ერთ-ერთი თავი ედუარდ ბერნეისის წიგნიდან: „პროპაგანდა“.
იმ დროს, როცა მეფეები მეფობდნენ, ლუი XIV-მ მოკრძალებულად შენიშნა: „სახელმწიფო – ეს მე ვარ“. ის თითქმის მართალი იყო.
მაგრამ დრო შეიცვალა. ორთქლის მანქანამ, ბეჭდვითმა ორგანოებმა და საჯარო სკოლებმა, ინდუსტრიული რევოლუციის ამ სამეულმა, ჩამოართვა ძალაუფლება მეფეებს და ის ხალხს გადასცა. ხალხმა ფაქტობრივად ის ძალაუფლება მოიპოვა, რომელიც მეფემ დაკარგა, რადგან ეკონომიკურ ძალაუფლებას მიდრეკილება აქვს, პოლიტიკური ძალაუფლება მიიზიდოს, ინდუსტრიული რევოლუციის ისტორია კი გვიჩვენებს ამ ძალაუფლების გადასვლას მეფისა და არისტოკრატიისგან ბურჟუაზიისთვის. საყოველთაო საარჩევნო უფლებამ და საყოველთაო განათლებამ გაამყარა ეს ტენდენცია, საბოლოოდ კი ბურჟუაზიასაც გაუჩნდა ჩვეულებრივი ხალხის შიში. მასებმა მეფობა დააპირეს.
თუმცა დღესდღეობით რეაქციის დროა. უმცირესობამ უმრავლესობაზე ზემოქმედების მძლავრი საშუალება გამოძებნა. შესაძლებელი აღმოჩნდა მასების შეხედულებათა ისე ჩამოყალიბება, რომ მათ თავისი ახლად შეძენილი ძალა სასურველი მიმართულებით მიაქციონ. საზოგადოების არსებულ სტრუქტურაში ეს გარდაუვალია. რაც უნდა გაკეთდეს დღეს, რასაც სოციალური მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს პოლიტიკის, ფინანსების, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ქველმოქმედების, განათლების თუ სხვა სფეროში, უნდა გაკეთდეს პროპაგანდის დახმარებით. პროპაგანდა უხილავი მთავრობის იარაღია.
საყოველთაო განათლებას ჩვეულებრივი ადამიანისთვის თავისი გარემოს კონტროლი უნდა ესწავლებინა. როგორც კი წერა-კითხვას დაეუფლებოდა, მას მართვისთვის შესაფერისი გონება ჩამოუყალიბდებოდა. ასეთი გახლდათ დემოკრატიული დოქტრინა, მაგრამ გონების ნაცვლად საყოველთაო განათლებამ ადამიანი შტამპებით აღჭურვა, რომლებზედაც დატანილი იყო სარეკლამო სლოგანები, მოწინავე სტატიები, გამოქვეყნებული სამეცნიერო მონაცემები, ტაბლოიდთა ბანალურობები და ისტორიული უხამსობანი, მაგრამ არა ორიგინალური აზრი. ყოველი ადამიანის შტამპი არის მილიონობით სხვა ადამიანის შტამპის ასლი და, ამდენად, როდესაც მილიონობით ადამიანზე ერთი და იგივე სტიმული მოქმედებს, ყოველ მათგანზე მსგავს კვალს ტოვებს. შესაძლოა გადაჭარბებად გაისმას იმის თქმა, რომ ამერიკის საზოგადოება იდეათა უმრავლესობას ასეთი საბითუმო გზით იღებს. პროპაგანდა არის მექანიზმი, რომლის მეშვეობით იდეები ფართო მასშტაბით ვრცელდება კონკრეტული შეხედულების ან დოქტრინის გავრცელების ორგანიზებული ძალისხმევის ფართო საზრისით.
