ერთ-ერთი თავი ფრიდრიხ ნიცშეს წიგნიდან „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“.
1.
მე ვიცი ჩემი ხვედრი. გავა დრო და ჩემს სახელს დაუკავშირდება მოგონება რაღაც საშინელის შესახებ, კრიზისზე, რომლის მსგავსიც არ არსებულა დედამიწის ზურგზე, სინდისის ყველაზე უფრო ღრმა კოლიზიაზე, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იქნა ყოველივე იმის საწინააღმდეგოდ, რისიც აქამდე სწამდათ, რასაც ითხოვდნენ და თაყვანს სცემდნენ. მე არა ვარ ადამიანი, მე დინამიტი ვარ. – ყოველივე ამის მიუხედავად, არაფერი მაკავშირებს რელიგიის დამაარსებლებთან. რელიგია ბრბოს საქმეა. რელიგიურ ადამიანთან ყოველი შეხების შემდეგ იძულებული ვარ, ხელები დავიბანო… მე არ მსურს „მორწმუნეები“. ვფიქრობ, ზედმეტად ბოროტი ვარ იმისთვის, რომ თუნდაც საკუთარი თავის მწამდეს. მასებს არასოდეს ვესაუბრები… საშინლად მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს წმინდანად არ შემრაცხონ… ადვილი მისახვედრია, თუ რატომ გამოვცემ ამ წიგნს წინასწარ. ამან ხელი უნდა შეუშალოს ჩემთან მიმართებით უმსგავსობის ჩადენას… არ მსურს წმინდანობა. მირჩევნია, მასხარა ვიყო… შესაძლოა, ვარ კიდეც მასხარა… მიუხედავად ამისა ან სულაც, ამის გათვალისწინებით, – რადგან ჯერ არ არსებულა წმინდანებზე უფრო მატყუარა და ცრუ ადამიანთა მოდგმა, – ჩემს ბაგეთაგან ჭეშმარიტება ღაღადებს. – მაგრამ ჩემი ჭეშმარიტება საშინელია, რადგან აქამდე სიცრუეს უწოდებდნენ ჭეშმარიტებას. – ყველა ღირებულების გადაფასება: ეს ჩემი ფორმულა კაცობრიობის თვითცნობიერების უმაღლეს აქტს გამოხატავს, რომელმაც ჩემში შეისხა სისხლი და ხორცი. ჩემს ხვედრს სურს, ვიყო პირველი წესიერი ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ ათასწლეულების სიყალბეს უპირისპირდება… პირველად მე აღმოვაჩინე ჭეშმარიტება იმის წყალობით, რომ შევიგრძენი ტყუილი როგორც ტყუილი ყნოსვის მეშვეობით… ჩემი გენია ჩემს ნესტოებშია… მე ვეწინააღმდეგები, – ამგვარი წინააღმდეგობა არავის გაუწევია, – და მიუხედავად ამისა, უარმყოფელი სულის საწინააღმდეგოს წარმოვადგენ. მე მახარობელი ვარ, რომლის მსგავსიც არასოდეს არსებულა; ისეთ უზენაეს ამოცანებს ვიცნობ, რომელთა შესახებ დღემდე წარმოდგენა არა აქვთ. მხოლოდ ჩემგან იწყება ახალი იმედების აღორძინება. ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებლობით ვარ ბედისწერის ადამიანიც, რადგან როდესაც ჭეშმარიტება ათასწლეულების სიყალბეს ომს გამოუცხადებს, ჩვენთან ისეთი ამბები მოხდება, კაცს რომ არ დასიზმრებია: დედამიწა შეირყევა და აცახცახდება მიწისძვრებისაგან, ხოლო მთა-ბარი ამოყირავდება. პოლიტიკის ცნება სრულიად გაითქვიფება სულიერ ბრძოლაში, ხოლო ძველი საზოგადოების ყველა ძალაუფლებრივი სტრუქტურა აფეთქდება და ჰაერში აიტყორცნება, – ისინი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. ისეთი ბრძოლები იქნება, რომლის მსგავსიც დედამიწას ჯერ არ უნახავს. დიდი პოლიტიკის ცნება დედამიწაზე მხოლოდ ჩემგან იწყება. –
2
გნებავთ ფორმულა ისეთი ბედისწერისთვის, რომელიც ადამიანი ხდება? – მას ჩემს „ზარატუსტრაში“ იპოვით.
