდარ განხეთქილებას მიმოწერაში ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. თუმცა „გოეთეს მიმოწერა ბავშვთან“ ამ დროისთვის უკვე დასრულებული იყო, რადგან ის ბეტინა, რომელიც ათი წლის შემდეგ მოუხმობს: „შენ უნდა გელაპარაკო!.. შენ, გენიოსო! მფარველო და აღმანთებელო!“ – ის ბეტინა უკვე ბავშვი აღარ იყო, თუმცა ბუმბერაზი გოეთეს წინაშე თავს კვლავაც ისე უმეცრად და გულუბრყვილოდ აცხადებს, „როგორც სიცოცხლის პირველ დღეს“…
ბეტინას წიგნმა არა მხოლოდ თანამედროვეთა ყურადღება მიიპყრო, არამედ შემდგომ ეპოქათა ლიტერატურაზედაც იქონია გავლენა. ავსტრიელი პოეტი რაინერ მარია რილკე (1875-1926) თავის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ რომანში „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები“ (1910), რომელიც ევროპულ კულტურასა და ისტორიაში ღრმა წიაღსვლებს შეიცავს, ბეტინასა და გოეთეს მიმოწერაზედაც მსჯელობს. რილკეს არაერთი კერძო წერილი მოწმობს იმას, რომ რომანზე მუშაობის პერიოდში, კერძოდ, 1908 წლის აგვისტო-სექტემბერში, ის ბეტინას წიგნს კითხულობდა. რილკეს მიერ სიდონია ნადერნი ფონ ბორუტენისადმი 1908 წლის 5 სექტემბერს მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „თვითონაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ახალი სამუშაოსათვის შუა მზადებაში ბეტინა ფონ არნიმის გოეთესადმი მიწერილ წერილებს ვკითხულობ; მხოლოდ მას იმიტომ ვახსენებ, რომ პოეტის ნაღვლიანი და დაძაბული პასუხები დიდად მადარდიანებს. მაინც რა გაუბედავი მამაკაცი ყოფილა გოეთე, რა თავგზააბნეული და ტრადიციული ყოფილა სატრფოს როლში, რაკი ამ დიდებულ ცეცხლს ასე უხალისო და უღონო მცდელობებით უპასუხებდა!“
რომანში მთავარი პერსონაჟის – ბიჭუნა მალტეს გაუთხოვარი დეიდა აბელონე ბეტინას წიგნს კითხულობს. აბელონე, ისევე, როგორც ბეტინა, რილკეს ფილოსოფიის ფარგლებში იმ იდეალური მეტრფე ქალის განსხეულებად გვევლინება, რომლის სიყვარულსაც სატრფოს გულგრილობა მხოლოდ აძლიერებს და უმაღლეს სულიერ დონეზე აჰყავს, საპასუხო გრძნობა კი ზრდაში აჩერებს და მიწიერ ფარგლებში კეტავს. რილკე ფიქრობდა, რომ მამაკაცს იდეალური სიყვარულის უნარი არ შესწევს, ამიტომაც ბეტინასა და გოეთეს ურთიერთობა სიყვარულის ამ კონცეფციის ყველაზე მეტყველ ნიმუშად მიაჩნდა. რომანში ვკითხულობთ:„…ეს წიგნი, ერთხელ რომ შეერია, მერე სამუდამოდ დარჩა კიდეც იმ წიგნებში, რომლებსაც განუყრელად თან დავატარებ. მეც იმ ადგილას გადამეშლება ხოლმე, სადაც მაშინ აბელონემ გადაშალა და, როცა ვკითხულობ, არც კი ვიცი, ბეტინაზე ვფიქრობ თუ აბელონეზე. არა, ბეტინა უფრო განამდვილდა ჩემში, ხოლო აბელონე, რომელსაც ნამდვილად ვიცნობდი, მისი მომამზადებელი საფეხური გახლდათ. და ახლა ბეტინაში გადამეზარდა, როგორც მისსავე საკუთარ, მის უნებლიედ მისგან გამომდინარე არსებაში, რადგან ბეტინამ – ამ უვრცელესმა ხატებამ ქალის – ადგილი დაუტოვა თავის წერილების უსაზღვრო სივრცეში. მან იმთავითვე ისე განავრცო სამყაროში თავისი თავი, ისე განზავდა ყოველივეში, თითქოს საკუთარი სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა. ყველგან ღრმად შეიჭრა ყოფიერებაში, ყველანაირი არსებობის წილი და ზიარი, და, რაც ემართებოდა, ბუნებისმიერი და ბუნებრივი იყო ყოველთვის. ბუნებაში შეიცნო მან თავისი თავი და თითქმის მტკივნეულად გაიწოვა უკანვე: მან ხელახლა გამოიცნო ბუნებაში გაღვრილი თვისი არსება, თითქოს თქმულებებში ეპოვოს იგი, როგორც სული თილისმურად გაიხმო უკან და გაუძლო.
