სექსი

ერთ-ერთი თავი დევიდ ლოურენსის წიგნიდან „ფანტაზია არაცნობიერის თემაზე“.

მოდით იმით დავიწყებ, რომ ბოდიშს მოვიხდი ფსიქოანალიზის წინაშე. დიდად სამართლიანი არ არის დასცინო ფსიქოანალიტიკურ არაცნობიერს. და თუ არის კიდეც სამართლიანი, მხოლოდ იმ აზრით, როგორც ფსიქოანალიზი დასცინის ყოველგვარი ბოროტების ამ სამყოფელს. ამ სამხეცეს, სადაც თავმოყრილნი არიან საოცარი და არცთუ ძალიან სასიამოვნო არსებები. მაგრამ, ყველაზე მეტი უსამართლობაა დასცინო თვითონ ფსიქოანალიზს, თითქოსდა ფროიდს, მთელი თავისი თეორიით, არაფერი გამოეგონებინოს და აღეწეროს გარდა არაცნობიერისა.

რა თქმა უნდა, არაცნობიერი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ფროიდის თეორიის გასაღებად. ნამდვილი გასაღები არის სექსი. სექსუალური მოტივი, ამ თეორიის თანახმად, ადამიანის ყველა ქცევის უკან დგას.

მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან შორს მივყავართ. ჩვენ მართლაც უნდა ვაღიაროთ, რომ სექსუალური ელემენტი ადამიანის ყველა აქტივობის ნაწილია. მაგრამ ზუსტად ასევეა სიხარბის ელემენტი და კიდევ მრავალი სხვა. ჩვენ ასევე უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ადამიანურ ურთიერთობებში სექსის საკმაოდ დიდი წილია, განსაკუთრებით მოწიფულობის ასაკში და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ფროიდისა იმისთვის, რომ მან შეძლო თავისი ამ პოსტულატის დაცვა. მისი მადლობელი ვართ იმისთვის, რომ მან ზეციდან ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩამოგვიყვანა. რასაც ფროიდი ამბობს, ყოველთვის ნაწილობრივ არის მართალი, – თუნდაც ნახევარი პური მთლად უპუროდ დარჩენას სჯობს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ არის კიდევ პურის მეორე ნახევარი. ყველაფერი სექსი არ არის. და ადამიანის ყველა აქტივობა არ შეიძლება სექსუალური მოტივით აიხსნას. ამას დამტკიცება არ სჭირდება. ეს ჩვენ უბრალოდ ვიცით.

რა თქმა უნდა, სქესს, და მასთან ერთად სექსს უდიდესი აზრი აქვს. ეს აზრი ის არის, რომ კაცობრიობის ცხოვრება განისაზღვრება მამაკაცური და ქალური საწყისით და ორივე ასხივებს თავისებურ მაგნიტურ იმპულსს, რომელიც განაცალკევებს მამაკაცურ იმპულსს ქალურისაგან, თუ ის ნეგატიური ან გამყოფი მაგნეტიზმია და იზიდავს მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთისაკენ, თუ ეს მაგნეტიზმი პოზიტიურია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება მამაკაცებსა და ქალებს შორის დაახლოება უსაზღვროდ მრავალფეროვანი ფორმებით ურთიერთ შერწყმის სულ ბოლო, კრიტიკულ აქტამდე. შერწყმის აქტის გარეშე, რომელიც ამ დაახლოების გვირგვინია, სექსი ადამიანების ურთიერთობებში – არასრულფასოვანი სექსია, ზუსტად ისევე, როგორც იმპოტენტი არასრულფასოვანი მამაკაცია. სხვანაირად რომ ვთქვათ, შერწყმის აქტი – ეს სექსის უნივერსალური გასაღებია.

მაგრამ სინამდვილეში მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ მართლა სქესთა შორის სიახლოვის დამაგვირგვინებელ შერწყმის აქტამდე არ დაიყვანება. ერთი მხრივ ეს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სწორედ რომ ასეა და უკეთესი იქნებოდა, თუ ფსიქოანალიზი გარკვევით იტყოდა ამას. ჩვენ ხომ ხანდახან მართლა გვეჩვენება, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება შერწყმის ამ ერთადერთი წამისკენ არის მიმართული. მოდით, ეს ყველამ გულწრფელად ვაღიაროთ.