ვიცი, რომ სიტყვა „პროპაგანდა“ მრავალისთვის უსიამოვნო კონოტაციის შემცველია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია თუ ცუდი პროპაგანდა, დამოკიდებულია იმის ღირსებაზე, რასაც ის ემსახურება, ისევე, როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
თავისთავად სიტყვას „პროპაგანდა“ განსაზღვრული ტექნიკური მნიშვნელობა აქვს, რაც, სამყაროს საგანთა უმრავლესობის მსგავსად, „არც კარგია და არც ცუდი, ჩვევა აქცევს მას ასეთად“. „Funk and Wagnalls Dictionary“ ამ სიტყვის ოთხ განსაზღვრებას გვთავაზობს:
- კარდინალთა, უცხოეთის მისიების ზედამხედველთა საზოგადოება; ასევე, „პროპაგანდის კოლეჯი“, დაფუძნებული 1627 წელს რომში პაპ ურბან VIII-ის მიერ მისიონერი მღვდელმსახურებისთვის განათლების მისაცემად; Sacred College de Propaganda Fide.
- შესაბამისად, ნებისმიერი ინსტიტუტი ან სქემა დოქტრინის ან სისტემის გასავრცელებლად.
- ძალისხმევა, რომელიც სისტემატურად მიიმართება შეხედულების ან ქმედებათა კურსისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
- პროპაგანდის მიერ წამოყენებული პრინციპები.
ჟურნალის „Scientific American“ ბოლოდროინდელ ნომერში „საუცხოო ძველი სიტყვის „პროპაგანდა““ რესპექტაბელური გამოყენების აღდგენის მოწოდებას ვხვდებით.
„არ მოიძებნება სიტყვა ინგლისურ ლექსიკონში, – ნათქვამია ჟურნალში – რომლის მნიშვნელობა ისევე ძლიერ იყოს დამახინჯებული, როგორც სიტყვისა „პროპაგანდა““. ცვლილება ძირითადად მოხდა ომის დასასრულს, როდესაც ტერმინმა აშკარად ავბედითი ელფერი შეიძინა.
თუ „Standard Dictionary“-ს მიმართავთ, აღმოაჩენთ, რომ სიტყვა გამოიყენებოდა რომში 1627 წელს დაფუძნებული კარდინალთა კონგრეგაციის ან საზოგადოების მიმართ, რომელსაც უცხოეთის მისიისთვის უნდა გაეწია მეთვალყურეობა. იგი ასევე გამოიყენებოდა რომის „პროპაგანდის კოლეჯის“ მიმართ, რომელიც პაპმა ურბან VIII-მ დააფუძნა და რაც მიზნად მისიონერი მღვდელმსახურების განათლებას ისახავდა. შესაბამისად, მოგვიანებით სიტყვა გამოიყენებოდა ნებისმიერი ინსტიტუტის ან სქემის მიმართ, რომელიც დოქტრინას ან სისტემას ავრცელებდა.
თუ ამ განსაზღვრებებით ვიმსჯელებთ, პროპაგანდა თავისი ჭეშმარიტი საზრისით ადამიანური აქტივობის სავსებით ლეგიტიმური ფორმაა. ნებისმიერი საზოგადოება, იქნება ის სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური, რომელიც კონკრეტული შეხედულებების ერთგულია და მათ გავრცელებას ისახავს მიზნად ზეპირსიტყვიერად თუ წერილობით, პროპაგანდით არის დაკავებული.
ჭეშმარიტება ძლიერია, ის უნდა იყოს გაბატონებული, ხოლო, თუ ადამიანთა რომელიმე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ღირებული ჭეშმარიტება აღმოაჩინა, მისი არა პრივილეგია, არამედ ვალდებულებაა ამ ჭეშმარიტების გავრცელება. თუ ისინი გააცნობიერებენ, ეს კი მალე უნდა მოხდეს, რომ ჭეშმარიტების გავრცელება ფართო მასშტაბითა და ეფექტურად მხოლოდ ორგანიზებული ძალისხმევით არის შესაძლებელი, ისინი პრესასა და ტრიბუნას გამოიყენებენ, როგორც საუკეთესო საშუალებას ფართო გავრცელებისთვის. პროპაგანდა მანკიერად და გასაკიცხად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როდესაც მისი შემოქმედნი ცნობიერად და განზრახ ავრცელებენ სიცრუეს ან მიზნად ისეთ შედეგებს ისახავენ, რომლებზედაც ხვდებიან, რომ ზიანს მოუტანს საზოგადოებრივ სიკეთეს.