თითქოს წუთის წინ იყავი აქ, ბეტინა, – გხედავ! განა დედამიწა ისევ თბილი არ არის შენით? და ჩიტებიც კვლავ სივრცეს უთმობენ შენი ხმის წკრიალს, ნამი, ალბათ, ის აღარაა, მაგრამ ვარსკვლავები ხომ იგივეა – შენს ღამეებშიც ხომ ესენი ენთნენ! და განა მთელი ვრცელი სამყარო შენით არ არის? რადგან, გაიხსენე, თუ რამდენჯერ მიეც იგი ცეცხლს: შენეული სიყვარულით ააგიზგიზე, დაინახე, როგორ გაჩაღდა, დაიფერფლა, ისევ აენთო, და რამდენჯერ შეცვალე სხვა სამაყროთი, როცა ყველას მშვიდად ეძინა. რა თანხმობაში იყავი ღმერთთან. როცა მას ყოველ ცისმარე დღეს დედამიწას ევედრებოდი, რათა ყველა იქ მისულიყო, ყველა, ვინც შექმნა. უბადრუკობად გეჩვენებოდა დედამიწის დაზოგვა, გაუმჯობესება, შენ მას ბოლომდე ხარჯავდი და ხელებს იწვდიდი სულ უფრო დიდი სამყაროსათვის, რადგან შენი სიყვარული ყოველივეს შეზრდოდა.
განა შეიძლება, რომ ირგვლივ ყველა შენს სიყვარულზე არ ლაპარაკობს? განა უფრო დიდი რა სასწაული მოხდა მას შემდეგ? უფრო დასამახსოვრებელი? ნეტავ, ასეთს რას საქმიანობენ, რომ არ სცალიათ? თავადვე იცოდი შენი სიყვარულის ფასი და ყადრი და ხმამაღლა უთხარი შენი ქვეყნის უდიდეს პოეტს, რომ იგი შენს გრძნობას მეტისმეტად ადამიანურს ხდიდა. ეს სიყვარული ჯერ ისევ სტიქიონი იყო, მან კი, პოეტმა, ხალხს მოჰფინა, როცა მოგწერა. აწ ამ პასუხებს კითხულობს ყველა და მათი უფრო ესმით და სჯერათ, ვიდრე შენი სიყვარულისა, რადგან ხალხისთვის პოეტი მუდამ ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ბუნება. მაგრამ ერთხელაც ეგებ გამოჩნდეს, რომ ხსენებული პასუხები იყო სწორედ ზღვარი მისი სიდიადისა. ეს მეტრფე ქალი მას დაეკისრა და მან ვერ გაუძლო ამ დავალებას. აბა, რას ნიშნავს: „პოეტს არ შეეძლო მის გრძნობაზე ეპასუხაო“. ასეთ სიყვარულს შეგებება არა სჭირდება, იგი ძახილსაც და პასუხსაც თვითონ შეიცავს. იგი თავის თავს თვითონ უსმენს, თვითონ შეისმენს. პოეტს მართებდა, თვინიერებით აღვსილიყო წინაშე ამ სიყვარულისა და პატმოსზე მუხლმოდრეკილ იოანესავით დაჩოქილს ჩაეწერა ორივე ხელით, რასაც ეს ხმა უკარნახებდა, და ეღაღადა მთელ სამეფოში. ამ ხმის წინაშე არჩევანი არ არსებობდა, ხმისა: „ანგელოზთა სამსახურად რომ ამწესებდა“. ეს ხმა მოვიდა, რათა პოეტს შემოხვეოდა და მარადისობის სიმაღლეში ზეაეტაცა, ის იყო ეტლი მისი ცეცხლოვანი ცადამაღლებისთვის. ამ სიყვარულმა მას განუმზადა სიკვდილის ცხელი, ბნელი მითოსი, რომელშიც იგი ვერ ჩასახლდა და გააცუდა“.4