მაგრამ ჩვენ არ ვართ შეზღუდული მხოლოდ ერთი მიმართულებით და მხოლოდ ერთადერთი კულმინაციისაკენ მოძრაობით. განა ტაძრის მშენებლობის სტიმული ფიზიკური შერწყმის აქტია? წარმოადგენს თუ არა სექსი შემაგულიანებელ მოტივს ამ ღვთისნიერ საქმეში? რა თქმა უნდა, არა. თუმცა, სექსუალური ელემენტი აქაც არსებობს და ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა დომინანტური. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, პანამის არხის მშენებლობის შესახებ. მაგრამ აქ იყო კიდევ რაღაც, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რაც მთავარ, შემაგულიანებელ მოტივად ჩანდა ამ არხის მშენებლობისას.

და რა არის ეს სხვა, უფრო დიდი იმპულსი? ეს არის მამრი ადამიანის სურვილი შექმნისა: არა ის, რომ „ავაშენო სამყარო შენთვის, ჩემო ძვირფასო“, არამედ ადამიანს უნდა, ააშენოს ის და თანაც ააშენოს ყველაზე ძვირფასი მასალისაგან – საკუთარი „მე“-სგან, თავისი საკუთარი რწმენისგან, თავისი საკუთარი ძალები ჩადოს მის მიერ შექმნილ სამყაროში, თავისი საკუთარი გაგება სილამაზისა. მას სურს შექმნას რაღაც მშვენიერი: და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: ააშენოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ მშვენიერი. პანამის არხს არასდროს არ ააშენებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ მასში გემებს გაევლო. მისი მშენებლობა გამოწვეული იყო ადამიანის უანგარო სურვილით შეექმნა რაღაც ძალიან ლამაზი, რაღაც, მის საკუთარ გონებაში დაბადებული, რაღაც ისეთი, რაშიც ის თავისი საკუთარი „მე“-ს ჩადებას შეძლებდა, თავისი რწმენის ჩადებას ზეციური ძალებისადმი და საკუთარი თავის მიმართ. მთელ სიხარულს თავისი სულისა – ყველაფერი ხომ სწორედ ამით იწყება. ეს არის უმთავრესი მოტივაცია, სექსუალური მოტივაცია კი, დამატებითია და ხშირად, მის მიმართ, პირდაპირ ანტაგონისტური.

ამდენად, ნებისმიერი ადამიანური ქმედების უმთავრესი მოტივაცია, ეს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური ან შემოქმედებითი მოტივაციაა. სექსუალური მოტივაცია კი, როგორც წესი, მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. და ამ ორის ინტერესებს შორის, ყოველთვის დიდი კონფლიქტი არსებობს.

ახლა ჩვენ გვსურს თვალი მივადევნოთ ადამიანური „მე“-ს შემოქმედებითი თუ რელიგიური მოტივაციის პირველწყაროს, ისე, რომ გვახსოვდეს ურთიერთკავშირი პირველადსა და მეორადს, ანუ რელიგიურსა და სექსუალურ მოტივაციას შორის. ეს ორი დიდი ადამიანური იმპულსი გვერდიგვერდ თანაარსებობს, ისევე, როგორც ქმარი და ცოლი, ან მამა და ვაჟიშვილი. და, რა თქმა უნდა, სრულიად გაუმართლებელია ერთის როლის გადაჭარბება და მეორის როლის დაკნინება.

დღეს ადამიანებს მიდრეკილება აქვთ მთლიანად უარყონ რელიგიური იმპულსი, ან ამტკიცონ მისი აბსოლუტური უცხოობა სექსუალურის მიმართ. და რაც შეეხება ორთოდოქსალურ რელიგიებს, ისინი მთლიანად უგულებელყოფენ სექსს. კარგია, რომ ფროიდმა მათ მკვახედ უპასუხა ამაზე და აჩვენა რამდენად ცდებოდნენ ისინი. მაგრამ ორთოდოქსული სწავლული სამყაროც ხომ ზუსტად ასევე, უგულებელყოფს რელიგიურ იმპულსებს. მეცნიერებს აუცილებლად სჭირდებათ, რომ ყველაფრის მიზეზს მიაგნონ, მაგრამ საქმე ის არის, რომ რელიგიურ იმპულსს, როგორც წესი, მიზეზი არ აქვს. რაც შეეხება ფროიდს, ის ყოველთვის მეცნიერის პოზიციიდან გამოდის. აი, იუნგი კი, თავისი უნივერსიტეტის მანტიის გარდა, ცდილობს ეკლესიის სტიქარი მოირგოს. ასე რომ, როცა მას უსმენ, ვერ ხვდები ვინ არის შენ წინ – მქადაგებელი თუ მეცნიერი. ჩვენ, უპირატესობას მაინც ფროიდის სექსუალურ თეორიას ვანიჭებთ იუნგის მთელ ამ Libido-ებთან თუ ბერგსონის Elan Vital-თან შედარებით. სექსი რაღაც გარკვეულს მაინც ნიშნავს, თუმცა, მეორე მხრივ, როცა ფროიდი სექსს ანიჭებს პასუხისმგებლობას ყველაფერისთვის, რაც დედამიწაზე ხდება, მას, ასეთივე წარმატებით შეეძლო ის საერთოდ არაფრისთვის არ გაეხადა პასუხისმგებელი.

