შებორკილი პარმენიდე

ერთ-ერთი თავი ლევ შესტოვის წიგნიდან ათენი და იერუსალიმი.

აუცილებლობას არ ესმის მტკიცებათა ხმა.
Arist. Met. 1015a

ჩვენ მრავალი იდუმალებით გარემოცულნი ვცოცხლობთ. მაგრამ, რაოდენ ამოუცნობიც უნდა იყოს ყოფიერების გარემომცველი საიდუმლოებები, ყველაზე ამოუცნობი და შემაშფოთებელი ისაა, რომ საიდუმლო საერთოდ არსებობს და რომ ჩვენ თითქოს საბოლოოდ და სამუდამოდ ვართ მოკვეთილნი სიცოცხლის წყაროებსა და საწყისებს. იმ ყველაფრიდან, რისი მოწმენიც დედამიწაზე ვართ, ეს აშკარად ყველაზე უგუნური და უაზრო, ყველაზე საშიში, თითქმის არაბუნებრივი რამაა, რაც იმ აზრს იწვევს, რომ ან სამყაროში არ არის ყველაფერი მშვიდობიანად, ან ჩვენი მიდგომა ჭეშმარიტებისადმი და მისთვის წარდგენილი მოთხოვნები ფესვშივე რაღაც მანკითაა დაავადებული. როგორც უნდა ვაყალიბებდეთ ჭეშმარიტებას, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ დეკარტის clare et distincte1-ს უარყოფას. აქ კი მარადიული საიდუმლო, მარადიული გაუმჭვირვალობაა, თითქოს ვიღაცამ ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე ჩაუკეტა ადამიანს იმაზე წვდომა, რაც მისთვის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია. ის, რასაც ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, რასაც ჩვენი აზროვნებით მოვიპოვებთ, რაღაც საზრისით არამხოლოდ იმ გარე სამყაროს არათანაზომადია, რომელშიც ბავშობიდან ჩაგვაყოფინეს თავი, არამედ ჩვენი საკუთარი შინაგანი განცდებისაც. ჩვენ გვაქვს მეცნიერებები, თუ გნებავთ, თვით მეცნიერება, რომელიც ყოველდღიურად კი არა, ყოველსაათობრივ ვითარდება. ძალიან ბევრი ვიცით, ჩვენი ცოდნა ცხადი და მკაფიოა. მეცნიერება საფუძვლიანი სიამაყით უმზერს თავის ვეებერთელა მონაპოვარს და ყველა უფლება აქვს, მიაჩნდეს, რომ მის ძლევამოსილ მსვლელობას ვერავინ შეაჩერებს. მეცნიერების უზარმაზარ მნიშვნელობაში ეჭვი არავის არ შეაქვს და არც შეიძლება, რომ შეჰქონდეს. ახლა რომ არისტოტელე და მისი მოსწავლე ალექსანდრე მაკედონელი აღდგნენ მკვდრეთით, იფიქრებენ, რომ ადამიანების კი არა, ღმერთების ქვეყანაში აღმოჩნდნენ: არისტოტელეს ათი სიცოცხლეც არ ეყოფოდა მისი სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე დაგროვილი ცოდნის შესათვისებლად, ალექსანდრე კი, სავარაუდოდ, სრულად შეძლებდა სამყაროს დაპყრობის შესახებ თავისი ოცნების ხორცშესხმას. Clare et distincte-მ თავისზე დაფუძნებული ყველა იმედი გაამართლა…

მაგრამ დასაბამიერი საიდუმლოების „ბურუსი“ არ გაფანტულა. უმალ ის კიდევ უფრო გასქელდა. პლატონს, ალბათ, ერთი სიტყვის შეცვლაც არ დასჭირდებოდა მღვიმის შესახებ თავის იგავში. მისი ნაღველი, შეშფოთება და „წინასწარმეტყველებები“ ჩვენს ცოდნაში პასუხს ვერ იპოვიდა. სამყარო ჩვენი „დადებითი“ მეცნიერებების „შუქში“ მისთვის ისეთივე პირქუშ და საშიშ იატაკქვეშეთად დარჩებოდა, როგორიც იყო, ხოლო ჩვენ – მის ხელფეხშებორკილ ტუსაღებად, მას კი კვლავ თითქმის არაადამიანური ძალისხმევის გამოყენება დასჭირდებოდა, რომ, როგორც ბრძოლაში (ω̑οπερ ε̉ν μάχη), ისე გაერღვია იმ მეცნიერებების მიერ შექმნილი ჭეშმარიტებები, რომლებიც „არსებულის შესახებ ოცნებობენ, მაგრამ ცხადში მისი დანახვა არ შეუძლიათ“ (ο̉νειρώττουσι με̉ν περι̉ τò öν, υ̒περ δε̉ α̉δύνατον αυ̉ταις ι̉δει̃ν). ერთი სიტყვით, არისტოტელე დალოცავდა ჩვენს ცოდნას, პლატონი კი მას წყევლას შეუთვლიდა. და, პირიქით, ჩვენი დრო ხელგაშლილი ჩაიხუტებდა არისტოტელეს და ყველაზე გადამწყვეტი სახით გაემიჯნებოდა პლატონს.

