ერთ-ერთი თავი არტურ შოპენჰაუერის ავტორის წიგნიდან „პესიმიზმი“.
გარეგნული რომ შინაგანის გამომხატველია და ადამიანის სახე მის მთელ არსებას ცხადყოფს, ეს ის ამოსავალი აზრია, რომლის უეჭველობაც თუნდაც იმ ხარბ სწრაფვაში გამოიხატება, მუდამ რომ გვეუფლება, როცა კი ამა თუ იმ სფეროში ვინმეს გამორჩეული საქმე თუ მიღწევა გვაოცებს – სულ ერთია, კეთილი საქმეა ეს თუ ბოროტი: ასეთ შემთხვევაში მუდამ გვიჩნდება სურვილი, ვინც ეს გააკეთა, ჩვენი თვალით ვიხილოთ ან, თუკი ეს შეუძლებელია, სხვებისაგან მაინც შევიტყოთ, როგორ გამოიყურება აღნიშნული ადამიანი. დაჟინებით ვცდილობთ, იმ ადგილებში მოვხვდეთ, სადაც მისი ნახვაა შესაძლებელი, ხარბად ვკითხულობთ გაზეთებში მისი გარეგნობის აღწერას (ეს განსაკურებით ინგლისურ პრესას სჩვევია); მხატვრები და გრავიორებიც ამიტომ ეშურებიან გამოჩენილი ადამიანების პორტრეტების შექმნას; და ბოლოს – დაგერის1 საოცარმა აღმოჩენამ იმიტომაც მოიპოვა ასეთი აღიარება, ამ მოთხოვნას ზედმიწევნით რომ აკმაყოფილებს.
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყველა ჩვენგანი შემხვედრს, პირველ რიგში, ფიზიონომიით აფასებს და გულის სიღრმეში ცდილობს, მისი გარეგნობის მიხედვით მისი შინაგანი თვისებები ამოიცნოს. ასე არ იქნებოდა, ადამიანის გარეგნობას სრულებით არაფერი რომ არ ჰქონდეს საერთო მის სულთან, როგორც ამას ზოგიერთი ბრიყვი ამტკიცებს – აქაო და, სული ხორცით ისევე იმოსება, როგორც კაცი სერთუკითო.
სიმართლე ის გახლავთ, რომ თითოეული ადამიანის სახე იეროგლიფია, რომლის გაშიფვრაც ძალგვიძს, რადგან ამ ანბანს იმთავითვე ჩვენ შიგნით დავატარებთ. მეტიც, ადამიანის სახე ხშირად მის ბაგეზე უფრო მეტ საინტერესო რამეს ამბობს, რადგან სახე ყოველივე იმის ჯამია, რასაც ადამიანი ოდესმე იტყვის; ის ადამიანის ყველა ფიქრისა და სწრაფვის მონოგრამაა. ბაგე მხოლოდ ადამიანის ფიქრებს გამოთქვამს, სახე კი – ბუნების ნააზრევს. ამიტომაც, თუმცა ყველა ადამიანი არ არის მასთან საუბრის ღირსი, თითოეული უეჭველად ღირსია იმისა, რომ მისი სახე გულდასმით შევისწავლოთ… თითოეული ინდივიდი ბუნების ცალკეული აზრია და შესწავლა ესაჭიროება; უპირველეს ყოვლისა, ეს მშვენიერებას ეხება, რადგან უკანასკნელი ბუნების ამაღლებული, განზოგადებული ცნებაა: მთელი ადამიანური მოდგმის, როგორც სახეობის ცნება. ასე მძლავრად ამიტომაც იზიდავს ჩვენს მზერას…
მშვენიერება ბუნების ძირეული და მთავარი აზრია მაშინ, როდესაც ინდივიდი მხოლოდ გვერდითა კონცეფცია, დანართია.
ყველანი იმ დაუწერელი კანონით ვხელმძღვანელობთ, რომ ადამიანი ისეთია, როგორც გამოიყურება. ეს მართალიცაა. თუმცაღა სირთულე ამ პრინციპის გამოყენებაშია: ეს ნაწილობრივ თანდაყოლილი უნარია, ნაწილობრივ – დასწავლადი, მაგრამ მისი მთლიანად დაუფლება არავის ძალუძს; თვით ყველაზე გაწაფულიც კი უშვებს შეცდომებს.
