ერთ-ერთი თავი პეტრე უსპენსკის წიგნიდან „მეოთხე გზა“.
ცნობიერების მიღწევა დაკავშირებულია მექანიკურობისაგან თანდათანობით განთავისუფლებასთან, რამეთუ ადამიანი (ისეთი, როგორიცაა) მთლიანად იმყოფება მექანიკური კანონების ქვეშ. რაც უფრო მეტ ცნობიერებას მოიპოვებს ადამიანი, მით უფრო მეტად თავისუფლდება მექანიკურობისაგან – ნიშნავს რა იმას, რომ იგი უფრო თავისუფალი ხდება შემთხვევითი მექანიკური კანონებისაგან.
პირველი ნაბიჯი ცნობიერების მისაღწევად – ესაა იმის გაგება, რომ ჩვენ არაცნობიერნი ვართ. თუმცაღა ამ ილუზიის შეცვლა სწრაფად შეუძლებელია, რადგანაც არსებობს სხვა მრავალი. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაზე უარესი მათგან – ესაა ილუზია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია „ვაკეთოთ“. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ილუზიას ეფუძნება. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ვაკეთებთ, როცა სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ აღვასრულებთ: ყველაფერი უბრალოდ ხდება… მეორე ილუზია ისაა, რომ გამოღვიძებული ვართ. როცა მივხვდებით, რომ გვძინავს, მაშინ დავინახავთ, რომ მთელი ისტორია მძინარე ინდივიდების მიერ იქმნება. ისინი ომობენ და ქმნიან კანონებს, სხვა მძინარე ინდივიდები კი ემორჩილებიან ან უპირისპირდებიან მათ. ყველაზე უარესი ილუზიებიდან – ეს ის ცრუ იდეებია, რომელთა შორისაც ვცხოვრობთ და რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ. ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ცრუ იდეებისადმი დამოკიდებულების შეცვლა და იმის გაგება, თუ რას წარმოადგენენ ისინი, ეს თავისთავად დიდი ცვლილება იქნებოდა.
კითხვა: თუ ჩვენ არაცნობიერნი ვართ, შეგვიძლია თუ არა, ვიმსჯელოთ იმაზე, რა გახლავთ ჩვენთვის სასარგებლო და რა – საზიანო?
პასუხი: მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ თვითდაკვირვება ვერ იქნება უპიროვნო, ვინაიდან თვითონ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი მანქანის სწორ მუშაობაში. ორგანიზმის სწორი მუშაობა ჩვენთვის სასარგებლოა, არასწორი კი – საზიანო. ჩვენ მარტივი კომერციული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხოვრებისა და შინაგანი ფუნქციების მიმართ, უნდა ვიცოდეთ, რაშია სარგებელი და რაში – დანაკარგი; ამიტომ, არ შეგვიძლია დავაკვირდეთ საკუთარ თავს სრულიად მიუკერძოებლად, როგორც რაიმე ისტორიულ მოვლენას, რომელიც ათასი წლის წინ მოხდა. როცა პიროვნება საკუთარი თავისადმი ასეთ დამოკიდებულებას გაითავისებს, იგი მზადაა პრაქტიკული თვითშესწავლის დაწყებისათვის, რამეთუ პრაქტიკული თვითშესწავლა ნიშნავს უფრო მეტად მექანიკური მოვლენების შეცნობას. ზოგიერთი ფუნქცია ჩვენში შესაძლოა ცნობიერი გახდეს, სხვები კი ვერასოდეს გახდებიან ასეთნი. ინსტინქტურ ფუნქციებს, მაგალითად, არ სჭირდებათ, რომ ცნობიერი გახდნენ, მაგრამ არსებობს სხვა მრავალი – ჩვენი ცხოვრება სავსეა ამით; ანდა თუ მათ ცნობიერს ვერ ვხდით, შევაჩეროთ ისინი ან განვთავისუფლდეთ მათგან, რადგანაც ნამდვილად საზიანონი არიან. ისინი არ გახლავთ უბრალოდ მექანიკურნი იმ თვალსაზრისით, რომ ავტომატურნი არიან – არამედ წარმოადგენენ მანქანის ხანგრძლივი არასწორი მუშაობის შედეგს, ანუ მათ უკვე გამოიწვიეს გარკვეული ზიანი: რაღაც გაფუჭდა, გაიღუნა, დეფორმირდა.