და ვისაც სურს, შემოქმედი იყოს სიკეთესა და ბოროტებაში, იგი ჯერ გამანადგურებელი უნდა გახდეს და ღირებულებები დაამსხვრიოს.
ამგვარად განეკუთვნება უდიდესი ბოროტება უდიდეს სიკეთეს, მაგრამ ეს შემოქმედებითი სიკეთეა.
მე ყველაზე უფრო საშიში ადამიანი ვარ მათ შორის, ვინც დღემდე არსებულა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ყველაზე დიდსულოვანი გავხდები. განადგურების სიხარულის ხარისხი ჩემში შესაბამისობაშია განადგურებისადმი ჩემს ძალასთან. – ორივე შემთხვევაში ჩემს დიონისურ ბუნებას ვემორჩილები, რომელიც უარყოფასა და დასტურს არ განასხვავებს. მე პირველი იმორალისტი ვარ. სწორედ ამიტომაც ვარ გამანადგურებელი par excellence. –
3
ჩემთვის არ უკითხავთ, – თუმცკი უნდა ეკითხათ, – თუ რას აღნიშნავს ჩემს (პირველი იმორალისტის) მიერ გაჟღერებული ზარატუსტრას სახელი: რადგან ის, რაც ისტორიაში ამ სპარსელის წარმოუდგენელ უნიკალურობას განსაზღვრავს, სწორედ ამ მნიშვნელობის საპირისპიროს წარმოადგენს. ზარატუსტრა პირველი იყო, ვინც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში საგანთა მამოძრავებელი ღერძი დაინახა. – მორალის, – როგორც ძალის, მიზეზის, თავისთავადი მიზნის, – გადატანა მეტაფიზიკურ განზომილებაში მის ნამუშაკარს წარმოადგენს. თუმცა, ეს შეკითხვა, არსებითად, უკვე პასუხი იქნებოდა. ზარატუსტრამ შექმნა ეს საბედისწერო შეცდომა – მორალი. შესაბამისად, იგი პირველი უნდა იყოს, ვინც ამ შეცდომას ხვდება. აქ მას არა მხოლოდ უფრო ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილება აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოაზროვნეს, – მთელი ისტორია ხომ ე.წ. „სამყაროს ზნეობრივი წესრიგის“ შესახებ არსებული დებულების ექსპერიმენტულ უარყოფას წარმოადგენს, – არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზარატუსტრა უფრო გულმართალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოაზროვნე. მხოლოდ და მხოლოდ მის მოძღვრებაშია მიჩნეული სიმართლე უდიდეს სიქველედ, „იდეალისტის“ სილაჩრის საპირისპიროდ, რომელიც რეალობას გაურბის. ზარატუსტრა უფრო მამაცია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი მოაზროვნე ერთად. ჭეშმარიტების საუბარი და ისრების კარგად ტყორცნის ხელოვნება სპარსულ სიქველეს განეკუთვნება. – მიგებენ კი მე?… მორალის თვითგადალახვა სიმართლიდან, მორალისტის თვითდაძლევა მის საპირისპიროში, – ჩემში, – აი, რას აღნიშნავს ჩემს მიერ გაჟღერებული ზარატუსტრას სახელი.