ჩვენ უარს ვამბობთ ვეძებოთ საერთოდ რაიმეს მიზეზი დედამიწაზე, იქნება ეს სექსი, Libido1 თუ Elan Vital,2 ელემენტარული ნაწილაკი თუ მექანიკური ძალა perpetuum mobile,3 თუ რაც არ უნდა იყოს. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ვგრძნობთ, რომ არ შეგვიძლია, მოსეს მსგავსად, ავიდეთ ჩვენს ახლანდელ იდეალურ მწვერვალ ფისგაჰზე,4 ან მომდევნო ნაბიჯი პირდაპირ ღია ცაში გადავდგათ. და თუ ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენი იდეალების ფისგაჰის მწვერვალს და ყვირილით „მაღლა! მაღლა!“ შევეცდებით ღრუბლებზე ავმაღლდეთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალისტები ვართ და წმინდად რელიგიური იმპულსი გვამოძრავებს. და თუ ჩვენ მეცნიერები ვართ, მაშინ ვამჯობინებთ აღმოვჩნდეთ იქ, ღრუბლებს მიღმა, აეროპლანის, ევგენიკის5 თუ საყოველთაო განიარაღების საშუალებით, ან კიდევ რაიმე მსგავსით, არანაკლებად აბსურდულით.

თუ აღთქმული მიწა სადმე არსებობს, მხოლოდ ჩვენს ფეხებს ქვემოთ. არაფერში გვჭირდება ღრუბლებს მიღმა გასვლისკენ სწრაფვა, არაფერში გვჭირდება ცაში ქროლვა და ძახილი „ზემოთ! ზემოთ!“ და უნაყოფო მოწოდებები საყოველთაო ძმობისაკენ, ინტერნაციონალური სიყვარულისა და ერთა ლიგისაკენ. იდეალიზმმა და მატერიალიზმმა, ხელიხელჩაკიდებულებმა, მოახერხეს ერთად აცოცებულიყვნენ ფისგაჰის მწვერვალზე და ახლა იქ ადგილი გადაჭედილია. და აი, ახლა, ჩვენ ყველანი ვდგავართ ჩვენს მთაზე, ერთმანეთზე ამძვრალი და ერთმანეთს ვთელავთ ფეხებით და ვკივით: „მაღლა! უფრო მაღლა!“

შენს კარვებთან, ო, ისრაელო! ძმებო, ჩავიდეთ ქვემოთ. ჩვენ დავეშვებით დაბლობში. განა სწორედ იქიდან არ მიემართება გზა ჩვენი ძვირფასი ქანაანისაკენ?6 აღმასვლა დამთავრებულია. ახლა იქ, ქვემოთ, იმ მიწაზე, სადაც მდინარეები თაფლად და რძედ მიედინება. მართალია მალე ისინი სისხლად იდენენ, მაგრამ აქ ვერაფერს გააწყობ. ქანაანელებს ხომ სისხლი აქვთ თავიანთ ძარღვებში სუფთა რძისა და თაფლის ნაცვლად.

თუ წარმოშობის საკითხზე მიდგება საქმე, წარმოშობა ხომ ყველას ერთი აქვს, რასაც არ უნდა ვამბობდეთ ჩვენ ამის შესახებ. და ზუსტად ასევეა საქმე მიზეზებთან დაკავშირებითაც. დაე ეს აზრი მანუგეშებელი იყოს ჩვენთვის. თუ ჩვენ გვინდა ღმერთის შესახებ ვისაუბროთ, კი ბატონო, შეგვიძლია საკუთარ თავს ვასიამოვნოთ. ღმერთზე საკმაოდ ბევრი ულაპარაკიათ და არ ჩანს, რომ ის წინააღმდეგი იყოს. პრობლემა ღმერთის კი არა, სწორედ ჩვენს პირად დამოკიდებულებაშია ყველაფერთან. ანალოგიურად, თუ ჩვენ ასე ძალიან გვინდა ფინჯან ჩაიზე ატომებზე ვისაუბროთ, მაშინ რატომაც არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნებისმიერ რამეზე – ელექტრონებზე, ენერგიის მცირე ერთეულებზე, Libido-ზე, Elan Vital-ზე და საერთოდ ნებისმიერ სხვა რამეზე, ამქვეყნად ყველაფერს რომ გვიხსნის. მაგრამ არ არის საჭირო ჩაიზე სექსის საკითხის განხილვა. ისედაც ბევრი გვაქვს ის მაგიდის ქვეშ და სიმართლე რომ ითქვას, მე, ჩემი მხრივ, ვამჯობინებდი ის იქ დამეტოვებინა, რაც არ უნდა თქვან ამის გამო ჩემზე ფროიდისტებმა.

