სიტყვა

ერთ-ერთი თავი  ჯორჯ ბერკლის წიგნიდან ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“.

უპირველეს ყოვლისა, ფიქრობენ, რომ ყოველ სიტყვას აქვს, ან უნდა ჰქონდეს, ერთადერთი და ზუსტი მნიშვნელობა, რაც ადამიანებს უბიძგებს იფიქრონ, რომ არსებობს ცნობილი და განყენებული, განსაზღვრული იდეები, რომლებიც ყოველი ზოგადი სახელის ჭეშმარიტ და ერთადერთ უშუალო მნიშვნელობას შეადგენენ და სწორედ ამ განყენებული იდეების შუამავლობით ხდება, რომ ზოგადი სახელი ცალკეულ საგანს აღნიშნავს.

სინამდვილეში კი, არ არსებობს რაიმე ზუსტი და განსაზღვრული მნიშვნელობა, დართული რომელიმე ზოგადი სახელისთვის, ყველა მათგანი მიუკერძოებლად აღნიშნავს ცალკეულ იდეათა დიდ რაოდენობას. ეს ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს და ყველასათვის ცხადია მცირედი დაფიქრების შემთხვევაში. ამას შესაძლოა შეეპასუხონ, რომ ყოველი სახელი, რომელსაც განსაზღვრება გააჩნია, ერთი მნიშვნელობით არის შეზღუდული. მაგალითად, სამკუთხედი განსაზღვრულია, როგორც „ბრტყელი ზედაპირი, შემოფარგლული სამი სწორი ხაზის მიერ“ და ამგვარად ეს სახელი იზღუდება ერთი და არა მეტი კონკრეტული იდეის აღნიშვნით.

პასუხად ვიტყვი, რომ განსაზღვრებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, დიდია თუ მცირე ეს ზედაპირი, შავია თუ თეთრი, ან, გრძელია თუ მოკლე გვერდები, ტოლი თუ არატოლი, და არც ის, თუ რა კუთხით არიან ისინი დახრილი ერთმანეთისადმი, რაშიც შესაძლოა დიდი მრავალფეროვნება იყოს, შედეგად კი არ არსებობს მკვიდრი იდეა, რომელიც სიტყვის „სამკუთხედი“ მნიშვნელობას შემოსაზღვრავდა.

ერთია, სახელი მუდმივად ერთ განსაზღვრებასთან გააიგივო, ხოლო სხვაა – ერთსა და იმავე იდეას გამოხატავდეს. პირველი – აუცილებელია, მეორე – უსარგებლო და არაპრაქტიკული.

მაგრამ იმის კიდევ უფრო დეტალურად ასახსნელად, თუ როგორ შექმნეს სიტყვებმა განყენებულ იდეათა დოქტრინა, უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების მიხედვით, თითქოს ენის ერთადერთ მიზანს ჩვენს იდეათა გადაცემა წარმოადგენს და ყოველი მნიშვნელოვანი სიტყვა იდეას გამოხატავს. ვინაიდან ეს ასეა და, ამასთანავე, ცხადია, რომ სახელები, რომლებიც სრულიად უმნიშვნელოდ ჯერ კიდევ არ ითვლება, ყოველთვის არ გამოხატავენ კონკრეტულ აღქმად იდეებს, კეთდება პირდაპირი დასკვნა, რომ ისინი განყენებულ შეხედულებებს აღნიშნავენ. ის, რომ გონებამჭვრეტი ადამიანები მრავალ სახელს იყენებენ, რომლებიც სხვებისთვის ყოველთვის არ წარმოადგენენ განაზღვრულ და განკერძოებულ იდეებს და, თუ სიმართლეს ვიტყვით, არაფერსაც წარმოადგენენ, ამას ვერავინ შეედავება. მცირედი ყურადღებაა საჭირო იმის აღმოსაჩენად, რომ აუცილებელი არ არის (თუნდაც უმკაცრესი განსჯისას), მნიშვნელობის მქონე სახელები, რომლებიც იდეებს აღნიშნავენ, ყოველ ჯერზე მათი გამოყენებისას გონებაში აღვიძებდნენ იდეებს, რომლებსაც ისინი აღნიშნავენ, რადგან წერისა და საუბრისას სახელები უმეტესწილად ისევე გამოიყენება, როგორც ასოები ალგებრაში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ასო კონკრეტულ ოდენობას აღნიშნავს, სწორი გზით გადაადგილებისთვის არ არის აუცილებელი, რომ ყოველ ნაბიჯზე ყოველი ასო ჩვენში იმ კონკრეტული ოდენობის შესახებ აძღრავდეს აზრს, რომელსაც ის უნდა აღნიშნავდეს.