რაოდენ პარადოქსული, – თუმცა იქნებ სწორედაც კანონზომიერია ის, რომ თვით რილკეც, ზუსტად გოეთეს მსგავსად, ემოციური და, გარკვეულწილად, ადამიანური თვალსაზრისით ბანკროტი აღმოჩნდა მისი თანამედროვე ერთ-ერთი უდიდესი პოეტი ქალის, მარინა ცვეტაევას, წინაშე, რომელმაც მას 1926 წელს გასულიერებული აღტაცებით სავსე შთაგონებული წერილებით მიმართა. თუმცა რილკეს გამართლების სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წელიწადს მოხდა, როდესაც პოეტი უკურნებელი სენით იყო დასუსტებული და, გარდა ამისა, თავისი ფილოსოფიური ლირიკის შედევრების, „დუინური ელეგიებისა“ და „სონეტების ორფევსისადმი“ დასრულების შემდეგ, თავის ანგელოზებსა და დემონებთან ჭიდილით შინაგან გამოფიტულობას განიცდიდა; მიუხედავად ამისა, მარინაში ბეტინას მსგავსი სრულყოფილი მეტრფე ქალი ამოიცნო და ათი დუინური ელეგიის კვალდაკვალ მეთერთმეტე ელეგია სწორედ მას მიუძღვნა.
ცვეტაევას – მოსკოველი პროფესორის ქალიშვილს, სიყრმიდანვე წიგნებით გარშემორტყმულ თავნება პოეტ გოგონას ბეტინაში სწორედ ის იზიდავდა, რაც თვით მის ბუნებას ახასიათებდა: გრძნობების გაბედული, შეუზღუდავი გამოხატვის უნარი, ამიტომაც ზრდასრულ ასაკშიც ბეტინას თავის „დობილად“ მოიხსენიებდა. მისი და, ანასტასია ცვეტაევა, იხსენებს: „მარინა თავით ეშვებოდა კითხვაში, დაუოკებელ სწრაფვაში, წიგნები ადამიანების ნაცვლად ჰყვარებოდა… იქ ცხოვრობდა: ბეტინა ბრენტანოს გოეთესთან, ელოიზას აბელართან მიმოწერაში…“ 1920-1921 წლის დღიურში ცვეტაევამ ჩაიწერა პოეტ და ფილოსოფოს ვიაჩესლავ ივანოვთან თავისი საუბარი, რომლის დროსაც ჰკითხა: „იცით, ნიცშეზე ადრე ვინ დაწერა ზარატუსტრა?“5 – „?“ – „ბეტინამ, ბეტინა ბრენტანომ, იცნობთ ბეტინას?“ – „ბეტინა გენიალურია, მიყვარს, რადგან ის „მოცეკვავე სულთა“ რიცხვს მიეკუთვნებოდა“, – უპასუხა ივანოვმა. ესეში „შრომის გმირი“ ცვეტაევა წერდა: „ქალების საკითხი – ასეთი რამ შემოქმედებაში არ არსებობს. არსებობს ადამიანურ საკითხებზე ქალთა პასუხები. ეს პასუხებია: საფო – ჟანა დ’არკი – წმ. ტერეზა – ბეტინა ბრენტანო“.