როგორი დამღლელია სიარული ჩაის წვეულებებზე, რომლებზეც წარმოშობას ანუ მიზეზს განიხილავენ. ან თვით უფალ ღმერთზე მსჯელობენ! მოდით, წარმოვთქვათ მისტიკური „ომ“7 ჩვენი მუცლის სიღრმიდან და განვაგრძოთ.

ეჭვის ნატამალიც კი არ არსებობს იმის შესახებ, რომ პირველმიზეზი8 უბრალოდ იდუმალებითაა მოცული და ეს კარგია. სამწუხარო იქნებოდა, რომ ასე არ იყოს. შეიძლება ის ღმერთია. ან ატომი. მე კი ვიტყვი მოკლედ: „ომ“.

ყოველი რწმენის პირველი და მთავარი საქმეა, განაცხადოს თავისი არცოდნის შესახებ. მე არ ვიცი საიდან მოვედი და სად შევედი. მე არაფერი ვიცი ცხოვრების წარმოშობის შესახებ და არც სიკვდილის აზრი ვიცი. არსებითად მე წარმოდგენაც კი არ მაქვს იმაზე, თუ ორი მშობლის უჯრედები რომელიც არის ჩემი ბიოლოგიური საწყისი, იქცა „მე“-დ, იქცა იმად, რაც მე ვარ. მე საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა რა იყო ჩემი მშობლების ის უჯრედები. ქიმიური ანალიზი ხომ მხოლოდ ფარსია და მამაჩემი და დედაჩემი მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალება იყვნენ. და მაინც, უნდა ვთქვა, რომ ვინაიდან მე უნდა მცოდნოდა ორი უჯრედის შესახებ, მოხარული ვარ, რომ ახლა ვიცი.

მეცნიერების მოსეს და იდეალიზმის აარონებს,9 ჩვენ, ყველანი, ერთ შეკვრად ფისგაჰის მწვერვალზე მივყავართ. ეს მკვეთრი აღმართია და, ძალიან მალე, ხუთ წუთში, ჩვენ ერთმანეთზე დავეცემით და ყველა, ერთად ქვემოთ დავგორდებით, თუ ვინმე დროულად არ მიხვდება, რომ დადგა ჟამი ქვემოთ დაშვებისა. მაგრამ მანამ, სანამ ჩვენს სიმაღლეებს მივატოვებთ, მოდით, თვალი მოვავლოთ გარემოს და ორიენტირება მოვახდინოთ.

გვარწმუნებენ, რომ ჩვენი გზა ახალი იერუსალიმისაკენ საყოველთაო სიყვარულზე ძევს წყალობით სავსე პრაგმატიზმის ჯადოსნური ველების გავლით და იქვე, სრულიად ახლოა სიცოცხლით სავსე ბედნიერ მიწამდე: და იმ ბნელ ჭალაში ამოიზრდება სახლი წარმატებული ანალიზისა მეტსახელად ფსიქო და იმ ლურჯ ბორცვებზე ზეადამიანები იწონებენ თავს, თუმცა თქვენ მათი დანახვა არ შეგიძლიათ… და აქ არის ბეზანტეიზმიც10 და აქ არის ედიაჰაუ,11 და აქ, ამ თვალწარმტაც მთის პლატოზე არის ვილსონია და იქვე, კუთხეში, არის რაბინდრანათოპოლისი…

მაგრამ, ღმერთო ჩემო, მე ვერაფერს ვხედავ. დამეხმარე ზეცაო, მომეცი მე ტელესკოპი, რამეთუ საერთოდ ვერაფერს ვხედავ.

მე აღარ ვაპირებ, რომ კიდევ ვცადო. მე ვაპირებ დავჯდე რბილ ადგილზე და სრული სიჩქარით დავეშვა ფისგაჰიდან ქვემოთ, თუმცა კი ვიცი, რომ ეს შეიძლება შარვლის გახევად დამიჯდეს. ჰოპლა! მივდივართ და მივდივართ!

