ერთ-ერთი თავი ელენე ბლავატსკაიას წიგნიდან: „თეოსოფიის გასაღები“.
შემკითხველი. მაშასადამე, თქვენი მოძღვრება არც ბუდიზმის აღორძინებაა და არც ნეოპლატონიზმის ასლია?
თეოსოფოსი. დიახ, ასეა. მაგრამ ამ შეკითხვებზე იმაზე უკეთეს პასუხს ვერ გაგცემთ, ვიდრე ციტატაა მოხსენებიდან „თეოსოფია“, რომელიც დრ. ჯ.დ. ბაკმა წაიკითხა უკანასკნელ თეოსოფიურ ყრილობაზე ჩიკაგოში, (აშშ, 1889 წლის აპრილი). არცერთ ცოცხალ თეოსოფოსს იმაზე უკეთესად არ გამოუხატავს და არ გაუგია თეოსოფიის რეალური არსი, ვიდრე ჩვენს პატივცემულ დრ. ბაკს:
„თეოსოფიური საზოგადოება თეოსოფიური მოძღვრების გასავრცელებლად და ცხოვრების თეოსოფიური წესის წახალისებისთვის შეიქმნა. დღევანდელი თეოსოფიური საზოგადოება პირველი არ არის. მე ხელთ მაქვს წიგნი, რომლის სახელწოდებაა „ფილადელფიის საზოგადოების თეოსოფიური ოქმები“, რომელიც 1697 წელს ლონდონში გამოქვეყნდა. კიდევ ერთი წიგნის სათაურია „თეოსოფიის ანუ იესოს მისტერიის მეცნიერების შესავალი, ანუ ღვთაების, ბუნებისა და შესაქმის, რაც სიცოცხლის ყველა მოქმედი ძალის, როგორც მაგიურის, ისე სულიერის, ფილოსოფიას მოიცავს და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს აყალიბებს ამაღლებული სიწმინდის, წმინდანობისა და სახარებისეული სრულყოფილების ისევე, როგორც ღვთაებრივი ხედვის, წმინდა ანგელოზებრივი მეცნიერებების, ძალებისა და აღორძინების სხვა პრეროგატივების მისაღწევად“, რომელიც ლონდონში გამოქვეყნდა 1855 წელს. ამ წიგნის მიძღვნაში შემდეგი წერია:
„უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და ქრისტიანული სამყაროს სკოლების მოსწავლეებს; ყველა ფორმის მეტაფიზიკური, მექანიკური და ბუნებისმეტყველების მეცნიერებების პროფესორებს; ზოგადად, განათლებულ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებსაც ფუნდამენტური ორთოდოქსული რწმენა აქვთ; დეისტებს,1 არიანელებს,2 უნიტარიანელებს,3 სვედენბორგელებსა4 და სხვა არასრულყოფილი და უსაფუძვლო აღმსარებლობების წარმომადგენლებს, ყველა სახის რაციონალისტებსა და სკეპტიკოსებს; მართლმორწმუნე და განათლებულ მუსულმანებს, იუდეველებსა და აღმოსავლური რელიგიების მიმდევრებს; მაგრამ განსაკუთრებით სახარების მქადაგებლებსა და მისიონერებს როგორც ბარბაროსულ, ისე ინტელექტუალურ ხალხებში, თეოსოფიის, ანუ ყველაფრის საფუძვლისა და საიდუმლოს, შესახებ მეცნიერების ეს შესავალი ეძღვნება უკიდურესი თავმდაბლობითა და სიყვარულით“.