4
იმორალისტის ჩემეული ცნება, არსებითად, ორ უარყოფას შეიცავს. ჯერ ერთი, მე უარვყოფ ადამიანთა იმ ტიპს, რომელიც აქამდე უმაღლესად ითვლებოდა, კერძოდ, კეთილ, კეთილგანწყობილ, გულმოწყალე ადამიანებს. მეორეც, მე უარვყოფ იმდაგვარ მორალს, რომელმაც, როგორც მორალმა თავისთავად, მნიშვნელობა შეიძინა და გაბატონდა. ეს არის décadence-მორალი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ქრისტიანული მორალი. მეორე უარყოფა შესაძლოა უფრო გადამწყვეტად მივიჩნიოთ, რადგან ზოგადად რომ ვთქვათ, სიკეთისა და კეთილგანწყობის გადაჭარბებული შეფასება ჩემთვის უკვე décadence-ის შედეგს, სისუსტის სიმპტომს წარმოადგენს, რომელიც შეუთავსებელია ზეაღმავალ, ჰო-ს მთქმელ სიცოცხლესთან. უარყოფა და განადგურება ჰო-ს თქმის წინაპირობას წარმოადგენს. – უპირველეს ყოვლისა, გულკეთილი ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავამახვილებ ყურადღებას. იმისთვის, რომ შევაფასოთ რომელიმე ტიპის ადამიანის ღირებულება, საჭიროა, გამოვიანგარიშოთ, თუ რა ჯდება მისი შენახვა, უნდა გავიგოთ მისი საარსებო პირობები. გულკეთილი ადამიანის არსებობის წინაპირობას ტყუილი წარმოადგენს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ფასად იმის არდანახვის სურვილი, თუ როგორია სინამდვილეში რეალობა. ეს უკანასკნელი სრულიადაც არაა იმგვარად მოწყობილი, რომ ყოველ წამს კეთილგანწყობილი ინსტინქტები აღძრას. კიდევ უფრო ნაკლებად უშვებს ის ახლომხედველი და გულკეთილი ხელების ყოველწუთიერ ჩარევას. ნებისმიერი განსაცდელის გაპროტესტება და მისი ისეთ რამედ მიჩნევა, რაც უნდა განადგურდეს, არის niaiserie par excellence, უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, ნამდვილი უბედურება, საბედისწერო სისულელე, თითქმის ისეთივე, როდესაც ცუდი ამინდის მოსპობა სურთ, მაგალითად, ღატაკებისადმი თანაგრძნობის გამო… მთელის დიად ეკონომიკაში რეალობის საშინელებები (აფექტებში, ვნებებში, ძალაუფლებისადმი ნებაში) განუზომლად უფრო აუცილებელია, ვიდრე პატარა ბედნიერების ეს ფორმა, ანუ ე.წ. „სიკეთე“. სულაც დამთმობი ადამიანი უნდა იყო, რომ მას საერთოდ რაიმე ადგილი მიუჩინო, რადგან ის სიცრუის ინსტინქტითაა განპირობებული. საკმაოდ სერიოზული მიზეზი მექნება იმისთვის, რათა ვაჩვენო ოპტიმიზმის, – homines optimi-ს ამ ნაშიერის, – უკიდურესად საშიში შედეგები მთელი ისტორიისთვის. ზარატუსტრა, რომელმაც პირველმა გაიგო, რომ ოპტიმისტი ისეთივე décadent-ია, როგორც პესიმისტი (და შეიძლება, უფრო მეტად მავნებელიც), ამბობს: „კეთილი ადამიანები არასოდეს ლაპარაკობენ ჭეშმარიტებას. მათ თქვენ ცრუ ნაპირები მიგასწავლეს და ყალბი უსაფრთხოების გრძნობა ჩაგინერგეს. თქვენ კეთილი ადამიანების ტყუილებში ხართ დაბადებულნი და ჩაფლულნი. კეთილმა ადამიანებმა ყველაფერი საფუძველშივე გააყალბეს და გაამრუდეს“. საბედნიეროდ, სამყარო არ ემყარება ინსტინქტებს ისე, რომ მასში მხოლოდ გულკეთილი ჯოგის პირუტყვი ახერხებდეს საკუთარი შეზღუდული ბედნიერების პოვნას. იმის მოთხოვნა, რომ ყველა გახდეს „კეთილი ადამიანი“, ჯოგის პირუტყვი, ცისფერთვალება, კეთილგანწყობილი, „მშვენიერი სული“, ან (როგორც ეს ბ-ნ ჰერბერტ სპენსერს სურს) ალტრუისტი, იქნებოდა არსებობისთვის სიდიადის წართმევა, კაცობრიობის კასტრაცია და მისი დაყვანა უბადრუკ ჩინურ სტანდარტზე. და სწორედ ამის გაკეთებას შეეცადნენ!.. სწორედ ამას უწოდებდნენ მორალს… ამ აზრით უწოდებს ზარატუსტრა კეთილ ადამიანებს ხან „უკანასკნელ ადამიანებს“, ხანაც „დასასრულის დასაწყისს“. უპირველეს ყოვლისა, იგი მათ აღიქვამს როგორც ადამიანთა ყველაზე მავნებელ ნაირსახეობას, რომლებიც საკუთარ არსებობას როგორც ჭეშმარიტების, ასევე, მომავლის ხარჯზე ინარჩუნებენ.
