საკუთარი თავის სიყვარული

ავტორი: ოშო

ერთ-ერთი თავი ოშოს წიგნიდან: „სიცოცხლე, სიყვარული, სიცილი“.

– ბჰაგვან, შენ გვასწავლი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავზე ვიზრუნოთ და შემდეგ სხვაზე. მგონი, ამგვარი მიდგომა მსოფლიოს უმეტეს რელიგიას ეწინააღმდეგება, რომლებიც კაცობრიობის მსახურებას ქადაგებენ, თანაც ერთობ ეგოისტურ განწყობად წარმოდგება. შეგიძლია ეს აგვიხსნა?

– ეს უმეტეს კი არა, მსოფლიოს ყველა რელიგიას ეწინააღმდეგება. ისინი უკლებლივ გვასწავლიან სხვათა მსახურებას, უანგარობას. მაგრამ ეგოიზმი ბუნებრივი მდგომარეობაა.

უანგარობა თავსმოხვეულია, ეგოიზმი კი ჩვენი ბუნების ნაწილია. ვიდრე იმ წერტილს არ მიაღწევთ, სადაც თქვენი „მე“ უკვალოდ იხსნება, ნამდვილ უანგარობაზე ლაპარაკი ზედმეტია. უანგარობა შეიძლება მხოლოდ გაითამაშოთ, ანუ ითვალთმაქცოთ, მე კი არ მსურს, ადამიანები თვალთმაქცები იყვნენ. ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ განვმარტავ.

პირველი: ეგოიზმი თქვენი ბუნების ნაწილია, ამას უნდა შეეგუოთ. ხოლო თუკი ეს თქვენი ბუნების ნაწილია, ესე იგი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა. თუკი გადარჩით და ცოცხლობთ, მხოლოდ ეგოიზმის წყალობით, რადგან საკუთარ თავზე ზრუნავდით. ასე რომ არ ყოფილიყო, კაცობრიობა არსებობას შეწყვეტდა.

წარმოიდგინეთ არაეგოისტი ბავშვი, რომელიც ასეთად დაიბადა: ის ვერ გადარჩება. ის დაიღუპება, რადგან სუნთქვაც კი ეგოიზმია, ჭამაც ეგოიზმია. როდესაც მილიონობით ადამიანი მშიერია, თქვენ კი ჭამთ, ეს ეგოიზმია. როდესაც მილიონობით ადამიანი ავადაა, იხოცება, თქვენ კი ჯანმრთელი ხართ, ესეც ეგოიზმია.

ბავშვი, რომლის ბუნების უღრმეს ნაწილსაც ეგოიზმი არ შეადგენს, ამქვეყნად ვერ იცხოვრებს. თუკი თქვენკენ გველი მოცოცავს, კბენისაგან თავი რომ დაიზღვიოთ, უნდა გაეცალოთ. სწორედ თქვენი ეგოიზმი გიბიძგებთ, გველს არ დანებდეთ და თავს უშველოთ.

თუკი ლომი გესხმით თავს, ხომ გაურბიხართ? სხვა შემთხვევაში მოგკლავთ, მაგრამ დაე, მოგკლათ – უანგარობაც სწორედ ესაა. ლომს შია, მისთვის საკვები ხართ და რა უფლება გაქვთ, მშიერი დატოვოთ? წესით, თავი არ უნდა დაიცვათ, წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოთ, არამედ თქვენი თავი ლომს ლანგრით უნდა მიართვათ. სწორედ ესაა უანგარობა. მსოფლიოს რელიგიები დასაბამიდან იმას გასწავლიდნენ, რაც არაბუნებრივია. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ამისა.

მე იმას გასწავლით, რაც ბუნებრივია. იყავით ბუნებრივნი – სრულიად ბუნებრივნი, ურცხვად ბუნებრივნი.

დიახ, მე გასწავლით: იყავით ეგოისტები. ჩემამდე ეს არავის უსწავლებია. ამის თქმას ვერავინ ბედავდა, თუმცა ყველა მოძღვარი გულის სიღრმეში თვითონაც ეგოისტი იყო! ეს ისტორიის გამაოგნებელი მხარეა.