თავისი სათანადო საზრისით „პროპაგანდა“ სავსებით ჯანსაღი ცნებაა, რომელსაც საპატიო წარმომავლობა და კეთილშობილი ისტორია აქვს. ის, რომ იგი დღეს ავბედითი მნიშვნელობის მატარებელი უნდა იყოს, მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ ბავშვის რა ნაწილია შენარჩუნებული მოზრდილში. მოქალაქეთა ჯგუფი წერს და საუბრობს ქმედებათა კონკრეტული კურსის სასარგებლოდ რაიმე საკამათო საკითხთან მიმართებით, რადგან მიაჩნია, რომ საზოგადოების საუკეთესო ინტერესს ემსახურება. პროპაგანდა? მსგავსიც არაფერი. უბრალოდ ჭეშმარიტების იძულებითი და პირდაპირი განცხადება. მაგრამ, თუ მოქალაქეთა სხვა ჯგუფი საპირისპირო შეხედულებებს გამოთქვამს, მათ მყისვე მიეკერება პროპაგანდის ავბედითი იარლიყი…
„რაც დედალი ბატისთვისაა საწებელი, იგივეა მამალისთვისაცო“ – ამბობს ძველი ანდაზა. მოდი, ნუ გადავდებთ, ეს შესანიშნავი ძველი სიტყვა თავის ადგილზე დავაბრუნოთ და აღვადგინოთ მისი კეთილშობილური მნიშვნელობა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.
ხარისხი, რომლითაც პროპაგანდა ჩვენ გარშემო მიმდინარე საქმეთა კურსზე ახდენს გავლენას, კარგად ინფორმირებულ ადამიანებსაც კი გააკვირვებს. მიუხედავად ამისა, საკმარისია გაზეთის სტრიქონებს შორის ვცადოთ კითხვა იმის გასაგებად, თუ როგორია პროპაგანდის გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. იმ დღეებში, როდესაც ეს თავი იწერება, „New York Times“-მა გამოაქვეყნა რვა მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ოთხი მათგანი, ანუ ნახევარი, არის პროპაგანდა. შემთხვევითი მკითხველი მათ სპონტანურ ხდომილებათა ანგარიშად ჩათვლის. მაგრამ არის კი ეს ასე? აი, სათაურები:
„თორმეტი ქვეყანა გვაფრთხილებს, რომ ჩინეთმა რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს, სანამ ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა“.
„პრიტჩეტი სიონიზმის მოსალოდნელ კრახს გვატყობინებს“.
„უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები სატრანზიტო მოთხოვნას აყენებენ“.
„ჩვენი ცხოვრების სტანდარტმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ისტორიის განმავლობაში, გვატყობინებს ჰუვერის ანგარიში“.
თანმიმდევრობით განვიხილოთ: სტატია ჩინეთის შესახებ განმარტავს „ჩინეთის ექსტერიტორიალურობის კომისიის“ კოლექტიურ ანგარიშს და გვთავაზობს ზესახელმწიფოთა პოზიციებს ჩინეთის არეულობასთან მიმართებით. ის, რაც ნათქვამია, ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს. ინფორმაცია „სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაასაჯაროვა“, რაც მიზნად ისახავდა ამერიკული საზოგადოებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გაცნობას. თვით წყარო ანიჭებს მას ავტორიტეტს, ხოლო ამერიკის საზოგადოება მიდრეკილია, მიიღოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.
დრ. პიტჩეტის, „საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის“ კურატორის, ანგარიში არის მცდელობა ფაქტების მოძიებისა მშფოთვარე არაბული სამყაროს შუაგულში არსებული ამ ებრაული კოლონიის შესახებ. როდესაც დრ. პიტჩეტის კვლევამ დაარწმუნა იგი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სიონიზმი „მეტ სიმწარესა და უბედურებას მოუტანს როგორც ებრაელებს, ისე არაბებს“, ეს თვალსაზრისი უწყებულ იქნა კარნეგის ფონდის მთელი ავტორიტეტით, რათა საზოგადოებას ყური მიეგდო ამისთვის და ერწმუნა. „ნიუ იორკის რეალტორთა საბჭოს“ პრეზიდენტის განცხადება, ისევე, როგორც ვაჭრობის მდივან ჰუვერის ანგარიში, არის მსგავსი მცდელობა საზოგადოებისთვის თვალსაზრისის თავს მოხვევისა.