გარდა ამისა, სიტყვებით აღნიშნული იდეების გადაცემა ენის ერთადერთი და უმთავრესი მიზანი არ არის, როგორც, ჩვეულებრივ, მიაჩნიათ. მას სხვა მიზნებიც აქვს, როგორიც არის ვნების აძღვრა, ქმედებისკენ ბიძგება ან მისგან გაფრთხილება, გარკვეულ მდგომარეობამდე მიყვანა გონებისა, რომელსაც ზემოხსენებული მიზანი ხშირ შემთხვევაში მცირედ უწყობს ხელს ან საერთოდ არ მყოფობს, თუკი აღნიშნული მიზნების მიღწევა მის გარეშე ხდება, რაც არცთუ იშვიათად ხდება ენის ყოველდღიური გამოყენებისას. მკითხველს ვთხოვ, საკუთარ თავს დააკვირდეს და იხილოს, ხშირად ხდება თუ არა საუბრის მოსმენის ან კითხვისას, შიშის, სიყვარულის, სიძულვილის, აღტაცების, ქედამღლობის და ა.შ. გრძნობები მყისიერად გაჩნდება თუ არა მის გონებაში კონკრეტული სიტყვების აღქმის შემდეგ, ყოველგვარი იდეების გარეშე. თავიდან სიტყვებმა მართლაც შეიძლება გამოიწვიონ იდეები, რომლებიც ამ ემოციების წარმოქმნას შეძლებენ, მაგრამ, თუ არ ვცდები, აღმოვაჩენთ, რომ ენასთან გაშინაურების შემდეგ ბგერების გაგონებას ან სიმბოლოების ხილვას ხშირად მყისიერად ახლავს თან ის ვნებები, რომლებიც თავდაპირველად იმ იდეებით იყო გამოწვეული, რომლებიც ახლა გამორჩენილია. მაგალითად, ნუთუ კარგი ნივთის დაპირება არ იმოქმედებს ჩვენზე, თუმცა წარმოდგენაც არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რა ნივთია ეს? ან, ნუთუ საფრთხის მუქარა საკმარისი არ არის ჩვენში შიშის აღსაძვრელად, თუმცა ჩვენ არც კონკრეტული ბოროტების შესახებ ვფიქრობთ, რომელიც შესაძლოა წილად გვხვდეს და არც საფრთხის განყენებულ იდეას ვაყალიბებთ? თუ ადამიანი თვითონ დაფიქრდება ნათქვამის შესახებ, დარწმუნებული ვარ, მისთვის ცხადი გახდება, რომ ზოგადი სახელები ენაში ხშირად გამოიყენება ისე, რომ მოსაუბრე თვითონ არ ცდილობს მათი მეშვეობით ის იდეები აღნიშნოს, რომელთა გამოწვევა სურს მსმენელის გონებაში. როგორც ჩანს, საკუთარი სახელებიც კი არ არის ხშირად წარმოთქმული იმ განზრახვით, რომ ჩვენში იმ ინდივიდთა იდეები გამოიწვიოს, რომლებსაც ისინი უნდა აღნიშნავდნენ. მაგალითად, როდესაც სკოლის მასწავლებელი მეუბნება, რომ „ეს არისტოტელემ თქვა“, მე ამით ვიგებ, ის ცდილობს, რომ მისი შეხედულების მხარეს გადავიხარო პატივისცემითა და მორჩილებით, რომელსაც ჩვეულება უკავშირებს ამ სახელს. ასეთი ეფექტი იმდენად ხშირად იქმნება მათ გონებაში, ვინც ჩვეულია, საკუთარი მსჯელობა ამ ფილოსოფოსის ავტორიტეტს დაუქვემდებაროს, რომ შეუძლებელია მას წინ უსწრებდეს რომელიმე იდეა მისი პიროვნების, ნაშრომების ან რეპუტაციის შესახებ [ასეთი მჭიდრო და უშუალო კავშირის ჩამოყალიბება შეუძლია ჩვეულებას სიტყვასა „არისტოტელე“ და თანხმობისა და მოწიწების გრძნობას შორის ზოგი ადამიანის გონებაში]. მსგავსი მაგალითის მოტანა ურიცხვი რაოდენობით შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა შევჩერდე ისეთ საკითხზე, რასაც გამოცდილება, ამაში დარწმუნებული ვარ, უხვად სთავაზობს ნებისმიერს?

Scroll to Top