დასაწყისში… კაცმა რომ თქვას არავითარი დასაწყისი არ ყოფილა, მაგრამ ვთქვათ იყო. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ. სულ მთლად დასაწყისში – დროის და სივრცის, კოსმოსის და ყოფიერების დასაწყისში – მოკლედ მთლად დასაწყისში – იყო პატარა, ცოცხალი არსება. მაგრამ მე არაფერი არ ვიცი მის შესახებ. ისიც კი არ ვიცი, იყო თუ არა ის სინამდვილეში. ასეთი პატარა. მხოლოდ ის ვიცი, რომ დასაწყისში იყო ცოცხალი არსება, მისი პლაზმა ცახცახებდა და მისი სიცოცხლის პულსი ფეთქავდა. და ეს პატარა არსება გარდაიცვალა, როგორც ყოველთვის ემართებათ პატარა არსებებს. მაგრამ, ცოტა ხნით ადრე თავის სიკვდილამდე, მან შვა სხვა ნორჩი არსება. და როცა პირველი პატარა არსება გარდაიცვალა, ის ნაწილებად დაიშალა. და ეს იყო კოსმოსის დასაწყისი. მისი პატარა სხეული მტვრის ნაწილაკებად დაიფანტა და ახალი არსება ერთ-ერთ მათგანს ჩაებღაუჭა – ყველა ცოცხალი არსება ხომ რაღაცას უნდა ჩაებღაუჭოს. გარემომცველ სივრცეში გავრცელდა მისი წყნარი სუნთქვა, გავრცელდა მისი სითბო, გავრცელდა მისი სინათლე. მისი სხეული ენერგიას ასხივებდა და ჰაერი თბებოდა მისი მარჯვენა მხრიდან, იმ დროს, როცა მარცხენა მხრიდან მისი სხეულის ცივი და ნოტიო ენერგეტიკული გამონაყოფები სიცივეს და წყვდიადს ავრცელებდნენ. და ასე პირველი, პატარა ბატონი გარდაიცვალა და დაიშალა და იმ ადგილზე, სადაც მისი პატარა, ცოცხალი სხეული იყო, მთლად ცენტრში, მტვრის ერთ-ერთი ნაწილაკი დედამიწად იქცა და მისგან მარჯვნივ, გაჩნდა ნათება, რომელიც იქცა მზედ, საკუთარ თავში მთელი ის ენერგია რომ შეიწოვა, რომელიც თავისი სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილმა პატარა ღმერთმა დატოვა, მისგან მარცხნივ კი გაჩნდა წყვდიადი, რომელშიც დაიბადა და ცაზე ამოვიდა მთვარე. აი, ასე შექმნა ღმერთმა სამყარო, თუმცა მე ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომ ის არც კი უნდა მეხსენებინა.

მაგრამ მე დამავიწყდა მეხსენებინა პატარა ბატონის სული. მან ალბათ ცოტა ხნით შეიფრთხიალა, შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდა, მაგრამ უკვე სხვა ნორჩებთან. აი, ასეთი სახით ჩემი მონათხრობი სავსებით ბუნებრივი ჩანს.

ასეთია ჩემი წარმოდგენა სამყაროს შექმნაზე. და რა მინდოდა ამით მეთქვა? მხოლოდ ის, რომ სიცოცხლე არასდროს არ ყოფილა და არასდროს არ იქნება რაიმე სხვა, თუ არა ცოცხალი არსებები. და დიდი ასოთი თუ პატარა ასოთი დაწერთ თქვენ სიტყვა „სიცოცხლეს“, ის ყოველთვის აღნიშნავდა და ყოველთვის აღნიშნავს ცოცხალ არსებას, მხოლოდ ცოცხალ არსებას. სწორედ ცოცხალი არსებებისგან შეიქმნა მატერიალური კოსმოსი – და ცოცხალი არსებების სიკვდილისაგან, როცა მათი პატარა, ცოცხალი სხეულები მკვდრები ეცემოდნენ და იფანტებოდნენ, იქცეოდნენ რა მატერიის და ენერგიის, მზის და მთვარის, ვარსკვლავების და სამყაროების ათასნაირ სახეობად. ამაშია მთელი სამყარო. ოღონდ ნუ მკითხავთ საიდან გაჩნდა ის პირველი არსება, რომლისგანაც ყველა მომდევნო გაჩნდა. ის უბრალოდ იყო. მაგრამ ის იყო პატარა პიროვნება თავისი საკუთარი სულით. ის, ჯერ კიდევ, არ იყო სიცოცხლე დიდი ასოთი.