რისთვის მიმართავს ბერი თვითგვემას? ამას თავისი მიზეზი აქვს. სამოთხეში მოხვედრა და იქაური ნეტარება სურს. უანგაროდ არაფერს სწირავს, არამედ გარიგებაში შედის, საქმოსანია. წმინდა წერილი კი ასწავლის: „ასმაგად მოგეზღვევა“. ეს ცხოვრება მართლაც ძალიან მოკლეა: 70 წელი ბევრი სულაც არ არის. თუკი სამუდამო ნეტარებისათვის სამოცდაათწლიან ტკბილ ცხოვრებას გაწირავთ, ეს სარფიანი გარიგებაა. ეს უანგარობას სულაც არ ჰგავს.

მაინც რატომ გასწავლიდნენ მთელი ეს რელიგიები მოყვასისათვის თავგანწირვას? რა არის მიზანი? რის მოგებას ცდილობთ ამით?

შესაძლოა, ეს კითხვა არასოდეს გაგჩენიათ. მაგრამ ეს თავგანწირვა არ არის…

ეკლესიის მესვეურნი, მსახურებასა და თავგანწირვაზე რომ გესაუბრებიან, დაინტერესებულნი არიან იმით, რომ კაცობრიობაში გაჭირვება არასოდეს დაილიოს, მუდამ იარსებონ ისეთმა ადამიანებმა, ვისაც დახმარება სჭირდებათ, ესაა ობლები, ქვრივები, მარტოხელა მოხუცები, მათხოვრები. ასეთი ადამიანები ყოვლად აუცილებელნი არიან, თორემ რა ბედი ეწევათ ხალხის მთელ ამ დიად, თავგანწირულ მსახურებს? სად წავლენ ეკლესიის მესვეურნი და მათი მოძღვრებები? ადამიანები როგორ მოხვდებიან ცათა სასუფეველში? იქ ასასვლელ კიბედ სწორედ გლახაკები უნდა გამოიყენონ.

ამას უწოდებთ უანგარობას? განა მისიონერი უანგაროა? ის ადამიანებს ემსახურება, მაგრამ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებს. მისი არსების სიღრმეში მაინც ეგოიზმი რჩება, უბრალოდ, ის მსახურების ლამაზ ნიღაბსაა ამოფარებული.

საერთოდ, რატომ არსებობს მსახურების ეს მოთხოვნილება? რატომ უნდა არსებობდეს ის? იქნებ, შევძლოთ ამ მოთხოვნილების გადალახვა? ჩვენ ეს შეგვიძლია, თუმცა რელიგიური მოღვაწეები ძალზე განრისხდებიან. მაშინ მათი არსებობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ეს მათი ხელობაა – თუკი აღარ დარჩნენ სნეულები, გლახაკნი, ტანჯულნი, მაშინ მათ საქმე აღარ ექნებათ. არადა მეცნიერებას ამის მოგვარება ძალუძს, ყველაფერი ჩვენს ხელშია, მაგრამ მსოფლიო რელიგიები დაბრკოლებებს უქმნის ყველას, ვინც კი ცდილობს, კაცობრიობის მთელი ცოდნა მოაგროვოს და საერთო სიკეთისათვის გამოიყენოს, რადგან ამ შემთხვევაში მათი მსახურება აზრს დაკარგავს. რელიგიები მუდამ ეწინააღმდეგება მეცნიერულ პროგრესს და მუდამ მსახურებაზე ლაპარაკობენ.

მათ ეს ტანჯული ადამიანები სჭირდებათ. ეს მოთხოვნილება უანგარო სულაც არ არის, პირიქით, მათ მკაფიო მოტივაცია და მიზანი აქვთ. ამიტომაც გეუბნებით: მსახურება თუ თავგანწირვა – ჩემთვის ეს სალანძღავი სიტყვებია, გირჩევთ, ისინი არასოდეს გამოიყენოთ. შეგიძლიათ სხვას გაუნაწილოთ ის, რაც გაქვთ, ეს ნორმალურია, მაგრამ ნურასოდეს დაამცირებთ მსახურებით. ეს მართლაც დამცირებაა.

