ერთ-ერთი თავი რიჩარდ დოკინსის ავტორის წიგნიდან „ღმერთის დელუზია“.
სოდომისა და გომორის განადგურებისას ეკვივალენტი ნოესი, რომელიც ოჯახთან ერთად გადარჩა, რადგან გამორჩეულად სამართლიანი იყო, აბრაამის ძმისშვილი ლოტი გახლავთ.
სოდომში გაემგზავრა მამრობითი სქესის ორი ანგელოზი, რათა ლოტი გაეფრთხილებინათ და ქალაქის დატოვება ერჩიათ, ვიდრე გოგირდის წვიმა დაიწყებოდა. სტუმართმოყვარე ლოტმა ანგელოზები სახლში შეიპატიჟა, სადაც მალე ყველა სოდომელი მამაკაცი შეიკრიბა და ლოტს ანგელოზების მათთვის გადაცემა მოსთხოვეს, რათა (აბა, სხვა რისთვის?) ჯგუფურად გაეუპატიურებინათ: „სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ“ (დაბადება 19:5). დიახ, ბიბლიის ავტორიზებულ ვერსიაში „შეცნობას“ ჩვეულებრივი ევფემისტური მნიშვნელობა აქვს, რაც კონტექსტში ძალიან სასაცილოა. ლოტის მამაცობა, როცა მათ უარს ეუბნება, გვაფიქრებინებს, რომ ღმერთს რაღაც მიზეზი ჰქონდა, როცა მას სოდომის ერთადერთი ღირსეული ადამიანის წოდება მიანიჭა. მაგრამ ლოტის შარავანდედი ფერმკრთალდება, როცა ის თავის პირობებს აყენებს: „ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან. მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბადება 19:7-8).
სხვა რა მნიშვნელობაც გინდა გააჩნდეს, ეს უცნაური ისტორია ნამდვილად გვაწვდის ინფორმაციას ქალებისადმი დამოკიდებულების შესახებ ამ ძლიერ რელიგიურ კულტურაში. ლოტის მიერ მისი ქალიშვილების უმანკოებით ვაჭრობა უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან ანგელოზებმა მოახერხეს დაუპატიჟებელი სტუმრების გაგდება მათი სასწაულებრივად დაბრმავებით. შემდეგ ლოტი გააფრთხილეს, რომ ოჯახთან ერთად დაუყოვნებლივ გადასახლებულიყო, რადგან ქალაქი მალე განადგურდებოდა. გაიქცა მთელი ოჯახი, გარდა ლოტის უიღბლო ცოლისა, რომელიც ღმერთმა მარილის სვეტად აქცია, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა – შეიძლება ითქვას, შედარებით უწყინარი – შებრუნდა და ფეიერვერკების სცენას თვალი შეავლო.
ლოტის ორი ქალიშვილი შემდგომში ცოტა ხნით ისევ ჩნდებიან. დედის მარილის სვეტად ქცევის შემდგომ ისინი მთაში მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობდნენ მამასთან ერთად. მამაკაცების საზოგადოებას მონატრებულებმა გადაწყვიტეს, მამა დაეთროთ და მასთან დაწოლილიყვნენ. ლოტმა ვერ გაიგო უფროსი ქალიშვილის საწოლში შესვლა ან იქიდან გასვლა, თუმცა არც ისე მთვრალი ყოფილა, რომ მისი დაორსულება ვერ მოეხერხებინა. შემდეგ ღამეს ქალიშვილები შეთანხმდნენ, რომ უმცროსის ჯერი იყო. ლოტი ისევ მთვრალი იყო, ვერაფერი გაიგო და უმცროსი შვილიც დააორსულა (დაბადება 19:31-36). თუკი ეს დისფუნქციური ოჯახი სოდომში მცხოვრებთაგან ყველაზე ზნეობრივი იყო, ადამიანს შეიძლება გარკვეული სიმპათიებიც კი გაუჩნდეს ღმერთისა და მისი გოგირდოვანი სასამართლოსადმი.
ლოტისა და სოდომელების ამბავი შემაძრწუნებელ გამოძახილს პოვებს მსაჯულთა წიგნის მე-19 თავში, სადაც უსახელო ლევიანი (მღვდელი) გიბაში მიემგზავრებოდა თავის ხარჭასთან ერთად. მათ ღამე სტუმართმოყვარე მოხუცის სახლში გაატარეს. ვახშმობისას ქალაქში მცხოვრები მამაკაცები მოგროვდნენ და კარებზე ბრახუნი დაიწყეს, მოხუცისგან მოითხოვდნენ, რომ სტუმარი მამაკაცი მათთვის გადაეცათ, რათა „შეეცნოთ“. მოხუცმა თითქმის ისევე უპასუხა, როგორც ლოტმა: „არა, ძმებო, ნუ იზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას. აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას“ (მსაჯულნი 19:23-24). ისევ გვხვდება ქალთმოძულეობრივი ეთოსი, ხმამაღლა და გარკვევით. განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიმაჩნია ფრაზა „დაიმორჩილეთ“. მიიღეთ სიამოვნება ჩემი ქალიშვილისა და მღვდლის ხარჭის შეურაცხყოფითა და გაუპატიურებით, მაგრამ საკადრისი პატივი ეცით ჩემს სტუმარს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მამაკაცია. მიუხედავად ამ ორი ამბის მსგავსებისა, ლევიანის ხარჭას უფრო ნაკლებად გაუმართლა, ვიდრე ლოტის ქალიშვილებს.