თუ ჩემი არ გჯერათ მერე რა, ამის გამო თქვენზე არ გავბრაზდები. მე სიმღერაც კი მოვამზადე თქვენთვის, რომ სულ მღეროდეთ:

თუ რაღაც ჩემთვის სიმართლე არ არის,
რა მნიშვნელობა აქვს ის სხვისთვის რა არის.

ახლა, როცა ამ სიმღერას ღიღინებთ, უფრო მომწონხართ: ვიღაც, ყველაფრისადმი გულგრილი, უზრუნველი მომღერალი. და მეც მოგიმღერებთ:

თუმც შენთვის ის სიმართლე არ არის,
ჩემთვის სახარებისეული ჭეშმარიტება არის.

ცოცხალი ცოცხლობს და შემდეგ კვდება. გადადის, როგორც ჩვენ ვიცით, მიწის მტვერში, ჟანგბადში, აზოტში და ასე შემდეგ. აი ეს კი ჩვენ არ ვიცით, თუმცა კი, უნდა ვიცოდეთ: როგორ ხდება, რომ არაცოცხალი მატერია ისევ სიცოცხლედ იქცევა, ცოცხალ მატერიად. ჩემთვის წარმოდგენაც კი ძნელია თუ რამდენი მკვდარი სული, თითქოს მერცხლებიაო, გარს დასტრიალებენ ჩვენს ქაოსს და ბუდეს იკეთებენ სამყაროს სახურავის და ცოცხალის ჭერის ქვეშ. იმდენად ბევრი მკვდარი სულია, თითქოს მერცხლები ჟღურტულებენ და ბარტყებს ჩეკავენ. – აზრები და ინსტინქტები – ჩემი თმების ზვინის და შუბლის ლავგარდანის ქვეშ. ეს მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არცთუ ცოტაა. იმედი მაქვს, რომ ისინი იქ კარგად არიან. და კიდევ, იმედი მაქვს, რომ ისინი მერცხლებია და არა ღამურები.

ჩემთვის უხერხულია გამოგიტყდეთ იმაში, რომ მწამს გარდაცვალებულთა სულების არსებობა, მწამს მკვდარი სულების უნარისა ამა თუ იმ გზით დაუბრუნდნენ ჩვენი სულების სამყაროს და ხელახლა შევიდნენ ცოცხლების სულებში. მაგრამ ყველა ცოცხალის ხვედრი ხომ გარდაუვალი სიკვდილია და ძალიან ძნელია ამას შეურიგდე. არ ვდავობ იმაზე, რომ სულთა გადასახლების ჩემეული რწმენა, რაღაცით მისტიციზმს ჰგავს და ეს სამწუხაროა – მე ხომ მისტიციზმი არ მიყვარს. მისტიციზმი. მას შარვალიც არ აცვია. – n’a pass de quoi12 დამეთანხმებით, და საკმაოდ უხერხულია, თუ ხელს უკან წავიღებ და სრულ სიშიშვლეს ვიგრძნობ.

მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, გრძელი, თხელი, ნაცრისფერი მუხლუხო პატარა ტოტზე რომ ზის ჩემს ფეხებთან, ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წიფლის თხელი, გამხმარი ტოტია. მას თავისი უკანა ფეხებიც და წინა ფეხებიც შტოზე აქვს და მისი სხეული თაღივითაა მოღუნული ფეხებს შორის და ამ მომენტში ბუზი იწყებს ცოცვას ტოტზე და ცდილობს ამ ვითომ თაღზე აძვრეს. მას ეჭვადაც კი არ აქვს, რომ ეს თაღი კი არ არის, არამედ ცოცხალი მუხლუხოა. მაგრამ როგორც კი „თაღი“ ოდნავ შეინძრა, ბუზს თითქოს ქარმა დაუბერა. მან თითქოს მოჩვენება დაინახა. და კვლავ ცოცხალი ტოტი და გამხმარი ტოტი ახლა ორივე ერთნაირად უძრავია და დიდ სიამოვნებას იღებენ ერთმანეთს შორის ამ მცირეოდენი განსხვავებისაგან. ახლა კი, იმ ფანქრის მეშვეობით, რომლითაც ეს სტრიქონები იწერება, მე მუხლუხოს თავს ვაცლი, მაგრამ ის კვლავ რჩება თავისი სხეულის უკანა ნაწილზე, ჰაერში თაღივით გადახრილი და მხოლოდ თაღის ის ნაწილი, რომელსაც თავი იჭერდა, კვლავ უმწეოდ ირწევა ჰაერში პაწაწკინტელა ქანქარას მსგავსად. მთელი წუთნახევრის განმავლობაში ასეთი რწევის შემდეგ, მუხლუხო, ბოლოს და ბოლოს, გვერდზე ყირავდება. ახლა კი ის თითქოს მართლაც მშრალი, თხელი ტოტია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ნამდვილ გამხმარ ტოტს არ შეუძლია ცოცხალ მუხლუხოდ მოაჩვენოს თავი. და მაინც, როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს! განა ჩვენც, რომელიღაც შემთხვევით სადგურზე, ასევე არ ჩავდივართ ცხოვრებაში, შემდეგ კი ამოვდივართ ასევე რომელიღაც სადგურიდან, და სანამ ცოცხლები ვართ, რომელიღაც როლებს ვასრულებთ. და გაცილებით მეტ როლს ვასრულებთ, ვიდრე ჩვენ, უბედურებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. და რა მორალი გამოდის აქედან? არც კი ვიცი რა ვთქვა. მე მთლად დაბნეული ვარ.