მიუხედავად ამისა – თუნდაც ფიგარო2 ამის საპირისპიროს ამტკიცებდეს – ადამიანის სახე არ ტყუის: უბრალოდ ჩვენ მას ხშირ შემთხვევაში მცდარად ვკითხულობთ. ასეა თუ ისე, სახის ამოკითხვა რთული და დახვეწილი ხელოვნება გახლავთ. მისი პრინციპების აბტრაქტულად შესწავლა შეუძლებელია. ამის წინაპირობა ისაა, რომ ადამიანს სრულიად ობიექტურად მივუდგეთ, ეს კი იოლი სულაც არ არის. როგორც კი ჩვენს დაკვირვებას სულ ოდნავი ანტიპათია თუ სიმპათია, შიში, იმედი ან იმაზე ფიქრი შეეპარება, ჩვენ რა შთაბეჭდილებას ვახდენთ ამ ადამიანზე – ერთი სიტყვით, როგორც კი ოდნავი სუბიექტურობა გვეუფლება, იეროგლიფის ამოკითხვა იმწამსვე შეუძლებელი ხდება; ისევე, როგორც ენის ჟღერადობას სრულად მხოლოდ იგი აფასებს, ვისაც ეს ენა არ ესმის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნიშანს ჩვენს აღქმაში ნიშნული გადაფარავს; ასევე ადამიანის ფიზიონომიას მხოლოდ ის ამოიცნობს, ვისთვისაც ეს ადამიანი უცხოა, ესე იგი, ვინც ხშირი ნახვითა და საუბრით მის სახეს შეჩვეული არ არის. შესაბამისად, ადამიანის სახის წმინდად ობიექტური აღქმა და მისი გაშიფრვის შესაძლებლობა მხოლოდ პირველი ნახვისას გვეძლევა. ნებისმიერ სუნს მთელი სიმძაფრით მხოლოდ პირველ წამებში შევიგრძნობთ, ღვინოსაც მხოლოდ პირველ ჭიქასთან ერთად ვაგემოვნებთ; აგრეთვე ადამიანის სახეც მხოლოდ პირველად ახდენს ჩვენზე სრულ შთაბეჭდილებას. ამიტომაც, ამ პირველ იმპრესიას გულდასმით უნდა დავაკვირდეთ: ზედმიწევნით დავიხსომოთ, ჩვენთვის პირადად მნიშვნელოვანი ადამიანების შემთხვევაში კი ჩავიწეროთ კიდეც; ცხადია, თუკი ჩვენს საკუთარ ფიზიონომიურ ალღოს ვენდობით… შემდგომი ნაცნობობა და ურთიერთობა ამ პირველ შთაბეჭდილებას წაშლის, მაგრამ მომავალში ის აუცილებლად დადასტურდება.
ამასთან, გულახდილად ვაღიაროთ: ეს პირველი შთაბეჭდილება უფრო ხშირად უსიამოვნოა – მაგრამ ვაი, რომ ადამიანთა უმრავლესობა მართლაც უღირსი გახლავთ! ლამაზი, კეთილი და ბრძენი სახეების გამოკლებით – მაშასადამე, იშვიათი გამონაკლისის გარდა – ყოველი ახალი სახე უნებურ შიშს აღგვიძრავს, რადგან ახალი და მოულოდნელი ინტერპრეტაციით უკვე ნაცნობ უსიამოვნო შინაარსს გვაწვდის. როგორც წესი, ეს მართლაც გულსაკლავი სანახავია (a sorry sight). ცალკეულ ადამიანებს სახეზე იმდენად გულუბრყვილო სიტლანქე და სულმდაბლობა, ამასთან, ისეთი გონებაშეზღუდულობა აქვთ აღბეჭდილი, უნებურად გიკვირს, ამგვარი სახით საერთოდ როგორ ბედავენ გარეთ გასვლას და ნიღბის ტარება რად არ ურჩევნიათ… ისეთი სახეებიც გვხვდება, რომელთა ოდენ ნახვაც კი იმგვარ გრძნობას გვიქმნის, თითქოს ლაფში ამოვისვარეთ. ამიტომაც, ვერ დავძრახავთ იმ ადამიანებს, ვისაც მაღალი წოდება საშუალებას აძლევს, ხალხს განერიდონ და ახალი სახეები არ ნახონ, რითაც თავს უსიამო განცდებისაგან იზღვევენ. ამ გარემოების მეტაფიზიკური განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ინდივიდუალობა სწორედ ისაა, რასაც ადამიანი ყოფიერებამ შეძლებისდაგვარად უნდა მოარიდოს – ის, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ხოლო თუკი ოდენ ფსიქოლოგიურ ახსნას დავჯერდებით, ვკითხოთ ჩვენს თავს: მაინც რა ფიზიონომიებს ველოდებით ადამიანებისაგან, ვის თავშიც მათი დღე და მოსწრება მხოლოდ მდაბიო, ფლიდი, უბადრუკი აზრები ტრიალებს და ვისაც მხოლოდ მდაბიო, ხარბი, ავი და გარყვნილი სურვილები ამოძრავებთ?