კითხვა: საკუთარი თავის შესწავლის მცდელობისას მე ვერ ვპოულობ ვერაფერ რეალურსა და ხელშესახებს!
პასუხი: შეისწავლეთ ის, რაც არის – იქნება ეს რეალური თუ არარეალური. თქვენ არ შეგიძლიათ შეისწავლოთ მხოლოდ ის, რაც რეალურია, არამედ შეისწავლოთ ყველაფერი, რაც არის. ეს არაა დაბრკოლება თვითშესწავლისათვის. თუ ვერ პოულობთ ვერაფერ რეალურს – სწორედ ის უნდა შეისწავლოთ, რასაც პოულობთ. სინამდვილეში სრულიად მართალი ბრძანდებით, როცა ამბობთ, რომ რეალური არაფერია, მაგრამ ყველამ უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი და დაბრკოლებები… მთავარი ბარიერი თვითცნობიერების მისაღწევად – ესაა ჩვენი აზრი იმის შესახებ, რომ მას უკვე ვფლობთ. პიროვნება ვერასოდეს მოიპოვებს თვითცნობიერებას, სანამ სჯერა, რომ ის გააჩნია. არსებობს მრავალი სხვა რამ, რაზედაც ვფიქრობთ, რომ ვფლობთ. ამათ შორისაა ინდივიდუალობა, ანუ ერთიანობა: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი და განუყოფელი ვართ. ვფიქრობთ, რომ გაგვაჩნია ნება, ან თუკი ყოველთვის არ გაგვაჩნია, შეგვიძლია მაინც, რომ გაგვაჩნდეს ის და ასე შემდეგ. ამის მრავალი ასპექტი არსებობს, რადგანაც როდესაც ერთი არ გვაქვს, მეორესაც ვერ ვფლობთ… არსებობს ერთი კონკრეტული დაბრკოლება, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ შეგვიძლია გვქონდეს ცნობიერება მიმდინარე მდგომარეობაში. მთავარი წინააღმდეგობა განვითარების გზაზე გახლავთ სიცრუე. მე უკვე ვისაუბრე სიცრუეზე, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან არ ვიცით, რა გახლავთ სიცრუე და არასოდეს შეგვისწავლია ეს საკითხი სერიოზულად. სინამდვილეში სიცრუის ფსიქოლოგია არის ადამიანის შესწავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. რომ შეგვძლებოდა ადამიანის, როგორც ზოოლოგიური ტიპის, განსაზღვრება, მას მატყუარა ცხოველს ვუწოდებდით. მე გვერდზე გადავდებ მთელ გარეგან სიცრუეს და ვისაუბრებ მხოლოდ ადამიანის ტყუილზე საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი თავის შესახებ. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით ცნობიერების ამ მდგომარეობაში და არ შეგვიძლია მივუახლოვდეთ უკეთესს, უფრო მაღალს, უფრო ძლიერსა და ეფექტურს. იმ სისტემის თანახმად, რომელსაც ახლა შევისწავლით, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება, რადგანაც ჭეშმარიტება მიღწევადია მხოლოდ ობიექტურ ცნობიერებაში. ამიტომ, არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა გახლავთ ჭეშმარიტება, მაგრამ თუკი ჩავთვლით, რომ სიცრუე მისი საწინააღმდეგოა, მაშინ შევძლებთ სიცრუის განსაზღვრებას… ყველაზე