მომდევნო წელს (1856) ახალი, 600-გვერდიანი, დიდფორმატიანი, რომბული შრიფტით აწყობილი წიგნი გამოქვეყნდა სათაურით „თეოსოფიური ალმანახი“. გამოიცა ამ წიგნის მხოლოდ 500 ეგზემპლარი ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში უფასოდ გასავრცელებლად. ამ ადრეული მოძრაობების დიდი ნაწილი ეკლესიაში ჩასახეს დიდი ღვთისმოსაობის, სერიოზულობისა და უზადო რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, ხოლო ნაშრომები იქმნებოდა ორთოდოქსული ფორმით და ქრისტიანული გამონათქვამების გამოყენებით. გამოჩენილი სასულიერო პირის უილიამ ლოუს შრომების მსგავსად, ჩვეულებრივი მკითხველის თავლსაზრისით, მხოლოდ დიდი გულწრფელობითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ეს იყო მხოლოდ ქრისტიანული წმინდა წერილის ღრმა მნიშვნელობის, პირველადი არსის გამოტანის, განმარტებისა და ასევე თეოსოფიური სიცოცხლის ილუსტრირების, გაშლის მცდელობა. ნახსენები ნაშრომები მალევე მიავიწყდათ, დღეს კი ისინი სრულიად უცნობია. ისინი სამღვდელოების რეფორმირებასა და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის აღდგენას ესწრაფოდა, რასაც არ მიესალმებოდნენ. ერთადერთი სიტყვა, „ერესი“, საკმარისი იყო ყველა სხვა უტოპიასთან ერთად მათ დასამარხად. რეფორმაციის პერიოდში მსგავსი მცდელობა განახორციელა იოჰან როიხლინმა,5 თუმცა კი იგი ლუთერის ახლო და სანდო მეგობარი იყო. ორთოდოქსებს არასოდეს არ სურდათ რჩევა-დარიგებებისა და განათლების მიღება. ამ რეფორმატორებს უთხრეს ისევე, როგორც პორციუს ფესტუსმა – პავლეს, რომ მეტისმეტი სწავლა ადამიანს აგიჟებს და კიდევ უფრო შორს წასვლა სახიფათოა.6 თუ სიტყვაუხვობას გვერდზე გადავდებთ, რაც ნაწილობრივ ამ ავტორთა ჩვევებითა და განათლებით იყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი საერო ხელისუფლების მხრიდან რელიგიური შეზღუდვებით, და თუკი საგნის არსზე გადავალთ, ეს ნაწარმოებები თეოსოფიური იყო უმკაცრესი საზრისით და ადამიანის მიერ საკუთარი ბუნებისა და სულის უმაღლესი სიცოცხლის შემეცნებას ეხებოდა. ზოგჯერ ამბობენ, რომ დღევანდელი თეოსოფიური მოძრაობა ცდილობს, ქრისტიანობა ბუდიზმად აქციოს, რაც, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ სიტყვა „ერესმა“ დაკარგა თავისი დამაფრთხობელი მნიშვნელობა და დათმო პოზიციები. ადამიანები ყველა ეპოქაში მეტ-ნაკლები სიცხადით იგებდნენ თეოსოფიურ მოძღვრებას და საკუთარი სიცოცხლის ქსოვილში აწნავდნენ. ეს მოძღვრება ექსკლუზიურად არცერთ რელიგიას არ ეკუთვნის და არც რომელიმე საზოგადოებითა თუ დროით არის შეზღუდული. ის ყოველი ადამიანური სულის დაბადებისთანავე მინიჭებული უფლებაა. ისეთი რამ, როგორიც ორთოდოქსულობაა, თითოეულმა ადამიანმა თავისი ბუნების, საჭიროებისა და განსხვავებული გამოცდილების მიხედვით უნდა აირჩიოს. შესაძლოა, ამით აიხსნას ის, თუ რატომ ნადირობდნენ ამაოდ კრედოსა და რიტუალზე ის ადამიანები, ვისაც თეოსოფია ახალ რელიგიად წარმოედგინა. მისი კრედო ერთგულება და ჭეშმარიტებაა, ხოლო მისი რიტუალია „ყოველი ჭეშმარიტების გამოყენება პატივისცემით“.