ბეტინასთან მარინას შინაგან სიახლოვეს ისიც უსვამს ხაზს, რომ მან თავის მსოფლმხედველობაში სპეტაკი და გასულიერებული ქალურობის სიმბოლოდ ანტიკური „ფსიქე“ შეარჩია – ეს სახელი ხომ ბერძნულად სულს, სამშვინველს ნიშნავს; ძველბერძნული წარმოდგენის თანახმად, გარდაცვლილის სული პეპლად გარდაისახებოდა და მიღმიერ სამყაროში მიფრინავდა. „ფსიქეს“ ცვეტაევა ხორციელ „ევას“ უპირისპირებდა – ეს პოლარული წყვილი ერთგვარად სახარებისეული მარიამისა და მართას არქეტიპულ სახეებს ემთხვევა. რილკესთან მიმოწერის პარალელურად ცვეტაევა ბორის პასტერნაკისადმი წერილში (1926 წლის 10 ივლისი) მეგობარ პოეტს თავისი სიყვარულის არამიწიერ, სულიერ ბუნებას განუმარტავს: „შორიდან გიგებ, მაგრამ, ახლოდან თუ დავინახე ის, რაც გხიბლავს, ზიზღი წამლეკავს, ისევე დავიცლები ამ ზიზღით, როგორც ბულბული – გალობით. ეს ზიზღი ზე ამიტაცებს. წამსვე განვიკურნები შენგან ისევე, როგორც გოეთესა და ჰაინესგან განვიკურნებოდი მათი კეტხენ-გრეტხენების შემხედვარე… გამიგე: ეს ევასადმი ფსიქეს გაუმაძღარი, დასაბამიერი სიძულვილია: ევასი არაფერი მცხია, ფსიქესი – ყველაფერი. ფსიქე – ევას წინააღმდეგ!“ ბეტინას დღიურში ვკითხულობთ, იოჰან გოტფრიდ ჰერდერმა გოგონას „პაწია ფსიქე“ რომ უწოდა და მისი ქამრის დიდი ბაფთა ფრთებს მიამსგავსა: ეს ეპიზოდი ცხადად გვიჩვენებს, რომ ასაკოვანმა ლიტერატორმა ნორჩ გოგონაში ის დაინახა, რაც მას მისი ორი „ჩვეულებრივი“ დისაგან გამოარჩევდა. ბეტინა ამ თავის რჩეულობას თვითონვე გრძნობდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაატარებდა…
XX საუკუნის დასასრულისათვის დასავლური კულტურა იმდენად პრაგმატული და ცინიკური გახდა, რომ გარდასული ეპოქების შემოქმედება და განცდები სრულიად განსხვავებულად აღიქმება. თანამედროვე ადამიანი წრფელ, უანგარო, უშუალო გრძნობას ეჭვის თვალით უცქერს, გადამეტებულ ეგზალტაციად ან თამაშად მიიჩნევს. ჩვენი თანამედროვე, დღევანდელი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად აღიარებული ავტორი, ჩეხურ – და ფრანგულენოვანი პროზაიკოსი მილან კუნდერა (1929-2023) ცნობილ რომანში „უკვდავება“ (1990) ბეტინასა და გოეთეს ურთიერთობას ერთობ ფხიზლად და უილუზიოდ აანალიზებს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიურ კაზუსად მიიჩნევს და მეოცნებე აღტაცებულ გოგონას გროტესკული და შეუხედავი ნაკვთებით გვიხატავს:
„გოეთე ბეტინას სიყმაწვილიდანვე იზიდავდა. ჯერ ერთი, რადგან მთელი გერმანიის თვალწინ დიდების ტაძრისაკენ მიაბიჯებდა. მეორეც, რადგან გოგონამ თავისი დედისადმი გოეთეს სიყვარულის ამბავი შეიტყო. ბეტინა ამ დიდი ხნის წინანდელ სიყვარულს მონუსხულივით უღრმავდებოდა, ეს სიყვარული მით მეტად ნუსხავდა, რაც უფრო შორეულ წარსულში იხევდა (ღმერთო ჩემო, ეს ხომ გოგონას დაბადებამდე ცამეტი წლით ადრე ხდებოდა!) და თანდათან