სერიოზული ტყუილია, როდესაც მშვენივრად გვესმის, რომ არ ვიცით და არ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება საგნებსა და მოვლენებზე, ხოლო, მიუხედავად ამისა, ამ გაგების შესაბამისად მაინც არ ვიქცევით. ყოველთვის ვფიქრობთ და ვმოქმედებთ ისე, თითქოს ჭეშმარიტება ჩვენთვის ცნობილია. სწორედ ესაა ტყუილი. როცა მე ვიცი, რომ რაღაც არ ვიცი და ამავდროულად ვლაპარაკობ ან ვიქცევი ისე, თითქოს ვიცი – სწორედ ესაა ტყუილი. მაგალითად, ჩვენ არაფერი ვუწყით საკუთარ თავზე და ნამდვილად ვიცით, რომ არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც არასოდეს ვაღიარებთ ამას საკუთარ თავთან: ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ ისე, თითქოს ვიცოდეთ, ვინ ვართ. სწორედ ესაა სიცრუის წყარო და მისი დასაწყისი… როდესაც ამას გავიგებთ და აზრის მოცემულ დინებას გავყვებით, როცა ვეცდებით, დავაკავშიროთ ეს იდეა ყველაფერთან, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვლაპარაკობთ და ვაკეთებთ, მაშინ დავიწყებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც გაცნობიერებულობის გზაზე გვეღობებიან. თუმცაღა ტყუილის ფსიქოლოგია იმაზე მნიშვნელოვნად რთულია, ვიდრე გვგონია, რადგანაც ტყუილის მრავალი სხვადასხვა სახე და მისი მრავალი ნატიფი ფორმა არსებობს, რომლებიც საკუთარ თავში აღმოსაჩენად ძნელია. სხვებში მას შედარებით ადვილად ვხედავთ, მაგრამ არა საკუთარ თავში.
კითხვა: თუკი არ ვიცით, რა გახლავთ ჭეშმარიტება, როგორ გავიგებთ, რომ ვიტყუებით?
პასუხი: თქვენ იცით, რომ არ შეგიძლიათ იცოდეთ ჭეშმარიტება, და თუ ამბობთ, რომ იცით, ან შეგიძლიათ იცოდეთ, ეს ტყუილი იქნება, რადგანაც ვერავის ვერ ეცოდინება ჭეშმარიტება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. არ იფიქროთ ამაზე ფილოსოფიურად, განიხილეთ ეს ფაქტებთან მიმართებით. ინდივიდები ყველაფერზე ისე საუბრობენ, თითქოს იციან. ჰკითხეთ ადამიანს, არის თუ არა ხალხი მთვარეზე და მას ამის შესახებ თავისი მოსაზრება ექნება. ასეა ყველაფერ დანარჩენშიც. ჩვენ ყველაფერზე გვაქვს მოსაზრება და ყველა ეს მოსაზრება ტყუილია, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. არ ვიცით ცნობიერების მდგომარეობების ან სხვადასხვა ფუნქციის შესახებ, ან კიდევ ფუნქციის სიჩქარის, ანდაც მათი ერთმანეთთან დამოკიდებულებების შესახებ. ჩვენ არ ვიცით, ფუნქციის შიგნით დანაყოფებში რა ხდება. არაფერი ვიცით და მაინც ვფიქრობთ, რომ საკუთარ თავს ვიცნობთ. ყველაფერი რაც გვაქვს, ესაა მოსაზრებები და ყველა მათგანი სიცრუეა.
კითხვა: თუ ყველა მოსაზრება სიცრუეა, უნდა ავარიდოთ თუ არა თავი მათ?