„კეთილი ადამიანები – მათ არ ძალუძთ ქმნადობა, ისინი მუდამ დასასრულის დასაწყისნი არიან –
ისინი ჯვარს აცვამენ იმას, ვინც ახალ ღირებულებებს წერს ახალ დაფებზე, მომავალი მათთვის მსხვერპლია და ამ მსხვერპლს ისინი საკუთარ თავს უძღვნიან, ისინი ყველა ადამიანის მომავალს ჯვარზე აცვამენ!
კეთილი ადამიანები – ისინი მუდამ დასასრულის დასაწყისნი იყვნენ…
რაც არ უნდა დიდი ზიანის მიყენება შეეძლოთ მსოფლიოს ცილისმწამებლებს, კეთილი ადამიანების მიერ მიყენებული ზიანი ყველაზე ზიანზე უარესია.“
5
ამრიგად, ზარატუსტრა, – კეთილი ადამიანების პირველი ფსიქოლოგი, – ბოროტი ადამიანების მეგობარია. როდესაც décadence ტიპის ადამიანები უმაღლესი ტიპის ადამიანის დონეს აღწევენ, ეს ყოველთვის მხოლოდ მათი საპირისპირო ტიპის – ძლიერი და სიცოცხლეში დარწმუნებული ადამიანების ხარჯზე ხდება. როდესაც ჯოგის პირუტყვს უწმინდესი სიქველის შარავანდედი მოსავს, მაშინ განსაკუთრებული ადამიანი ჩამოფასებული უნდა იქნეს, როგორც ბოროტი. როდესაც სიცრუე სიტყვა „ჭეშმარიტებას“ ნებისმიერ ფასად იყენებს თავისი ოპტიკისთვის, მაშინ ნამდვილად ჭეშმარიტი ყველაზე უფრო ცუდი სახელების მიღმა უნდა ვეძიოთ. ზარატუსტრა აქ ეჭვისთვის ადგილს არ ტოვებს. იგი ამბობს, რომ სწორედ კეთილი ადამიანების, „საუკეთესოების“ შემეცნებამ გააჩინა მასში ძრწოლა ზოგადად ადამიანების მიმართ. ამ ზიზღიდან მას ფრთები ამოეზარდა „შორეულ მომავალში გასაქროლებლად“. იგი არ მალავს, რომ ადამიანის მისეული, – შედარებით ზეადამიანური, – ტიპი ზეადამიანურია სწორედ კეთილ ადამიანებთან მიმართებაში, რომ კეთილნი და მართალნი მის ზეადამიანს ეშმაკს უწოდებდნენ…
„თქვენ, უმაღლესო ადამიანნო, რომელთაც ჩემი მზერა შეგხვედრიათ, ამაშია ჩემი ეჭვი და ფარული დაცინვა თქვენდამი: გული მიგრძნობს, რომ თქვენ ჩემს ზეადამიანს ეშმაკს დაუძახებთ!