ეს მაგალითები იმისთვის არ არის მოტანილი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს პროპაგანდა ავბედითობას მოასწავებს. ისინი უმალ იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ ეძლევა ცნობიერი მიმართულება მოვლენებს და როგორ ახდენენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე ამ მოვლენებს მიღმა მდგარი ადამიანები. როგორც ასეთები, ისინი თანამედროვე პროპაგანდის მაგალითებია. აქ ჩვენ უკვე შეგვიძლია პროპაგანდის განსაზღვრა.
თანამედროვე პროპაგანდა არის თანმიმდევრული, ურყევი ძალისხმევა მოვლენების შექმნის ან ფორმირებისთვის, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების მიმართებაზე საწარმოს, იდეის ან ჯგუფისადმი.
გარემოებებისა და მილიონობით ადამიანის გონებაში საჭირო ხატების შექმნის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული. პრაქტიკულად არცერთი მნიშვნელოვანი წამოწყება არ ხორციელდება მის გარეშე, იქნება ეს ტაძრის მშენებლობა, უნივერსიტეტის დაფინანსება, ფილმის მარკეტინგი, ობლიგაციების მსხვილი გამოშვების განთავსება თუ პრეზიდენტის არჩევა. ზოგჯერ გავლენას საზოგადოებაზე ახდენს პროპაგანდის სფეროს პროფესიონალი, სხვა დროს – სამუშაოზე დელეგირებული მოყვარული. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს საქმიანობა საყოველთაო და უწყვეტია და მთლიანობაში ზუსტად ისევე მართავს საზოგადოებრივ ცნობიერებას, როგორც ჯარი მართავს ჯარისკაცებს.
იმდენად დიდია რაოდენობა ადამიანების, რომელთა მართვაა შესაძლებელი და იმდენად უდრეკნი არიან ისინი, როდესაც მათი მართვა ხდება, რომ ჯგუფი დროდადრო ისეთ გადაულახავ წნეხს ახდენს, რომ მის წინაშე უძლურნი არიან კანონმდებლებიც, რედაქტორებიცა და მასწავლებლებიც. როგორც უოლტერ ლიპმანი ამბობს, ჯგუფი თავის სტერეოტიპს იქნება ჩაჭიდებული, აქცევს რა ამ სავარაუდოდ ძლევამოსილ არსებებს, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, წყალში მოცურავე ხის ნაფოტად. როდესაც უზენაესი ჯადოქარი, რომელიც შეიგრძნობს, თუ რა არის იდეალის წყურვილი, წინ წამოსწევს ნორდიკული და ნაციონალისტური ერის სურათს, ძველებური წარმოშობის ჩვეულებრივი ამერიკელი გრძნობს, რომ ახალი იმიგრანტები მას მისი კუთვნილი ადგილიდან აძევებენ და დაბრკოლებას უქმნიან წარმატების გზაზე, იხელთებს სურათს, რომელიც ცხადად შეესაბამება მის ცრურწმენებს და მას საკუთრად აქცევს. ის ზეწარსა და ჩაჩს ყიდულობს, ათასობით თანამოაზრესთან ერთიანდება უზარმაზარ ჯგუფად, რომელიც საკმარისად ძლიერია, რათა გავლენა იქონიოს შტატის არჩევნებზე და მძიმე დარტყმა მიაყენოს ეროვნულ კრებას.