პასუხი: თქვენ მათი ფასი უნდა იცოდეთ… პირველი ტყუილი, რომელსაც ვამბობთ – ესაა როცა ვამბობთ „მე“. ეს ტყუილია იმიტომ, რომ „მე“-ს თქმისას ჩვენ გარკვეულ რაღაცებს ვგულისხმობთ: ვგულისხმობთ გარკვეულ ერთიანობასა და ძალაუფლებას საკუთარ თავზე. თუ ვამბობ „მე“-ს დღეს და ვამბობ „მე“-ს ხვალ, იგულისხმება, რომ ეს ერთი და იგივე „მე“-ა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. დღევანდელ მდგომარეობაში კონკრეტული დაბრკოლებებისა და ჩვენში გარკვეული ფაქტების შედეგად ვიმყოფებით, ხოლო ყველაზე მთავარი ფაქტი, რომელიც არ გვესმის, ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვთქვათ „მე“, რადგანაც ეს ტყუილი იქნება. როცა საკუთარ თავზე დაკვირვებას დაიწყებთ, თქვენ დაინახავთ, რომ ეს მართლაც ასეა: თქვენ გაქვთ „მე“-ები, რომლებიც არ იცნობენ და არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს. მაგალითად, დაიწყეთ თქვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების შესწავლა და დაინახავთ, რომ შეგიძლიათ გიყვარდეთ რაღაც ერთ მომენტში და გძულდეთ მეორეში. ორივე საგანი იმდენად ურთიერთწინააღმდეგობრივია, მაშინვე მიხვდებით, რომ თქვენი „მე“-ები არასოდეს ხვდებიან. თუ საკუთარ გადაწყვეტილებებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ერთი „მე“ წყვეტს, მეორემ კი გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს და ამ „მე“-ს ან არ უნდა ამის გაკეთება, ან არასოდეს გაუგია ამის შესახებ. თუკი აღმოაჩენთ, რომ რომელიმე პიროვნება საკუთარ თავს არ ატყუებს თუნდაც ერთ საკითხთან მიმართებაში, ეს გამონაკლისი იქნება. ასეთი სიცრუით გარშემორტყმულებს, ამ სიცრუეში დაბადებულებსა და გაზრდილებს, არ შეგვიძლია ვიყოთ ვინმე სხვა იმისაგან, რაც ვართ – ჩვენ უბრალოდ ამ ტყუილის შედეგებს წარმოვადგენთ.
კითხვა: თუკი მე ჭეშმარიტების ძიებას ვცდილობ და ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია, ხომ არ ჯობს, ყოველდღიურ ცხოვრებას გავერიდო?
პასუხი: მაშინ თქვენ ხელოვნურ ყოფიერებას შეისწავლით და არა რეალურს. შეგიძლიათ შეიცნოთ საკუთარი თავი მხოლოდ იმ პირობებში, რომელშიც იმყოფებით, რადგანაც ამ გარემო-პირობების შედეგი ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის შესწავლა მათგან განცალკევებით.
კითხვა: აქვს თუ არა რაღაც საერთო ყველა „მე“-ს?
პასუხი: მხოლოდ ერთი – ისინი მექანიკურნი არიან. იყო მექანიკური, ნიშნავს დამოკიდებული ბრძანდებოდე გარემოებებზე.
კითხვა: რაც გვითხარით, იქიდან გამომდინარე ძალიან ძნელად მეჩვენება საკუთარი თავის შესწავლა თავის მოტყუების გარეშე.
პასუხი: არა, ტყუილი უნდა შეაჩეროთ. პრინციპი უნდა გახსოვდეთ: სიცრუეს შეუძლია მხოლოდ სიცრუე წარმოშოს… როდესაც ტყუილის მთავარ სახეებს შეისწავლით, შეგეძლებათ – ვერ ვიტყვი, რომ შეებრძოლებით მათ – მაგრამ დააკვირდეთ მაინც. ბრძოლა მოგვიანებით იწყება. ძალზე ბევრია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენში რაიმეს ვებრძოლოთ. დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია მხოლოდ შევისწავლოთ. როდესაც ჩვენში საერთო მოწყობასა და საგანთა კლასიფიკაციას ვიცნობთ, მხოლოდ მაშინ მოდის შესაძლებლობა, რომ რაიმეს ვებრძოლოთ. ისეთებს, როგორიც ვართ, არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, რადგანაც პიროვნება ძალზე კარგად დაბალანსებული მანქანაა – დაბალანსებული იმ თვალსაზრისით, რომ ერთი განაპირობებს მეორეს. საგნები ერთმანეთთან დაუკავშირებლად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ისინი ურთიერთბმაში არიან, რამეთუ ყოველი საგანი სხვა მრავალი საგნითაა გაწონასწორებული.