სიდიადე თქვენი სულისთვის იმდენად უცხოა, რომ ზეადამიანი თქვენთვის საშიში იქნებოდა თავისი სიკეთით…“
სწორედ აქედან და არა რომელიმე სხვა ადგილიდან უნდა ამოვიდეთ იმის გასაგებად, თუ რა სურს ზარატუსტრას. ადამიანის ის სახეობა, რომელიც მან მოიაზრა, სინამდვილეს იაზრებს ისეთს, როგორც ის არის. იგი ამისთვის საკმარისად ძლიერია. იგი არ არის მისგან გაუცხოებული და განცალკევებული, იგი თავადაა სინამდვილე და, ასევე, თავად შეიცავს ყველაფერს, რაც სინამდვილეში საშინელი და საეჭვოა. მხოლოდ ასე შეუძლია ადამიანს, იყოს დიადი…
6
– მაგრამ მე სხვა მნიშვნელობითაც ავირჩიე სიტყვა „იმორალისტი“ ჩემს განმასხვავებელ, საპატიო ნიშნად. ვამაყობ, რომ მაქვს ისეთი სიტყვა, რომელიც მთელი დანარჩენი კაცობრიობისგან მაცალკევებს. ჯერ არავის უგრძვნია ქრისტიანული მორალი როგორც ისეთი რამ, რაც შენზე ქვევითაა. ეს მოითხოვს სიმაღლეს, გადაშლილ ხედს, აქამდე სრულიად გაუგონარ ფსიქოლოგიურ სიღრმესა და უფსკრულთა წვდომის უნარს. ქრისტიანული მორალი დღემდე კირკე იყო ყველა მოაზროვნისთვის: ისინი მისი მოსამსახურეები იყვნენ. – ვინ მოახერხა ჩემამდე იმ მიწისქვეშა გამოქვაბულებში ჩაძრომა, რომლებიდანაც იფრქვევა ამ ტიპის, – სამყაროზე ცილისმწამებლური! – იდეალის შხამიანი ჰაერი? გაუბედავთ კი თუნდაც იმის დაშვება, რომ ესენი გამოქვაბულებია? საერთოდ ვინ იყო ჩემამდე ფილოსოფოსებს შორის ფსიქოლოგი და არა ამის საპირისპირო, „უფრო მაღალი დონის თაღლითი“ და „იდეალისტი“? ჩემამდე ფსიქოლოგია არ არსებულა. – აქ, პირველობა, შესაძლოა, წყევლა აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ბედისწერაა, რადგან ამ შემთხვევაში გძულს, როგორც პირველს… ადამიანებისადმი ზიზღი ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს…
7
გამიგეს კი? – მთელი დანარჩენი კაცობრიობისგან მაცალკევებს და მმიჯნავს ის, რომ მე ქრისტიანული მორალი აღმოვაჩინე. ამიტომაც მჭირდებოდა სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც გამოწვევა იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ საკითხზე თვალების დახუჭვა მიმაჩნია უდიდეს უსუფთაობად, რომელიც კაცობრიობის სინდისზეა, ინსტინქტად ქცეულ თვითმოტყუებად, ნებისმიერი მოვლენის, მიზეზობრიობის, სინამდვილის არდანახვის საფუძველმდებარე ნებად, დანაშაულამდე მისულ ყალბი ფულის მჭრელობად in psychologicis. ქრისტიანობის მიმართ სიბრმავე არის დანაშაული par excellence, – დანაშაული სიცოცხლის წინაშე… ათასწლეულები, ხალხები, პირველნი და უკანასკნელნი, ფილოსოფოსები და დედაბრები, – თუკი არ ჩავთვლით ხუთ-ექვს მომენტს ისტორიაში და ჩემს თავს, როგორც მეშვიდე მომენტს, – ამ საკითხთან მიმართებით ყველა ერთ აზრზეა. ქრისტიანი დღემდე იყო „მორალური არსება“, წარმოუდგენელი უცნაურობა და როგორც „მორალური არსება“, – უფრო აბსურდული, ცრუ, მედიდური, ქარაფშუტა და საკუთარი თავისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე ეს დაესიზმრებოდა კაცობრიობის ყველაზე უფრო დიდ მოძულეს. ქრისტიანული მორალი არის სიცრუისადმი ნების