ერთ-ერთი თავი ლევ შესტოვის წიგნიდან: „უსაფუძვლობის აპოთეოზი“.
სოკრატე და პლატონი მუდმივად ცვალებადი გარეგნობის ქვეშ უცვლელი არსის დანახვას ესწრაფოდნენ. ამ სწრაფვას პლატონის „იდეებში“ შეესხა ხორცი. მოჩვენებითი, საკუთარ თავთან გაუტოლებელი, მილიონობით განსხვავებული ფორმის მიმღები სინამდვილე არ წარმოადგენს ჭეშმარიტ რეალობას. ის, რაც რეალურია, უცვლელი უნდა იყოს. ამიტომაც არის, რომ საგანთა იდეები რეალურია, თავად საგნები კი ფიქტიური. ამგვარად, პლატონის მსოფლმხედველობის საფუძველს ადამიანის აზროვნების ძირითადი ნაკლოვანება წარმოადგენს – ნაკლოვანება, რომელიც უზენაეს ღირსებად არის შერაცხული.
ფოლოსოფოსისთვის რთულია მღელვარე და კაპრიზული ცხოვრების დევნა და იგი თვლის, რომ ეს ცხოვრება კი არა ფიქციაა. დიალექტიკა მხოლოდ ზოგად ცნებებზე მბრძანებლობს და სწორედ ეს ზოგადი ცნებები აქვს აყვანილი იდეალის რანგში. პლატონისა და სოკრატეს დროიდან მოყოლებული ყველაზე დიდ წარმატებას ის ფოლოსოფოსები აღწევდნენ, რომლებიც ადამიანებს ასწავლიდნენ უპირატესობა უცვლელის, თანასწორისთვის მიენიჭებინათ ცვლადთან შედარებით. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გაუცნობიერებლად ცხოვრობენ, ანუ არასოდეს არ აჯამებენ საკუთარ სულიერ შემოსავალსა და გასავალს, ფილოსოფოსებს ყოველთვის ისე უმზერდნენ, როგორც საკუთარ ნებაყოფლობით ბუღალტრებს. ჯერ კიდევ ათენის ყრმობა შეჰყურებდა სიყვარულითა და ინტერესით იმას, თუ როგორი მოხერხებით პოულობდა სოკრატე საკუთარი დიალექტიკის მეშვეობით ადამიანური საქციელის ყველას მიერ დაკარგულ „უკანასკნელ საფუძვლებს“. როგორც ცნობილია, ბუღალტერიაში არცერთი კაპიკი არ უნდა დაიკარგოს უკვალოდ და სოკრატეც ამართლებდა მასზე დამყარებულ იმედებს. ადამიანის აქტივსა და პასივს შორის ტოლობა მას იდეალურად გამოსდიოდა. შესაძლოა აქ იმალება იმ უცნაური გარემოების საიდუმლო, რომ იმდენად მოუწესრიგებელი და გაუწონასწორებელი ადამიანები, როგორიც ალკიბიადე იყო, სულითა და ხორცით ეთვისებოდა სოკრატეს. ალკიბიადეს დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა საკუთარი ქონების ანგარიში და ამიტომ დროდადრო სოკრატესთვის მიმართვა სჭირდებოდა, რომელსაც საკუთარი მსჯელობით ახალგაზრდა მეგობრის სულიერ ქაოსში წესრიგი და ჰარმონია შეჰქონდა: ალკიბიადე სოკრატესთან ისვენებდა.
რასაკვირველია, ისვენებდა, რათა შემდეგ ბობოქარი ცხოვრება განეგრძო. დასვენება ფრიად ტკბილია დაქანცული ადამიანისთვის. მაგრამ შესაძლებელია იყოს რაიმე უფრო უგუნური, ვიდრე დასკვნა იმისა, რომ დასვენება სჭირდება ყველას და, რაც მთავარია, ყოველთვის? სოკრატე ზუსტად ასე უყურებდა საკუთარ იდეებს. მას სურდა, რომ ადამიანები მუდამ მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ და სწორედ დასვენებაში ხედავდა იგი ცხოვრების უზენაეს მიზანს. იმის გამოისობით, რომ გვყავს გრაფი ტოლსტოი, ჩვენთვის სოკრატეს შესახებ მსჯელობა გაიოლებულია. შესაძლოა ფიზიონომისტ ზოფირეს იგივე ეთქვა ტოლსტოის შესახებ, რასაც იგი სოკრატეს შესახებ ამბობდა, კერძოდ კი იმას, რომ მასში მრავალი ცუდი მიდრეკილება ბუდობდა. აღარ იყო ზოფირე, მაგრამ ტოლსტოიმ თავად მოგვითხრო, რამდენად უხეირო ადამიანი იყო იგი და როგორი ბრძოლის წარმოება უწევდა საკუთარ თავთან. ტოლსტოი საკუთარი ბუნებით არცთუ გულადი გახლდათ.