კითხვა: შეგიძლიათ თუ არა, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ მანქანაში? მანქანებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ შესაძლებლობათა პოტენციალი, მათ არ გააჩნიათ ცნობიერების მოპოვების იმედი.
პასუხი: არ არსებობს ზუსტი და სრული ანალოგები, ვინაიდან შეუძლებელია მათი უსასრულოდ გაგრძელება. ეს ასევე ჩვენი გონების ერთ-ერთი შეზღუდვაა, ან, თუ გნებავთ, ცნობიერების ლიმიტი. ამიტომაც, მანქანასთან შედარება ვერ გაგრძელდება თვითნებური მიმართულებით. თუმცაღა პიროვნება მანქანას წარმოადგენს სრულიად რეალური, სრულიად განსაზღვრული თვალსაზრისით: მას არ შეუძლია რაიმე ქმედების შესრულება საკუთარი თავიდან, იგი მხოლოდ გადამცემი მექანიზმია, მეტი არაფერი, და რადგან ასეთია, იგი მანქანას წარმოადგენს. ადამიანს რომ რაიმე იდეა ჰქონდეს ან რაიმეს გაკეთება მასზე მოქმედი გარეგანი მიზეზების გარეშე შეეძლოს, მანქანა აღარ იქნებოდა. ისეთი, როგორიც ამჟამადაა, იგი ბოლომდე მანქანაა, განსაკუთრებით ცნობიერების იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ხოლო ის ფაქტი, რომ ჩვენ ვთვლით, თითქოს სრულიად სხვა მდგომარეობაში ვართ, კიდევ უფრო მექანიკურს გვხდის… ჩვენი მანქანა მუშაობითაც კი არასწორად მუშაობს; ამიტომ, თუკი ადამიანს სურს, სასიკეთო პირობები შეიქმნას შინაგანი ზრდის შესაძლებლობისათვის, რომელიც მას გააჩნია, იგი თავდაპირველად ნორმალური მანქანა უნდა გახდეს. როცა მექანიკურობის შესახებ გვესმის, ხშირად ვფიქრობთ, რომ, ვინაიდან პიროვნება მანქანას წარმოადგენს, მისი ყველა ფუნქცია ერთნაირად მექანიკური არაა, ისევე, როგორც მთელი ადამიანური საქმიანობა არ გახლავთ ერთნაირად ავტომატური. ყოველი პიროვნება იპოვნის რაღაცას, რაც, როგორც თავად ფიქრობს, ნაკლებად მექანიკურია, თავისი შეხედულებებისა და გემოვნებების შესაბამისად. სინამდვილეში მთელი ადამიანური საქმიანობა ერთნაირად ავტომატუტია, ამ თვალსაზრისით განსხვავება არ არსებობს იატაკის ხეხვასა და ლექსების შეთხზვას შორის… ზოგადად თუ ვიტყვით, უნდა გავიაზროთ, რომ აუცილებელია ყველა ღირებულების სრული გადაფასება მათი სარგებლობის საფუძველზე. ამის გარეშე ვერასოდეს დავიძვრებით იმ წერტილიდან, სადაც ვიმყოფებით. ჩვენ მრავალი ცრუ ფასეულობა გვაქვს – მამაცები უნდა ვიყოთ და ეს გადახალისება უნდა დავიწყოთ.