იმის დანახვა, თუ რამდენად მცირედაა „უნივერსალური ძმობის“ ეს პრინციპი ადამიანთა მასების მიერ გაგებული და რამდენად იშვიათად ხდება მისი უმაღლესი მნიშვნელობის აღიარება, „თეოსოფიურ საზოგადოებასთან“ მიმართებით აზრთა სხვადასხვაობითა და ფიქტიური ინტერპრეტაციებით შეიძლება. საზოგადოება ერთადერთ, ადამიანთა არსებითი ძმობის პრინციპზეა ორგანიზებული, რისი მოკლე მონახაზი და არასრულყოფილი გადმოცემაც აქაა მოცემული. მას თავს ესხმიან, როგორც ბუდისტურსა და ანტიქრისტიანულს, თითქოს შესაძლებელია, რომ ის ორივეს წარმოადგენდეს ერთდროულად, როდესაც ბუდიზმი და ქრისტიანობა, როგორც მათი შთაგონებული დამფუძნებლების მიერ განისაზღვრა, ძმობას მოძღვრებისა და სიცოცხლის არსებით შემადგენელ ნაწილად განიხილავს. ამის გარდა, თეოსოფიას განიხილავდნენ, როგორც სრულიად ახალ რამეს, რომელმაც დღის სინათლე იხილა ან, უკეთეს შემთხვევაში, როგორც ძველ მისტიციზმს, რომელიც ახალი სახელით ინიღბებოდა. თუმცა მართალია ის, რომ მრავალი დაფუძნებული და ალტრუიზმის, ანუ არსებითი ძმობის პრინციპების, მხარდასაჭერად გაერთიანებული საზოგადოება განსხვავებულ სახელებს ატარებდა, ისიც მართალია, რომ მრავალ მათგანს „თეოსოფიური“ ეწოდებოდა და იმავე პრინციპებსა და მიზნებს ერთგულებდა, რომლებსაც ამავე სახელის მქონე დღევანდელი საზოგადოება. ყველა ამ საზოგადოების არსებითი მოძღვრება ერთი და იგივე იყო, სხვა დანარჩენი კი – შემთხვევითი, თუმცა ეს სრულებით არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მრავალი ადამიანი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს და უგულებელყოფს არსებითს, შემთხვევითისკენ მიიზიდება“.
თქვენს შეკითხვაზე იმაზე უკეთესი და ზუსტი პასუხის გაცემა, ვიდრე ამას ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სერიოზული თეოსოფოსი აკეთებს, შეუძლებელია.
შემკითხველი. ასეთ შემთხვევაში, ბუდიზმის ეთიკის გარდა, რომელ სისტემას ანიჭებთ უპირატესობას ან რომლის მიმდევარი ბრძანდებით?
თეოსოფოსი. ყველას და არცერთს. ჩვენ არცერთ რელიგიას არ მივდევთ ისევე, როგორც არცერთ ფილოსოფიას კონკრეტულად: თითოეულისგან იმ კარგს ვიღებთ, რასაც ვპოულობთ. მაგრამ აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სხვა ანტიკური სისტემის მსგავსად თეოსოფია ეგზოტერიულ და ეზოტერიულ ნაწილებად იყოფა.
შემკითხველი. რა განსხვავებაა მათ შორის?
თეოსოფოსი. „თეოსოფიური საზოგადოების“ წევრები უმეტესწილად თავისუფალნი არიან, იმ რელიგიისა თუ ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ, რომელიც მოსწონთ, ან საერთოდ არ მისდევდნენ არცერთს იმ პირობით, რომ ისინი მზად არიან, „ასოციაციის“ სამიდან ერთი ან მეტი მიზანი განახორციელონ. „საზოგადოება“ არის ფილანტროპიული და სამეცნიერო ორგანო, რომლის მიზანია ძმობის იდეის გავრცელება პრაქტიკული და არა თეორიული ხაზით. მისი წევრები შეიძლება იყვნენ ქრისტიანები, მუსულმანები, იუდეველები, ფარსები, ბუდისტები, ბრაჰმანები, სპირიტუალისტები და მატერლიასტები. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ყოველი წევრი უნდა იყოს ფილანტროპი ან არიანული, სხვა ძველი ლიტერატურის შემსწავლელი და მკვლევარი ან ფსიქიკურ მოვლენებს სწავლობდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ შეუძლია, მან ხელი უნდა შეუწყოს პროგრამის სამიდან, სულ მცირე, ერთი მიზნის განხორციელებას. სხვაგვარად არ არსებობს მიზეზი, რომ ის „ძმა“ გახდეს. ასეთია ეგზოტერიულ საზოგადოებათა უმეტესობა, რომლებიც „მიმაგრებული“ და „მიუმაგრებელი“ წევრებისგან შედგება.7 ისინი შესაძლოა იქცნენ ან არ იქცნენ de facto8 თეოსოფოსებად. ისინი წევრები არიან „საზოგადოებასთან“ მიერთების წყალობით, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ შექმნის თეოსოფოსს ადამიანისგან, რომელსაც საგანთა ღვთაებრივი წყობის შეგრძნება არ გააჩნია, და ვერც ისეთისგან, რომელსაც თეოსოფია თავისი საკუთარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სექტანტური და ეგოისტური სახით ესმის. შეგვიძლია გამოთქმის „ლამაზი ისაა, ვინც ლამაზად იქცევა“ პარაფრაზირება და თქმა: „თეოსოფოსი ისაა, ვინც თეოსოფიურად იქცევა“.
