ერთ-ერთი თავი დოქ. ჯო დისპენზას წიგნიდან „შენი თავის პლაცებო“.
არასდროს ვგეგმავდი მსგავსი რამით დავსაქმებულიყავი. უფრო სწორად, საქმემ, რომლითაც ახლა დაკავებული ვარ, როგორც ლექტორი, ავტორი და მკვლევარი, თავად მიპოვა. ზოგჯერ გაღვიძებისთვის საჭიროა კარგად შეგაჯანჯღარონ. 1986 წელს მივიღე ასეთი შეჯანჯღარება: აპრილის ერთ უბედურ დღეს დიდმა ჯიპმა გადამიარა ტრიატლონზე პალმ-სპრინგსში, სამხრეთ კალიფორნიაში. ამ მომენტმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და ახალ მოგზაურობაში გადამიყვანა.
მაშინ 23 წლის ვიყავი. იმ დროს ის-ის იყო დაწყებული მქონდა ქიროთერაპია ლა ჯოლაში, კალიფორნიაში. ბოლო თვეები მაგრად ვვარჯიშობდი იმავე ტრიატლონში მონაწილეობის მისაღებად… ეს მაშინ მოხდა, როცა ცურვის ნაწილს მოვრჩი და ველო შეჯიბრზე გადავედი. მივუახლოვდი იმ დაწყევლილ მოსახვევს, სადაც ჩვენი კოლონა ტრანსპორტს უნდა გადაკვეთილიყო. მოახლოებულ მანქანებს ზურგით მდგომმა პოლიციელმა მანიშნა, რომ მარჯვნივ მომეხვია და ჩემი მარშრუტით წავსულიყავი. რადგანაც ძლიერად ვატრიალებდი პედლებს და მთლიანად რბოლაზე ვიყავი ორიენტირებული, თვალი მისთვის არ მომიწყვეტია. სწორედ ამ გზაჯვარედინზე ორ ველოსიპედისტს რომ გავუსწარი, წითელი ოთხბორბლიანი „Ford Bronco“ ჩემს ველოსიპედს უკნიდან მიეჯახა 55 კმ/სთ სიჩქარით. შემდეგი, რაც დამამახსოვრდა ის იყო, რომ ჰაერში ავფრინდი და მძიმედ დავენარცხე ზურგით. მანქანის სიჩქარე მაღალი იყო, „ბრონკოს’’ საჭესთან მჯდომი მოხუცი ქალის რეაქცია კი -ნელი, რის შედეგადაც მანქანამ განაგრძო ჩემკენ მოძრაობა და მალევე დამეჯახა ბამპერით. მაშინვე ამ ბამპერს ჩავეჭიდე, რომ ლითონის ძირსა და ასფალტს შორის მანქანის ქვეშ არ მოვყოლოდი. გარკვეული პერიოდი გზაზე მანქანამ მახოხიალა, ვიდრე მძღოლი არ მიხვდა, რაც მოხდა. ბოლოს და ბოლოს რომ დაამუხრუჭა, ოცი იარდით წინ გადამაგდო.
ახლაც მახსოვს ველოსიპედების ხმა, რომლებიც წინ მიჰქროდნენ, და საშინელი შეძახილი, შემკული ლანძღვა-გინებით სპორტსმენებისგან, ისინი ორივე მხრიდან მივლიდნენ და არ იცოდნენ, გაჩერებულიყვნენ და დამხმარებოდნენ, თუ გაეგრძელათ რბოლა. მე იქ ვიწექი და მხოლოდ ის შემეძლო, რომ დავნებულიყავი.
მალე გაირკვა, რომ ხერხემლის ექვსი ნაწილი მქონდა მოტეხილი: კომპრესიული მოტეხილობა მივიღე გულ-მკერდის მალების (მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე) და პირველი წელის – მთლიანობაში: მხრის პირებიდან თირკმელამდე. ხერხემლის მალები ცალკე ბლოკებივით დგას, და როცა მიწას ასეთი ძალით დავენარცხე, ისინი შეიკუმშნენ და ჩამოიშალნენ დარტყმისგან. მერვე გულ-მკერდის მალა, ყველაზე ზედა დაზიანებული, 60%-ზე მეტით ჩამოიშალა, ხოლო მრგვალი თაღი, რომელიც იცავს ზურგის ტვინს, გატყდა და დაიხურა რგოლივით, როგორც დონატი. როდესაც ხერხემალი იკუმშება და ტყდება, ძვალი სადღაც უნდა წავიდეს. ჩემს შემთხვევაში ზურგის ტვინში ბევრი ფრაგმენტი შემოვიდა. მოკლედ, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
მეორე დილით გამეღვიძა და ვიგრძენი, რომ ისევ ცუდ სიზმარში დავბრუნდი ნევროლოგიური სიმპტომების სრული სპექტრით, მათ შორის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტკივილით, დაბუჟებით და ჩხვლეტით, ასევე ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვით და მოძრაობების კონტროლის გაძნელებით.