ჩვენს არსებულ სოციალურ ორგანიზაციაში საზოგადოების მხრიდან მოწონება არსებითია ნებისმიერი მსხვილი წამოწყებისთვის. შესაბამისად, ქების ღირსი მოძრაობა შესაძლოა დამარცხებული აღმოჩნდეს, თუკი ის შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ქველმოქმედების, ისევე, როგორც ბიზნესის, პოლიტიკისა და ლიტერატურის – ყველა ამ სფეროს წარმომადგენელი იძულებული იყო, გამოეყენებინა პროპაგანდა, რადგან საზოგადოება ისევე უნდა აიძულო, გაიღოს თანხა ამა თუ იმ საქმისთვის, როგორც უნდა აიძულო, რომ ჩაიტაროს ტუბერკულოზის პროფილაქტიკა. „ახლო აღმოსავლეთის დახმარება“, „ნიუ იორკის ღარიბთა მდგომარეობის გაუმჯობესების ასოციაცია“ და სხვა მრავალი ორგანიზაცია ზემოქმედებას უნდა ახდენდეს საზოგადოებრივ აზრზე ისევე, თითქოს კბილის პასტის გამყიდველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ახალშობილებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლებით და ესეც პროპაგანდის შედეგია.
პროპაგანდა მთელ ჩვენს ცხოვრებას მსჭვალავს და ის ცვ-ლის სამყაროს ჩვენეულ სურათს. თუნდაც ეს მეტისმეტად პესიმისტურად მოჩანდეს – თუმცა ეს ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს – შეხედულება ასახავს ტენდენციას, რომელიც უდავოდ რეალურია. ფაქტობრივად იმდენად, რამდენადაც ხდება მისი ეფექტურობის აღიარება საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიღებასთან მიმართებით, იმდენად უფრო ფართოდ ხდება მისი გამოყენება.
ამგვარად, ეს ცხადად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერს, ვისაც საკმარისი გავლენა გააჩნია, სულ ცოტა, მცირე ხნით და კონკრეტული მიზნისთვის მაინც ძალუძს საზოგადოების ნაწილის მართვა. წარსულში მმართველები იყვნენ ლიდერები. მათ განსაზღვრეს ისტორიის კურსი უბრალოდ იმის კეთებით, რაც მათ სურდათ. ხოლო, თუ დღეს იმ მმართველთა მემკვიდრეებს, რომლებსაც მდგომარეობა ან უნარები ანიჭებს ძალაუფლებას, აღარ ძალუძთ სურვილისამებრ ქმედება მასების მხრიდან მოწონების გარეშე, ისინი პროპაგანდაში პოულობენ იარაღს, რომელიც სულ უფრო მძლავრ საშუალებად იქცევა ასეთი მოწონების მისაღებად. შესაბამისად, პროპაგანდა აქ სამუდამოდ დარჩება.
რასაკვირველია, პროპაგანდამ გასაოცარ წარმატებას მიაღწია ომის წლებში, აუხილა თვალი გონიერ ადამიანთა მცირე რაოდენობას ცხოვრების ყველა სფეროში საზოგადოებრივი აზრის მართვის შესაძლებლობებზე. ამერიკის მთავრობამ და მრავალმა პატრიოტულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც საზოგადოების მხრივ მოწონებას ჩვეული ადამიანებისთვის უცხო იყო. ისინი ინდივიდს არა მხოლოდ ყველა საშუალების – ვიზუალურის, გრაფიკულის, ბგერითის – გამოყენებით მიმართავდა ეროვნული სწრაფვის მხარდასაჭერად, არამედ ასევე უზრუნველყოფდა თანამშრომლობას ყოველი ჯგუფის საკვანძო ფიგურებს, ანუ ისეთ ადამიანებს შორის, რომელთა უბრალო სიტყვას გააჩნდა გავლენა ასობით, ათასობით ან ასობით ათას მიმდევარზე. შესაბამისად, ისინი ავტომატურად იძენდნენ საზოგადოებრივი, რელიგიური, კომერციული, პატრიოტული, სოციალური და ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერას, რომელთა წევრები თავიანთ შეხედულებებს იღებდნენ ნაცნობი ლიდერებისა და სპიკერებისგან ან იმ პერიოდული გამოცემებიდან, რომლებსაც კითხულობდნენ და რომლებსაც ენდობოდნენ. იმავდროულად, პატრიოტული შეხედულებებით მანიპულატორები საზოგადოების ემოციურ ჩვევებსა და მენტალურ კლიშეებს იყენებდნენ მასობრივი რეაქციის გამოსაწვევად მტრის სავარაუდო სისასტიკის, ტერორისა და ტირანიის წინააღმდეგ. სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ გონიერი ადამიანები ეკითხებოდნენ საკუთარ თავს, იყო თუ არა შესაძლებელი მსგავსი ტექნიკის გამოყენება მშვიდობის პრობლემებისადმი.