ყველაზე უფრო ბოროტი ფორმა, კაცობრიობის ნამდვილი კირკე, მისი წამბილწველი და გამათახსირებელი. ამ სანახაობის ცქერისას მაძრწუნებს არა შეცდომა, როგორც შეცდომა, არა „კეთილი ნების“, დისციპლინის, მოწესრიგებულობის, სულიერ საკითხებში სიმამაცის ათასწლოვანი უქონლობა, რაც ამ მორალის გამარჯვების შედეგია, არამედ ბუნებრიობის არქონა, ის სრულიად შემაძრწუნებელი ფაქტი, რომ თავად არაბუნებრიობამ, როგორც მორალმა, უმაღლესი პატივი მიიღო და როგორც კანონი, როგორც კატეგორიული იმპერატივი, კაცობრიობის თავს ზემოთ დარჩა დაკიდებული!… ამ ხარისხით შეეშალა არა ცალკეულ ადამიანს, არა რომელიმე ერს, არამედ კაცობრიობას! … ასწავლიდნენ სიცოცხლის უპირველესი ინსტინქტების სიძულვილს; გამოიგონეს „სამშვინველი“ და „სული“, რათა სახელი გაეტეხათ სხეულისთვის; ასწავლიან, რომ სიცოცხლის წინაპირობაში – სექსუალობაში, – რაღაც უსუფთაობაა; წარმატებული განვითარების უკიდურეს აუცილებლობაში, – მკაცრ ეგოიზმში (ეს სიტყვა უკვე ცილისმწამებლურია!), – ეძებენ ბოროტ პრინციპს და, პირიქით, დაცემისა და ინსტინქტთა დაპირისპირებულობის ტიპიურ ნიშნებში, – „თავგანწირვაში“, წონასწორობისა და „პიროვნულობის“ დაკარგვაში, „მოყვასისადმი სიყვარულში“ (– მოყვასით აკვიატებაში!) ხედავენ უფრო მაღალ ღირებულებას… რას ვლაპარაკობ!.. ღირებულებას თავისთავად!… როგორ! თავად კაცობრიობა ხომ არ არის décadence-ში? და ყოველთვის ასე ხომ არ იყო? ფაქტია, რომ მას მხოლოდ décadence-ღირებულებებს ასწავლიდნენ, როგორც უმაღლეს ღირებულებებს. პიროვნულობის დაკარგვის მორალი არ-ის დაცემის მორალი par excellence. ფაქტი „მე ვიღუპები“ გადათარგმნილია იმპერატივის ენაზე: „თქვენ ყველანი უნდა დაიღუპოთ“. და არა მხოლოდ იმპერატივის ენაზე!… ამ ერთადერთ მორალში, რომელიც დღემდე ისწავლება, – პიროვნულობის დაკარგვის მორალში, – ვლინდება ნება დასასრულისკენ, იგი საფუძველშივე უარყოფს სიცოცხლეს. – მაგრამ აქ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მთელი კაცობრიობა კი არაა გადაგვარებული, არამედ ადამიანთა მხოლოდ ერთი, კერძოდ, მღვდლების პარაზიტული ტიპი, რომლებმაც მორალის მეშვეობით სიცრუით გაიკაფეს გზა და ღირებულებათა დამდგენებად იქცნენ. მათ ქრისტიანულ მორალში ძალაუფლების მიღწევის საშუალება დაინახეს… მართლაც, ჩემი აზრი ასეთია: კაცობრიობის მასწავლებლები და ბელადები, ყველა თეოლოგის ჩათვლით, ერთად აღებული, décadent-ებიც იყვნენ. ამის შედეგია ყველა ღირებულების გადაფასება სიცოცხლის საწინააღმდეგო ღირებულებებად, აქედან მომდინარეობს მორალი… მორალის განსაზღვრება: მორალი არის décadent-ების იდიოსინკრაზია სიცოცხლისადმი შურისძიების ფარული განზრახვით (და წარმატებულიც). მე მნიშვნელობას ვანიჭებ ამ განსაზღვრებას. –
8