უძლიერდებოდა განცდა იმისა, თითქოს დიდ პოეტზე რაღაც იდუმალ უფლებას ფლობდა, რადგან, მეტაფორული თვალსაზრისით (ან კი პოეტზე სერიოზულად ვინ შეიძლება აღიქვამდეს მეტაფორებს?), თავს მის ქალიშვილად თვლიდა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცებს უმსგავსო მიდრეკილება ახასიათებთ, მამის მოვალეობებს თავი აარიდონ, ალიმენტები არ გადაიხადონ და შვილები არ ცნონ. იმის გაგება არ სურთ, რომ ბავშვი თვით სიყვარულის არსია… თუკი მამაკაცს ქალი უყვარს, მასთან მიუკარებლადაც კი უნდა იქონიოს მხედველობაში, რომ ამ სიყვარულის ნაყოფი შესაძლებელია ქალთან უკანასკნელი შეხვედრიდან ცამეტი წლის შემდეგაც კი გაჩნდეს. რაღაც ამდაგვარს ფიქრობდა ბეტინა, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, გოეთესთან შესახვედრად ვაიმარში ჩასვლას გაბედავდა. ეს 1807 წლის გაზაფხულზე მოხდა. ბეტინას მაშინ ოცდაორი წელი შესრულებოდა (თითქმის იმდენივე, რამდენისაც გოეთე იყო, როდესაც მის დედას ეარშიყებოდა), მაგრამ თავს ჯერ ისევ ბავშვად გრძნობდა. ეს განცდა მალულად იცავდა, თითქოს ბავშვობა ფარად ჰქონოდა აფარებული. ბავშვობის ფარად გამოყენება – ეს ბეტინას ხრიკი გახლდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ხრიკთან ერთად ეს მის ბუნებადაც ქცეულიყო, რადგან ბავშვის როლის თამაშს ბავშვობაშივე შეეჩვია… ბავშვის პოზაში ჩადგომა – არაფერია ამაზე უფრო ხელსაყრელი: ბავშვს შეუძლია, თავს ყველაფრის უფლება მისცეს, რადგან უმწიკვლო და გამოუცდელია; ზრდილობა არ მოეთხოვება, რადგან ჯერაც არ შეუბიჯებია იმ სამყაროში, სადაც მკაცრი ფორმა ბატონობს. ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი გრძნობები იმისგან დამოუკიდებლად გამოამჟღავნოს, მისაღებია ეს თუ უხერხული. ისინი, ვისაც ბეტინაში ბავშვის დანახვა არ სურდათ, მის თავქარიანობაზე საუბრობდნენ (ერთხელ თავდავიწყებულად აღტაცებულმა ცეკვა დაიწყო, მაგიდის კუთხეს შუბლი ჩამოარტყა და გაიტეხა), იმასაც ამბობდნენ, გაუზრდელიაო (საზოგადოებაში სკამის ნაცვლად შეეძლო, ძირს დამჯდარიყო) და, რაც მთავარია, თავზარდამცემად არაბუნებრივიაო. და, პირიქით, მას, ვინც მზად იყო, ბეტინა მარადიულ ბავშვად აღექვა, მისი სპონტანური უშუალობა აღაფრთოვანებდა. გოეთეს ამ ბავშვმა გული აუჩუყა…
მაინც რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ? სულ რაღაც სამჯერ თუ ოთხჯერ. რაც უფრო იშვიათად ნახულობდნენ ერთიმეორეს, მით უფრო ხშირი მიმოწერა ჰქონდათ, უფრო სწორედ, მით უფრო ხშირად სწერდა ბეტინა გოეთეს. სულ ორმოცდათორმეტი გრძელი წერილი მისწერა, რომლებშიც მუდამ შენობით მიმართავდა და სიყვარულზე ელაპარაკებოდა. მაგრამ, სიტყვათა ამ კორიანტელის გარდა, კაცმა რომ თქვას, სხვა არც რა ყოფილა და ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა: მაშ, რატომ გახდა მათი სიყვარულის ამბავი ასე ცნობილი?
