ქრისტიანად ყოფნა და თავისუფლების გამოყენება

ერთ-ერთი თავი მარტინ ლუთერის წიგნიდან „ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ“.

1.რათა საფუძვლიანად ჩავწვდეთ იმას, თუ რას ნიშნავს ადამიანისათვის ქრისტიანად ყოფნა და როგორ გამოიყენოს ის თავისუფლება, რომელიც ქრისტემ მისთვის მოიპოვა და მასვე მიანიჭა, რის შესახებაც წმინდა პავლეს ბევრი აქვს დაწერილი – შემდეგ ორ დებულებას ჩამოვაყალიბებ:

    ქრისტიანი თავისუფალია, ყოველი საგანი თავად განკარგოს და არავის მორჩილებდეს;
    ქრისტიანი ყოველი საგნის ერთგული მონაა და ვალდებულია, ყველას ემსახუროს.

    ორივე ეს დებულება ცხადად გამომდინარეობს წმინდა პავლეს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლედან (9:19): „რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი“; ასევე, რომაელთა მიმართ (13:8): „არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა“; იგივე ითქმის გალატელთა მიმართ ეპისტოლეში (4:4) ქრისტეს შესახებ: „ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს“.

    2.თავისუფლებისა და მსახურების შესახებ ამ ორი ურთიერთსაპირისპირო დებულების გასაგებად უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ქრისტიანს ორგვარი ბუნება გააჩნია – სულიერი და ხორციელი. პირველი მას სულიერ, ახალ, შინაგან ადამიანად აქცევს, მეორე კი – ხორციელ, ძველ, გარეგნულ ადამიანად. სწორედ ამ სხვაობის გამოა, რომ წმინდა წერილი მის [ადამიანის] შესახებ ისეთ ურთიერთსაპირისპირო გამონათქვამებს შეიცავს, როგორიც ეს წუთია მოვიყვანე, რომელიც თავისუფლებასა და მსახურებას ეხება.

    3.შევჩერდეთ სულიერ შინაგან ადამიანზე და განვმარტოთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ მას მართალი და თავისუფალი ქრისტიანის სახელი ერქვას. ცხადია, მას ვერანაირი გარეშე მოვლენა ვერ მიანიჭებს თავისუფლებას, სიმართლესა თუ სიკეთეს – რაც არ უნდა ვუწოდოთ მოცემულ თვისებას – რადგან სიმართლე და თავისუფლება არც გარეშე თვისებებია, არც ხორციელი. რა სარგებელი, თუკი ხორცი თავისუფალი და ჯანმრთელია, ჭამს, სვამს და სიამტკბილობით ცხოვრობს..? და პირუკუ: რას ავნებს სულს ხორციელი მონობა, სნეულება, უძლურება, შიმშილი, წყურვილი თუ სხვა განსაცდელი? ეს ყოველივე სულს ვერ სწვდება, არც მისი დამონება ძალუძს, არც განთავისუფლება, ვერც ბოროტად აქცევს მას და ვერც კეთილად.

    4.ამგვარად, სულს ვერც ის არგებს, უკეთუ ხორცი საღვთო სამოსით შეიმოსა, როგორც ამას ეკლესიის მსახურნი სჩადიან, არც ეკლესიასა და წმინდა ადგილებში ყოფნა არგებს და არც სიწმინდეებთან შეხება; ვერც იმით არგებს კაცი თავის სულს, თუკი ხორციელად ილოცა და იმარხულა; არც მომლოცველობა და რაიმე კეთილი საქმე უშველის, თუკი ისინი მხოლოდ ხორციელად აღასრულა. ყველაფერ ამას სხვა რამ უნდა დაერთოს თან, რაც მის სულს თავისუფლებასა და სათნოებას შეჰმატებს… ვინაიდან ყოველივე ჩემ მიერ ჩამოთვლილი შეიძლება ბოროტმა, თვალთმაქცმა და ფარისეველმა ადამიანმაც აღასრულოს; ხოლო მსგავსი ქცევა და სწავლება მხოლოდ თვალთმაქცთა მოდგმას თუ გააჩენს. ასევეა პირიქითაც: სულს ვერას ავნებს ის, რომ სხეული უწმინდური სამოსით იმოსება, უწმინდურ ალაგას მყოფობს, არცა სჭამს და არცა სვამს, არცა ლოცულობს, არცა სიწმინდეებს მოილოცებს და არცა სხვა რამეს სჩადის, რასაც თვალთმაქცნი სჩადიან.