იკითხავენ: რას ნიშნავს, რა ძალა და ძალაუფლება აქვს მიცემული ადამიანთა დალოცვასა და წყევლას, თუ ეს ადამიანები პლატონისა და არისტოტელეს მსგავსი გოლიათები იქნებოდნენ? გახდება ჭეშმარიტება უფრო ჭეშმარიტი იმისგან, რომ ის არისტოტელემ დალოცა? თუ სიცრუედ იქცევა იმიტომ, რომ ის პლატონმა დაწყევლა? ნუთუ შეუძლიათ ადამიანებს ჭეშმარიტებათა განსჯა და მათი ბედის გადაწყვეტა? პირიქითაა: ჭეშმარიტებები განსჯის ადამიანებს და წყვეტს მათ ბედს, ადამიანები კი არ განკარგავენ ჭეშმარიტებებს. დიდი და პატარა ადამიანები იბადებიან და კვდებიან, ჩნდებიან და ქრებიან, ჭეშმარიტებები კი არსებობს. როდესაც ჯერ კიდევ არავის არ ჰქონდა დაწყებული „აზროვნება“ და „ძიება“, ჭეშმარიტებები, რომლებიც შემდგომში აღმოაჩინეს ადამიანებმა, უკვე არსებობდა. და, მას შემდეგ, რაც ადამიანები სრულიად გაქრებიან მიწის პირიდან ან აზროვნების უნარს დაკარგავენ, ჭეშმარიტებებს ამით არაფერი არ დააკლდება. არისტოტელე თავის ფილოსოფიურ ძიებებში აქედან გამოდიოდა. ის ამბობს, რომ პარმენიდე იძულებული (α̉ναγκαζόμενοι) იყო, მოვლენებს გასდევნებოდა. სხვა დროს, როდესაც საუბარი კვლავ იმავე პარმენიდესა და სხვა დიდი ბერძენი ფილოსოფოსების შესახებაა, ის წერს: υ̉π’ αυ̉τη̃ς τη̃ς α̉λητείας α̉ναγκαζόμενόι (Met. 984b), რაც თვით ჭეშმარიტების მიერ იძულებულებს ნიშნავს. არისტოტელემ მყარად იცოდა: ჭეშმარიტებას ადამიანთა იძულების ძალაუფლება ჰქონდა, ყოველი ადამიანის, იმის მიუხედავად, იქნებოდა ეს დიდი პარმენიდე ან დიდი ალექსანდრე თუ პარმენიდეს უცნობი მონა ან ალექსანდრეს უმნიშვნელო მეჯინიბე. რატომ აქვს ჭეშმარიტებას ძალაუფლება პარმენიდეზე და ალექსანდრეზე და არა პარმენიდეს და ალექსანდრეს – ჭეშმარიტებაზე? ასეთ შეკითხვას არისტოტელე არ სვამს. ხოლო თავად მისთვის რომ დაგვესვა ასეთი შეკითხვა, ის მას ვერ გაიგონებდა და განაცხადებდა, რომ ეს უაზრო, აშკარად სულელური შეკითხვაა, რომ ასეთი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ გაფიქრება – არა. საუბარი იმის შესახებ არაა, რომ ის გულქვა და ყველაფრისადმი გულგრილი ადამიანი იყო, რომლისთვისაც სულ ერთია და არც იმაზე, რომ თავისთვის შეეძლო, ჰამლეტის მსგავსად ეთქვა: „მე ხომ მტრედის გულ-ღვიძლი მიძევს და არც ნაღველა გამაჩნია, რომ ვიგრძნო რამე“2. არისტოტელესთვის მწარეა წყენა. იმავე „მეტაფიზიკის“ სხვა ადგილას ის ამბობს, რომ აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა მწარეა: „ყოველივე ძალით თავსმოხვეულს აუცილებლობა ეწოდება (τό γα̉ρ βίαιον α̉ναγκαι̃ον λέγεται) და, როგორც ევენოსი ამბობს, ყოველი განცდილი იძულება ჩვენთვის მტკივნეული და საწყენია. აუცილებლობა იძულებაა და ამიტომაც ამბობდა სოფოკლე: „ძალა (გადაულახავი) მაიძულებს მე ამის კეთებას“ (Met. 1015а). როგორც ვხედავთ, არისტოტელე გადაულახავი აუცილებლობის წინაშე ტკივილსა და წყენას განიცდის. მაგრამ მან მყარად იცის, როგორც აქვე ამბობს, რომ ή α̉νάγκη α̉μετάπειστόν τι ει̉ναι, ანუ აუცილებლობას არ ესმის მტკიცებების ხმა. ხოლო რადგან მტკიცებების ხმა არ ესმის და დაუძლეველია, მაშასადამე, საწყენია და მტკივნეულია ეს თუ არა, მას უნდა დავემორჩილოთ: დავემორჩილოთ და ამიერიდან უარი ვთქვათ უსარგებლო ბრძოლაზე: α̉νάγκη στη̃να.3 საიდან მოვიდა ეს α̉νάγκη στη̃να, ეს, ასე ვთქვათ, „საჭიროა გაჩერება“? ეს უპირველესი მნიშვნელობის შეკითხვაა, მასშია, თუ ასე გსურთ, ფილოსოფიის ალფა და ომეგა.4 აუცილებლობა დარწმუნებას არ ექვემდებარება, მას ის არც კი ესმის. წყენა ზეცას მიმართავს, თუკი სხვა ვერავის შეევედრება. რასაკვირველია, რიგ შემთხვევებში, ძალიან ხშირადაც კი და თითქმის ყოველთვის, წყენა რამდენჯერმე მიმართავს და ჩუმდება: ადამიანები წყენასაც და მძიმე დანაკარგებსაც ივიწყებენ. მაგრამ არსებობს დაუვიწყარი წყენებიც. დაე, ხელი გამიხმეს და ენა გამიშრეს, თუ შენ დაგივიწყებ, იერუსალიმო – უკვე ორიათასი წელია, მეფსალმუნის კვალდაკვალ ვიმეორებთ შელოცვას. ნუთუ მეფსალმუნემ არ „იცოდა“, რომ აუცილებლობას არ ესმის დარწმუნება და ფიცი, რომ მას არაფერი არ ესმის და არაფრის არ ეშინია და რომ მისი ხმა დარჩება ხმად მღაღადებლის უდაბნოსა შინა? რასაკვირველია, იცოდა, ისევე კარგად იცოდა, როგორც არისტოტელემ. მაგრამ, როგორც ჩანს, მას, ცოდნის გარდა, კიდევ რაღაც ჰქონდა. როგორც ჩანს, როდესაც ადამიანი წყენას ისევე მძიმედ განიცდის, როგორც მეფსალმუნე, მისი აზროვნება სრულიად მოულოდნელად თვით თავის არსში რაღაც უცნაურ და საიდუმლო ცვლილებებს განიცდის. მას არ შეუძლია იერუსალიმის დავიწყება, მაგრამ ივიწყებს აუცილებლობის ძალაუფლებისა და იმ მტრის დაუძლევლობის შესახებ, რომელიც არავინ იცის, ვინ, როდის და რისთვის შეაიარაღა ასე საშინლად და ისე იწყებს მასთან საზარელ და უკანასკნელ ბრძოლას, რომ წინასწარ არაფერს არ ვარაუდობს და არაფერს არ ანგარიშობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ამაშია პლოტინის შემდეგი სიტყვების საზრისი: α̉γών μέγιστος και̉ ε̉σχατος ται̃ς ψυχαι̃ς πρόκειται.5