როდესაც საავადმყოფოში ამიღეს სისხლის ანალიზები, გამიკეთეს რენტგენი, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ორთოპედიულმა ქირურგმა მაჩვენა შედეგები და პირქუშად მითხრა ჩემი ამბავი. იმისათვის, რომ შეგროვებულიყო ძვლის ყველა ფრაგმენტი, რომლებიც ახლა ჩემს ზურგის ტვინში იყო, საჭირო გახდა ოპერაცია ჰარინგტონის ღეროს ჩასადგმელად. ეს მოიცავდა ხერხემლის უკანა ნაწილების ამოხერხვას ორი-სამი სეგმენტით მოტეხილობების ზემოთ და ქვემოთ, შემდეგ უნდა დაეხრახნათ და დაემაგრებინათ ორი 12-დიუმიანი უჟანგავი ფოლადის ღერო, ორივე მხარეს ზურგის სვეტის გასწვრივ. შემდეგ ისინი ჩემს ბარძაყის ძვლოვან ქსოვილს ჩამოფხეკდნენ და ღეროებს გადაუსმევდნენ. ეს იქნებოდა სერიოზული ოპერაცია, მაგრამ მომცემდა ისევ სიარულის შანსს, თუმცა, შეიძლება, მაინც ინვალიდად დავრჩენილიყავი და მომიწევდა ქრონიკული ტკივილის ატანა მთელი ცხოვრების მანძილზე. ღირს კი იმის თქმა, რომ მე ნამდვილად მზარავდა ასეთი პროგნოზი?!
თუმცა, თუ ოპერაციაზე უარს ვიტყოდი, გარდაუვალი პარალიჩი დამეწყებოდა. საუკეთესო ნევროლოგი პალმ-სპრინგსში, რომელიც დაეთანხმა პირველ ქირურგს, მითხრა, რომ არასოდეს სმენია შეერთებულ შტატებში ჩემი დიაგნოზის მქონე არცერთ პაციენტზე, რომელსაც უარი ეთქვა ოპერაციაზე. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემმა მერვე ხერხემლიანმა სოლის ფორმა მიიღო, რომლის გამოც ჩემი ხერხემალი ვერ გაუძლებდა სხეულის წონას თუ ფეხზე წამოვდგებოდი. ხერხემალი დამეშლებოდა, ხერხემლიანების ამ ფრაგმენტებს ზურგის ტვინში ღრმად შეიყვანდა, რაც გამოიწვევდა გულ-მკერდის და ქვედა სხეულის მყისიერ დამბლას. ეს ვარიანტი კიდევ უფრო უარესი იყო.
გადამიყვანეს სხვა საავადმყოფოში ლა-ჯოლაში, სახლთან უფრო ახლოს, სადაც მოვისმინე კიდევ ორი აზრი. მათგან ერთი ეკუთვნოდა სამხრეთ კალიფორნიის წამყვან ორთოპედიულ ქირურგს. გასაკვირი არ არის, რომ ორივე ექიმი თანხმდებოდა: ოპერაცია მჭირდებოდა ჰარინგტონის ღეროს ჩასადგმელად. არჩევანი არ მქონდა – ან უნდა დავთანხმებოდი ოპერაციას, ან პარალიზებულო გავხდებოდი და აღარასოდეს ვივლიდი. მე რომ პროფესიონალი ექიმი ვყოფილიყავი, რომელიც რჩევებს იძლევა, იმავეს ვურჩევდი. ეს იყო ყველაზე უსაფრთხო არჩევანი. მაგრამ მე მაინც ჩემებურად გავაკეთე.
ალბათ, იმ წლებში თავდაჯერებული ახალგაზრდა ვიყავი, წინააღმდეგობა გავუწიე სამედიცინო განაჩენს და ექსპერტების რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ჩემთვის აშკარა იყო, რომ თითოეულ ჩვენგანში არის გარკვეული სული, უხილავი ცნობიერება, წყარო და სიცოცხლის მომცემი. ის ყოველ წამს მხარს გვიჭერს, გვეხმარება, გვიცავს და გვკურნავს. იგი ქმნის თითქმის 100 ტრილიონ სპეციალიზებულ უჯრედს (დაწყებული მხოლოდ ორიდან), აიძულებს გულს, დღეში ასობით ათასჯერ იფეთქოს, შეუძლია ყოველ წამში ასობით ათასი ქიმიური რეაქცია განახორციელოს თითოეულ უჯრედში – რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა გასაოცარ ფუნქციებზე. მე ასე ვმსჯელობდი: თუ ეს შინაგანი გონება რეალურია, თუ შეგნებულად, სიყვარულითა და მზრუნველობით გვმართავს და თანაც გააჩნია ასეთი საოცარი შესაძლებლობები, მაშინ, ალბათ, ღირს ყურადღების გადატანა გარე სამყაროდან შინაგანზე, რათა იგი იქ აღმოვაჩინოთ და დავამყაროთ მასთან ურთიერთობა.
