ერთ-ერთი თავი მერაბ მამარდაშვილის ავტორის წიგნიდან „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“.
ასეთ მაგალითს შეგახსენებთ. მასალა თქვენთვის ცნობილია: თქვენ წაგიკითხავთ და გახსოვთ მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“.
რაში მდგომარეობს სინამდვილეში მეხსიერების პრობლემა პრუსტთან, უნებლიე მესხიერების იმ დანალექისა, რომელიც წმინდა მეხსიერების სახით კვლავ შეიძლება ჩვენ მიერ მოპოვებული იქნეს? მეხსიერების პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ რაღაც საგნები გავიხსენოთ, არამედ იმაში, რომ შევქმნათ, რათა გავიხსენოთ.
არა გვახსოვდეს, რათა შევქმნათ, არამედ შევქმნათ, რათა გავიხსენოთ, ავაგოთ მათ შორის ის „მე“, რომელიც, პრუსტის მიხედვით, ემპირიულად მოცემული არ არის და განსხვავებულია „მე“-სგან მწერლისა, როგორც ფსიქოლოგიური პერსონაჟის, ის „მე“, რომელიც აიგება სივრცეში რომანისა, რომელიც იწერება, რომელიც თავისი შეჭიდულობებით გახსნის სივრცეს, სადაც აენთება, გამოჩნდება მოგონებები. შექმნა, რათა გაიხსენო, ანუ ქმნა, რათა გაიხსენო.
შექმნა, რათა გაიხსენო – აი, რას უწოდებდნენ ბერძნები კანონშობილ აზრს. კანონშობილი ეწოდებოდა ისეთ აზრებს, რომლებშიც აიგება არა აზრი, არამედ აზრის აქტი, და მაშინ წარმოიშობა ესა თუ ის აზრები; და იმ აზრებს, რომლებიც აზრის აქტის აგების შემდეგ გამოჩნდება, ეწოდება კანონშობილი და არა თავში შემოფრენილი.
ფილოსოფიის თეორიულ ენაზე სწორედ ამას ეწოდება ის ყოფიერება, რომელიც აზრის იგივეობრივია, ან ის აზრი, რომელიც ყოფიერების იგივეობრივია; და ეს არა რომელიღაც განსაზღვრული აზრია, ეს ცალკეულია, ყველაფრისგან სრულიად ცალკეა.
ზუსტად ასევეა პრუსტის შემთხვევაში: შექმნილი არ არის ის, რაც წარმოებულია მას შემდეგ, რაც შეიქმნა. წარმოებულ იქნა კონკრეტული მოგონებები, ვთქვათ, ღვეზლიდან „მადლენ“ ამოხტა კაბურის პეიზაჟი, მაგრამ ის, რის შემდეგაც ამოხტა ეს, არ არის ის, რაც ამოხტა და, ჰერაკლიტეს საზრისით, ასე უნდა ეწოდოს: სავსებით ცალკეული.
სწორედ ამ ცალკეულს უკავშირდება ოსტატობა, ოსტატის ფიგურა. ფილოსოფიური განსჯის საწყის ნიმუშებში ფილოსოფოსის ფიგურა ჩნდება და კრისტალიზდება როგორც ოსტატის ფიგურა, ხოლო ფილოსოფიის მუშაობა – როგორც ოსტატობის მუშაობა.
ჩვენ გვესმის, რომ აქ ოსტატობა არაა ცალკეული საგნის ან ცალკეული აზრის გამართვა [отделывание]: ფილოსოფიური ოსტატობის სფერო – ეს არის სფერო სრულიად განსაკუთრებული ტექნოსის, რომელიც კონსტრუქციულია იმ აზრებთან და მდგომარეობებთან მიმართებით, რომელთა უნარი აღმოაჩნდება ადამიანს მას შემდეგ, რაც ეს ტექნოსი უკვე აქვს.