სინამდვილეში პროპაგანდის პრაქტიკამ ომის შემდეგ იმისგან სრულიად განსხვავებული ფორმები შეიძინა, ოცი წლის წინ რომ იყო გაბატონებული. ამ ახალ ტექნიკას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ახალი პროპაგანდა.
ის არა მხოლოდ ინდივიდს გულისხმობს და არც მხოლოდ მასობრივ ცნობიერებას, არამედ, ასევე და განსაკუთრებით, საზოგადოების ანატომიას, მისი ურთიერთდაკავშირებული ჯგუ-ფური ფორმაციებითა და ლოიალურობით. ის ინდივიდს ხედავს არა მხოლოდ როგორც სოციალური ორგანიზმის უჯრედს, არამედ როგორც უჯრედს ორგანიზებულს სოციალურ ერთეულში. შეეხეთ ნერვს მგრძნობიარე წერტილში და თქვენ ავტომატურ პასუხს მიიღებთ ორგანიზმის კონკრეტული წევრებისგან.
ბიზნესი თვალსაჩინო მაგალითებს გვთავაზობს იმ გავლენისა, რომლის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებაზე დაინტერესებულ ჯგუფებს, როგორიცაა საფეიქრო მრეწველობის წარმომადგენლების მიერ ბაზრების დაკარგვა. პრობლემა არცთუ დიდი ხნის წინ წარმოიშვა, როდესაც ხავერდის მწარმოებლები აღმოჩნდნენ გაკოტრების პირას, რადგან მათი პროდუქცია დიდი ხნის გამოსული იყო მოდიდან. ანალიზმა უჩვენა, რომ ამერიკაში შეუძლებელი იქნებოდა ხავერდის მოდის აღორძინება. ანატომიური ნადირობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილზე! პარიზი! ცხადია! მაგრამ კიც და არაც. პარიზი მოდის სამშობლოა. ლიონი სამშობლოა აბრეშუმის. შეტევა წყაროს მიმართულებით უნდა განხორციელდეს. გადაწყდა, იღბალს დანდობოდნენ და გამოეყენებინათ მოდური სამოსის გავრცელების ჩვეული წყაროები და ამ წყაროებიდან მოეხდინათ გავლენა საზოგადოებაზე. ჩამოყალიბდა ხავერდის მოდის სამსახური, რომელსაც ღიად უჭერდნენ მხარს მწარმოებლები. მისი უპირველესი ამოცანა იყო კავშირის დამყარება ლიონის მანუფაქტურებთან და პარიზის კუტიურიეებთან იმის გასარკვევად, თუ რას საქმიანობდნენ ისინი, რათა მიეცათ ბიძგი, ემუშავათ ხავერდით და დახმარებოდნენ ნაკეთობათა სათანადო გამოყენებაში. სამუშაოდ ერთი გონიერი პარიზელი მოიწვიეს. ის ეწვია Lanvin-სა და Worth-ს, Agnes-სა და Patou-ს და სხვებსაც და დაარწმუნა ისინი, კაბებისა და ქუდებისთვის ხავერდი გამოეყენებინათ. სწორედ ის უთანხმდებოდა ამა თუ იმ გრაფინიას, რომ ეს უკანასკნელი საზოგადოებაში ამ ქუდითა თუ კაბით გამოჩენილიყო. რაც შეეხება საზოგადოებისთვის გაცნობას იდეისა, ამერიკელ მყიდველს ან ამერიკელ მოდურ ქალბატონს კაბის ან ქუდის მკერავის ატელიეებში უბრალოდ უჩვენებდნენ ხავერდის ქმნილებებს. ის ყიდულობდა ხავერდს, რადგან მოსწონდა და რადგან ის მოდაში იყო.