    5.სულს არცა ქვეყანაზე, არცა ზეცაში არა გააჩნია რა, რისი წყალობითაც შეუძლია მართალი ქრისტიანი გახდეს და თავისუფლად იცხოვროს, გარდა წმინდა სახარებისა, უფალ იესუს სიტყვისა. იგი თავად ამბობს იოანეს სახარებაში (11:25): „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს…“ აგრეთვე იქვე (14:6): „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე…“ ასევე მათესთან (4:4): „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით…“ ამგვარად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სული ნებისმიერი რამის დანაკლისს გაუძლებს, გარდა უფლის სიტყვისა, და ამის გარეშე მას სხვა ვერაფერი უშველის. ხოლო როცა კი სული უფლის სიტყვას ფლობს, მას სხვა აღარაფერი სჭირდება, არამედ ყოველივეთი უხვადაა უზრუნველყოფილი: სარჩო-საბადებლით, სიხარულით, სიმშვიდით, სინათლით, მოხერხებით, სამართლიანობით, ჭეშმარიტებით, სიბრძნით, თავისუფლებითა და ყოველივე სიკეთით. შესაბამისად ამისა, ფსალმუნებში ვკითხულობთ (უპირველეს ყოვლისა, 118-ე ფსალმუნში), რომ წინასწარმეტყველი უფალს მხოლოდ სიტყვას შესთხოვს, მხოლოდ ამას შეჰღაღადებს. წმინდა წერილში ღმერთის უმკაცრესი სასჯელისა და რისხვის გამოსახატად იმგვარი შემთხვევებია წარმოდგენილი, როდესაც იგი კაცს თავის სიტყვას ართმევს. ასევე პირუკუ: არ არსებობს იმაზე დიდი წყალობა, ვიდრე ღვთის სიტყვა, კაცთა მიმართ წარგზავნილი, როგორც ფსალმუნშია (106:20) ნათქვამი: „მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან…“ ხოლო ქრისტე ქვეყანას სწორედ ღვთის სიტყვის საქადაგებლად მოევლინა; და ყველა მოციქული, ეპისკოპოსი, მღვდელი და მთელი სასულიერო წოდებაც მოწოდებულია იმისაკენ, რომ ესვე აღასრულოს, თუმცაღა, სამწუხაროდ, რეალურად ეს საქმე სხვაგვარად წარიმართა.

    6.უკეთუ იკითხავთ – რომელია ის სიტყვა, ესოდენ დიდი წყალობა რომ მოაქვს, და როგორ გამოვიყენო ის? ამის პასუხი შემდეგნაირია: ეს სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ქადაგება სწორედ იმ სახით, როგორსაც მას სახარება გადმოგვცემს. ეს კი იმგვარად ხდება, რომ, თუკი არ შეისმენ სიტყვას, რომლითაც უფალი მოგმართავს, მთელი შენი ცხოვრება და მთელი შენი საქმენი არარად იქცევა და მათთან ერთად შენც საუკუნოდ დაიღუპები. თუკი ირწმუნებ, რომ ამის ქმნა გმართებს, მაშინ შენს თავზე აღარ დაამყარებ იმედს და აღიარებ ოსია წინასწარმეტყველის სიმართლეს, რომელიც ამბობს (13:9): „თავი წარიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!“ და რათა შენი თავისაგან, ესე იგი, შენი წარწყმედისაგან გიხსნას, მან მოგივლინა თავისი ძე, იესუ ქრისტე, და მისი ცოცხალი ნუგეშინისმცემელი სიტყვით გამცნო: მას [ქრისტეს] მტკიცე რწმენით მიენდე და მისი იმედი გქონდეს. ამ რწმენისათვის მოგეტევება შენ ყოველი ცოდვა და მოგევლინება ხსნა წარწყმედისაგან, შეიძენ სამართლიანობასა და სიკეთეს, სიმშვიდესა და ყოველივესაგან თავისუფლებას, და აღასრულებ უფლის ყველა ცნებას. როგორც წმინდა პავლე ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (1:17): „მართალი [ქრისტიანი] რწმენით იცოცხლებს…“ ასევე, იქვე (10:4) „რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად…“

    7.ამრიგად, ყოველი ქრისტიანის ერთადერთი საქმე და მისწრაფება საკუთარ თავში უფლის სიტყვისა და ქრისტეს მიღება უნდა იყოს, რათა რწმენა ყოველმხრივ განიმტკიცოს და განიძლიეროს; ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია, გახდე ქრისტიანი. სწორედ ეს უთხრა ქრისტემ იუდეველთ იოანეს [სახარების] მიხედვით (6:29), როდესაც ჰკითხეს, რა უნდა გააკეთონ, რათა ღვთის საქმენი აღასრულონ: „ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული…“ ამგვარად, ქრისტეს რწმენა უდიდესი საუნჯეა, რაც კი შეიძლება მოიპოვოს კაცმა, რადგან ის ნეტარებას განიჭებს და ყოველგვარ განსაცდელს განგაშორებს. როგორც მარკოზთან წერია (16:16): „ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება…“ წინასწარმეტყველი ესაია რწმენის საუნჯის შესახებ ამბობს (10:22): „თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა – შურისმგებელი სამართლიანობა…“ ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენა, რომელიც ღვთის ყველა მცნების აღსრულებას გულისხმობს, უხვ საზღაურს არგუნებს ყველა მორწმუნეს, რათა აღარაფერი მოაკლდეთ საიმისოდ, რომ მართალნი და კეთილნი იყვნენ. როგორც წმინდა პავლე ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (10:10): „ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის…“

    ………

    Scroll to Top