პასუხი ასეთია: ამ ამბის ხიბლი ისაა, რომ საქმე აქ იმთავითვე სიყვარულს კი არა, სულ სხვა რამეს ეხებოდა.
გოეთემ ეს მალევე იგრძნო. პირველად მაშინ შეშფოთდა, როდესაც ბეტინამ ამცნო, რომ ვაიმარში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე ძალზე დაუახლოვდა მასავით ფრანკფურტში მცხოვრებ გოეთეს ხანდაზმულ დედას. ბეტინა ვაჟის შესახებ უსვამდა კითხვებს და ალერსითა და ქათინაურებით ნასიამოვნები დედილოც დილიდან საღამომდე უამრავ მოგონებას უზიარებდა. ბეტინა თვლიდა, რომ გოეთეს დედასთან მეგობრობა მას დიდი კლასიკოსის სახლისა და გულის კარს გაუღებდა. თუმცა ეს გათვლა მთლად არ გამართლდა. დედისაგან გენიოსი შვილის გაღმერთება გოეთეს, ცოტა არ იყოს, კომიკურად ესახებოდა (ვაიმარიდან ერთხელაც არ ჩასულა დედის მოსანახულებლად), და უცნაური ქალიშვილის გულუბრყვილო დედასთან მეგობრობაც ერთობ საშიშად მოეჩვენა.
წარმომიდგენია, რა ორაზროვანი განცდები დაეუფლებოდა, როდესაც ბეტინამ თავისი დედისაგან მოსმენილი ამბები გადმოსცა… გოეთემ საფრთხე იგრძნო: ეს ქალიშვილი, რომანტიკული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების წრეში რომ ტრიალებს (გოეთე მათ მიმართ არავითარ სიმპათიას არ განიცდიდა), სახიფათოდ პატივმოყვარეა და საკუთარ თავს (ურცხვობამდე მისული მედიდურობით) მომავალ მწერლად თვლის. თუმცა ერთხელ ბეტინამ პირდაპირ უთხრა, რომ დედამისის მოგონებების საფუძველზე მის შესახებ წიგნის დაწერას აპირებდა. მის – გოეთეს – შესახებ! პოეტმა იმ წუთებში სიყვარულის გამომჟღავნებების მიღმა კალმის საშიში აგრესია იგრძნო და დაიძაბა“.
კუნდერა ორივეს ბიოგრაფიაში ისეთ მომენტებს გამოკვეთს, რომლებიც ცხადყოფს: ბეტინა მთელი ცხოვრების განმავლობაში აღტაცებული ბავშვური ტრფობით საკუთარ გადამეტებულ ამბიციებს ნიღბავდა, გოეთე კი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა, არ გაეწბილებინა, მაგრამ დისტანციაც შეენარჩუნებინა, უყვავებდა, თუმცა საკუთარი დიდება ბეტინასთვის გასაზიარებლად არ ემეტებოდა.
„გოეთეს ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ იმ წერილებს, რომლებითაც ბეტინას დროდადრო უპასუხებდა, ადრე თუ გვიან სხვა მკითხველებიც გამოუჩნდებოდა და თავს მსჯავრდებულის როლში გრძნობდა, რომელიც მოსამართლემ გააფრთხილა: ყოველივე, რასაც ამ წუთიდან იტყვით, შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ იქნას გაგებული. ამიტომაც შეეცადა, გულითადობასა და სიმშრალეს შორის შუალედური გზა აერჩია: ბეტინას ეგზალტირებულ წერილებს მეგობრულად და თავშეკავებულად უპასუხებდა, შენობით მიმართვის სანაცვლოდ კი კიდევ დიდხანს მიმართავდა თქვენობით. საზოგადოებაში ერთად თუ აღმოჩნდებოდნენ, მამობრივი სითბოთი ეპყრობოდა, თავისთან ეპატიჟებოდა, თუმცა მუდამ ცდილობდა, მასთან მოწმეების გარეშე არ დარჩენილიყო.