ლევიანმა ხარჭა ბრბოს გადასცა, რომელიც მას მთელი ღამის განმავლობაში აუპატიურებდა: „შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას და ცისკარზე გამოუშვეს. წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, სადაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო“ (მსაჯულნი 19:25-26). დილას ლევიანმა თავისი ხარჭა კართან გართხმული იპოვა და უთხრა ის, რაც დღესდღეობით შეიძლება გულქვაობამდე მისულ უხეშობად აღვიქვათ – „ადექი, წავიდეთ“. მაგრამ ის არ განძრეულა, ის ცოცხალი აღარ იყო. ამიტომ მღვდელმა „თავისი ხარჭა თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში“. დიახ, სწორად წაიკითხეთ. მოძებნეთ ეს ადგილი მსაჯულთა 19:29-ში. მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ეს ისტორიაც ბიბლიის ყოვლისმომცველი უცნაურობით ავხსნათ. თუმცა ეს ამბავი არც ისეთი უჩვეულოა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. არსებობდა მოტივი – შურისძიების პროვოცირება – რამაც გაამართლა, რადგან ამ ინციდენტს შედეგად მოჰყვა შურისმაძიებლური ომი ბენიამინის ტომის წინააღმდეგ, რომელშიც, როგორც მსაჯულთა წიგნის მე-20 თავი მგზნებარედ აღწერს, 60 ათასზე მეტი ადამიანი დახოცეს. ეს ამბავი ისე ჰგავს ლოტისას, რომ ჩნდება ეჭვი, იქნებ მანუსკრიპტის ფრაგმენტი შემთხვევით არასწორად აღმოჩნდა დიდი ხნის წინ მივიწყებულ სკრიპტორიუმში, რაც წმინდა ტექსტების არასანდო წყაროების კიდევ ერთი ილუსტრაცია იქნებოდა.
ლოტის ბიძა აბრაამი სამივე „დიდი“ მონოთეისტური რელიგიის დამფუძნებელი მამა იყო. მისი პატრიარქალური სტატუსი მას ისეთ მისაბაძ მაგალითად აქცევს, რომ მხოლოდ ღმერთს თუ ჩამორჩება. მაგრამ რომელი თანამედროვე მორალისტი ისურვებდა მის მიბაძვას? თავისი ხანგრძლივი ცხოვრების შედარებით ადრეულ პერიოდში აბრაამი ეგვიპტეში გაემგზავრა თავის ცოლთან, სარასთან, ერთად, რათა გავრცელებულ შიმშილობას გაჰქცეოდა. ის მიხვდა, რომ ასეთი ლამაზი ქალი ეგვიპტელებისთვის სასურველი იქნებოდა და, შესაბამისად, მისი სიცოცხლე, როგორც სარას ქმრისა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო. ამიტომ გადაწყვიტა, თავის დად გაესაღებინა. ამ პირობებით მიიყვანეს ის ფარაონის ჰარამხანაში და აბრაამი მაშინვე გამდიდრდა ფარაონის წყალობის შედეგად. ღმერთმა ეს სარფიანი გარიგება არ მოიწონა და ფარაონსა და მის სახლს (რატომ არა აბრაამს?) უბედურებები დაატეხა თავს. ფარაონი, ბუნებრივია, განაწყენდა და მოინდომა გაეგო, რატომ არ გაუმხილა მას აბრაამმა, რომ სარა მისი ცოლი იყო. შემდეგ ის აბრაამს დაუბრუნა და ორივე გააგდო ეგვიპტიდან (დაბადება 12:18-19). უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილმა მოგვიანებით ისევ სცადა ამ ტრიუკის გამეორება, ამჯერად გერარის მეფე აბიმელექთან. აბრაამმა ისიც დაარწმუნა, ექორწინა სარაზე, რომელიც საკუთარ დად გააცნო და არა მეუღლედ (დაბადება 20:2-5). მანაც გამოხატა აღშფოთება, თითქმის ისევე, როგორც ფარაონმა. და მაინც, ძნელია, ორივეს არ თანაუგრძნო. არის თუ არა ეს მსგავსება კიდევ ერთი ინდიკატორი ტექსტის არასანდოობისა?