შენიშვნები:
- დეიზმი – ფილოსოფიური პოზიცია და რაციონალისტური თეოლოგია, რომელიც ზოგადად უარყოფს გამოცხადებას, როგორც ღვთაებრივი ცოდნის წყაროს და ამტკიცებს, რომ ემპირიული მიზეზი და ბუნებრივ სამყაროზე დაკვირვება ლოგიკური, საიმედო და საკმარისია უზენაესი არსების, როგორც სამყაროს შემოქმედის, არსებობის განსაზღვრისთვის – მთარგმნელი.
- არიანელობა – ქრისტოლოგიური მოძღვრება, რომელიც ქრისტიან მღვდელ არიანეს (დაახ. 256-336) მიეწერება და რომლის მიხედვითაც ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად – მთარგმნელი.
- უნიტარიანიზმი – ქრისტიანობის არასამებისეული შტო. უნიტარიანელებს სწამთ, რომ იესო ქრისტე ღვთისგან იყო შთაგონებული თავის მორალურ სწავლებაში და რომ ის არის კაცობრიობის მხსნელი, მაგრამ არ არის თვით ღმერთის თანასწორი – მთარგმნელი.
- სვედენბორგიანიზმი (ასევე ცნობილია, როგორც „ახალი ეკლესია“) – რამდენიმეთაგან ერთ-ერთი ისტორიულად დაკავშირებული ქრისტიანული კონფესია, რომელიც ემანუელ სვედენბორგის (1688-1772) ღვთისმეტყველების გავლენით განვითარდა. სვედენბორგიანიზმის თანახმად, ყველა, ვინც სიკეთეს აკეთებს თავისი რელიგიის ჭეშმარიტების შესაბამისად, მიღებული იქნება სამოთხეში (რადგან ღმერთი თავად სიკეთეა), ხოლო სიკეთის კეთება ადამიანს ღმერთთან აერთიანებს – მთარგმნელი.
- იოჰან როიხლინი (1455-1522) – გერმანელი კათოლიკე ჰუმანისტი და გერმანულისა და ებრაულის მცოდნე. როიხლინის კარიერის უმეტესი ნაწილი გერმანიაში ბერძნული და ებრაული ენების ცოდნის გაღრმავებაზე იყო ორიენტირებული – მთარგმნელი.
- იგულისხმება იუდეის პროკურატორ პორციუს ფესტუსისა და პავლე მოციქულის ეპიზოდი. „ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!“ (მოც. საქმ. 26:24) – მთარგმნელი.
- „მიმაგრებული წევრი“ ნიშნავს ადამიანს, რომელიც „თეოსოფიური საზოგადოების“ კონკრეტულ შტოს მიუერთდა. „მიუმაგრებელი“ ისეთი წევრია, რომელიც ეკუთვნის „საზოგადოებას“ მთლიანობაში, მინიჭებული აქვს დიპლომი შტაბ-ბინისგან (ადიარი, მადრასი), მაგრამ რომელიმე შტოს ან ლოჟას არ ეკუთვნის.
- de facto – ფაქტობრივად – მთარგმნელი.