თითოეული ეს ფიქრი თუ სურვილი სახეზე თავის ანაბეჭდს უტოვებს – დროთა განმავლობაში ხშირი გამეორების შედეგად კი უღრმეს და წარუშელ კვალს… ამიტომაცაა, ადამიანთა უმრავლესობის დანახვა შიშს რომ აღგვიძრავს და მათ მხოლოდ თანდათანობით ვეჩვევით, ანუ პირველი შთაბეჭდილება თანდათან მკრთალდება და გვავიწყდება.
სახის კუნთების სახასიათო დაძაბვის ხარჯზე მყარი გამომეტყველების ქმნადობის სწორედ ეს ხანგრძლივი პროცესი განაპირობებს იმას, რომ ბრძნული, შთაგონებული სახე მხოლოდ მოგვიანებით, მხოლოდ ასაკთან ერთად ხდება ცხადი და მეტყველი. ამავე ადამიანის ახალგაზრდული პორტრეტი ამ გვიანი ნიშნების მხოლოდ ოდნავშესამჩნევ საწინდარს ატარებს.
რაც პირველი ნახვის შიშთან დაკავშირებით ვთქვით, ზემოთ გამოთქმულ იმ მტკიცებას შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ადამიანის სახე მხოლოდ პირველი ნახვისას ახდენს ჩვენზე სრულ და მართებულ შთაბეჭდილებას. ამგვარი წმინდად ობიექტური იმპრესიის შესაქმნელად ამ ადამიანთან არანაირი ნაცნობობა თუ ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს და უმჯობესია, მასთან წარსულში არც გვესაუბროს. რამეთუ ხანმოკლე საუბარიც კი ადამიანებს გარკვეულწილად აახლოვებს და ერთგვარ ურთიერთგაგებას, ორმხრივ სუბიექტურ მიმართებას განაპრობებს, რომელიც აღქმის ობიექტურობას შეუძლებელს ხდის. ამასთანავე, ნებისმიერი ცდილობს, ახლადგაცნობილთან კეთილი ურთიერთობა და მეგობრობა დაამყაროს; ამიტომაც, ადამიანი, რომელსაც ვაკვირდებით, იმთავითვე ნაცადი ხერხებით ეცდება, ჩვენი გული მოიგოს, მაამებლური გამომეტყველებით მოგვხიბლოს, ისე, რომ მალე იმას ვეღარ შევნიშნავთ, რაც პირველ წამს დავინახეთ. ამიტომაც ამბობენ, ადამიანთა ურავლესობა ახლო გაცნობისას კეთილ თვისებებს ამჟღავნებსო, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა – თვალს გვიხვევსო. შემდგომ ურთიერთობაში ესა თუ ის უსიამოვნება თუ წარმოიქმნა, თითქმის მუდამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ პირველი შთაბეჭდილება გამართლდა: ცხოვრება ამას შეგვაგნებინებს და ამით თითქოს ჩვენს გულუბრყვილობას დასცინის. ხშირად კი ისეც ხდება, რომ ახლო გაცნობისას მალევე მტრობა ჩაღდება: ვერც ამ შემთხვევაში ვიტყვით, ადამიანმა კეთილი თვისებები გამოავლინაო. თუმცაღა ამ გავრცელებული გამოთქმის კიდევ ერთი განმაპირობებელი მიზეზი ის გახლავთ, რომ ადამიანი, ვისი გარეგნობაც პირველი შეხედვისთანავე გვაფრთხილებს, უფრო ახლო გაცნობისას თავისი არსებისა და ხასიათის გარდა განათლებასაც ამჟღავნებს, ესე იგი, არა მხოლოდ თავის ბუნებას, არამედ იმასაც, რაც კაცობრიობის საერთო საუნჯიდან გაითავისა: მისი ნათქვამის ორი მესამედი სხვათა ნააზრევებიდან აქვს ნასესხები; ასეთ შემთხვევაში გაოცებულნი ვრჩებით, ამ მინოტავრს ასე გონივრული საუბარი რომ შესძლებია. თუმცაღა საკმარისია ახლო ნაცნობობიდან კიდევ უფრო სიღრმეში გადავინაცვლოთ, იქ მთელი ეშხით იჩენს თავს ის მხეცური არსი, პირველი ნახვისას მის სახეზე რომ ამოვიკითხეთ… ერთი სიტყვით, ვისაც ფიზიონომისტის უნარი აქვს მინიჭებული, აუცილებლად გაითვალისწინებს თავდაპირველ შთაბეჭდილებას, რომელიც ახლო ნაცნობობას წინ უსწრებს და, შესაბამისად, გაუყალბებელია.