იგივე აზრი აქვს პლატონის სიტყვებს πάντα γα̉ρ τολμητέον τί ει̉ ε̉πιχειρήσαμεν α̉ναισχυντει̃ν,6 მხოლოდ მაშინ ბედავს ადამიანი ყოვლისშემძლე ’Ανάγκη-სთან (აუცილებლობა) ბრძოლის გაჩაღებას, როდესაც მასში უსაზღვრო და ისეთი გამბედაობისადმი მზადყოფნა იღვიძებს, რომელიც არაფრის წინაშე არ იხევს უკან. ასეთი უსაზღვრო გამბედაობა ვერაფრით ვერ იქნება გამართლებული, ის ურცხვობის უკიდურესი გამოხატულებაა. ჩაიხედეთ არისტოტელეს ეთიკაში და თქვენ ამაში ადვილად დარწმუნდებით. ყველა სიქველე მასთან ყოფიერების საშუალო ზოლშია განთავსებული, და ყველაფერი, რაც „შუას“ კვეთს, მანკიერებასა და მანკზე მოწმობს. ’Ανάγκη στη̃ναι მის ეთიკაში ისევე ბატონობს, როგორც მის მეტაფიზიკაში. მისი უკანასკნელი სიტყვაა აუცილებლობის კურთხევა და აუცილებლობისადმი დამორჩილებული სულის განდიდება.

