წმინდა ფილოსოფია

ერთ-ერთი თავი ბერტრან რასელის წიგნიდან „დასავლური ფილოსოფიის ისტორია (კათოლიკური ფილოსოფია)“.

ნეტარი ავგუსტინე უმეტესწილად წმინდა ფილოსოფიით არ არის დაკავებული, მაგრამ, როდესაც ამას აკეთებს, ძალიან დიდ უნარებს ამჟღავნებს. იგი პირველია მოაზროვნეთა იმ გრძელი რიგიდან, რომელთა წმინდა სპეკულატურ შეხედულებებზე წმინდა წერილთან დათანხმების აუცილებლობა ახდენდა გავლენას. ამას ვერ ვიტყვით ადრეული ქრისტიანი ფილოსოფოსების, მაგალითად, ორიგენეს შესახებ. ორიგენეს ფილოსოფიაში ქრისტიანობა და პლატონიზმი გვერდიგვერდ არსებობს და ერთმანეთში არ იჭრება. ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიაში კი, მეორე მხრივ, ორიგინალური აზროვნება წმინდა ფილოსოფიაში სტიმულირებულია იმ ფაქტით, რომ პლატონიზმი, გარკვეული მიმართებით, არ არის შესაბამისობაში „დაბადებასთან“.

ნეტარი ავგუსტინეს საუკეთესო წმინდად ფილოსოფიური ნაშრომია „აღსარებანის“ XI წიგნი. ამ ნაწარმოების პოპულარული გამოცემები X წიგნით ბოლოვდება იმ საფუძვლით, რომ შემდგომი ნაწილი უინტერესოა. უინტერესოა იმიტომ, რომ კარგი ფილოსოფიაა და არა ბიოგრაფია. XI წიგნი განიხილავს შემდეგ პრობლემას: რადგან შესაქმეს ადგილი ჰქონდა ისე, როგორც „დაბადების“ პირველი თავი ამტკიცებს და როგორც თვით ავგუსტინე ამტკიცებს მანიქეველთა წინააღმდეგ, ის უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე. ავგუსტინე წარმოსახვით მოკამათეს ესაუბრება.

პირველი, რაც უნდა გავაცნობიეროთ მისი პასუხის გასაგებად, არის ის, რომ შექმნა არაფრიდან, რასაც ძველი აღთქმა გვასწავლის, ბერძნული ფილოსოფიისთვის სრულიად უცხო იდეა იყო. როდესაც პლატონი საუბრობს შექმნის შესახებ, მას წარმოდგენილი აქვს პრიმიტიული მატერია, რომელსაც ღმერთი ფორმას ანიჭებს. იმავე შეხედულებას იზიარებს არისტოტელე. მათი ღმერთი უმალ ხელოსანი ან არქიტექტორია, ვიდრე შემოქმედი. სუბსტანცია მარადიულად და შეუქმნელად მიიჩნევა. მხოლოდ ფორმა უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ღმერთის ნებას. ამ შეხედულების წინააღმდეგ ნეტარი ავგუსტინე, როგორც ამას ნებისმიერი ორთოდოქსი ქრისტიანი უნდა აკეთებდეს, ამტკიცებს, რომ სამყარო არა რაიმე განსაზღვრული მატერიისგან, არამედ არარასგან არის შექმნილი. ღმერთმა შექმნა სუბსტანცია და არამხოლოდ წესრიგი და წყობა.

ბერძნული შეხედულება იმის შესახებ, რომ არარასგან შექმნა შეუძლებელია, ქრისტიანულ პერიოდში დროდადრო მეორდებოდა, რამაც პანთეიზმის შექმნას შეუწყო ხელი. პანთეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთი და სამყარო განუყოფელია და რომ სამყაროში ყველაფერი ღმერთის ნაწილია. ამ შეხედულებას ყველაზე სრულად სპინოზა ავითარებს, თუმცა ის ისეთია, რომ ყველა მისტიკოსს იზიდავს. ისე მოხდა, რომ ქრისტიანული საუკუნეების განმავლობაში მისტიკოსებისთვის რთული იყო ორთოდოქსობის შენარჩუნება, რადგან მათთვის რთული იყო ღმერთის მიღმა სამყაროს წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, ავგუსტინე ამ პუნქტში სირთულეს ვერ ხედავს. „დაბადების“ წიგნი ამას ცხადად გადმოსცემს და ეს მისთვის საკმარისია. ავგუსტინეს შეხედულება ამ საკითხთან მიმართებით არსებითია დროის მისი თეორიისთვის.

რატომ არ შეიქმნა სამყარო უფრო ადრე? – იმიტომ, რომ „ადრე“ არ არსებობდა. დრო მაშინ შეიქმნა, როდესაც სამყარო შეიქმნა. ღმერთი მარადიულია იმ აზრით, რომ ის დროის მიღმაა. ღმერთში არ არის მანამდე და შემდეგ, მხოლოდ მარადიული აწმყო. ღმერთის მარადიულობა თავისუფალია დროის მიმართებისგან. მთელი დრო მასში ერთდროულად არსებობს. ღმერთი არ იყო თავის მიერ დროის შექმნის წინამორბედი, რადგან მაშინ უნდა დაშვებულიყო ვარაუდი, რომ ის დროში არსებობს, როდესაც ის დროის დინების მიღმა დგას მარადიულად. ამას ავგუსტინე დროის შესანიშნავ რელატივისტურ თეორიასთან მიჰყავს.