1809 წელს ბეტინა სწერს: „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მარად მიყვარდე“. ყურადღებით წაიკითხეთ ეს, ერთი შეხედვით, ბანალური ფრაზა. სიტყვებს „მარად“ და „გადაწყვეტილი“ მასში ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე „სიყვარულს“.
დაძაბულობას მეტად აღარ გავწელავ. ის, რასაც მათ შორის ეხებოდა საქმე, სიყვარული კი არა, უკვდავება იყო“.
ამიტომაცაა, რომ წლების შემდეგაც, მას მერე, რაც გოეთე ყველანაირად გაემიჯნა, თვითონ კი რახანია, რომანტიკოს ახიმ ფონ არნიმის მეუღლე იყო, ბეტინა, მილან კუნდერას თქმით, „ფარხმალს მაინც არ ყრიდა და ბრძოლას განაგრძობდა. სწორად გამიგეთ: სიყვარულისთვის კი არა, უკვდავებისათვის ბრძოლას. გოეთე რომ უკვდავებაზე ფიქრობდა, ეს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია. მაგრამ დასაშვებია თუ არა ისიც, რომ ამაზე უცნობი გოგონა ბეტინაც ფიქრობდა, თანაც ასე ადრეულ ასაკში? რა თქმა უნდა, დასაშვებია. უკვდავებას ბავშვობიდანვე უფიქრდებიან. გარდა ამისა, ბეტინა იმ რომანტიკოსთა თაობას მიეკუთვნებოდა, გაჩენისთანავე სიკვდილით რომ იყვნენ მონუსხულნი. ნოვალისს ოცდაათი წელიც კი არ უცხოვრია, მაგრამ სიკვდილზე მეტად არაფერი ხიბლავდა – ო, ეს ჯადოქარი სიკვდილი, პოეზიის ალკოჰოლად გარდაქმნილი! ყველანი ტრანსცენდენტურ სამყაროში ცხოვრობდნენ, საკუთარი არსების გადალახვას ლამობდნენ, თვალუწვდენი შორეთისაკენ, სიცოცხლის დასალიერისკენ, მის სამანს მიღმა, არყოფნისკენ იწვდენდნენ ხელებს. მაგრამ სადაც სიკვდილია, იქ ხომ უკვდავებაცაა, – მისი მეგზური, და რომანტიკოსებიც უკვდავებას ისევე თამამად მიმართავდნენ შენობით, როგორც ბეტინა – გოეთეს… მხოლოდ მკვდარ გოეთეს შეეძლო, მისთვის ხელი ჩაეჭიდა და დიდების ტაძრისაკენ წაეყვანა. რაც უფრო უახლოვდებოდა გოეთე სიკვდილს, მით ნაკლებად სურდა ბეტინას მისი დათმობა“.