რამეთუ ადამიანის სახე ზუსტად გვამცნობს, თუ რას წარმოადგენს იგი; და თუკი მისი სახე გვატყუებს, ეს მისი ბრალი კი არა, ჩვენი შეცდომაა.
ამის საპირისპიროდ, ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ იმას გვამცნობს, რასაც იგი ფიქრობს, ანდა რაც შეისწავლა, ხშირად კი იმას, რასაც საკუთარ ფიქრებად ასაღებს. ამას ემატება გარკვეული გარემოებაც, რომ მასთან საუბრისას, ანდა მისი მოსმენისას, თუნდაც სხვას ესაუბრებოდეს, მისი ფიზიონომიის აბსტრაგირებას ვახდენთ, მას გვერდზე ვდებთ რა, როგორც სუბსტრატს, როგორც რაღაც თავისთავად ცხადს, და მხოლოდ მის პათონომიურ გამოვლინებებს ანუ მისი სახის მიმიკას ვაქცევთ ყურადღებას; ხოლო იგი ცდილობს, ამ ყოველივეს მეშვეობით თავი სახარბიელოდ წარმოაჩინოს.
სოკრატემ ასე უთხრა ჭაბუკს, რომელიც მასთან მიიყვანეს, რათა ფილოსოფოსს მისი უნარ-თვისებები შეეფასებინა: ილაპარაკე, რათა დაგინახოო. სოკრატე მართალი იყო (თუკი ჩავთვლით, რომ „ხედვით“ გაგონება არ უგულისხმია) იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის სახე, განსაკუთრებით, თვალები, მხოლოდ საუბრისას ცოცხლდება, მეტყველი ხდება, მისი გონებრივი უნარები და შესაძლებლობები მიმიკურ თამაშს განაპირობებენ, რა ყველაფერიც საშუალებას გვაძლევს, მისი ინტელექტის დონე შევაფასოთ; სოკრატეს მიზანიც ამ შემთხვევაში სწორედ ეს გახლდათ. ზოგადად კი აუცილებელია, შევიგნოთ: ჯერ ერთი, ეს არ ვრცელდება ადამიანის ზნეობრივ თვისებებზე, რომლებიც უფრო ღრმად ძევს, და მეორე – რასაც ადამიანის საუბრის მოსმენისას მისი სახის ნაკვთების მიმიკური განვითარებისაგან ობიექტურად ვიგებთ, იმას იმწამსვე სუბიექტურად ვკარგავთ, რადგან საუბარშივე მასთან უნებურად პირად დამოკიდებულებრივ ურთიერთობაში შევდივართ; ამით ეს ადამიანი ერთგვარად გვნუსხავს, რის შემდეგაც მიუკერძოებლად ვეღარ ვუცქერთ. ამაზე ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ. ამ თვალსაზრისით მართებული იქნება, ასე ვთქვათ: რათა დაგინახო, ნუ ილაპარაკებ.