როდესაც ვიღაცას ემსახურებით და ამის გამო საკუთარ ფასსა და წონას აცნობიერებთ, ამ ადამიანს ჭიის დონემდე ამცირებთ. საკუთარი თავი სხვებზე განუზომლად მეტად მიგაჩნიათ იმის გამო, რომ თქვენი ინტერესები გლახაკთა მსახურებას შესწირეთ. ამით მათ ამცირებთ.

თუკი გაქვთ რაღაც ისეთი, რაც სიხარულს, აღტაცებას, სიმშვიდეს განიჭებთ, სხვებსაც გაუზიარეთ. და დაიმახსოვრეთ: ამ გაზიარებას არავითარი მოტივი არ აქვს. არ გეუბნებით, რომ თითქოს ამ მიზნისკენ თუ ივლით, უსათუოდ სამოთხეში მოხვდებით. მე ასეთ მიზანს არ გისახავთ.

უბრალოდ, ვამბობ, რომ გაზიარების წყალობით საოცარ სისავსეს იგრძნობთ. ეს სისავსე თვით გაზიარებაშია, მას სხვა საბოლოო მიზანი არ გააჩნია: საკუთარ თავშია დასრულებული.

როდესაც ადამიანი მზადაა, რაღაც გაგიზიაროთ, მისგან თავს დავალებულად გრძნობთ. ის არ არის ვალდებული, ეს გააკეთოს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ვინც მსახურებისა და თავგანწირვის ნაცვლად გაზიარებას აღიარებს, ძალუძთ, ამქვეყნად დამკვიდრებული მცდარი მახინჯი წრებრუნვა გაარღვიონ. ყველა რელიგია სწორედ ამ წრებრუნვის ექსპლუატაციას ეწევა, უბრალოდ, თავის საქმიანობას ლამაზ სახელწოდებებს ურგებს… ამაში ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ: ათასწლეულებია, რაც ამაზრზენ რაღაცებს ლამაზი სახელწოდებებით ნიღბავენ. ხოლო როდესაც ამაზრზენ მოვლენას ლამაზ სახელს არქმევ, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში თვითონვე დაგავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ სახელწოდებაა. მაგრამ შინაგანი არსი ამით არ იცვლება.

საზოგადოებრივი მსახურნი, მისიონერები არ არიან საჭირო. საჭიროა მეტი ურთიერთგაგება. რატომ ვლაპარაკობ ეგოიზმზე?

მინდა, პირველ რიგში, თქვენი საკუთარი არსის ყვავილობით იყოთ დაკავებული. დიახ, ერთი შეხედვით ეს ეგოიზმს ჰგავს. არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს ეგოიზმად შერაცხოთ: დაე, ასე იყოს!

ეგოისტურად იქცევა თუ არა ვარდი, როდესაც ყვავის? ეგოისტურად იქცევა გაშლილი ლოტოსი? ეგოისტია თუ არა მზე, რომელიც ანათებს? ჰოდა, აღარ იდარდოთ თქვენს საკუთარ ეგოიზმზე.

თქვენ დაიბადეთ. დაბადება ოდენ შესაძლებლობაა, დასაწყისია და არა დასასრული. უნდა იყვავილოთ. ამა თუ იმ ჩლუნგ მსახურებაში ფუჭად ნუ გაიფლანგებით.

თქვენი უპირველესი და უმთავრესი მოვალეობაა, იყვავილოთ: გახდეთ მთლიანად შეგნებული, თვითკმარი და ამ შეგნებით გააცნობიერებთ, რომ თქვენი შინაგანი ფასეულობები შეგიძლიათ სხვასაც გაუზიაროთ.

მსოფლიოში პრობლემათა 99%-ის გადაჭრა შესაძლებელია, მხოლოდ ერთი პროცენტია გადაუჭრელი. იმისათვის, რომ შეძლოთ გაზიარება, უნდა გქონდეთ ის, რასაც სხვებს გაუზიარებთ.