ამერიკული ჟურნალების რედაქტორებმა და ამერიკული გაზეთების მოდის საკითხების ექსპერტებმა, რომლებიც ასევე დაექვემდებარნენ ფაქტობრივ (თუმცა ხელოვნურად შექმნილ) გარემოებებს, ეს განწყობა თავიანთ ახალ ამბებში ასახეს, რაც, თავის მხრივ, ასეთივე გავლენას ახდენდა მყიდველსა და მომხმარებელზე. შედეგად ის, რაც თავიდან ხავერდის წვრილი ნაკადი იყო, ნიაღვრად იქცა. მოთხოვნა თანდათანობით, მაგრამ მიზანმიმართულად იქმნებოდა პარიზსა და ამერიკაში. მსხვილი სუპერმარკეტები, რომლებსაც სტილის ლიდერობა ჰქონდათ განზრახული, არეკლამებდნენ ხავერდის კაბებსა და ქუდებს, სარგებლობდნენ რა ფრანგ კუტიურიეთა ავტორიტეტით და ციტატების სახით მოჰქონდათ მათგან მიღებული ტელეგრამები. ახალი სტილის ექო მთელ ქვეყანაში ასობით სუპერმარკეტმა გაიგონა, რომლებსაც ასევე სურდათ სტილის ლიდერთა რიგში მდგარიყვნენ. დეპეშებს ბიულეტენები მოჰყვებოდა, ტელეგრამებს – წერილები და ამერიკელი მოგზაური ქალბატონი წარდგა გემის ფოტოგრაფის წინაშე ხავერდის კაბასა და ქუდში.
შექმნილ ვითარებას თავისი შედეგი ჰქონდა. „მოდის მერყევი ხასიათი ხავერდის მხარეს გადაიხარა“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა გაზეთმა და ამერიკის მრეწველობამ ათასობით ადამიანი კვლავ უზრუნველყო სამუშაოთი.
ახალი პროპაგანდა საზოგადოების, როგორც მთლიანის, წყობის გათვალისწინებით არცთუ იშვიათად ემსახურება მასების სურვილების განჭვრეტასა და განხორციელებას. კონკრეტული რეფორმის სურვილი, რაოდენ ფართოდაც უნდა იყოს გავრცელებული ის, მანამდე ვერ იქცევა ქმედებად, სანამ მისი ფორმულირება არ მოხდება და სანამ ის სათანადო წნეხის ქვეშ არ მოაქცევს შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებს. მილიონობით დიასახლისი შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელი ნახევარფაბრიკატების წარმოება უნდა აიკრძალოს, მაგრამ მცირეა იმის ალბათობა, რომ მათი ინდივიდუალური სურვილები ეფექტურ ლეგალურ ფორმას მიიღებს, თუ სანახევროდ გამოხატული მოთხოვნა არ იქნა ორგანიზებული, ჩამოყალიბებული და წარდგენილი შტატის საკანონმდებლო ორგანოს ან ფედერალურ კონგრესში რაიმე ფორმით, რომელიც სასურველ შედეგს მოიტანს. აცნობიერებენ ამას თუ არა, ისინი პროპაგანდას უხმობენ თავიანთი მოთხოვნის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის.
მაგრამ ცხადია, რომ პროპაგანდის უწყვეტ და სისტემატურ გამოყენებას გონიერი უმცირესობა საჭიროებს. ამერიკის პროგრესისა და განვითარების გასაღები იმ აქტიურ და ზემოქმედების უნარის მქონე უმცირესობაში ინახება, რომელშიც ეგოისტური ინტერესი საზოგადოებრივს თანხვდება. მხოლოდ გონიერი უმცირესობის აქტიური ენერგიის წყალობით ძალუძს ფართო საზოგადოებას შეიტყოს ახალი იდეები და მათ შესაბამისად იმოქმედოს.
ინდივიდთა მცირე ჯგუფებს შეუძლიათ და გვაიძულებენ დანარჩენებს, მოცემული საგნის შესახებ ის ვიფიქროთ, რაც მათ სურთ. მაგრამ, ჩვეულებრივ, ყოველ პროპაგანდას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ორივე მხარე უმრავლესობის დარწმუნებას ცდილობს.