ჰო, კარგი, ჩვენ ვიბადებით (იმედი მაქვს ეს მტკიცება მაინც არ გახდება სადავო) და რაღაც მომენტამდე ცნობიერება არ გაგვაჩნია. მაგრამ აი უკვე ცნობიერებაც გაგვიჩნდა. Nem con.13 და ჩვენი პატარა ჩვილი სხეული ხდება ფუნქციონალური ორგანიზმი, პაწაწკინტელა, თვითსრულყოფადი მექანიზმი, ინსტრუმენტი თუ ორგანო და ჩვენს პატარა, ჩვილ ტვინში გამოღვიძებას იწყებს მთელი ეს საოცარი საწყისი ჩვენი ფსიქიკისა. თითოეული ჩვენგანი უკვე „მე“-ა, მაგრამ მხოლოდ კვირტის თუ კოკორის განვითარების დონეზე.

და მაინც, ეს მთლად ასე არ არის. მსგავსი შეხედულება მეტისმეტად ჰგავს ხედს ფისგაჰის მწვერვალიდან. ჩვენ ასე ზემოდან გადმოხედვისას ბევრი რამ გამოგვრჩება. Descendez, cher Moïse. Vous voyez trop loin.14 ძალიან დიდ არეალს სწვდება შენი მზერა, ძვირფასო მოსე. მთელ აღთქმულ მიწას ზღვის კიდემდე. ქვემოთ ჩამოდი და გაისეირნე, ძველო. შენ იქ ვერ ნახავ ვერავითარ რძეს და თაფლს და იხვის კვერცხის ოდენა ყურძნის მტევნებს. მხოლოდ და მხოლოდ პატარა, ძვირფასი, დიდი იმედების მომცემი ჩვილი მისი სუსტი, შეუბილწავი გონებით და დიდების ღრუბლებში გახვეული ხელსახოცის ნაცვლად. და მეტი არაფერი, ჩემო ძვირფასო მეგობარო – არავითარი აღთქმული მიწა.

ფისგაჰიდან ჩამოცოცდი და იერიქონში15 შედი. Allons,16 მერე რა, რომ გზა იქამდე ჯერ კიდევ გაყვანილი არ არის. ჩვენ ხომ ყველანი აარონები ვართ და თითოეულ ჩვენგანს თავისი კვერთხი აქვს.18

შენიშვნები:

  1. Libido (ლათ.) – სურვილი, სწრაფვა ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მთავარი ცნება. თავიდან, ფროიდის ადრეულ ნაშრომებში, ის აღნიშნავდა ერთგვარ ფსიქიკურ ენერგიას, რომელიც საფუძვლად უდევს ინდივიდის ყველა სექსუალურ გამოვლინებას. ანუ ფაქტობრივად გამოიყენებოდა როგორც ყველა სექსუალური ლტოლვის სინონიმი. შვეიცარიელი ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, კარლ იუნგის (1875-1961) 1912 წელს გამოსული ნაშრომის „ლიბიდოს მეტამორფოზები და სიმბოლოები“ კონცეფციით კი, ლიბიდო – ეს არის სექსუალურ საფუძვლებს მოკლებული ირაციონალური ლტოლვა ადამიანისა, ლტოლვა რომელიც მის საქციელს განსაზღვრავს.
  2. Elan Vital (ფრ. სიტყვასიტყვით – ცხოვრებისეული ლტოლვა) ფრანგმა ფილოსოფოსმა ანრი ბერგსონმა (1859-1941) ცხოველქმედების ყველა პროცესი ახსნა განსაკუთრებული არამატერიალური და შეუცნობელი რაციონალური ფაქტორის მოქმედებით, რომელიც ჩადებულია ცოცხალ ორგანიზმში.
  3. Perpetuum mobile – მექანიზმი, რომლის ენერგიის წყაროც თავადვეა.
  4. ფისგაჰი – მთა, რომლის მწვერვალიდან მოსეს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ნება ებოძა სიკვდილის წინ გადმოეხედა აღთქმული მიწისთვის, სადაც ის არასოდეს ყოფილა.
  5. ევგენიკა (ბერძ.) – მოძღვრება ადამიანის მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის და მისი გაუმჯობესების შესახებ. ევგენიკის პრინციპები პირველად ჩამოაყალიბა ინგლისელმა ფსიქოლოგმა და ანთროპოლოგმა ფრანცისკ გალტონმა (1822-1911).
  6. ქანაანი – ბიბლიური სახელწოდება აღთქმული მიწისა, რომელიც ღმერთმა ებრაელ ხალხს აღუთქვა და რომლისკენაც მიჰყავდა თავისი ხალხი მოსეს. საინტერესოა, რომ ძველი აღთქმის ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სიტყვა „ქანაანი“ მართლაც ნიშნავს სულმდაბლობას.
  7. ომ – უცნობი პირველმიზეზი. მარცვალი სანკრისტულ ენაზე, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდად ითვლება. ინდუისტური ფილოსოფიის მიხედვით, მარცვალი მთელ სამყაროში გამუდმებით ჟღერს. ის არის უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის ვიბრაციული ფორმა.
  8. პირველმიზეზი – სამყაროს პირველსაწყისი – ამ შემთხვევაში – საიდანაც მოდის ბგერა „ომ“.
  9. აარონი – ბიბლიური პერსონაჟი. მოსეს უფროსი ძმა. ისრაელთა წინამძღოლი და პირველი მღვდელმთავარი. დიდი დახმარება გაუწია ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლაში. ღმერთმა აარონი და მისი მამრობითი სქესის შთამომავალნი მღვდელმსახურებად აკურთხა.
  10. ბეზანჰეიმი – ლოურენსის მიერ გამოგონილი ქალაქი, რომელიც მოდის ინგლისელი ქალის ანი ბეზანტის (1847-1933) გვარიდან. ანი ბეზანტი მონაწილეობას იღებდა ინდუსების ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და პირველი მსოფლიო ომის წლებში სათავეში ედგა ეგრეთ წოდებულ „ჰოუმრულის ლიგას“. (ინგლ. „home rule“ – თვითმმართველობა).
  11. ედიაჰაუ – ასევე გამოგონილი ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოდის ამერიკელი მკურნალი ქალის მერი ბეიკერ ედის (1821-1910) გვარიდან. ის ფართოდ იყო ცნობილი XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ფუძემდებელი „ქრისტიანული მეცნიერებისა“ – მოძღვრებისა ზოგიერთი ნერვული ავადმყოფობის განკურნების შესახებ. სინამდვილეში ეს თეორია განავითარა ვინმე დოქტორმა კვიმბმა, რომელმაც თავის დროზე ბეიკერ ედი განკურნა ნერვული დაავადებისგან.
  12. n’a pass de quoi (ფრ.) – აქ: ცუდი სანახაობა იქნება.
  13. Nem con (ლათ.) nemine contradicente – მიღებულია ერთხმად. (წინააღმდეგი არავინ არ არის).
  14. Descendez, cher Moïse. Vous voyez trop loin – „ჩამოდი ძირს, ო, მოსე. შენ მეტისმეტად შორს იყურები“ – არაზუსტად მოყვანილი ციტატა ფრანგი რომანტიკოსი მწერლის ალფრედ დე ვინის (1797-1863) პოემიდან „მოსე“.
  15. იერიქონი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს პალესტინაში ზუსტად ფისგაჰის მწვერვალის ქვეშ და ქანაანის ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც იუდეველებმა დაიპყრეს.
  16. Allons (ფრ.) – მოდი.
  17. ჩვენ ხომ ყველანი აარონები ვართ და თითოეულ ჩვენგანს თავისი კვერთხი აქვს – აარონის კვერთხი – ბიბლიური სიწმინდის სიმბოლო, რომელმაც არაერთხელ განიცადა ჯადოსნური გარდასახვა.
Scroll to Top