ადამიანის ჭეშმარიტ ფიზიონომიას მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დავაკვირდეთ, როდესაც იგი საკუთარ თავთან მარტო ზის. ნებისმიერ სხვა ადამიანთან შეხება და საუბარი მის სახეს უცხო შუქის ანასხლეტით ფარავს, მეტწილად – სახარბიელოდ წარმოაჩენს, რადგან სხვასთან თანაქმედება ადამიანს თავდაჭერას აიძულებს. ხოლო როდესაც საკუთარ თავთან მარტოა და საკუთარი ფიქრებისა თუ განცდების დუღილშია ჩაფლული – აი, მაშინაა ადამიანი ის, რასაც ნამდვილად წარმოადგენს. ამ დროს იგი, ვინც ფიზიონომიის ნიჭითაა დაჯილდოებული, ერთადერთი გამჭოლი მზერით მთელ მის არსებას ამოიცნობს. რამეთუ ადამიანს სახეზე ერთხელ და სამუდამოდ აქვს აღბეჭდილი მთელი თავისი ფიქრებისა და მისწრაფებების თანმხლები ფონური ბგერა, arrêt irrévocable3 იმისა, რადაც ყოფნა ბედმა არგუნა და რადაც საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს, როდესაც კი მარტოდმარტოა.
ფიზიონომია იმიტომაცაა ადამიანის შეცნობის უმთავრესი ხელოვნება, რომ, ვიწრო გაგებით, მოცემული დისციპლინა ერთადერთი სფეროა, სადაც ადამიანის თვალთმაქცობა უძლურია: მისი შესაძლებლობები მხოლოდ პათონომიაზე, ანუ მიმიკის ხერხებზე ვრცელდება.
ამიტომაცაა ჩემი რჩევა შემდეგნაირი: ნებისმიერ ადამიანს მაშინ დავაკვირდეთ, როდესაც მარტოა, და მანამ, ვიდრე მას გავესაუბრებით: ერთი მხრივ, ვინაიდან ამ დროს ჩვენ წინაშე წმინდა ფიზიონომიაა, საუბრისას კი ადამიანი პათონომიურ ელემენტებსა და თვალთმაქცობის დასწავლილ ხრიკებს იყენებს; მეორე მხრივ კი, ვინაიდან ნებისმიერი, თუნდაც ხანმოკლე საუბარი მასთან ემოციურად გვაკავშირებს და ჩვენს შეფასებას სუბიექტურობის დაღს ასვამს.
ასევე უნდა შევნიშნო, რომ ზოგადად ფიზიონომიის გზით ბევრად ადვილია ადამიანის ინტელექტუალური უნარების განჭვრეტა, ვიდრე მისი ზნეობრივი თვისებებისა… საქმე ის გახლავთ, რომ პირველი მეორეზე ბევრად უფრო თვალსაჩინოა და სახის გამომეტყველების გარდა სიარულში, მიხვრა-მოხვრაში, სულ ოდნავ მოძრაობაშიც კი ვლინდება.
ბრიყვს, შეშლილსა და ბრძენს ერთიმეორისაგან ალბათ ზურგიდანაც კი გაარჩევს კაცი. ბრიყვს მოძრაობების ტყვიისებრი სიმძიმე ახასიათებს; შეშლილობა უმცირეს ჟესტშიც კი იჩენს თავს; იგივე შეიძლება ითქვას კეთილგონიერებაზეც… სწორედ ამაზეა დამაყრებული ლაბრუიერის მოსაზრება: il n’y a rien de si délié, de si simple, et de si imperceptible, où il n’y entrent des manières, qui nous décèlent: un sot ni n’entre, ni ne sort, ni ne s’assied, ni ne se lève, ni ne se tait, ni n’est sur ses jambes, comme un homme d’esprit.4 სხვათა შორის, სწორედ ამით აიხსნება ის instinct sûr et prompt,5 რითაც, ჰელვეციუსს6 თუ დავუჯერებთ, ზედაპირული ადამიანები გონიერთ ამოიცნობენ და წამსვე გაეცლებიან ხოლმე.