გონებით ვიცოდი, რომ სხეულს აქვს საკუთარი თავის განკურნების უნარი, ახლა უნდა გამომეყენებინა ყველა ის ფილოსოფია, რომელიც ვიცოდი, რათა ეს ცოდნა გადამეყვანა შემდეგ დონეზე და მის ფარგლებს გარეთ – გამოცდილება დამეკავშირებინა განკურნებასთან. და რადგან არაფერი მქონდა გასაკეთებელი, გარდა გაუძრევლად წოლისა, გადავწყვიტე ორი რამ: პირველ რიგში, ყოველდღე მთელ ჩემს ცნობიერ ყურადღებას მივმართავდი ჩემში არსებული ამ გონებისადმი, ვუჩვენებდი მას გეგმას, შაბლონს, სურათს, რომელსაც თან მოჰყვებოდა ძალიან კონკრეტული ბრძანებები, შემდეგ კი მთლიანად ჩავბარდებოდი ამ უმაღლეს გონებას, რომელსაც აქვს შეუზღუდავი ძალა; მივანდობდი მას ჩემს განკურნებას. და მეორეც, არ დავუშვებდი არც ერთ მავნე აზრს, რომ ჩემს ცნობიერებაში შემოეღწია. რა მარტივია არა?
მედსაბჭოს რჩევის საწინააღმდეგოდ, საავადმყოფო სასწრაფოს მანქანით დავტოვე, რომელმაც ჩემი ორი უახლოესი მეგობრის სახლში წამიყვანა, სადაც მომდევნო სამი თვე გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში უნდა გამეტარებინა. მნიშნელოვანი ამოცანა დავისახე – გადავწყვიტე, რომ დავიწყებდი ხერხემლის აღდგენას ყოველდღე, რათა გონებისთვის მეჩვენებინა, რა მინდოდა. კარგად მესმოდა; ეს საჭიროებდა ჩემს სრულ არსებობას აწმყოს ყოველ წუთში – არ უნდა მქონოდა არც მოგონებები და სინანული წარსულზე, არც იმედები და წუხილი მომავალზე, არც გამანადგურებელი, აკვიატებული აზრები ჩემი გარე ცხოვრების პირობების შესახებ და არც ფოკუსირება ტკივილზე ან სიმპტომებზე. ეს ისევეა, როგორც სხვა ადამიანთან ურთიერთობაში – ჩვენ ხომ ყოველთვის ვიცით, როდის არის ის ახლოს და როდის – არა, ესე არაა? შესაბამისად, უმაღლეს ცნობიერებას ეცოდინებოდა, როდის ვარ აქ და როდის – არა. ამ გონებასთან ურთიერთქმედებისას სრულად მომიწევდა დროში ყოფნა. ჩემი ყოფნა აწმყოში უნდა შესაბამისობაში მოსულიყო მის ყოფნასთან, ჩემი ნება უნდა დასთანხმებოდა მის ნებას, ჩემი გონება კი – მის გონებას.
ასე რომ დღეში ორჯერ ორი საათის განმავლობაში საკუთარ თავში ვღრმავდებოდი და ვიწყებდი სასურველი შედეგის სურათის შექმნას – სრულიად შეხორცებულ, გამოჯანმრთელებულ ხერხემალს. რა თქმა უნდა, დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად გაუაზრებელი და არაკონცენტრირებული ვიყავი მანამდე. პარადოქსულია. მერე უცებ მივხვდი:
როდესაც ადამიანი განიცდის კრიზისს ან ტრავმას, ის დიდ ყურადღებას და ენერგიას ხარჯავს იმაზე ფიქრში, რაც არ სურს, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს იმაზე, რაც სწადია. და მეც ვუშვებდი ამ შეცდომას პირველ რამდენიმე კვირაში, თითქმის ყოველ წამს.
ერთ მშვენიერ დღეს, მედიტაციის შუაგულში ცხოვრების შექმნაზე, რომელიც მინდოდა (ანუ სრულიად გამოჯანმრთელებულ ხერხემალზე), უცებ მივხვდი, რომ მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, რაც ქირურგებმა მითხრეს რამდენიმე კვირის წინ – რომ აღარასდროს დავდგებოდი ფეხზე. წესით ხერხემლის შინაგანი შეკეთების პროცესში უნდა ჩავძირულიყავი, მაგრამ უცებ ახალმა აზრმა გამიელვა: ხომ არ მომიწევდა ჩემი ქიროთერაპიის (მანუალური თერაპიის) გაყიდვა? მე ან გონებრივად ვვარჯიშობდი ეტაპობრივად, როგორ შემეძლო ისევ სიარული, ან წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა დარჩენილი ცხოვრების გატარება ინვალიდის ეტლში ჯდომით…