– გამიგეს კი? – აქ ერთი ისეთი სიტყვაც არ მითქვამს, ხუთი წლის წინ ზარატუსტრას ბაგეთაგან რომ არ გამეჟღერებინოს. – ქრისტიანული მორალის აღმოჩენა შეუდარებელი მოვლენაა, ნამდვილი კატასტროფაა. იგი, ვინც ამ მორალს ნათელყოფს, არის force majeure, ბედისწერა, იგი კაცობრიობის ისტორიას ორად ხლეჩს. ცხოვრობენ და ცოცხლობენ მანამდე და მის შემდეგ… ჭეშმარიტება მეხივით დაეცა სწორედ იმას, რაც აქამდე ყველაზე უფრო მაღლა იდგა. ვინც ხვდება, თუ რა არის აქ განადგურებული, ნახოს, თუ რამე დარჩა ხელჩასაჭიდი. ყველაფერი, რასაც დღემდე „ჭეშმარიტება“ ეწოდებოდა, სიცრუის ყველაზე უფრო მავნებელ, ვერაგულ და ფარულ ფორმადაა მიჩნეული. კაცობრიობის „გაუმჯობესების“ წმინდა საბაბი მიჩნეულია ცბიერებად, რომლის მიზანიც სიცოცხლისთვის სისხლის გაშრობა და მისი დაშრეტაა. მორალი, როგორც ვამპირიზმი… ვინც მორალს აღმოაჩენს, იგი, აგრეთვე, ყველა იმ ღირებულების გამოუსადეგარობას აღმოაჩენს, რომელიც სწამთ, ან სწამდათ. კაცობრიობის ყველაზე უფრო პატივცემულ, თვით წმინდანებად შერაცხულ ადამიანთა ტიპში იგი უკვე ვეღარ ხედავს იმას, რაც პატივისცემას იმსახურებს. იგი ხედავს გადაჯიშებულთა დამღუპველ მოდგმას. ეს მოდგმა დამღუპველია, რადგან იგი აჯადოებს… „ღმერთის“ ცნება გამოგონილია, როგორც სიცოცხლის საწინააღმდეგო ცნება. მასში ყოველივე მავნებელი, მომშხამავი, ცილისმწამებლური, სიცოცხლისადმი მთელი სასიკვდილო მტრობა შემაძრწუნებელ ერთიანობაშია მოქცეული! „საიქიოსა“ და „ჭეშმარიტი სამყაროს“ ცნებები იმისთვისაა გამოგონილი, რათა გააუფასუროს ერთადერთი სამყარო, რომელიც არსებობს, იმისთვის, რათა ჩვენს მიწიერ სინამდვილეს წაართვას მიზანი, გონება და ამოცანა! „სამშვინველის“, „სულის“, დაბოლოს, თვით „უკვდავი სულის“ ცნებები გამოგონილია სხეულის შესაძულებლად, მის დასაავადებლად, რათა იგი „წმინდა“ გახდეს, იმისთვის, რომ ყოველივე იმას, რაც ცხოვრებაში სერიოზულ დამოკიდებულებას იმსახურებს, – კვების, საცხოვრებელი ადგილის, სულიერი დიეტის, ავადმყოფის მოვლის, სისუფთავის, ამინდის საკითხებს, – საშინელი დაუდევრობა დაუპირისპიროს! ჯანმრთელობის ნაცვლად „ხსნა სულისა“, – სხვანაირად რომ ვთქვათ, folie circulaire მომნანიებელ კრუნჩხვებსა და ხსნის ისტერიას შორის! „ცოდვის“ ცნება მასში შემავალ საწამებელ ინსტრუმენტთან, – „თავისუფალი ნების“ ცნებასთან ერთად, – გამოგონილია ინსტინქტების დასაბნევად, იმისთვის, რათა ინსტინქტებისადმი უნდობლობა ადამიანის მეორე ბუნებად გადააქციოს! „უანგარო“, „საკუთარი თავის უარმყოფელი“ ადამიანის ცნებაში ნამდვილი décadence-ნიშანი, – რაიმე მავნეს ტყვეობაში ყოფნა, საკუთარი სარგებლის პოვნის უუნარობა და თვითგანადგურება, – გადაქცეულია თავად ღირებულების ნიშნად, ადამიანში არსებულ „მოვალეობად“, „სიწმინდედ“, „ღვთაებრიობად“! დაბოლოს (რაც ყველაზე უფრო მეტად საშინელია), კეთილი ადამიანის ცნება მოიცავს ყველა სუსტს, ავადმყოფს, შეუმდგარს, საკუთარი თავისგან დატანჯულს, ყველაფერს, რაც უნდა განადგურდეს. სელექციის კანონს ხაზი გადაუსვეს. შექმნილია იდეალი ამაყი და იღბლიანი, ჰო-ს მთქმელი, მომავალში დარწმუნებული და მომავლის უზრუნველმყოფი ადამიანის საპირისპიროდ. ამიერიდან ასეთ ადამიანს ბოროტი ეწოდება… და ყველაფერი ეს სწამდათ, როგორც მორალი! – Ecrasez l’infâme! – –
9
– გამიგეს კი? – დიონისო ჯვარცმულის წინააღმდეგ…