თავად აღნიშნული ფენომენი კი იმაზეა დაფუძნებული, რომ – რაც უფრო დიდი და განვითარებულია თავის ტვინი და, მასთან შედარებით, რაც უფრო განუვითარებელია ზურგის ტვინი და ნერვები, მით უფრო დიდია არა მხოლოდ ინტელექტი, არამედ ყველა კიდურის მოქნილობაც; ვინაიდან ტვინი მათ ასეთ შემთხვევაში უშუალოდ და მძლავრად მართავს, ყველაფერი ერთ ბაწარზეა ასხმული და თითოეულ მოძრაობაში ზუსტი მიზანმიმარულობა იკვეთება. ეს კი, ზოგადად, იმას უკავშირდება და იმის ანალოგია გახლავთ, რომ – რაც უფრო მაღლა დგას ცხოველი ევოლუციის საფეხურზე, მით უფრო ადვილია მისი მოკვლა რომელიმე ერთ წერტილში მისი დაზიანებით. მაგალითად, რეპტილიები: რაოდენ მოუქნელნი და ზანტნი არიან მოძრაობებში, იმდენად დაბალი ინტელექტითა და მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან; ეს იმით აიხსნება, რომ მცირე თავის ტვინთან ერთად კარგად განვითარებული ზურგის ტვინი და ნერვები აქვთ.
ზოგადად კი სიარული და კიდურების მოძრაობა ტვინის ფუნქციებია; ვინაიდან თავის ტვინი ნერვების მეშვეობით კიდურებს სამოძრაო ბიძგებსა და ნერვების უმცირეს მოდიფიკაციებს გადასცემს. ამიტომ, გამიზნული მოძრაობები გვღლის და ამ დაღლილობის (ისევე, როგორც ტკივილის) ადგილი ტვინშია და არა, როგორც გვეჩვენება, კიდურებში; ხოლო დაღლილობისაგან მოსასვენებლად ძილი გვჭირდება; ამის საპირისპიროდ, ორგანული სიცოცხლის უნებური ანუ ბუნებრივი მოძრაობები – გულის, ფილტვების და ა.შ. – დამღლელი როდია…
რადგანაც ფიქრსაც და კიდურების მოძრაობებსაც ტვინი განკარგავს, მისი საქმიანობა ერთსაც და მეორესაც თავისი ხასიათით მსჭვალავს, განსაზღვრავს რა ინდივიდის თვისებებს: სულელი ადამიანი საფრთხობელასავით იქნევს ხელებს, გონიერს თითოეული მოძრაობა მოზომილი აქვს… თუმცა გონებრივ მონაცემებს სხეულის მოძრაობებზე მეტად სახის ნაკვთები ცხადყოფს: შუბლის ზომა და მოყვანილობა, ნაკვთების მოძრაობა და დაძაბულობა, უპირველეს ყოვლისა კი, თვალები – ღორის ციცქნა, ამღვრეული – მკრთალი თვალებით დაწყებული, გენიოსის გაბრწყინებული და დიდრონი თვალებით დამთავრებული, მთელი თავისი გრადაციითურთ. მზერაში გამოხატული გონიერება გენიალურობისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი ნების ძალისხმევითაა აღბეჭდილი, მეორე კი მისგან თავისუფალია.
(შდრ. ჩვენი მსჯელობა გენიოსის თვალების შესახებ თხზულებაში „მოსაზრებები ინლეტექტის შესახებ ზოგადი და კერძო თვალსაზრისით“.)7.
ყოველივე ამისგან გამომდინარე, უაღრესად დამაჯერებელია ანეკდოტი, რომელიც სკვარცაფიჩიმ პეტრარკას8 თანამედროვისაგან, იოზეფ ბრივიუსისგან, მოისმინა და პოეტის ბოიგრაფიაში შეიტანა: ერთხელ ვისკონტის საჰერცოგო კარზე, სადაც მრავალ დიდგვაროვან სტუმარს შორის პეტრარკაც იყო მიწვეული, გალეაცო ვისკონტიმ თავის იმხანად მცირეწლოვან ვაჟს, ანუ მილანის მომავალ ჰერცოგს ჰკითხა, დამსწრეთ შორის ყველაზე ბრძენი რომელიაო; ბიჭუნამ პეტრარკას ხელი ჩასჭიდა და მამასთან მიიყვანა, რითაც ყველა დამსწრე გააოცა. ბუნება კაცთა შორის რჩეულს იმდენად მკაფიო ნიშნით გამოარჩევს, რომ ბავშვის უმანკო მზერას მისი ამოცნობა შეუძლია. ამიტომაც, ჩემს გამჭრიახე თანამემამულეებს ვურჩევ – შემდგომში როდესაც გადაწყვეტენ, ვინმე მდარე გონების პატრონი ბრძენად შერაცხონ და ოცდაათი წლის განმავლობაში ხოტბა შეასხან, ის მაინც გაითვალისწინონ, რომ თავიანთ არჩევანს მიკიტნის სახის მქონე იმგვარ კაცზე ნუ შეაჩერებენ, როგორიც ჰეგელია, ვისაც სახეზე ბუნებამ გარკვევით წააწერა: არაფრით გამორჩეული, მდარე გონების პატრონი.