ავგუსტინე კითხულობს: „მაინც რა არის დრო? თუ არავინ მეკითხება ამას, დიახაც ვიცი, რა არის დრო, მაგრამ თუ მოვინდომებ შემკითხველს ავუხსნა დროის რაობა, მაშინ კი არაფერიც არ მესმის“. მას მრავალი სირთულე აქცევს ჩიხში. არც წარსული და არც მომავალი, ამბობს იგი, არამედ მხოლოდ აწმყო არსებობს რეალურად. აწმყო მხოლოდ წამია, ხოლო მისი გაზომვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ის მიედინება. მიუხედავად ამისა, წარსული და მომავალი დროც რეალურად არსებობს. ჩვენ აქ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ერთადერთი გზა, რომლითაც ავგუსტინეს ამ წინააღმდეგობის თავიდან აცილება შეუძლია, იმის თქმაა, რომ წარსული და მომავალი შეიძლება გააზრებულ იქნეს როგორც აწმყო: „წარსული“ მეხსიერებასთან უნდა გაიგივდეს, „მომავალი“ – მოლოდინთან; ამასთან, მეხსიერებაცა და მოლოდინიც აწმყოს ფაქტებია. ის ამბობს, რომ არსებობს სამი დრო: „არის სამი დრო – აწმყო წარსულისა, აწმყო აწმყოსი და აწმყო მომავლისა… აწმყო წარსულისა – მეხსიერებაა; აწმყო აწმყოსი – უშუალო ჭვრეტა; აწმყო მომავლისა კი – მოლოდინი“. ხოლო იმის თქმა, რომ არსებობს სამი დრო – წარსული, აწმყო და მომავალი – არაზუსტია.

ავგუსტინე აცნობიერებს, რომ ამ თეორიით ყველა სირთულეს ვერ წყვეტს. „ოჰ, ნეტა ეს გონებამიუწვდომელი ამოცანა ამომახსნევინა“ – ამბობს იგი და სთხოვს ღმერთს, გაუნათოს გონება და არწმუნებს მას, რომ მისი დაინტერესება ამ პრობლემით ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ არის. „ვაღიარებ, უფალო, დღემდე არ ვიცი, რა არის დრო“. მაგრამ ამ პრობლემის მისეული გადაწყვეტის არსი ისაა, რომ დრო სუბიექტურია: დრო ადამიანის გონებაშია, რომელიც მოელის, ჭვრეტს და იხსენებს. აქედან გამომდინარეობს, რომ დრო ვერ იქნება იქ, სადაც არ არის ქმნილება. შესაბამისად, საუბარი დროის შესახებ, რომელიც შესაქმემდე იყო, საზრისს მოკლებულია.

პირადად მე ამ თეორიას არ ვეთანხმები, რადგან ის დროს მენტალურ მოვლენად აქცევს. მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური თეორიაა, რომელიც სერიოზულ განხილვას იმსახურებს. უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია იმ ყველაფერთან შედარებით, რასაც ამ საკითხზე ბერძნულ ფილოსოფიაში ვხვდებით. იგი პრობლემის უფრო ცხადსა და უკეთეს ფორმულირებას გვთავაზობს, ვიდრე დროის კანტისეული სუბიექტური თეორია, რომელიც კანტის დროიდან ფართოდ არის აღიარებული ფილოსოფოსთა მიერ.

თეორია, რომ დრო მხოლოდ ჩვენი აზროვნების ასპექტია, იმ სუბიექტივიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმაა, რომელიც, როგორც ვიხილეთ, თანდათანობით ძლიერდებოდა ანტიკურობაში პროტაგორასა და სოკრატეს დროიდან. მისი ემოციური ასპექტია ცოდვით შეპყრობილობა, რაც უფრო გვიან გამოჩნდა, ვიდრე მისი ინტელექტუალური ასპექტები. ნეტარი ავგუსტინე ორივე სახის სუბიექტივიზმის დემონსტრირებას ახდენს. სუბიექტივიზმის წყალობით მოხდა, რომ ის არა მხოლოდ დროის კანტისეული თეორიის წინამორბედია, არამედ დეკარტისეული cogito-სიც. „მონოლოგებში“ ის ამბობს: „შენ, რომელსაც გსურს, რომ იცოდე, იცი, რომ არსებობ? – მე ვიცი. საიდან იცი? – არ ვიცი. რას გრძნობ, რთული ხარ თუ მარტივი? – არ ვიცი. გრძნობ, რომ მოძრაობ? – არ ვიცი. იცი, რომ აზროვნებ? – ვიცი“. ეს არა მხოლოდ დეკარტისეულ cogito-ს შეიცავს, არამედ მის პასუხსაც გასენდის ambulo ergo sum-ზე. შესაბამისად, როგორც ფილოსოფოსი, ავგუსტინე მაღალ ადგილს იმსახურებს.

Scroll to Top