დღემდე ვერც ერთი რელიგია ვერ დაეხმარა კაცობრიობას პრობლემათა გადაჭრაში. უბრალოდ, შეხედეთ: ათასწლეულთა განმავლობაში თავიანთ მოძღვრებას ყურადღების ცენტრში აყენებდნენ, მაგრამ შეძლეს კი თუნდაც ერთი პრობლემის გადაჭრა?

გაჭირვებულთ ისევ ისე უჭირთ და მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. კვლავაც არსებობენ ავადმყოფები, არსებობს სიბერე, არსებობს ყველა სახის ავადმყოფობა და დანაშაული და მათი შემთხვევების რიცხვიც მატულობს. ყოველწლიურად მსოფლიოში შარშანდელთან შედარებით მეტი დამნაშავეა. განა ეს უცნაური არ არის? საპატიმროებისა და სასამართლოების რიცხვი მატულობს, ჰგონიათ, ეს დანაშაულს შეამცირებს.

კაცობრიობა რაღაც არსებით შეცდომას სჩადის. რასაც პრობლემის მოსაგვარებლად აკეთებს, იმას პრობლემასთან არაფერი აქვს საერთო. ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, დამნაშავე არ არის, ის ავადმყოფია. არ შეიძლება მისი ციხეში ჩასმა და წამება, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა მოათავსონ და უმკურნალონ. რაც ჩაიდინა, მისი ბრალი არ არის.

დღეისთვის გვაქვს იმის საშუალებები, რათა ის ღირსეულ ადამიანად ვაქციოთ.

მსახურების ნაცვლად საჭიროა, სხვებს თქვენი შეგნებულობა, თქვენი ცოდნა, თქვენი არსი, თქვენი მოწიწება გაუზიაროთ, მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი უნდა შეიძინოთ.

ვფიქრობ, უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ მედიტაციაზე. სწორედ ესაა უდიდესი პრობლემა და არა მოსახლეობის რიცხვის ზრდა, არც ატომური ბომბი, არც შიმშილი… ეს არ არის ძირითადი პრობლემები. მეცნიერებას მათი გადაჭრა ადვილად შეუძლია.

ერთადერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მეცნიერთ არ ძალუძთ, ესაა: ადამიანები მედიტაციის უნარს არ ფლობენ.

მე ვეუბნები ადამიანებს: თავდაპირველად გახდით ეგოისტები, იყვავილეთ. როდესაც აყვავდებით, თქვენი სურნელი გაავრცელეთ. გაუზიარეთ ის უბედურ ადამიანებს, ვისაც თქვენისთანა შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებამ საშუალება არ მისცა, თავიანთ არსს ჩაღრმავებოდნენ, საკუთარი ღვთაებრივობა დაეგემოვნებინათ.

ყველა რელიგიის წინააღმდეგი ვარ, რადგან, ჩემი აზრით, რასაც აკეთებდნენ, სრულიად არაფრისმომცემია. მაგრამ ამ „კეთებას“ მშვენიერი სიტყვებით ნიღბავენ.

მე ბუნებრივობას გასწავლით. გასწავლით, აღიაროთ და მიიღოთ თქვენი ბუნებრივობა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: როდესაც აყვავდებით, თქვენს სურნელს სხვებსაც გაუზიარებთ. ეს გარდუვალია. როდესაც ყვავილი იშლება, ვერანაირი ძალა მისი სურნელის გავრცელებას წინ ვერ აღუდგება, ციხეში ვერ გამოამწყვდევს. სურნელი მოუხელთებელია, ის თავის გარშემო ყველაფერს ამდიდრებს.

ამიტომ პირველი: იყავით სავსენი, კმაყოფილნი. გახდით ასეთნი და შემდეგ თქვენი არსებიდან ისეთი სურნელი ამოიზრდება, ბევრს რომ გაამდიდრებს. ეს მსახურება კი არა, უსპეტაკესი სიხარულის გაზიარება იქნება.

Scroll to Top