ინტელექტისაგან განსხვავებით ადამიანის ხასიათისა და მისი ზნეობრივი სახის ამბავი სულ სხვაგვარადაა შემოთავაზებული: ფიზიონომიის მეშვეობით მისი ამოცნობა ბევრად უფრო რთულია, რადგან ის მეტაფიზიკური ბუნებისაა და უფრო ღრმადაა გამჯდარი; სხეულს, ორგანიზმს, ცხადია, უკავშირდება, მაგრამ არა ისე უშუალოდ, როგორც ინტელექტი – მასავით სხეულის კონკრეტულ ნაწილსა თუ სისტემაზე როდია მიმაგრებული; ამას ის ვითარებაც ემატება, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი, ჩვეულებისამებრ, საკუთარი ინტელექტით კმაყოფილია და მისი დემონსტრირების შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს უშვებს, საკუთარ ზნეობრივ მხარეს იშვიათად თუ ამზეურებს, უფრო ხშირად მალავს კიდეც. ამაში გაწაფულობა ბევრს დიდოსტატობამდეც კი აჰყავს. თუმცაღა, ამავდროულად, როგორც უკვე ვთქვით, ავი ზრახვანი და უღირსი სწრაფვანი ადამიანის სახეზე, უპირველესად, მის თვალებში წარუშლელ კვალს ტოვებს. ამგვარად, ფიზიონომიის საფუძველზე მუდამ უშეცდომოდ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ესა თუ ის ადამიანი უკვდავ ქმნილებას ვერასოდეს შექმნის; მაგრამ დანამდვილებით ვერავის შესახებ ვიტყვით – ეს ადამიანი დიდ დანაშაულს არასოდეს ჩაიდენსო.
შენიშვნები:
1.ფრანგმა მხატვარმა, ლუი ჟაკ მანდე დაგერმა XIX საუკუნის 30-იან წლებში ფოტოგრაფიის თავდაპირველი წესი შეიმუშავა, რომელსაც დაგეროტიპია ეწოდა.
2. ფიგარო – XVIII საუკუნის დასასრულს ფრანგი დრამატურგის, პიერ ბომარშეს მიერ შექმნილი სამი პიესისა და მათ საფუძველზე დაწერილი ოპერების პერსონაჟი (ყველაზე ცნობილი ჯიაკომო როსსინის ნაწარმოებია, სახელად „სევილიელი დალაქი“, 1816).
3. (ფრანგ.) შუქცევადი წერტილი.
4. ჟან დე ლაბრუიერი (1645-1696) – ფრანგი მწერალი, მორალისტი, ფსიქოლოგი. (ფრანგ.) „არ არსებობს ისეთი ზუსტი, მარტივი და მოუხელთებელი წვრილმანი, ჩვენს მანერებში რომ არ გამოიხატებოდეს, რომლებიც მუდამ გვამხელს: ბრიყვი ოთახში ბრიყვულად შემოდის, სხვაგვარად გადის, სხვაგვარად ჯდება, სხვაგვარად დგება, სხვაგვარად დუმს, სხვაგვარად დგას, ვიდრე გონიერი“.
5. (ფრანგ.) სწრაფი და ზუსტი ალღო.
6. კლოდ ადრიან ჰელვეციუსი (1715-1771) – ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი.
7. ეს თხზულება წიგნის „პარერგა და პარალიპომენა“ III თავს შეადგენს. მოცემულ გამოცემაში ის არ შესულა.
8. ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374) – იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი მოაზროვნე, დანტესთან ერთად ითვლება რენესანსის ფუძემდენლად.