არამხოლოდ სიკეთე, არამედ ჭეშმარიტებაც მუხმლოდრეკილ ადამიანს ეძებს. ვისაც „მეტაფიზიკის“ ცნობილი მეთორმეტე წიგნი (განსაკუთრებით, უკანასკნელი თავები) და მისი „ნიკომაქეს ეთიკის“ მეცხრე და მეათე წიგნები წაუკითხავს, მან იცის, თუ რაოდენი მოკრძალებით ლოცულობდა არისტოტელე აუცილებლობაზე, რომელსაც მტკიცებების ხმა არ ესმის და რომლის გადალახვაც მას არ შეეძლო. პლატონში მას უფრო მეტად ის გამბედაობა ან, უმჯობესია, მისივე სიტყვებით ვთქვათ, „ის გამბედაობა და ურცხვობა“ აღიზიანებდა (ან, იქნებ, აშფოთებდა კიდეც), რომლებმაც მას ის აზრი ჩაუნერგა, რომ აუცილებლობის თაყვანისმცემლები რეალურად არსებულის შესახებ მხოლოდ ოცნებობენ, მისი ცხადლივ დანახვა კი მათი ხვედრი არ არის. პლატონის სიტყვები არისტოტელესთვის გამოგონილი, ფანტასტიკური და განზრახ გამომწვევი იყო. მაგრამ, როგორ ვაიძულოთ პლატონი, რომ გაჩუმდეს? როგორ ვაიძულოთ ის, არამხოლოდ ხილულ და ემპირიულ ყოფიერებაში დაემორჩილოს აუცილებლობას, არამედ აზრებშიც მიაგოს ის პატივი, რომელზედაც, არისტოტელეს შეხედულებით, ამ უკანასკნელს ყველა უფლება აქვს? აუცილებლობა არის აუცილებლობა არა მძინარეთათვის, არამედ ფხიზელთათვის. ფხიზლად მყოფნი, რომლებიც აუცილებლობას ხედავენ, ჭეშმარიტ არსს ხედავენ, პლატონი კი, თავისი გამბედაობითა და ურცხვობით, გვაშორებს ჭეშმარიტ არსს და ფანტასტიკურის, მოჩვენებითის, ილუზორულისა და, ამ მიზეზით, მცდარი სფეროსკენ მიგვმართავს. არაფრის წინაშე არ უნდა გავჩერდეთ, რათა ძირფესვიანად ამოვგლიჯოთ კაცობრიობიდან ის „თავისუფლებისმოყვარე“ სწრაფვები, რომლებმაც გამოხატულება პლატონის ქმნილებებში ჰპოვა. ’Ανάγκη გადაულახავია. თავად ჭეშმარიტება, თავისი არსითა და ბუნებით, მაიძულებელი ჭეშმარიტებაა, ხოლო ყველა ადამიანური სიქველის წყარო მაიძულებელი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებაშია. ‘Υπ’ αυ̉τη̃ς τη̉ς α̉ληθείας α̉ναγκαζόμενοι7 აკეთებდნენ თავიანთ საქმეს პარმენიდე, ჰერაკლიტე და ანაქსაგორა. ასე უნდა იყოს, ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. დიადი პარმენიდე კი არ განაგებს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება ბატონობს პარმენიდეზე. ხოლო, მორჩილებაზე უარის თქმა მაიძულებელი ჭეშმარიტებისთვის შეუძლებელია, მით უმეტეს, ისიც კი შეუძლებელია, რომ ის არ აკურთხო, იმის მიუხედავად, რას გვაიძულებს ის. უმაღლესი ადამიანური და ღვთიური სიბრძნე და ფილოსოფიის ამოცანა ისაა, რომ ასწავლოს ადამიანებს, მხიარულად დაემორჩილონ ყველაფრისადმი გულგრილ აუცილებლობას, რომელსაც არაფერი არ ესმის.

შენიშვნები:

  1. სიცხადე და მკაფიობა (ლათ.).
  2. უ. შექსპირი, თხზულებათა სრული კრებული 5 ტომად. თარგმანი ივანე მაჩაბლის. ტ. 3. „ჰამლეტი“.
  3. უნდა გაჩერდე (ბერძნ.).
  4. ალფა და ომეგა – დასაწყისი და დასასრული, ყველაფერი მთლიანად – მთარგმნელი.
  5. ადამიანური სულებისთვის დიადი და უკანასკნელი ბრძოლაა გამზადებული.
  6. თუ ყველაფერი უნდა გავბედოთ, ხომ არ ვცადოთ და ურცხვები გავხდეთ.
  7. თვით ჭეშმარიტების მიერ იძულებულნი (ბერძნ.).
Scroll to Top