კუნდერას თვალში, სწორედ უკვდავებაზე – საერთო უკვდავებაზე მინიშნებას შეიცავდა გოეთეს სიცოცხლის ბოლოს მისი მომავალი მონუმენტის ესკიზი, რომელიც ბეტინამ შესთავაზა: ეს გოეთეს პატივმოყვარეობას უთუოდ ეამა და თითქოს უნდა შერიგებოდა კიდეც ბეტინას დაუღალავ (და დამღლელ!) თაყვანისცემას. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლოს მას, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო და თავშეკავებამაც უმტყუნა, რადგან ვაიმარის დიდი ჰერცოგისადმი მიწერილ წერილში გოეთე ბეტინას „აბეზარ ბუზს“ უწოდებს და ეს მწარე შედარება, კუნდერას თქმით, „მათი ურთიერთობის ისტორიაში გოეთეს უკანასკნელ სიტყვად დარჩა… ვფიქრობ იმ შვებაზე, რომელიც მას ამ სიტყვების დაწერისას უნდა განეცადა და წარმომიდგენია, რომ იმ წამს უეცრად გაიაზრა: სიცოცხლეში არასოდეს მოქცეულა სურვილისამებრ. საკუთარი უკვდავების განმგებლად მიაჩნდა თავი და ეს პასუხისმგებლობა ბოჭავდა, მეტისმეტად ზრდილსა და თავდაჭერილს ხდიდა. ექსცენტრულობა აფრთხობდა, თუმცა მსგავსი საქციელისაკენ ძლიერად იყო მიდრეკილი. თუკი ასეთ რამეს დაუშვებდა, შემდგომში მუდამ ცდილობდა საქმის ისეთნაირად მოგვარებას, რომ არაფერი გასცდენოდა იმ მოღიმარ ზომიერებას, ერთ დროს თვითონვე მშვენიერებასთან რომ გააიგივა. სიტყვები „აბეზარი ბუზი“ არც მის ცხოვრებას, არც მის შემოქმედებას და არც მის უკვდავებას შეესაბამებოდა. ამ სიტყვებში სუფთა თავისუფლება გამოიხატა. ამის დამწერმა კაცმა თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე გადააბიჯა, როდესაც საკუთარი უკვდავების მოწესრიგებასა და მის სერიოზულად აღქმას ვწყვეტთ. ცოტა ვინმე თუ გადალახავს ამ უკანასკნელ ზღვარს, თუმცა, ვინც გააღწევს, იცის – ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ ესაა“.
მაშ, ვინ იყო ბეტინა – პეპლისფრთიანი „ფსიქე“ თუ „აბეზარა ბუზი“? როგორც უნდა დავინახოთ ბეტინას სახე – მასში უჭკნობი, ლაღი, ყმაწვილური რომანტიზმის სიმბოლოს ამოვიკითხავთ თუ ხარბი პატივმოყვარეობით შეპყრობილ ქალად შევრაცხთ, ერთი რამ ცხადია: ბეტინამ და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს, ბუმბერაზ შემოქმედთან, გოეთესთან მისმა ურთიერთობამ მსოფლიო კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. და, ვინ იცის, იქნებ მარადისობის წინაშე ამ ერთი პატარა გოგონას სიყვარულმა არა მხოლოდ რომანტიკოსთა ყველა ლექსი გადასწონოს, არამედ მთელი კაცობრიობის მიღმიერი სწრაფვის სიმბოლოდაც წარსდგეს. გვწამს: როგორც უნდა შეიცვალოს სამყარო და ადამიანი, ამქვეყნად მუდამ იქნებიან ის ახალგაზრდები, ბეტინას გზას რომ გაივლიან, მის კვალად რომ ეზიარებიან ამაღლებულ ტრფობას, შემოქმედებით, პოეზიით, ბუნებისა და ადამიანის საიდუმლოებებით მოიხიბლებიან და საკუთარ განცდებს გაბედულ, აღტაცებულ, ზღვარსგადასულ წერილებში გამოხატავენ.
შენიშვნები:
- სოფი ფონ ლაროში (1730-1807) – გერმანული განმანათლებლობის ეპოქის მწერალი, სენტიმენტალური რომანების ავტორი, ლიტერატურული სალონის დიასახლისი, ბეტინას გამზრდელი ბებია (მისი დედის დედა).
- იოჰან პეტერ ეკერმანი (1792-1854) – გოეთეს მდივანი 1823-1832 წლებში. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1837-48 წლებში, გამოაქვეყნა „საუბრები გოეთესთან მისი ცხოვრების უკანსკნელ წლებში“.
- „გიოც ფონ ბერლიჰინგენი“ – ი.ვ. გოეთეს ადრეული (1773) ნაწარმოები – ისტორიული დრამა, რომელიც XVI საუკუნის გერმანელი რაინდის შესახებ გვიამბობს.
- აქ მოყვალინია რ.მ. რილკეს რომან „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების“ ნაირა გელაშვილისეული თარგმნის ფრაგმენტი.
- ცვეტაევას მხედველობაში აქვს ბეტინას უკანასკნელი წიგნი – 1852 წელს დაწერილი „დემონებთან საუბრები“.