მხოლოდ ნებისყოფის ხანგრძლივი წვრთნით შეძლო მან გამბედაობის სწავლა. ო, როგორ ეშინოდა ახალგაზრდობაში მას სიკვდილის! როგორი მოხერხებით ნიღბავდა ამ შიშს! შემდეგ, მოწიფულ ასაკში, როდესაც საკუთარ აღსარებას წერდა, მისი შთაგონების მთავარი წყარო სიკვდილი იყო. იგი ამარცხებდა ამ შიშს საკუთარ თავში და ამარცხებდა სხვა შიშებსაც, და ფიქრობდა, რომ ვინაიდან საკუთარ თავში შიშის დამარცხება ფრიად რთული საქმე იყო, ამიტომ ცოდნა საფრთხისადმი უშიშრად დადგომისა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე შიშით. მეორე მხრივ – ვინ იცის? შესაძლოა „სიმხდალე“ – ბეჩავი, საბრალო, გაჭორილი და ფარული სიმხდალე არც ისეთი დიდი ნაკლია. შესაძლოა ღირსებაც კია! გაიხსენეთ დოსტოევსკი და მისი გმირები, გაიხსენეთ ჰამლეტი. იატაკქვეშა ადამიანს რომ არაფრის ეშინოდეს, ჰამლეტი რომ ბუნებით გლადიატორი ყოფილიყო, ჩვენ დღემდე არ გვექნებოდა, არც ტრაგიკული პოეზია და არც ფილოსოფია. როგორც ცნობილია, ფილოსოფოსთა შთაგონების წყაროს ყოველთვის სიკვდილი წარმოადგენდა – თუ საჭიროება მოითხოვს, საბუთებად ძველი და ახალი ავტორების მრავალ ციტატას მოვიტან.
შესაძლოა სოკრატეს პოეტური დემონი, რომელმაც იგი ბრძენად აქცია, მხოლოდ და მხოლოდ განსახიერებული შიში იყო. ან მისი გამაფრთხილებელი სიზმრები! ის, რაც მას დღისით აღელვებდა და ტანჯავდა, არც ღამით ტოვებდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ სოკრატემ სიზმრად ნახა, რომ ხელოვნებით უნდა დაკავებულიყო და საკუთარი თავისგან ღმერთების უარყოფითი განწყობის ასარიდებლად, ლექსების თხზვას შეუდგა. ტოლსტოიც ორმოცდაათი წლის ასაკში შეუდგა იმ კეთილი საქმეების კეთებას, რომელთა შესახებ მანამდე არც დაფიქრებულა. დღევანდელ დღესაც რომ იყოს მიღებული მითოლოგიური გამოხატვა, შესაძლოა მასაც მოეთხრო დემონების ან სიზმრების შესახებ. მაგრამ ტოლსტოი მეცნიერული ენით გვესაუბრება და ანგარიშს მორალს უსწორებს, და არა ღმერთებსა და დემონებს. მრავალი თანამედროვე ალკიბიადე, კვირაში ექვსი დღე ცურავს რა ცხოვრების ამღვრეულ ტალღებში, კვირაობით ტოლსტოის შეუბღალავ იდეათა სუფთა წყლებში ნებივრობს. ბუღალტერია ამ მოკრძალებული წარმატებით კმაყოფილდება და წარმოუდგენია, რომ თუ იგი კვირაში ერთხელ მიიქცევს საყოველთაო ყურადღებას, მაშასადამე იგი წარმოადგენს ცხოვრების არსს და რომ მის გარეშე ადამიანს არაფერი სჭირდება. ამავე უფლებით აბანოთა პატრონებს იმ ფაქტიდან, რომ მათთან შაბათობით დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბებოდა, შეეძლოთ დაესკვნათ, რომ კვირის განმავლობაში უმოძრაოდ უნდა შეენარჩუნებინათ თავი, რათა არ გაოფლილიყვნენ და სუფთად დარჩენილიყვნენ, თითქოს ეს-ესაა აბანოდან მოდიოდნენ.